ბარიერების ანატომია

Posted: June 23, 2018 in Uncategorized

 

EU4Georgia Vertical Geo EngCSI logo

ირმა კახურაშვილი

685532d9a0246cd1589f6885b80eb19562350728

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველო კვლავ გამოირჩევა C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების მაჩვენებლით და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ ვერაგ დაავადებას ელიმინაციის პროგრამით ებრძვის, სამედიცინო სფეროს ექსპერტები უკვე დაუფარავად საუბრობენ ახალ გამოწვევებზე.  

ფლაგმანი პროგრამა და განგაში

2015 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა – გამოავლინოს და უმკურნალოს С ჰეპატიტით დაავადებულთა 95%-ს – იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. პროგრამის სარეკლამო კამპანიის მინელების პარალელურად, შემცირდა მასში ჩართულობის მუხტიც. ახლა მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, თუ რატომ ხდება ასე, რატომ არ იყენებენ პაციენტები პროგრამაში ჩართვის უნიკალურ შესაძლებლობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2015-დან 2016 წლამდე C ჰეპატიტის სკრინინგი 470 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, დიაგნოზით დარეგისტრირდა 44 ათასი, პროგრამაში 43 ათასზე მეტი ჩაერთო, 37 ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა. თუმცა მკურნალობის მიღმა დღესაც რჩება დაახლოებით 100 ათასი ადამიანი, რომლის 90%-მა არაფერი იცის იმის შესახებ, რომ С ჰეპატიტით არის ინფიცირებული.

ხელისუფლებას კითხვაზე, რა ელის მსოფლიოში ყველაზე მოწინავე С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოში, თუ ინფიცირებულთა გამოვლენის ტემპი უფრო მეტად დაიკლებს, ბუნდოვანი პასუხი აქვს.

სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროგრამის გამოწვევებს შორის ჩართვის ბარიერებად განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის სტიგმასა და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას, რადგან გამოკვლევების ნაწილი და რამდენიმე კლინიკური პროცედურა ისევ ფასიანია.

ასევე ცნობილია, რომ  ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები C ჰეპატიტით ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენს. 2014-2015 წლებში ჩატარებული ქცევითი ზედამხედველობის კვლევა ადასტურებს, რომ მათი 66.2%-ი C ჰეპატიტით არის ინფიცირებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლიუსის“ კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებულთა 100% -ს წარსულში სარისკო ქცევა ჰქონია და, რაც საგულისხმოა, მათი უმეტესობა ახლაც აგრძელებს ამ ქცევას მიუხედავად იმისა, ესმის თუ არა, თუ რა რისკებს შეიძლება მოიცავდეს.

შეგახსენებთ, რომ „ჰეპა პლიუსი“ პირველი სათემო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც C ჰეპატიტის პრობლემის მქონე ადამიანები გააერთიანა. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი ფოკუსი წამალდამოკიდებულებთან მუშაობა და ზიანის შემცირებაა. 2011 წლიდან მოყოლებული „ჰეპა პლიუსი“ უწყვეტად არის ჩართული C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საადვოკაციო კამპანიებსა და აქტივობებში.

სულ ახლახან „ჰეპა პლიუსმა“ კიდევ ერთი საინტერესო კვლევა დაასრულა. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დაფინანსებით, ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის („საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგსა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად“) ფარგლებში, მან  კვლევა „C ჰეპატიტით ინფიცირებული ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელი (ნიმ) ქალების და ნიმ-ის პარტნიორების C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის დამყოლობის ბარიერები“ განახორციელა.

 კვლევის კონტურები 

 „ჰეპა პლუსში“ ამბობენ, რომ ახალი თვისებრივი კვლევა 2017 წლის ნოემბერში დაიწყეს. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 30 ჩაღრმავებული ინტერვიუ და ფოკუს ჯგუფი ათ მოწვეულ ექიმ სპეციალისტთან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ С ჰეპატიტით ინფიცირებულ ქალბატონებთან და ჩართულები არიან ელიმინაციის პროცესში, ზიანის შემცირების სერვისებსა და კვლევებში.

cats.jpg

კვლევის სრულ შედეგს ორგანიზაციის მესვეურნი საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ. ის ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, „ჰეპა პლიუსის“ პარტნიორი ორგანიზაციებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისთვის.

„კვლევამ ნათლად გვაჩვენა ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის ძირითადი ბარიერები, რომლებიც კატეგორიებად დავყავით. ამ ბარიერების კვლევა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვყავს რეგულარული ნიმ-ი ქალები და ნიმ-ის პარტნიორები, რომლებმაც იციან საკუთარი სტატუსის – C ჰეპატიტით ინფიცირების შესახებ, მაგრამ არ ერთვებიან ელიმინაციის პროგრამაში.

პირველი და ძირითადი, რაც კვლევით გამოკვეთა, ის არის, რომ ნიმ ქალებთან შედარებით, ნიმ-ის პარტნიორები მეტად სტიგმატიზირებულები არიან. ეს უშლის ხელს, რომ ჩაერთონ პროგრამაში. ამის მიზეზი ფსიქოლოგიურია და ნაკლებად – ფინანსური. მათთვის C ჰეპატიტით ინფიცირება ასოცირდება გარკვეულ მარგინალურ ჯგუფებთან კავშირში. ისინი თავიანთ დაავადებას ხშირად ოჯახის წევრებსაც კი უმალავენ.

რაც შეეხება ნიმ ქალებს, ისინი უფრო ნარკოტიკების მოხმარებაზე არიან კონცენტრირებულები და ამიტომ ნაკლებ ინტერესს იჩენენ მკურნალობის მიმართ, თუმცა მკურნალობის სურვილს გამოთქვამენ და აპირებენ, რომ ადრე თუ გვიან ჩაერთონ პროგრამაში,“ – ამბობს ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ ხელმძღვანელი მანანა სოლოღაშვილი.

35102384_10216276834022906_8159126256697212928_o

ახალ კვლევაში დეტალურადაა განმარტებული ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის ყველა ბარიერი და მიზეზი. მაგალითად, ერთ-ერთი ფინანსურია. მას კვლევის  რესპონდენტების ერთი მეოთხედი ასახელებს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა ნიმ-ებთან, ასევე მათთან, სადაც ოჯახის ერთზე მეტი წევრია ინფიცირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის რესპონდენტები, რომლებიც ფინანსურ ბარიერს ასახელებენ, ზუსტად ვერ ამბობენ რა ტიპის კვლევებია საჭირო პროგრამაში ჩასართავად, ისინი ვერც მიახლოებით თანხას ასახელებენ, რომელიც მკურნალობის დასაწყებად სჭირდებათ.

კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი ბარიერი ბიოლოგიურია, როდესაც ქალები მედიკამენტის შესაძლო გვერდით მოვლენების საფრთხის გამო მკურნალობისგან თავს იკავებენ.

სოციალური ბარიერი – რესპონდენტები, რომლებიც სტიგმატიზირების მაღალ ხარისხს ავლენენ, მაინც უზიარებენ საკუთარი ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრებს და მითუმეტეს სამედიცინო პერსონალს. ისინი შეიძლება გახსნილად არ საუბრობენ ვირუსზე, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მკურნალობის პროცესში ეს არ შეუშლის ხელს და თუ მიიღეს გადაწყვეტილება, აუცილებლად მიაკითხავენ სამედიცინო დაწესებულებას.

რესპონდენტების 50%-ზე მეტი აცხადებს, რომ ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი მისთვის საკუთარი თავია.

„დარწმუნებული ვიყავი – ეს მე არ დამემართებოდა!“

 55 წლის ნინო ლ. ნარკოტიკების მომხმარებლის მეუღლეა. ამბობს, რომ საკუთარი ინფექციის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაიგო. ემოციიების ჩაცხრომისა და თავისი სტატუსის გააზრების შემდეგ, ნინომ მტკიცედ გადაწყვიტა ემკურნალა.

ნინო ლ. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ორ მოზარდ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის სკოლის პედაგოგია და ნარკოტიკებთან დაკავშირებით სარისკო ქცევა არასოდეს ჰქონია.

„მინდა ყველა ადამიანი დაცული იყოს ამ დაავადებისგან. ამისათვის აუცილებელია ღიად საუბარი და დროული დიაგნოსტიკა. მე ნარკოტიკების მომხმარებლის ოჯახის წევრი ვარ და გამოდის, რომ მისი მსხვერპლიც. არ ვიცი როდის დავინფიცირდი და რა გახდა ამის მიზეზი – ჩვენი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება თუ ყოფითი ნარჩენების გატანისას უნებური ჩხვლეტა დაინფიცირებული ნემსით…“ – გვიყვება ნინო და ნანობს, რომ უფასო ტესტირების შანსი უფრო ადრე არ გამოიყენა.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მე არ დამემართებოდა! მეუღლისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს საკმარისი იქნებოდა ინფექციისგან დასაზღვევად. თანაც, არაფერი მაწუხებდა, არ მქონია ჩივილები და ეჭვი არ გამჩენია,“ – ამბობს ის.

„ჰეპა პლიუსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ C ჰეპატიტს, როგორც დაავადებას, არ ახლავს სიმპტომები და ეს სახელდება მკურნალობის არდაწყების ერთ-ერთ ფაქტორად. ზოგიერთ  ქალს მიაჩნია, რომ რადგან არაფერი აწუხებს, მკურნალობაც არ არის საჩქარო.

„მეუღლე კარგა ხანია აღარ მოიხმარს ნარკოტიკებს, მაგრამ დაინვალიდებულია, დიალეზზეა და რამდენიმე მძიმე დაავადებასთან უწევს გამკლავება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, შესაძლოა სექტემბრიდან ერთად ვიმკურნალოთ. მე მადლიერი ვარ „ჰეპა პლიუსის“ სპეციალისტების, რომლებმაც პრაქტიკულად მაიძულეს მარტივი ტესტირება, შემდეგ კი დამეხმარნენ უფრო ჩაღრმავებული კვლევების გაკეთებაში.  უკვე მალე ამოვირჩევ ჩემ სახლთან ახლოს მდებარე კლინიკას და მკურნალობას დავიწყებ. ვირუსმა ტავიდან ისე შემაშინა, რომ ორივე შვილს გავუკეთე ანალიზი და ბედნიერი ვარ, რომ არაფერი აღმოაჩნდათ,“ – ამბობს ნინო.

ახალი კვლევის თანახმად, ქალების უმრავლესობა აცხადებს, რომ სავარაუდოდ მათი ინფიცირება წლების წინ, იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ისინი საკუთარ სტატუსს შეიტყობდნენ. კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ რესპონდენტების უმრავლესობამ საკუთარი სტატუსის შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიგო, ანუ მას შემდეგ, რაც ელიმინაციის პროგრამა დაიწყო.

„ტესტირების შესაძლებლობა ბევრჯერ მქონია, მაგრამ არ გამოვიყენე. ცოტა ადრე რომ შემემოწმებინა თავი, უფრო იოლი სამკურნალო ვიქნებოდი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გამოიკვლიონ სისხლი და თუ ვირუსი აღმოაჩნდათ, არ შეშინდნენ. С ჰეპატიტისგან დამარცხება საქართველოში რეალობაა. თქვენ არ მოგიწვეთ დიდძალი თანხის გადახდა ან ევროპის რომელიმე ქვეყამაში წასვლა სამკურნალოდ,“ – გვარწმუნებს ნინო.

ცნობისათვის: პრეპარატ ჰარვონის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 100 ათასი დოლარია და ამ მედიკამენტს მთავრობა უფასოდ რომ არ იღებდეს, წელიწადში პროგრამის ღირებულება 2 მილიარდ დოლარს გაუტოლდებოდა. საქართველო-ამერიკისთან თამშრომლობის შედეგად კი, С ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 20 მლნ უჯდება.

რაც შეეხება ნინოს, მისი ინფიცირების ისტორიის მსგავსად, ახალი კვლევის რესპონდენტების 40% ინფიცირების წყაროდ სწორედ მეუღლეს ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის სქესობრივად გადადების რისკი ამ გზით საკმაოდ დაბალია, მაინც მაღალია დაინფიცირების შესაძლო შემთხვევები ოჯახის წევრისგან.

ნინომ იცის, რომ მოერევა ვირუსს. ის არ ღებულობს ალკოჰოლს, არ აქვს ქრონიკული დაავადებები, იშვიათად მოიხმარს რაიმე მედიკამენტს და იცნობს უამრავ ადამიანს, ვინც პროგრამაში ჩაერთო და წარმატებით დაასრულა მკურნალობა.

დეკრიმინალიზაცია ელიმინაციისთვის 

C ჰეპატიტის მკურნალობა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოს მსგავსად, ინფიცირებულთა უმეტესობა ჯერ ისევ მკურნალობის მიღმა რჩება. ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წელს 71 მილიონი ინფიცირებული ადამიანიდან  საკუთარი დიაგნოზის შესახებ 14 მილიონმა იცოდა, მკურნალობა დაწყებული ჰქონდა 1,1 მილიონ პაციენტს. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს მეტი ძალისხმევა დახარჯონ „ჩუმ მკვლელთან“ ბრძოლაში.

2017 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტის მკურნალობა 40 ათასამდე ადამიანს ჰქონდა დაწყებული. ამჟამად უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და 600-მდე სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მასშტაბით. ინფიცირებულთა გამოვლენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღის მობილურ ამბულატორიებს, რომლებიც საქართველოს 65 ქალაქსა და სოფელ-დაბებში გადაადგილდებიან და მსურველებს ადგილზე სთავაზობენ ტესტირებას. ამ პროცესში „ჰეპა პლიუსის“ სპეციალისტებიც აქტიურად არიან ჩართული.

მიუხედავად ამისა, ფლაგმან ელიმინაციის პროგრამას მაინც ახლავს სირთულეები, რომელთა მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სხვადასხვა უწყებები აღიარებენ, რომ აუცილებელია C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. ყველა მუნიციპალიტეტში არ არის სერვისცენტრი, სადაც პაციენტი შეძლებს C ჰეპატიტთან დაკავშირებით ყველა მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიღებას. ეს საგრძნობლად გაზრდიდა ჩართულ პაციენტთა რაოდენობას.

ასეთი სახის მომსახურება შეიძლება მნიშვნელოვნად იტვირთოს ზიანის შემცირების ქსელმა, რადგან ნარკოტიკების მომხმარებელთა ჩართულობა პროგრამაში განსაკუთრებით აქტუალურია დასახული ელიმინაციის ნიშნულის მისაღწევად. მით უფრო იმის ფონზე, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში 50 ათასზე მეტი საინექციო ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია, მათ შორის კი საკმაოდ გავრცელებულია ჰეპატიტები და აივ ინფექცია.

არსებული კანონმდებლობით, ნარკოტიკების მომხმარებელთა „გამოსწორება“ მხოლოდ ციხით შემოიფარგლება. ასეთი მიდგომით კი არ მცირდება არც ინფექციების გავრცელების რისკი და არც პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი მაკა გოგია ამბობს, რომ რრეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო, გარკვეული კონტიგენტი მათთან არ მოდის, ანდა მოდის მხოლოდ ტესტირებისთვის და არა შპრიცების რეგულარულად წასაღებად.

„წლიდან წლამდე გლობალური ფონდისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეკორდული სისწრაფით იზრდება ტესტირებით მოსაცველი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ის კატეგორია, ვინც ჩვენთან რეგულარულად დადის და ისედაც ჩატარებული აქვს ტესტირება. თუმცა ამ გაზრდილი ინდიკატორების შესრულება შეგვიძლია მხოლოდ მობილური ამბულატორიის დახმარებით. 2017 წელს 43%-მა ტესტირება სწორედ მობილური ამბულატორიების მეშვეობით ჩაიტარა.

გარდა 11 ქალაქში არსებული ზაინის შემცირების სერვის ცენტრისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვა ადგილების მოცვაც. მაგალითად, ჩვენ ადგილებზეც გვყავს მობილიზატორები, ნარკომომხმარებელები ან მათთან დაახლოებული პირები, რომლებიც ახვედრებენ სოფლებსა და დაბებში გარკვეულ დროს მოსულ მობილურ ამბულატორიას ტესტირების მსურველებს. ტესტირების ჩატარებაზე არც მოსახლეობას ვეუბნებით უარს. მისთვის ცალკე გვაქვს ტესტები და ცალკე ვაწარმოებთ აღრიცხვას,“ – ამბობს მაკა გოგია.

jhjkrghkjsd

მისივე თქმით, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ხელი ეწყობა ინფექციური დაავადებების გვიან გამოვლენას დ მათ გავრცელებას. ამდენად, დეკრიმინალიზაციის გარეშე C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის მაჩვენებლის ზრდის შეჩერება შეუძლებელია.

და ბოლოს:

„ჰეპა პლიუსის“ კვლევის დროს ექიმმა სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ ინექციური მომხმარებლების, მათ შორის ქალების დამყოლობა მკურნალობის მიმართ არის რთული და მათ გამუდმებით სჭირდებათ მკურნალობის პროცესში სპეციალისტის ან სოციალური მუშაკის თანხლება. ასევე, ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევები დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც ჩართვის ბარიერად სახელდება. ნიმ-ები და ნიმ-ის პარტნიორები ფინანსურად მოწყვლადი ჯგუფია და სხვადასხვა მიზეზით უჭირთ სახსრების მოძიება მკურნალობაზე.

კვლევაში ბევრი საინტერესო რამ გამოიკვეთა, ამ დეტალების გაცნობის საშუალება საზოგადოებას კვლევის ოფიციალური წარდგენის შემდეგ ექნება. მანამდე კი სპეციალისტები ხაზგასმით ისაუბრობენ იმ დამატებითი სერვისების შესახებ, რომლებიც საჭიროა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის – ეს არის თანადაფინანსების აუცილებლობა, პირველადი ჯანდაცვის გააქტიურება და სხვ.

cats

მანანა სოლოღაშვილის განმარტებით, კვლევის პირველივე რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ C ჰეპატიტის საკითხებზე აუცილებელია საყოველთაო ინფორმირებულობის გაზრდა, განსაკუთრებით ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა ნიმ ქალები, ნიმ მამაკაცების პარტნიორი ქალები და სხვა სარისკო ჯგუფები.

„როდესაც ელიმინაციის პროგრამა დაიწყო, მასზე მეტი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ახლა კი მასმედიის ყურადღება მოდუნდა. იმ პაციენტებისთვის, ვინც იცის საკუთრი სტატუსის შესახებ და არ ერთვება პროგრამაში, სპეციალური მესიჯებია შესამუშავებელი. აუცილებელია სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა მკურნალობის დამყოლობის გასაზრდელად.

ელიმინაციის პროგრამა არის შესანიშნავი, მაგრამ დროებითი შესაძლებლობა, რომლითაც ქვეყანამ უნდა ისარგებლოს. ძვირადღირებული პრეპარატების მოწოდება მუდმივი არ იქნება და რამდენიმე წელიწადში პროგრამა დასრულდება,“ – გვაფრთხილებს „ჰეპა პლიუსის“ ხელმძღვანელი მანანა სოლოღაშვილი.

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის ან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის შეხედულებებს.

download

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s