სიცრუის სარეველა ნარკოპოლიტიკაში

Posted: October 9, 2018 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

8F80CF61-981D-4C60-8977-4D8A11ABA655_cx0_cy10_cw0_w1023_r1_s

2018 წლის აპრილის ბოლოს ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა დროულად გააპროტესტეს ექიმ-ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. მან შერჩევითი და ტენდენციური ინტერპრეტაციით, პორტუგალიასა და ჩეხეთის დეკრიმინალიზაციის სტატისტიკურ მონაცემთა ვარირებით, დიდ აუდიტორიას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მისი მთავარი მესიჯის შენაარსი ის გახლდათ, რომ დეკრიმინალიზაცია საქართველოს სავალალო შედეგებს მოუტანდა. ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე პროფესიონალთა გუნდმა, რომელიც დიდი ხანია ცდილობს საკანონმდებლო დონეზე შეარბილოს მოქმედი რეპრესიული მექანიზმები, შეძლო ამ ინფორმაციის განეიტრალება (მათი პასუხი იხ. http://kvira.ge/395608).   

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მავანმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის წყლის შეყენება სცადა. დეკრიმინალიზაციის ჰუმანური იდეა კარგა ხანია აფორიაქებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ძალავნებს – პოლიციასა და პროკურატურას, რადგან რეპრესია და დამსჯელობითი მიდგომა მოსახლეობის მართვის მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სადავეს წარმოადგენს, მაშასადამე, რთული დასათმობიცა, ხოლო მტკიცებულებებს მოკლებული მოარული გამონათქვამი – „დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების გავრცელებას წაახალისებს და თაობებს დაღუპავს“, იოლად ზრდის მგრძნობიარე მოქალაქეების ემოციურ ფონს, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტ ბარიერს ბადებს დეკრიმინალიზაციის ეკლიან გზაზე.

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ 2009 წლიდან ჩატარებული კვლევების ციკლის თანახმად, არსებული სადამსჯელო პოლიტიკის პირობებში, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი კატასტროფულად იზრდებამ და ამჟამად 50 ათასს ადამიანს აღწევს. აქ არ მოაიზრებიან სააფთიაქო ნარკოტიკების მომხმარებლები. მათი სტატისტიკა უცნობია. ამდენად, არსებული სადამსჯელო ნარკოპრაქტიკა არაეფექტიანია და მომხმარებელთა რაოდენობას ვერ ამცირებს, ამიტომ აუცილებელია ცვილებების განხორციელება.

„ბემონის“ ხელმძღვანელი და ნარკოექსპერტი თამარ სირბილაძე ამბობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დეკრიმინალიზაცია ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელის გაუქმებად მიაჩნია. სინამდვილეში კი ეს კომპლექსური ამბავია – პარლამენტში წარდგენილი და მის დერეფნებში გადაკარგული ახალი კანონპროექტი, რომელზეც შარშან ბევრი ილაპარაკეს, ერთგვარი საშუალებაა იმისა, რაც შეიძლება მეტ პირს გაეწიოს დახმარება, გაფართოვდეს ზიანის შემცირების სერვისები, ამოქმედდეს  რეაბილიტაციისა და პრევენციის კომპონენტი. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საერთაშორისო გამოცდილების ადგილზე გაზიარებასაც ეფუძნება, ვგულისხმობ საქმიან ვიზიტებს პორტუგალიაში. აეს ქვეყანა საქართელოსთვის სამაგალითოა.

თუმცა პორტუგალიის მაგალითზე ქართული მედია ძალიან ცოტას საუბრობს. ამით კი, იმ ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს, რომელიც სიცრუის სარეველას ახარებს. სარეველას კვირტები ახალი კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის პირველივე დღიდან იშლება. ყველაზე ნათლად ეს იმდროინდელ სოციალურ ქსელში და ინტერნეტნიუსებში იკვეთება, უფრო სწორედ კერძო პირებისა და ჩინოვნიკების „კედლებიდან“ აღებული პოსტების და კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარების ტირაჟირებაში. მაგალითად, ამ ლინკზე http://www.tabula.ge/ge/verbatim/136966-dzidziguri-ra-marixuanis-kultivacia-xalxo-ra-aris-kartofilia-tsinaaghmdegebi-vart მოცემული პოსტი ნარკოპოლიტიკის თემის მიმართ მგრძნობელობას გვაკარგვინებს არასერიოზული სათაურის გამო. სხვათა შორის, ამ კომენტარის  გაზიარების რიცხვიც 238-ს აღწევს (!).

43467036_351261518771952_4903103943212531712_n

მედიის ბოლოდროინდელი მავნე ჩვევა ფეისბუქის პირადი პოსტების ოფიციალურ კომენტარებად გადაქცევა, ასევე ნეგატიური პრაქტიკის ელფერს იძენს. ფეისბუქის პირად გვერდზე დადებული შეხედულება არ ნიშნავს კომენტარს მედიისთის, მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტი მას ასეთად აღიქვამს და აიძულებს აუდიტორიას, რომ იმანაც ასე აღიქვას.  მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძის პირადი პოსტი კანაფის თემასთან დაკავშირებით (http://www.accentnews.ge/ge/news/details/60603) ჟურნალისტის მიერ კოპირდება და საიტზე იტვირთება, რითაც ის მას ოფიციალურ განცხადებად აქცევს. ასევე, საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ბლოგერთა მოსაზრებების ტირაჟირებას, მაგალითად, ასეთს http://geotimes.ge/index.php?m=5&news_id=59635&cat_id=23 სადაც ბლოგერი უცენზურო ლექსიკას კი ხმარობს (შინაარსის ბუნდოვანება ხომ თავისთავადია), მაგრამ გამოცემას არც ეს აჩერებს და ის მას აქვეყნებს.

შედეგად, ინტერნეტგაზეთების მომხმარებელი, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვანაირად შეფუთულ დაუზუსტებელ და ემოციურ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებს, საბოლოოდ უტყუარ ფაქტად აღიქვამს. ასე იძენს ნებისმიერი ადამიანის მიერ „აგორებული“ ტყუილ-მართალი ლეგიტიმურობას. აღარაფერს ვიტყვი თემატურ ვიდეოებზე, რომელთა რაოდენობა სოცქსელებში სწორედ მაშინ მატულობს, როდესაც რომელიმე მტკივნეული თემა, ჩვენს შემთხვევაში დეკრიმინალიზაცია, საზოგადოების ადექვატურ გამოხმაურებას საჭიროებს.

მაგალითად, ასეთი სახის ვიდეო https://isocial.ge/index.php?newsid=116 ინტერნეტით „მოგზაურობას“ გადამწყვეტ მომენტში – ცხარე დებატების პერიოდში – იწყებს და „თავის საქმეს“ ირიბად აკეთებს. იგივეს თქმა შეგვიძლია დაბალი ხარისხის თემატურ მასალებზე, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ, მაგალითად  http://geworld.ge/ge/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94/

მსგავსი „სტატიების“ ტირაჟირება, სადაც ავტორი მხოლოდ სუბიექტურ, სრულიად გადაუმოწმებელ მოსაზრებებს საიტიდან ავრცელებს, შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ფორმირების პროცესშია, მყოიფეა.

კიდევ ერთი მაგალითი: დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის პირველივე დღიდან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანონპოექტი ნარკოტიკების ლეგალიზაციას გულისხმობს. განცხადებები ამის შესახებ ეკუთვნოდა არაერთ საჯარო და სასულიერო პირს, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ფენისთვის ავტორიტეტებს წარმოადგენენ. დეკრიმინალიზაციის გაიგივებამ ლეგალიზაციასთან საქმიან საჯარო დისკუსიას ვექტორი შეუცვალა და სულ სხვა, უსარგებლო კალაპოტში გადაიყვანა.

განსაკუთრებით მკვეთრად სახელმწიფოს დამოკიდებულება დეკრიმინალიზაციის მიმართ გამოიხატა ამ წლის მაისში, როდესაც სიცრუის ოფიციალური მანქანა მთელი ძალ-ღონით ამუშავდა და თბილისის ღამის კლუბებში სპეცრაზმელთა ვანდალური შეჭრით დაგვირგვინდა. თავისი ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების აყვანის მიზეზით გაამართლა. სინამდვილეში, რვა ნარკორეალოიზატორი კლუბებში შეჭრამდე საათებით ადრე უკვე დაკავებული იყო. მეტიც, კლუბებიდან მთავრობის კანცელარიასთან გადაადგილებული ახალგაზრდების საპროტესტო აქცია საზოგადოებაში ინტერპრიტირებული იყო როგორც ნარკორეალიზატორების დაცვა და ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნა.

რეალურად კი პროტესტანტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საკლუბო ცხოვრების დემონიზების და მათი უფლებების დარღვევის გამო, მაგრამ ცრუ ინფორმაციის ელვისებურმა გავრცელებამ საზოგადოების სხვადასხვა ფენებში გამოიწვია ნეონაცისტური ჯგუფის აქტივიზაცია. დეზინფორმაციამ გაამწვავა სიტუაცია და გადაიქცა რეალურ საფრთხედ, რომელსაც შეიძლებოდა დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰყოლოდა.

კლუბებში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილომა განაცხადა, რომ დაუსრულებელი მსჯელობა ლიბერალიზაციაზე ნარკოდანაშაულს ახალისებდა. ასეთი საჯარო განცხადება სიცრუის თავს მოხვევა იყო, რადგან ლიბერალიზაციაზე მსჯელობა – სწორედ ის დეფიციტია, რასაც ჩვენი საზოგადოება განიცდის და რის გამოც, უხეშად რომ ვთქვათ, ვერ ჯერდება პოზიციები და ვერ იბადება ჭეშმარიტება.

კიდევ უფრო მეტად რომ გავერკვეთ, როდის და ვინ გვატყუებს: ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, რომელიც 40-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, თავის კანონპროექტში არსად ახსენებს ცნება „ლეგალიზაცის“. კანონპროექტში საუბარია ყველა ტიპის ნარკოსაშუალებების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციაზე, რადგან ამ რეფორმით ყველაზე მეტ დახმარებას საჭიროებენ ინექციური მომხმარებლები. მაგალითად, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერი, დავით სუბელიანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების დეფექტო დეკრიმინალიზაციაა, მაშსადამე,  ნარკოპოლიტიკის განვითარების ისტორიას დიდად ვერ ცვლის.

როგორც უკვე ვთქვით, ხელისუფლებას არ სურს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ამისათვის ის ყველა ხერხს მიმართავს, მათ შორის ნაცად „გადაფარვას“, როდესაც პროფესიონალურად მომზადებულ კანონპროექტს ალტერნატიული და ხმაურის გამომწვეი შინაარსის მქონე სხვა კანონპროექტით „ფარავს“. პირადად მე ამ ალტერნატიულ კანონპროექტს „სიცრუის კანონპროექტსაც“ ვუწოდებდი.

***

ალტერნატირული კანონცვლილების წარდგენამ დეკრიმინლიზაციის იდეის ბევრი მოწინააღმდეგეც კი შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო – შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავისი უწყების სახელით, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ პირზე ქაფმომდგარი ილაშქრებდა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ, მთავრობის სხდომაზე წარდგა კანონპროექტით, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი კანაფის წარმოება-ექსპორტს ეკავა.

თავდაპირველად ბევრს ეს ხუმრობაც კი ეგონა. მაგრამ მეორე დღიდანვე კანაფის ეკონომიკურ სარგებელი ყველა უწყებამ, პრემიერ მინისტრის ჩათვლით, დადებით კონტექსტში შეაფასა. არავის გახსენებია, რომ „კანაფი თაობებს დაღუპავს“.

კანონპროექტი ვერ მოიწონა სამღვდელოებამ. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ავნებდა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რელიგიურმა პირებმა გზააბნეულ პარლამენტს გონიერებისკენ მოუწოდეს და ამ საკითხის განხილვას დროებით გაემიჯნენ.

რასაკვირველია, ის, რომ კანაფის წარმოება შესანიშნავი ბიზნესია, ეჭვს არავისში იწვევს და არც დეზინფორმაცია გახლავთ, მაგრამ სწორედ ამ კონკრეტულ ვითარებაში ეკონომიკური საკითხების წინ წამოწევა და საზოგადოების ყურადღების გადატანა არსებული მწვავე პრობლემებიდან (50 ათასი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლის ფონზე) კანაფის თესვაზე, დიდი სიცრუის ნაწილი გახლდათ.

ამონარიდი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ გავრცელებული განცხადებიდან: „კანაფის ექსპორტის საკითხის დაყენება, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მასშტაბების გათვალისწინებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალური გამოწვევების გადაფარვისა და ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროების მცდელობას ჰგავს“.

„ცრუ კანონპროექტის“ განხილვამ თავისი გამოძახილი ფეისბუქზეც ჰპოვა. მოსახლეობა გულდასმით ჩაერთო დებატებში: როგორ დარეგულირდება ეს ინდუსტრია? რა წილი ექნება ამაში სახელმწიფოს და ივანიშვილის გარემოცვას? კარგია თუ არა, რომ ახლა მარიხუანა ლეგალური გახდა?

აი, აქ კი უნდა შევჩერდეთ. კანონპროექტზე კანაფის კულტივაციაზე საუბრებმა საზოგადოებაში გააჩინა მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მარიხუანის მოხმარება აღარავის შეუქმნის პრობლემებს. ბარებსა და კაფეებში „ბალახის“ მოწევა ლეგალურობის ლეველზე გადავიდა. ლეგალურობაზე საუბარი კიდევ უფრო მომძლავრდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი (ცნობისათვის, ამჟამად კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა. თუმცა მისი ლობისტები ამბობენ, რომ „შეძლებენ სხვადასხვა პოზიციების შეჯერებას“).

ახლა დავუბრუნდეთ მკაცრ რეალობას: სავარაუდოდ, „ბალახის“ მოხმარება საქართველოში არ იქნება დაუსჯელი, მითუმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ „მკაცრად დასჯადი იქნება ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება მარიხუანის მოხმარებას 21 წლამდე; ნარკოტიკული თრობით საჭესთან დაჯდომა პირდაპირ ციხით დაისჯება, ხოლო გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის – საჯარო სამსახურიდან დაწყებული, ყველა იმ პროფესიაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან ან სიცოცხლესთანაა დაკავშირებული -კანაფის მოხმარებას მოჰყვება კარიერის დასრულება. დაუსჯელი რჩება მხოლოდ მოხმარება პირად სივრცეში 21 წელზე უფროსი ასაკის ადამიანისათვის“.

ასევე, შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმდა, მაგრამ შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია დასჯადი დარჩა.

ასეთ ქაოსურ პირობებში ყველაზე ადექვატურები ნარკოლოგები აღმოჩნდნენ – ისინი განგაშის ზარს სცემენ. მათი განცხადებებით, კანაფის კულტივირების თემამ გაამყარა ცრუ წარმოდგენა მარიხუანაზე, როგორც მსუბუქ და უვნებელ ნარკოტიკზე. არადა, „მარიხუანის  ზემოქმედების ქვეშ ცნობიერების არევამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე ალკოჰოლის მსუბუქი ხარისხით თრობამ“, – ამბობს ცნობილი ნარკოლოგი თათა ასათიანი.

დეზინფორმაციასთან და მითებთან ბრძოლა რთული პროცესია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია კი – საფრთხეში, რადგან ჯერჯერობით რეპრესიებიდან ზრუნვაზე ორიენტირებულ მიდგომამდე მანძილი არ შემცირებულა.

უნდა გვესმოდეს, რომ დეზინფორმაციას აქვს თვისება ღმად ჩაიბეჭდოს ჩვენს გონებაში. დიმიტრი ლიპარტელიანი თავის წერილში „როგორ უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას?“ წერს, რომ „ანტი-დეზინფორმაციული გზავნილები იმგვარად უნდა იყოს წარმოჩენილი, რომ შეამციროს მიმღებთა ფსიქოლოგიური წინააღდეგობა. ასეთ დროს ყველაზე კარგი შედეგის მომტანი, ე.წ. „თავდაჯერებულობის ეფექტის“ გამოყენებაა, როდესაც სამიზნე აუდიტორიას უნდა შევახსენოთ ის დრო, როცა ისინი თავს კარგად გრძნობდნენ, რადგანაც მოქმედებდნენ მათთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების მიხედვით. ამ გზით ადამიანები უფრო მეტად მიმღებნი ხდებიან მათი მსოფმხედველობის საწინააღმდეგო გზავნილების მიმართ.

ასევე შესაძლებელია ანტი-დეზინფორმაციული გზავნილების ისეთ ჩარჩოებში მოქცევა, რომ ისინი დიდ წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ ადამიანების მტკიცედ ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობასთან. მსგავსი მეთოდით ინფორმაციის გავრცელება ფაქტებს ბრძოლის შანსს აძლევს“.

როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს, ჩვენზეა დამოკიდებული.

მხოლოდ ჩვენზე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s