გრემის ცენტრი – იმედის კუნძული დამოკიდებული ადამიანებისთვის

Posted: August 6, 2018 in Uncategorized

მზია გოგოძე

დარგის სპეციალისტთა აზრით, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება პრობლემას ვერ აგვარებს, ამით ნარკოტიკების მომხმარებელი ვერ გამოჯანმრთელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, მათ შორის ფსიქოთერაპიისა და სარეაბილიტაციო კურსის გავლა, რომელიც წარმატებით არის აპრობირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ მხრივ აღსანიშნავია საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომას“ საქმიანობა. ცენტრი კარგა ხანია ზრუნავს ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული  პირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს.

IMG_0023

,,თანადგომა“ საქართველოში დიდი ხანია ფუნქციონირებს. მისი მეშვეობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელებულა. ცენტრის ერთ-ერთი მიზანია მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. გრემის რეაბილიტაციის ცენტრი ,,თანადგომის“ ერთ-ერთი პროექტია.

ახლახან, ,,თანადგომის“ ინიციატივით, პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში, თბილისში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის კახეთის რეგიონში, სოფელ გრემში მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა მოგვენახულებინა გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, გავცნობოდით იქაურ სიტუაციას, გავსაუბრებოდით ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს.

მასმედიის მხრიდან დაინტერესებამ, კეთილგანწყობამ და ცენტრის ბენეფიციართა პრობლემების გათავისებამ, დადებითად იმოქმედა თითოეულ ადამიანზე, ვინც ფსიქოთერაპევტის, ფსიქოლოგისა თუ არტთერაპიის მეშვეობით ცდილობს დაუბრუნდეს ჯანსაღ და ჩვეულ ცხოვრების რიტმს.

ფსიქოლოგ ელისო ჩაჩხიანის თქმით, წამალდამოკიდებული ადამიანების განკურნებისათვის არტ თერაპიის კურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კურსი ცენტრის ტერიტორიაზე ტარდება.

ბენეფიციარები თერაპიას გადიან სპეციალურ კერამიკულ სახელოსნოში, სადაც წარმოდგენილია მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთობანი, რომელთა  შინაარსსაც ხშირადც სიმბოლური დატვირთვა აქვს.

მხატვარ-გრაფიკოსი და კერამიკოსი თემურ კევლიშვილი კახეთის მკვიდრია. გრემს კვირაში რამდენჯერმე სტუმრობს და ბენეფიციარებს ინდივიდუალურად ასწავლის მასალის დამუშავებას. აქ მუშაობის დროს ძირითადად იყენებენ  ადგილობრივ – იყალთოს და ვარდისუბნის თიხას, ასევე, თურქულ ნედლეულსაც.

DSC_7963.JPG

„კერამიკაზე მუშაობა თითოეული ბენეფიციარისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მუშაობის პროცესში ისინი ივიწყებენ პრობლემებს, მშვიდდებიან. ასეთი საამუშაო კარგად მოქმედებს მათ მოტორიკაზე, კონცენტრაციის უნარის გავარჯიშებაზე. დასრულებულ პროდუქციას რომ ხედავენ, უხარიათ! ეს მათთვის დიდი მოტივაცია და სტიმულია.

ჩვენ ერთმანეთთან მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვაქვს. ზოგს მე თვითონ ვაძლევ სამუშაო მიმართულებას, ზოგიც შსანიშნავი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის მქონეა და ახალ იდეებს თვითონაც გვთავაზობს. მაგალითად, შემოქმედებითი ნიჭით არის დაჯილდოებული გოჩა დიასამიძე, რომელიც იშვიათად საინტერესო ნაკეთობებს ქმნის,“ – ამბობს თემურ კევლიშვილი.

გოჩა დიასამიძე ცენტრის ერთ-ერთი ბერეფიციარია. თიხაზე მუშაობა ძალიან მოსწონს. შეუძლია სახელოსნოში მთელი ღამეც კი გაატაროს. ამბობს, რომ მისთვის ასეთი სამუშაო დროის ნაყოფიერად გაყვანაა, თანაც, დიდი სიამოვნებით ძერწავს. ძერწვა ეხმარება მავნე ჩვევების დავიწყებაში, მუშაობის დროს ის აღარ ფიქრობს წამალსა და სასმელზე.

DSC_7746

„მიყვარს ხელოვნება. ბავშვობიდან ვძერწავდი სხვადასხვა ნაკეთობებს.  ვაპირებდი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვა გზით  წარიმართა. ნატკოტიკებს გემო 17 წლის ასაკში გავუსინჯე. შემდეგ გავხდი წამალდამოკიდებული… 3 წლის წინ კი, ჩემი მეგობრის რეკომენდაციით, რეაბილიტაციის ცენტრში მოვხვდი და დღემდე აქ ვარ. ნორმალური ცხოვრებისთვის აქ ყველანაირი პირობებაა შექმნილი: კვება, ფსიქოლოგიური დახმარება, არტ თერაპია და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოდ.

არტ თერაპია ბევრი პრობლემის დაძლევაში დამეხმარა. ახლა მაქვს სამომავლო გეგმები და მინდა ჯანსაღ ცოხვრებას დავუბრუნდე. საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი წამალდამოკიდებული, მაგრამ, ღმერთის წყალობით, პრობლემას მოვერიე და შპრიცის დანახვაც აღარ მსურს. ცენტში ცხოვრებას თავისებური წესები აქვს, მათ უნდა დაემორჩილო. აქ შენს ჭკუაზე ვერ იქნები, მაგრამ იცი, რომ ეს შენვე წაგადგება და რეჟიმს ემორჩილები. თუ ცენტრიდან წასვლა მოგინდა, არავინ დაგიჭერს – კარი ღიაა.

თავდაპირველად მოსახლეობა უნდობლად გვიყურებდა, მაინც სოფელია, მაგრამ თანდათან კეთილმეზობლური დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. ხშირად ერთმანეთს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშიც კი ვეხმარებით,“ – გვიყვება გოჩა და ურჩევს ახალგაზრდებს, რომ არ მოიხმარონ ნარკოტიკები, რადგან ეს დიდი უბედურებაა, რომელიც გოჩამ საკუთარ თავზე გამოსცადა. მისი თქმით, ნარკო თუ ალკოდამოკიდებულება ძალიან რთული დასამარცხებელია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შესაბამისად, რთულია მასთან ყოველდღიური ბრძოლა, მით უფრო საზოგადოებაში, სადაც ამ პრობლემებთან სამედიცინო თუ ფსიქლოგიური დახმარების გზით გამკლავების გამოცდილება მწირია.

DSC_8018

ვაჟა კასრელიშვილი, ცენტრის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორი, გვიყვება, რომ გრემიში კერამიკული სახელოსნო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. სამომავლოდ განზრახული აქვს მეფუტკრეობის და მეფრინველეობის განვითარება, რადგან პროექტის ფინანსური დახმარება დონორების მიერ, ადრე თუ გვიან, დასრულდება და ცენტრი მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდება – მოუწევს საკუთარი თავის შენახვა. ამისათვის კი მზად უნდა იყვნენ.

„როგორც ხედავთ, ცენტრის შენობა მაქსიმალურად კეთილმოწყობილია, ინფრასტრუქტურაც მოწერიგებული. ძალიან გვინდა მესამე სართულის ბოლომდე გამართვა, მაგრამ ჯერ დამფინანსებელი ვერ ვნახეთ. ამის მერე აქაურობას დაემატება ორი სივრცე – შეხვედრებისთვის და კინო ჩვენებისთვის. ასევე, გათვალისწინებულია ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დარბაზის გახსნა.

გრემის რეაბილიტაციის ცენტრი არის სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულება, სადაც დასაქმებული არიან ყოფილი მომხმარებლები. აქ მოქმედ სარეაბილიტაციო პროგრამას უძღვებიან ადამიანები, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა, ჩვენ მათ ინსტრუქტორებად გადამზადებაში ვეხმარებით,“ – განგვიმარტა ვაჟა კასრელიშვილმა.

ირმა კახურაშვილი, ჟურნალისტი და პროექტის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ამბობს, რომ გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის მიმართ ინტერესი მზარდია, რადგან საქართველოში ეს არის პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა, სადაც დამოკიდებულ ადამიანებს სრულიად უფასო სერვისებს სთავაზობენ, ზრუნავენ მათი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის. ბენეფიცირები, სხვადასხვა სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან არტ და შრომითი თერაპიას. ასეთი დახმარება 2016 წლიდან დღემდე 25-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„ცენტრის მიზანია დამოკიდებული პირი დაუბრუნდეს იმ საზოგადოებას, რომელსაც დღემდე არცთუ კარგად ესმის ამ ადამიანთა პრობლემების. ეს ადამიანები თავიანთი მძიმე სენის გამო ხშირად არიან უარყოფილები და გარიყულები, მოხმარების პერიოდში ისინი კარგავენ ფუნქციას საზოგადოებაში, ოჯახში, კარგავენ ყველაფერს… სახელმწიფო კი მრავაწლიანი პატიმრობის გარდა, ვერაფერ ეფექტიანს ვერ სთავაზობს. ასეთი მოწყვლადი ჯგუფისთვის სარეაბილიტაციო სისტემა საქართველოში სრულიად აუწყობელია. პირადად ჩემთვის, გრემის ცენტრი ერთგვარი მინიმოდელია იმისა, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ ამ ადამიანებს. ეს არის კონკრეტული პროექტი კონკრეტული შედეგებით. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან ბენეფიციარებს არა მარტო სიფხიზლის შენარჩუნებაში, არამედ სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში. საინტერესო დეტალია, რომ ცენტრს ჯერ არ ჰყოლია ბენეფიციარი ქალები, რომლებისთვისაც შენობაში ცალკე საცხოვრებელი სივრცეა კეთილმოწყობილი“.

ჯერჯერობით ცენტრი ევროკავშირისა და „შიდსის ფონდი – აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

ცენტრში ბენეციფიარებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ დაჰყონ მინიმუმ ერთი თვე. ერთბაშად ცენტრს შეუძლია 12 ბენეფიციარის მიღება. აქ მოსახვედრად აუცილებელია ადამიანი (ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები) იყოს რემისიაში და ჰქონდეს სიფხიზლის შენარჩუნების ნამდვილი სურვილი.

ცენტრს აქვს თავისი რეჟიმი და წესები. აქ მუშაობს „12 ნაბიჯის“ პროგრამა. მომავალში იგეგმება სხვა, ალტერნატიული სარეაბილიტაციო პრაქტიკების შემოღება.

DSC_8021

გრემში სტუმრობისას მედიის წარმომადგენლებისთვის დაანონსდა ევროკავშირის პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ჟურნალისტებისთვის და ბლოგერებისთვის. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების, კერძოდ, პატიმრების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების, მათ შორის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების პოპულარიზაცია და მათ მიმართ არსებული სტიგმის შემცირება.

გრემის ფსიქო-სოაციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფოიეში თვალში მოგვხვდა კედელზე გაკრული მინაწერი: ,,ნარკოტიკს საბოლოოდ თავს ყველა ანებებს, მხოლოდ რჩეულები კი – სიცოცხლეში“. ცენტრში მისულმა ადამიანებმა უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი.

იმედია, არაერთი წამალ და ალკო დამოკიდებული ბენეფიციარი შეემატება მათ რიცხვს. მისასალმებელია, რომ საქართველოში უკვე არსებობს სადღეღამისო დაწესებულება, სადაც ადამიანებს ეხმარებიან საზოგადოებასა და საკუთარ ოჯახში დაბრუნებაში.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s