თავისუფლებისთვის მზადების გამოწვევები

Posted: October 6, 2018 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

43246191_329862047779021_1864843970647949312_n

რა ელის პატიმრობიდან ახლახან გათავისუფლებულ ადამიანს? უნდა ჰქონდეს თუ არა მას საკუთარი თავის და ოჯახის შენახვის შესაძლებლობა? როგორ უნდა მოეხმაროს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, რომ სოციუმში დაბრუნდეს? ამ ყველაფერში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი. თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, უფრო თვალსაჩინო გახადა კვლევამ, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები: პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომას“, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და ჰოლანდიური ორგანიზაცია „მეინლაინ ფაუნდეიშენის“ ძალისხმევით განხორციელდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები: პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ძირითადი მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მისი ერთ-ერთი მიმართულება კი პენიტენციურ და პრობაციის დონეზე მიმდინარე ე.წ. „გარდამავალი მენეჯმენტის“ პროცესის შეფასება. კვლევა საკმაოდ მრავალმხრივია, თან ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც  სახელმწიფომ ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს.

2015 წელს, რესოციალიზაციის კუთხით, ევროკავშირმა საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ფრონტზე გამართა მუშაობა. ამ პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების დანერგვის საკითხებმაც გაიჟღერეს. აქცენტი გაკეთდა მსჯავრდებულთა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის და მის ფარგლებში მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის მაღალ სტანდარტებზე.

ქართველ ექსპერტთა განცხადებით, დაწყებული რეფორმის ფარგლებში ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, მაგრამ პროცესში ხარვეზებიც დაფიქსირდა. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების შეხსენებას და საზოგადოდ, სარეაბილიტაციო პროცესის ისე რეორგანიზებას, რომ სასჯელის მოხდა აგებული იყოს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაზე. ასეთი სახის გეგმები უნდა მოიცავდეს მსჯავრდებულთა დასაქმებას, განათლებას და გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესს.

 საზოგადოების მოვალეობა არ სრულდება პატიმრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი იწყება სწორედ გათავისუფლების შემდეგ. ზუსტად ამ მიზნით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულების გათავისუფლებისათვის მომზადება. მსჯავრდებულებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის პროგრამებში, რომლებიც დაეხმარება მათ, საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი გაიარონ უმტკივნეულოდ. ამ მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული ყველა შესაძლებლობარელიგია, ტრენინგი, სოციალური დაცვა, დასაქმება, ფიზიკური განვითარება, მორალური დამოკიდებულების განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნული უნდა შეესაბამებოდეს პატიმრის პიროვნულ ხასიათს. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი: პატიმრის კრიმინალური წარსული, სასჯელის ზომა და წინასწარ განსაზღვრული პერსპექტივები მისიათავისუფლების შემდეგ.“

ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა, თუმცა ხარვეზების გამოსწორების ტემპი დაბალია და აუცილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემუშავებული ჰქონდეს გათავისუფლებისათვის მომზადების სისტემის ჩამოყალიბების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა. კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ.

„ამ პროცესში უმთავრესი პირობა ადამიანის ინდივიდუალურად შეფასებაა. პრობლემებზე მუშაობა ციხის შიგნიდან უნდა დაიწყოს და მის გარეთ გაგრძელდეს. ცხადია, გარკვეული სერვისები ახლაც არსებობს, მაგრამ არასაკმარისია და ძალიან ცოტა ადამიანს მოიცავს. მიწოდებული სერვისები უმეტესად დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული. სახელმწიფო ამ მიმართულებით ბევრ რესურსს არ ხარჯავს. გარდა ამისა, ციხეშიც არ არის იმ პროფესიონალ თანამშრომელთა რესურსი, რომელიც ინდივიდუალურ შეფასებას გააკეთებს. ერთი ფსიქოლოგი 2 ათასს პატიმარს ნადვილად არ ეყოფა,“ – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

პრობლემების ჩამონათვალი კვლევაში დიდია და არ მოიცავს მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზებს. მაგალითად, ჩანს, რომ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი ხორციელდება მხოლოდ რამდენიმე და არა ყველა დაწესებულებაში.

ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა N5 ქალთა, N11 არასრულწლოვანთა და N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში. ამის მიზეზი პატიმართა მცირე რაოდენობაა, რომელიც უფრო აადვილებს ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის ორგანიზებას (2017 წლის სექტემბრის ბოლოს N5 დაწესებულებაში განთავსებულიიყო – 258 მსჯავრდებული, N11 დაწესებულებაში 20 მსჯავრდებული, ხოლო N16 დაწესებულებაში – 135 მსჯავრდებული).

პენიტენციური სისტემიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესის ეფექტიანად ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური პროგრამების არსებობა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალური მუშაკების მიერ ასეთი პროგრამის ერთიანი მოდული შემუშავებულია და მისი გამოყენების შესაძლებლობაც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს, მაგრამ არ გამოიყენება. სახელმწიფო სტრუქტურებს კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, ამ ეტაპზე რომელ პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობს ეს პროგრამა.

43289059_647411262344720_7531436113739644928_n

გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამები სხვადასხვა წლებში სხვადასხვა დაწესებულებებში ხორციელდება და მსჯავრდებულთა უმცირესობას მოიცავს. მაგალითად, 2015 წელს ვადაზე ადრე და კალენდარულად პენიტენციური დაწესებულებები დანგათავისუფლდა 3624, ხოლო გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 65 მსჯავრდებული.

„ერთ-ერთი პრობლემა სოციალური მუშაკების ნაკლებობაცაა. შესამჩნევია ამ სისიტემიდან კადრების გადინება. მათი სამუშაო მართლაც სტრესულია, მაგრამ ბევრი არც არის პროფესიონალი სოციალური მუშაკი. საჭიროა ეს სამსახური უფრო მიმზიდველი გახდეს. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ეს პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ სხვა ციხეებში არსებობს,“ – აზუსტებს ტატო ქელბაქიანი.

მისივე თქმით, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში არის სერვისების სიმცირე, რაც მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. .

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, 2017 წლის იანვარში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზრუნვისა და კონტროლის ქვეშ მყოფ 21741 მსჯავრდებულიდან მხოლოდ 436 ჰქონდა წვდომა სხვადასხვა სახის სერვისებზე. სერვისების ნაკლებობას აღნიშნავს გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა.

*** 

რესპონდენტების უმრავლესობის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებებიდან იკვეთება, რომ სერვისების დეფიციტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დონეზეც არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. თუმცა ბენეფიციარების უმრავლესობა დადებითად აფასებს ყოფილი პატიმრების მიერ ბიზნესაქტივობის დაწყების მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ მცირე გრანტების გაცემის პრაქტიკას. რესპონდენტების უმრავლესობამ ერთ-ერთ გამოწვევად ასევე მიუთითა სერვისების უწყვეტობა და არამდგრადობა.

ქართველი ექსპერტის განცხადებით, ნომერ პირველი პრობლემა სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურაა, რადგან სერვისები საკმარისიც რომც გქონდეს, დაწესებულებების ტერიტორიაზე არ არის სპეციალური ადგილები, სადაც ისინი განახორციელდება (ტრენინგი, ფსიქოლოგთან პროვატული ასაუბრები). გრძელვადიან რეკომენდაციებში მითითებულია, რომ სამომავლოდ ქვეყანა უნდა გადავიდეთ მცირე ზომის ციხეებზე. დღევანდელი სახით არსებული დაწესებულებები საბჭოეთის გადმონაშთია.

პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და სერვისებში ჩართვის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება კრიმინალური სუბკულტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხანია მიდის.

15590667_1372444826112506_5581072389891904620_n

„ქურდული აზროვნების გამო, ადამიანების სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვაც კი ვერ ხდება. ბევრს უნდა, მაგრამ სხვების გავლენის ქვეშ არის და ვერ ახერხებს.

კრიმინალური სუბკულტურაში არსებული წესების თანახმად, მსჯავრდებულების ჩართვა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა გარკვეულ ჯგუფებს შორის ცუდ ტონად ითვლება. ამიტომ აუცილებელია ხედვა და მეტი სითამამე გადაწყვეტილებების მისაღებად. ერთადერთი საერთაშორისო გამოცდილება ამ მხრივ არის პატიმრების რისკ ჯგუფებად სეპარირება. მათი ცალკე მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, შიდა უსაფრთხოება კი მოიმატებს,“ – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

თვისობრივი კვლევისას შეფასდა არა მხოლოდ ინდივიდუალური მიდგომა და სერვისები, არამედ უწყებათაშორისი კომუნიკაცია და ხარისხის კონტროლის სისტემა. გამოიკვეთა, რომ არ არის ჩამოყალიბებული მიწოდებული სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და შესაბამისად, ვერც გათავისუფლებისათვის მომზადების ერთიანი პროცესის ანალიზი ხორციელდება. აუცილებელია ჩამოყალიბდეს ხარისხის კონტროლის და ანალიზის სისტემა.

ციხის ადმინისტრაციამ შეიძლება მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვადასხვა სააგენტოებსა და ორგანოებთან, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას და ეხმარებიან გათავისუფლებულ პატიმრებს საზოგადოებაში მათი ადგილის დამკვიდრებაში, განსაკუთრებით კი საყოფაცხოვრებო და სამსახურეობრივ სფეროში.

ასევე, პრობლემაა უწყებათა შორის კომუნიკაცია. ხშირად პატიმრებამდე ის ინფორმაციაც კი ვერ მიდის, თუ რა სერვისები დახვდება გარეთ.

კვლევის შედეგად რესპონდენტების უმრავლესობამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში, პენიტენციურ დეპარტამენტსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობა იწყება მსჯავრდებულის მხოლოდ შესაძლო ვადაზე ადრე გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე. რაიმე სახის თანამშრომლობა ან ინფორმაციის გაცვლა ამ ორ უწყებას შორის, რომლებიც ერთი სამინისტროს ქოლგის ქვეშ არიან, როცა მსჯავრდებული თავისუფლდება სხვა მიზეზით, გარდა ვადაზე ადრე გათავისუფლებისა, ამჟამად არ არსებობს. ამ დროს კი პირი შესაძლოა სხვადასხვა გზით – შეწყალება, ამნისტია, სასჯელის გადავადება – გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა ამავდროულად ჰქონდეს პირობითი მსჯავრი.

„მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედი გვაქვს. კვლევა გავაცანით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მაშინდელ სამინისტროს. ახლა ვცდილობთ ამ საკითხებს ადვოკატირება გავუწიოთ, მით უფრო, რომ დონორთა პროექტების რაოდენობა მცირდება და სახელმწიფოს მაინც მოუწევს გარკვეული სერვისების განხორციელება. ვფიქრობ, რომ სერვისის მომწოდებელ სხვა ორგანიზაციებთან ერთად საჭიროა შეიქმნას ალიანსი, რომელიც განსაზღვრავს მომავალ ნაბიჯებს, დიალოგში შევა სახელმწიფო უწყებებთან. ჯერჯერობით სისტემა ინსტიტუცურად არ ვითარდება და არსებობს იმის განცდა, რომ ინერციით მივდივართ,“ – ასკვნის ექსპერტი ტატო ქელბაქიანი.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s