სექს-მუშაკებში ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია შეინიშნება

Posted: July 11, 2018 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

prostitution-thai

გაბრიელა 40 წლის თბილისელი სექს-მუშაკია. 2014 წლის შემდეგ მას აივ-ზე ტესტირება არ გაუვლია. გაბრიელა დარწმუნებულია, რომ არ არის ინფიცირებული და ყველაფერი იცის აივ/შიდსის გადაცემის გზების შესახებ. თუმცა ჩვენ კითხვაზე, შეიძლება თუ არა დაინფიცირდეს კოღოს ნაკბენით, დადებით პასუხს იძლევა. ივლისში გაბრიელა ბათუმში გაემგზავრება და ამ საპორტო ქალაქში სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს. „არა მგონია უახლოეს მომავალში აივ-ზე გადავემოწმო, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო და ცოტა დრო მაქვს. ბათუმიდან თურქეთშიც უნდა გადავიდე“, –  ამბობს ის. გაბრიელა არ მონაწილეობდა სექს-მუშაკებს შორის საქართველოს ორ ქალაქში – თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ ბოლო კვლევაში, რომელმაც მათი სარისკო და უსაფრთხო ქცევა შეისწავლა.

**

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც კომერციულ სექს-მუშაკ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებას 2002 წლიდან იკვლევს. ბოლო კვლევაში – ის კი 2017 წელს ჩატარდა – 350 სექს-მუშაკი მონაწილეობდა – 200 თბილისიდან და 150 – ბათუმიდან. მკვლევართა მიზანი აივ-ის, C ჰეპატიტის, გონორეისა და სიფილისის პრევალენტობის დადგენა იყო. ასევე, გაიზომა აივ-თან დაკავშირებული ძირითადი სარისკო ქცევები და შეგროვდა ძვირფასი ინფორმაცია ადვოკატორებისა და პოლიტიკის შემუშავებისთვის (კვლევა განხორციელდა აივ/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის, საერთაშორისო ფონდის – „კურაციო“ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მხარდაჭერით).

კვლევამ დაადასტურა, რომ სექს-მუშაკების უმრავლესობა – 85% თბილისში და 97.3% ბათუმში – ინფორმირებულია აივ/შიდსის შესახებ, თუმცა თბილისის სექს-მუშაკების მხოლოდ 11.5%-მა და ბათუმში 23.4%-მა უპასუხა სწორად კითხვებს აივ-ის გადაცემის გზების შესახებ. გაბრიელას მსგავსად, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სწორი ინფორმაცია აივ-ის გადაცემის ისეთ გზებზე, როგორიც, მაგალითად, კოღოს კბენა. ზოგადად, თბილისის რესპონდენტები ბათუმელებთან შედარებით აივ-ზე ნაკლები ცოდნით გამოირჩეოდნენ.

ქართველი მკვლევარები ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება კვლევაში არ დაფიქსირებულა. მაგალითად, სექს-მუშაკების უმრავლესობამ აივ-ისაგან დაცვის საშუალებად კვლავ კონდომს ასახელებს. კვლევის მიხედვით, კონდომის გამოყენების მაჩვენებლები ფასიან კლიენტებთან ბოლო სქესობრივი კონტაქტის დროს არ შეცვლილა ბოლო 10 წლის განმავლობაში და, როგორც წესი, 90%-ზე მაღალია ორივე ქალაქში. იგივე ინდიკატორი რეგულარულ კლიენტებთან მნიშვნელოვნად შემცირდა ორივე ქალაქში, თუმცა, მაინც მაღალი რჩება. „პირადად რეგულარულ კლიენტებთან ნაკლებად ვიყენებ პრეზერვატივს, რადგან ვენდობი მათ, მაგრამ სხვა კლიენტებთან აუცილებლად ვხმარობ. ამის გამო ბევრი შეურაცხყოფაც ამიტანია. სამაგიეროდ ვიცი, რომ ეს ჩემი და სხვისი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი საიმედო გზაა,“ – ამბობს გაბრიელა.

**

„სექს-მუშაკ ქალებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და აივ-ის შესახებ ცოდნა არ მოგვწონს და ის მკვდარი წერტილიდან ვერ დავძარით. თუმცა, საბედნიეროდ, ეს მათ ქცევებზე  უარყოფითად არ აისახება. ვფიქრობ, რომ ცოდნის დაბალი დონე პირდაპირ არის დაკავშირებული ზოგადად ამ პოპულაციის განათლების დონესთან და მათი აღქმის დაბალ უნართან. ამიტომაც უძნელდებათ აივ-თან დაკავშირებული ძირითადი მესიჯების დამახსოვრება. არადა, მსმ შემთხვევაში პირიქით არის – ოდნა აივ-ის შესახებ საკმაოდ მაღალია, მაგრამ ქცევაში ეს არ გამოიხატება,“ – განმარტავს ნინო წერეთელი, „თანადგომის“ ხელმძღვანელი და მკვლევარი.

კვლევამ აჩვენა, რომ აივ-ის გადაცემის გზებისა და პრევენციის საშუალებების მხრივ საუკეთესო ცოდნა სექს-მუშაკებმა საზიარო შპრიცებითა და ნემსებით გადაცემასთან დაკავშირებით გამოავლინეს. ასევე, ბოლო კვლევაში გამოიკვეთა ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც სექს-მუშკებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ეხება:

იმ სექს-მუშაკების პროცენტული წილი, ვისაც გამოყენებული ჰქონდა არაინექციური ნარკოტიკები ბოლო 12 თვის განმავლობაში, არის 11% თბილისში და 20% ბათუმში. ყველაზე ხშირად გამოყენებული არაინექციური ნარკოტიკები არის საძილე ან დამამშვიდებელი საშუალებები თბილისში და მარიჰუანა – ბათუმში.

რაც შეეხება ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებას, რესპონდენტების 1.5% თბილისში და 3.3% – ბათუმში, თითქმის ყველა მათგანი ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფიდან, აღნიშნავს მათ გამოყენებას ბოლო 12 თვის განმავლობაში.

„2014 წელთან შედარებით, ორივე ქალაქში უფრო დიდმა წილმა აღნიშნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაინექციური ნარკოტიკების გამოყენება – თბილისი: 11% (2017) და 6.3% (2014); ბათუმი: 20% (2017) და 5.8% (2014). თბილისში სექს-მუშაკებმა ინექციურ ნარკოტიკებად დაასახელეს ვინტი, ჯეფი და ამფეტამინი, ხოლო ბათუმში – ჰეროინი. ეს მატება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მსგავსი რამ არასოდეს შეგვიმჩნევია“, – აღნიშნა ნინო წერეთელმა.

**

გაბრიელა ამბობს, რომ ის არ მოიხმარს ინტარავენურ ნარკოტიკებს, თუმცა ტაბლეტების მოხმარებაზე უარს არ ამბობს: „ამ გზით ვცდილობ განმუხტვას. დღეს ჩემ წრეში ბევრი ყლაპავს ტაბწლეტებს. ამაში სახიფათოს ვერაფერს ვხედავ“. გაბრიელას თქმით, არაინექციური საშუალებებს შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება. გაბრიელა, რომელიც ტაბლეტებს კვირაში ერთხელ „უქმეებზე“ მოიხმარს, არ მიიჩნევს, რომ ამით საკუთარ ჯანმრთელობას ვნებს.

„როგორც ჩანს, ნარკოტიკების თემამ ამ პოპულაციაშიც შეაღწია. ახლა ვფიქრობთ რა სტრატეგია შეგვიძლება დავსახოთ ამ პრობლემასთან მიმართებაში. საშუალო და დაბალანაზღაურებად სექს-მუშაკ ქალებთან 20 წელია ვმუშაობთ და წელიწადში 5 ქალაქში ჩვენი სერვისებით 3000 ადამიანს მოვიცავთ, მაგრამ ეს ტენდენცია ახლახან გამოიკვეთა. რაც შეეხება აივ/შიდს, მაგალითად, ამ კვლევის დროს თბილისში მხოლოდ 3 ქალს აღმოჩნდა აივ. ეს ცუდი მონაცემი არ არის. ცუდი ის არის, რომ ზოგჯერ, როგორც კი ქალი ინფექციას აღმოაჩენს, ჩვენი თვალთახედვიდან ქრება და ვერ ვადგენთ სად წავიდა, აგრძელებს თუ არა მუშაობას“, – აზუსტებს ნინო წერეთელი.

გაბრიელა გვპირდება, რომ სექტემბერში აუცილებლად გაივლის აივ ტესტირებას „თანადგომაში“ ან სხვა სამედიცინო ცენტრში. მას არავინ აიძულებს შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი, მაგრამ სასურველია, რომ იცოდეს არის თუ არა აივ-ით ინფიცირებული. „თანადგომაში“ სხვადასხვა რეკომენდაციას მიიღებს და არა მხოლოდ აივ-ის შესახებ.

ნინო წერეთლის თქმით, საქართველოში სექს-მუშაკების ყველაზე დიდი პრობლემა ძალადობაა. სექს ბიზნესში ჩართულ ქალებს მწირი წარმოდგენა აქვთ იმაზე თუ რა მიაკუთვნონ ძალადობას, როდის ირღვევა მათი უფლებები და რა უნდა მოიმოქმედონ საპასუხოდ. „თანადგომის“ ბაზაზე რამდენიმე პარალელურად მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სექს-მუშაკები თანამშრომლობენ იურისტებთან. „ვცდილობთ რომ სათემო აქტივიზმის პრაქტიკა  დავნერგოთ. თუ სექს-მუშაკებს ნარკოტიკების მომხმარებლებს ან ლგბტ თემს, მათ უფრო მეტად აქვთ თემის განცდა. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექს მუშაკებიც შეიძლება რაიმე ინტერესმა გააერთიანოს და ეს თემა ძალადობა იყოს,“ – მიაჩნია ნინო წერეთელს.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s