„სწავლა სიბერემდეო!“ რატომ არის მნიშვნელოვანი  უწყვეტი პიროვნული განვითარება

Posted: November 12, 2017 in Uncategorized

მედეა გოგსაძე

ეს უძველესი ქართული ანდაზა დღეს საოცრად თანამედროვედ ჟღერს. ცვალებადი სამყარო გამუდმებით ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობს. შესაბამისად, ადამიანს პროფესიული  უნარების მუდმივი განახლება- განვითარება უწევს. ვერც საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა  ვერ ასწრებს ამდენი ინფორმაციის დროულ ათვისება-გადაცემას. გამოსავალი ზრდასრულთა განათლების კარგად ორგანიზებული სისტემაა, რომელიც ოპერატიულ რეჟიმში მოახდენს ახალი პროფესიული უნარების კომპაქტურ სასწავლო პროგრამებში მოქცევას და ამ სახით მიწოდებას. მაგრამ გლობალიზაციამ ყოველდღიურობა ცივილიზაციათა გადაკვეთის ეპიცენტრად აქცია, ახალი რეალობა ახალ პიროვნულ თვისებებს და მენტალობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ზრდასრულთა განათლების სისტემაში აუცილებლად უნდა არსებობდეს პიროვნულ ზრდა-განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულება.

                   სოციალური ზრდა შეუძლებელია პიროვნული  ზრდის გარეშე

ერთის მხრივ, პიროვნული ზრდა მოიცავს ფსიქოლოგიურ ტრენინგებს, მეორე მხრივ – სამოქალაქო განათლების და სხვა სპეციალურ კურსებს. საქართველოში ეს ყველაფერი ჯერჯერობით, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის ძალებით ხორციელდება. მაგალითად, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელში –  პროფესიული სწავლების პარალელურად. აღნიშნული ქსელი აერთიანებს DVV International–ს მიერ შექმნილ ცენტრებს სამეგრელოში, ზემო სვანეთში, რაჭაში, გურიაში, აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.

კოდის სათემო განათლების ცენტრი 2010 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორის მადონა ოქროპირიძის აზრით, პროფესიული კურსები პიროვნული ზრდის გარეშე ნაკლებად ეფექტიანია:

– მე კი არა, მთელი ჩვენი თემი ასე ფიქრობს. სოციალური ზრდა და პროფესიული თვითრეალიზაცია  პიროვნული ზრდის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, ვარ კარგი სპეციალისტი, მაგრამ კომპლექსების გამო ვერ ვახერხებ ადამიანებთან ურთიერთობას.  შევძლებ თუ არა ასეთ შემთხვევაში ჩემი პროფესიული უნარების სრულფასოვან გამოვლენას? ძალიან საეჭვოა!

23515705_1751730204861523_1713744814_n

ჩვენს სისტემაში ადამიანი ავითარებს თავის შინაგან პოტენციალს და იძენს საჭირო ცოდნას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ. სწორედ ამიტომაა ჩვენი პროგრამები შედეგიანი.  მაგალითად, მარნეულის იუსტიციის სახლში ჩვენი ოთხი ბენეფიციარია დასაქმებული;  შეძენილ უნარებზე დაყრდნობით ისინი თამამად გავიდნენ გასაუბრებაზე და თავი სწორად წარმოაჩინეს.

მეტსაც გეტყვით: თუკი პირველ წლებში ტრენერებს თბილისიდან ვიწვევდით, ახლა ყველა ტრენერი ჩვენი ყოფილი ბენეფიციარია. 2019 წლიდან დაწყებული 20 ათასამდე ბენეფიციარმა გაიარა ჩვენთან სწავლება და აქედან 4 ათასამდე დასაქმდა და ამით ნამდვილად ვამაყობთ.  რა უნდა იყოს პიროვნული და სოციალური ზრდის უკეთესი მაგალითი? დღესდღეობით შრომითი მიგრაცია უკვე ჩვეულებრივი ამბავია. არაინფორმირებულ ადამიანს საზღვარგარეთ სირთულეების თავის გართმევა უჭირს და ხანდახან ყველაფერი ფატალურადაც მთავრდება. ამის გათვალისწინებით განვახორციელეთ მიგრაციის ხელშეწყობის პროექტი: ვასწავლიდით ჩვენს ბენეფიციარებს როგორ უნდა მოიქცნენ საზღვარგარეთ. ცხადია ტრეფიკინგის საპრევენციო ინფორმაციასაც ვაწვდით. პიროვნული ზრდა-განვითარების პროგრამები  ადამიანს აძლიერებს და გარე სამყაროს გამოწვევების მიმართ უფრო მომზადებულს ხდის.

ჯვარის  განათლების სათემო ცენტრიც ასევე 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის დირექტორის მაია ჭანტურიას აზრითაც პიროვნული განვითარების გარეშე მოქალაქეს ახალი პროფესიული უნარების გამოყენება გაუჭირდება:

– ორიოდე წლის წინ ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი სიტუაცია ოჯახში და პრობლემები გარემოსთან ადაპტაციის კუთხით. მივეცით შესაძლებლობა გაევლო ტრენინგი და ფსიქოლოგიც  ჩავრთეთ. ყველაფერი დიდი წარმატებით დაძლია, აუმაღლდა თვითშეფასება და შეიცვალა მის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულება. ამჟამად ოფის მენეჯერად მუშაობს და ყველაფერი წესრიგში აქვს.

23548212_1751730484861495_925957119_n

ამ მაგალითით ძალიან ვამაყობთ. პიროვნული ზრდის კურსების მიზანია შეაძლებინოს ადამიანს საკუთარი საზღვრების გარღვევა და გარე სამყაროში უფრო წარმატებული საქმიანობა. ჩვენთან მუშაობს ფსიქოლოგი. ტარდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრები თემაზე, თუ როგორ უნდა გადაილახოს მოლოდინებისა და რეალობის აცდენით გამოწვეული სტრესი. ჩვენი მიზანია ავამაღლოთ ბენეფიციართა სამოქალაქო ინფორმირებულობის ხარისხი, რათა უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან. მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღებაში ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანია მათ ეს დავანახოთ.

ტრენინგები ტარდება გარკვეული პროექტების ფარგლებში. არის ისეთი პროექტები, სადაც მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ვმუშაობთ, მაგრამ დაახლოებით ასიდან სამოც შემთხვევაში პროექტი გვაძლევს პიროვნული ზრდის ტრენინგის  ჩატარების შესაძლებლობას. თუ საჭიროა, ამისათვის უცხოელ მოხალისე ტრენერებსაც ვიწვევთ.

            პიროვნული ზრდის მიმართულება საშუალო სკოლაშიც უნდა იყოს დანერგილი

თუკი  ზრდასრულთა სისტემის ბენეფიციარმა  თვითრეალიზაცია მოახერხა, ეს იმის მაუწყებელია, რომ პიროვნული ზრდის ტრენინგებზე მიღებული უნარები დედის რძესავით შეერგო. წარმოგიდგენთ ამის ჩინებულ მაგალითს, კოდის სათემო განათლების ცენტრის ტიხრული მინანქრის კურსის ტრენერს ნინო ელიაურს:  

– უმუშევარი ვიყავი, ანუ სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი. კოდის ცენტრში გავიარე დასაქმების უნარ-ჩვევებისა და კომპიუტერზე მუშაობის კურსი. აგრეთვე, ტიხრული მინანქრის ტექნიკა ავითვისე. პიროვნული ზრდის ტრენინგებზე  გვასწავლიდნენ   კომფორტის ზონის შექმნას, ეფექტიანი კომუნიკაციის  მეთოდებს, კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილებას და განმუხტვას.

23548020_1751730758194801_1367988526_n

მერე გამიშვეს ტრენერების კურსებზე და საბოლოოდ ტრენერად მუშაობა დავიწყე. ფსიქოლოგიური მიმართულება რომ არ გამევლო,  ბენეფიციარებთან ურთიერთობას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ასევე, ძალიან დამეხმარა  სამოქალაქო განათლების კურსი, რომლის ფარგლებში შევისწავლეთ თვითმმართველობასთან ურთიერთობა. აუცილებელია პიროვნული განვითარების მიმართულება საშუალო სკოლაშიც იყოს დანერგილი. რამდენადაც ვიცი, სამოქალაქო განათლების კურსი კი ისწავლება, მაგრამ არა იმ სახით და მიმართულებით რაც საჭიროა.

საშუალო განათლების სისტემას პიროვნული განვითარების კურსი მართლაც ჰაერივით ჭირდება. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის  ნანა  ნერსეზაშვილიც მტკიცედაა დარწმუნებული, რომ პიროვნული ზრდა-განვითარება ის საფუძველია, რომელზედაც უნდა დაშენდეს ყველანაირი სოციალური რეალიზაცია. მათ შორის – პროფესიულიც.  ცენტრის ყოფილმა ბენეფიციარმა,  სტუდენტმა ლუკა ჩუბინიძემ აქ მენეჯერთა კურსები გაიარა, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ პიროვნული ზრდის ტრენინგებს ემადლიერება:

–  ყველაზე მთავარი, რაც ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში  ვისწავლე არის ის, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება არ უნდა მერიდებოდეს. ეს ყველგან და ყოველთვის გამომადგება. სხვისი აზრის მოსმენაც აქ ვისწავლე. წინათ ჩემსას რომ ვიტყოდი და არ დამეთანხმებოდნენ, ვყვიროდი და ვჩხუბობდი. კი ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო სწორი – ყვირილით ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ, მხოლოდ ყელს გაიფუჭებ, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. აქ არგუმენტებით ლაპარაკი ვისწავლე.

23574188_1751731144861429_1898529715_n

ტრენინგზე გენდერული საკითხებიც განვიხილეთ, რამაც სულ სხვანაირად ჩამომიყალიბა აზროვნება. 12-13 წლის ბავშვი ყველა საკითხს არ უფიქრდება და მასზე გარემო ახდენს გავლენას. ვუყურებდი სამეზობლოში  ქმარი ცოლს რომ ეუბნებოდა: იქ არ უნდა წახვიდე, ეს არ უნდა გააკეთო და მეგონა ეს სწორი იყო; ანუ ცოლი ჩემი მონა უნდა ყოფილიყო – ასე ვფიქრობდი მაშინ. გენდერულ ტრენინგზე კი ყველაფერი სხვა კუთხით დავინახე და ამაზე სერიოზული ფიქრი დავიწყე: რატომ უნდა იყოს ცოლი ჩემი მონა? ბოლოს მივხვდი, რომ არავინ არავის მონა არ არის და არც უნდა იყოს. მოკლედ, ჩემგან მოძალადე ქმარი აღარ გამოვა (იცინის).

        პიროვნული ზრდა მოქალაქეობრივი „სიკვდილის“ პრევენციაა

აი, რას წერდა პიროვნულ ზრდაზე ფსიქოლოგი ვ.ი ლევი: „რა არის პიროვნული ზრდა? ეს არის, როდესაც ადამიანს იძენს მეტ ინტერესებს და სიცოცხლის სტიმულს,  როდესაც იზრდება მისი ანალიზის უნარი – ერთის მეორისგან განცალკევების შესაძლებლობა; და აგრეთვე სინთეზის უნარი – მოვლენათა კავშირის დანახვისა და ადამიანებში (მათ შორის საკუთარ თავში) წვდომის შესაძლებლობა “.  სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ლუკა ჩუბინიძის კომენტარი. სკოლაში ახალი საგნის, „მე და საზოგადოების“  შეტანის ინიციატივაც სხვა არაფერი იყო, თუ არა იყო სახელმწიფო დონეზე პიროვნული ზრდის მიმართულების დანერგვის მცდელობა. მსგავსი კურსი თავის დროზე რომ ყოფილიყო დანერგილი, დღეს მოზრდილთა უმრავლესობას ასეთი ტიპის ტრენინგები ან ნაკლებად დაჭირდებოდა, ანდა არსებული გამოცდილების საფუძველზე უფრო იოლად მოახერხებდნენ ცვალებადი გარემოს შესატყვისი უნარ-ჩვევების ათვისებას.

კარგადაა ცნობილი, რომ უძრავი ნიშნავს დაჟანგულს, ობმოდებულს, ან მკვდარს. პიროვნული ზრდა – ეს არის მუდმივი მოძრაობა პროგრესისკენ, ანუ მოქალაქეობრივი „დაჟანგვის“ ან, თუ გნებავთ, „სიკვდილის“ პრევენცია.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s