საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპროტესტო აქცია მთავარი გზავნილით – „არ დასაჯო!“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორებმა – ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა („GeNPUD“) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა („GHRN“) მასობრივ პროტესტში არა მხოლოდ თბილისელი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება ჩართო, არამედ რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო სექტორიც, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინაღმდეგ ილაშქრებდა და დეკრიმინალიზაციას, ჯანდაცვის სერვისების გაფართოვებისა თუ ზიანის შემცირების პროგრამების ამოქმედების მოთხოვნით გამოდიოდა.
აქციის ხალხმრავლობა და მისი თემატური დატვირთვა დრონმა დააფიქსირა, ასევე, მედიასაშუალებებმა, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად გააქტიურეს ნარკომომხმარებელთა თემის ტრადიციული გზავნილები: „მე, ნარკოტიკების მომხმარებელი, არ ვარ კრიმინალი!“, „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად!“, „ჩემი რეპრესია შენი რეგრესია!“.
კოკა ლაბარტყავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი: „რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ სავალალო შედეგები მოგვიტანა: წაგვართვა ჯანმრთელობა, მომავლის იმედი, გააურესა ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და, რაც მთავარია, ამგვარმა ძალადობრივმა მიდგომამ წაგვართვა სიცოცხლეები. დღეს ბევრი მეგობარი აღარ დგას ჩვენს გვერდით იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებამ იძალადა მათზე. სამწუხაროდ, ამ ზალადობის აღმასრულებლები ყოველთვის შსს და ძალოვანი უწყებები იყვნენ. განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა ნარკოტიკების მომხმარებლებმა საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ გადარჩენილი ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ ოჯახებს და საზოგადოებას, მოახმარონ მათ თავიანთ რესურსი“.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მკვდარი წერტილიდან უკვე დაიძრა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული პროცესი, რაც საპარლამენტო ბიუროზე გატანილმა საკონონმდებლო ცვლილებათა პაკეტმა დაადასტურა. ის ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას ითვალისწინებს.
აქტივისტებმა მოუწოდეს შშს-ს წარმომადგენლებს ანგარიში გაუწიონ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალონ კანონცვლილების განხილვას.
პარლამენტში ინიცირებული პროექტი ათავისუფლებს მოქმედ კანონს არაჰუმანური მექანიზმებისგან და გზას უხნის ჯანდაცვის სხვადასხვა სერვისების დანერგვას.
კანონცვლილებათა მომზადებაში ჩართული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საშემოდგომო სესიებზე პარლამენტისთვის კანონპროექტის განხილვა პრიორიტეტული იქნება. პარალელურად კი, ამ პროცესების მიმართ საზოგადოების ყურადღება არ მოდუნდება.