სხვისი დედები რეპროდუქციულ ატლასზე 

IMG_9785

სუროგატ დედობაზე საქართველოში მხოლოდ ფინანსური სარგებელის გამო თანხმდებიან. ქალს, რომელიც საკუთარი მუცლით სხვის ემბრიონს ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, ანაზღაურების სახით საუკეთესო შემთხვევაში 20-ათასამდე ლარამდე ეძლევა. ჯანსაღი ორგანიზმის დროებით დაქირავების იდეა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კვლავაც სრულიად მიუღებელია, უშვილო წყვილისათვის კი ერთ-ერთ რეალურ გამოსავალს წარმოადგენს. იქცევა თუ არა მომავალში სუროგატი დედობა ქართველი ქალის პროფესიად და როგორ უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანი ურთიერთობა ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებსა და ემბრიონის მტარებელს შორის, ამაზე დეტალური პასუხი ჩვენს კანონმდებლობას არ გააჩნია.      

პირველი სუროგატი დედა მსოფლიომ 1986 წელს მომხდარი სკანდალით გაიცნო – ინგლისში დაბადებული გოგონას გაშვილებაზე სუროგატმა დედამ უარი განაცხადა. საბოლოოდ, ნიუ-ჯერსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის მეურვეობა მის ბიოლოგიურ მამას დაეკისრა, სუროგატ დედამ კი ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვა.

რადგან კანონმდებლობა ვახსენეთ, აქვე განვსაზღვრავთ, რომ სუროგატობის ინსტიტუტს ბევრი ქვეყანა არ მიესალმება. ის კანონით იკრძალება გერმანიაში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიაში, შვეიცარიაში თუ ამერიკის ზოგიერთ შტატში. საფრანგეთში ამ კანონის დარღვევისათვის მაღალი ჯარიმა და სამწლიანი პატიმრობაა დაწესებული.

ისრაელში, კანადაში, ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში კანონი მხოლოდ  კომერციულ სუროგატობას კრძალავს. სამაგიეროდ, „ჭურჭლის“ როლის შეთავსება ქალს ქველმოქმედების სახით, ანუ ანაზღაურების გარეშ შეუძლია. ასევე, იკრძალება სუროგატობის რეკლამირება. რაც შეეხება ყოფილ საბჭოეთს, სუროგატი დედისთვის ფულის გადახდა კანონმდებლობით მიღებულია: რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთში.

იაშვილის კლინიკის ეზოში განთავსებულ თ.ხაჭაპურიძის სახელობის დონორობისა და სუროგაციის ცენტრი სუროგატი დედების მიღების შესახებ სარეკლამო ინფორმაციას ყველა გზით ავრცელებს. ემბრიონის გადანერგვიდან მშობიარობამდე სუროგატ ბავშვის ბიოლოგიური მშობლები რამდენიმე ათას ლარს უხდიან და კლინიკაში ვიზიტებისთვის საჭირო მგზავრობის თანხასაც უნაზღაურებენ. კვერცხუჯრედის დონორის ანაზღაურება 2 ათასი ლარია, სუროგატი დედის ანაზღაურება – 20 ათასი ლარი. ტყუპების დაბადების შემთხვევაში სუროგატს 21600 ლარი ეხდება.

სუროგატი დედის საშვილოსნოში იმ ქალის ემბრიონი ინერგება, რომელსაც თავად არ შეუძლია ორსულობის ბოლომდე მიყვანა ან დაორსულება. შესაბამისად, სუროგატი დედა მხოლოდ „ჭურჭელია“ და ბავშვთან არანაირი ბიოლოგიური კავშირი არ აქვს. სუროგატის მუცლად გაზრდილ პატარას არც მისი გენები დაყვება, არც ამ პიროვნებასთან დაკავშირებული რაიმე მსგავსება.

კლინიკის მოთხოვნები სუროგატისადმი ტრადიციულია: ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს, უნდა ჰყავდეს საკუთარი შვილი, ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა, სასურველია მეუღლის ყოლა, რომელიც საქმის კურსში იქნება. აუცილებელია გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას და თავის ორგანიზმში გადანერგილ ნაყოფს, დაუშვებელია ალკოჰოლი, სიგარეტი და ნარკოტიკები, ეკრძალება ფიზიკური სამუშაო და ჩვეულებრივი ორსულების მსგავსად  ვალდებულია შეასრულოს ექიმის მითითებები…

დონორობისა და სუროგაციის ცენტრის ინფორმაციით, ხშირად სუროგატი დედობის მსურველები ახალგაზრდები არიან.

როგორც წესი, ბავშვის უშვილო წყვილისათვის „გადალოცვას“ კლინიკა ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებით არეგულირებს. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოში 1997 წელს მიღებული კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ნებადართულია. უნაყოფობის პრობლემის მოგვარება სუროგატული დედობის მეთოდით რეგულირდება 143-ე მუხლით – ის  სუროგატ დედას ბავშვის დედად არ ცნობს. დაბადებისთანავე ბავშვის მშობლებად წყვილი რეგისტრირდება.

თუმცა არსადაა განმარტებული დეტალურად სუროგაციის გამოყენება რა პირობებით ან წინაპირობებითაა შესაძლებელი. არაფერია ნათქვამი სუროგატი დედის მინიმალურ ასაკზე. კანონი არაფერს აზუსტებს რა ელის ბავშვს იმ შემთხვევაში, თუ ის ფიზიკური დეფექტით დაიბადა ან, ვთქვათ, ორსულობის პერიოდში სუროგატი დედის ჯანმრთელობა საკეისრო კვეთის გამო გართულდა.

საერთაშორისო კონვეციით „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ (მას ჩვენი ქვეყანა 12 წლის წინ შეუერთდა) იკრძალება ადამიანის სხეულის ნაწილების გამოყენება ფინანსური სარგებლის მისაღებად. გამოდის, რომ კომერციული სუროგატობა შეუსაბამობაში მოდის მოქმედ კონვენციასთან.

ასევე, წყვილებსა და დონორებს  დისკომფორტს უქმნის გასულ წელს ამოქმედებული კანონი. ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელია რეესტრს წარედგინოს განაყოფიერებამდე დადებული სანოტარო ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის. ეს კი არღვევს ანონიმურობას, რადგან დონორსა და წყვილს ერთმანეთის საპასპორტო მონაცემები ღიად გადაეცემათ.

არადა, ერთი შეხედვით, ორ მხარეს შორის არსებული ურთიერთობა გათვლილი და საქმიანია. სუროგატი დედების კანდიდატების პორტფოლიები კლინიკებში ანონიმურად ინახება და მათი გაუჩინარება პრაქტიკულად გამორიცხულია.

რაც შეეხება სუროგაციასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ დრამებს, აქ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. სუროგატი დედის ფსიქოლოგიურმა არასტაბილურობამ შესაძლოა თავი ბავშვის დაბადების მერე იჩინოს, „ბუნებამ მაინც თავისი ქნას“ და ქალმა ბიოლოგიური მშობლებისათვის ბავშვის გადაცემა გადაიფიქროს.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სუროგატი დედების უმრავლესობა ორსულობისას ზედმიწევნით ზრუნავენ ნაყოფიზე და დაბადების მერეც ინტერსდება ბავშვის მომავლით. ხშირად ამას სუროგატი ქალების მეუღლეებიც განიცდიან. სწორედ ამიტომ არის სასურველი სუროგატ დედას საკუთარი შვილები ჰყავდეს, რათა თავისი ყურადღება მათზე გადაიტანოს. საქართველოში უშვილო წყვილები ცდილობენ საჩუქრებით გამოხატონ მადლიერება სუროგატების მიმართ. ამის ნიშნად ისინი ხშირად ანათლინებენ სუროგოტებს შვილებს.

სხვათა შორის, Daily Mail-ში დაბეჭდილი ყურადღებამისაქცევი ინფორმაციის თანახმად, სუროგატი დედებისგან გაჩენილი ბავშვებს უფრო ხშირად უწევთ ემოციური სირთულეების გადალახვა, ვიდრე ბუნებრივი გზით გაჩენილ ბავშვებს (ეს არ ეხება დონორის კვერცხუჯრედითა და სპერმით ჩასახულებს). კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებულმა ოჯახის პრობლემების კვლევის ცენტრმა შეისწავლა რა 30 ოჯახი, რომელმაც სუროგატების მომსახურებით ისარგებლა, დაადასტურა, რომ ამ გზით დაბადებულ ბავშვებს ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ბევრი მათგანი დეპრესიასა და შფოთვისადმი იყო მიდრეკილი.

რამდენმა ოჯახმა ისარგებლა საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით, ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ირმა კახურაშვილი

ფოტო: ირმა გაჩეჩილაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s