გეზი საზოგადოებისკენ რეაბილიტაციით  

ია ვეკუა  

DSC_0632

იმის შესახებ, რომ საქართველოში ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის სადღეღამისო ცენტრი არსებობს, ერთი წლის წინ, მეგობრისგან გავიგე. წელს კი, სპეციალურად მედიისთვის ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში, ცენტრის სტუმარი გავხდი.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი კახეთშ, სოფელ გრემში მდებარეობს და ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებზეა ორინტირებული. აქ მოქმედი ყველა მომსახურება უფასოა, მაგრამ ცენტრში რომ მოხვდე და ხარისხიანად გაიარო რეაბილიტაცია, სურვილის გარდა, რემისიაც უნდა გქონდეს, რაც არასამედიცინო ენაზე ნიშნავს, რომ ფიზიკურად აღარ უნდა მოიხმარდე ნივთიერებებს, რომლებიც შენში დამოკიდებულებას იწვევენ.   

თბილისიდან გრემამდე ორი საათის გზაა. როგორია ცენტრი? ვცდილობ წარმოვიდგინო. ალბათ მაღალი ღობე აქვს, ისეთი, როგორიც არაერთ ფილმში მინახავს.

მაგრამ ქართული რეალობა სხვაა – გვხვდება ჩვეულებრივჭიშკრიანი ეზო ორი შენობით. ერთი სამსართულიანია, აქ ბენეფიციარები ცხოვრობენ, მეორე კი მომცრო, სახელოსნო, სადაც თიხასა და კერამიკაზე მუშაობენ.

ცენტრში გვიხსნიან, რომ რემისია დამოკიდებული ადამიანებისთვის რთული პერიოდია: შფოთვის, დეპრესიის, ფსიქოლოგიური დისკომფორტის. ამ დროს იოლია ისევ „წაგცდეს ხელი“ და დაუბრუნდეს ჯანმრთელობისთვის მავნე ძველ ცხოვრების წესს, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს. ყოველი დღე სახიფათო და სათმენია. ასეთ დროს, დამოკიდებულ ადამიანებს განსაკუთრებულად სჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ახლობლების, არამედ სხვადასხვა სპეციალისტების დახმარება. დახმარება კი გრემში ელით: ინსტრუქტორების, არტ თერაპევტების, ფსიქოლოგების. ცენტრში მასპინძლობას სწორედ ისინი გვიწევენ.

29955011_1594098393971021_301492510_o

გრემის ცენტრი საქართველოში ერთადერთია, სადაც დახმარებისთვის მოსულ ადამიანს შეუძლია  აქ მანამდე დაჰყოს, ვიდრე მისი რეაბილიტაცია წარმატებით არ დასრულდება – სამი და მეტი თვეც. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორი დღეც ვერ გაუძლიათ. ცენტრში იძულებით არავის აკავებენ. თუ გადაწყვიტე, რომ რეაბილიტაციისთვის მზად არ ხარ, შეგიძლია ცენტრი დატოვო.

ცენტრს ორი ინსტრუქტორი ემსახურება, ერთ-ერთი ლევანია. ის ყოფილი ნარკომომხმარებელია. ყოველდღიურად სარეაბილიტაცია პროგრამა „12 ნაბიჯის“ მიხედვით სიფხიზლის შენარჩუნებაში სხვებს ეხმარება. ლევანი ნარკოტიკების მოხმარებამ პარკინსონით დააავადა, გადაადგილების უნარი ნაწილობრივ შეუზღუდა. თუმცა ეს არ უშლის ხელს დაეხმაროს ყველასგან გარიყულ და უარყოფილ ადამიანებს დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და საზოგადოებას.

29994333_1594096210637906_1097204599_o

გრემის ცენტრში კარგი პირობებია – ცენტრალური გათბობა, კვება ადგილობრივი პროდუქტებით. შენობის მეორე სართულზე ინდივიდუალური ოთახებია ქალებისთვის და კაცებისთვის, პირველ სართულზე – კეთილმოწყობილი შეხვედრების ოთახი.

ცენტრში აქტიურად მუშაობს არტ თერაპია. ბენეფიციარებთან თელავიდან ფსიქოლოგიც დადის.

ცენტრი ოდნავ მოშორებულია გრემის ცენტრალურ გზას. ჩიტების ჭიკჭიკისა და მამლის ყივილის  გარდა, სხვა ხმებს ვერ გაიგონებთ.

ბენეფიციარებისთვის კვირის ყოველი დღე გაწერილია.

DSC_0645

გრემში მეგზურობას საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომას“ წარმომადგენელი და ამ პროექტის ხელმძღვანელი, ვაჟა კასრელიშვილი გვიწევს. ის დაწვრილებით გვიყვება ყველაფერს. ამბობს, რომ ცენტრში რეაბილიტაცია ოცდახუთზე მეტმა ბენეფიციარმა გაიარა. ცენტრის დაარსების იდეა დიდი ხნის წინ გაუჩნდა. ამჯერად ის დონორის – ევროკავშირისა და ჰოლანდიური საქველმოქმედო ფონდ „შიდსის ფონდი – აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მეშვეობით მუშაობს.

მესამე სართული სარემონტოა. ამის თანხა ცენტრს ჯერჯერობით არ გააჩნია. აქ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცე და ბიბლიოთეკა მოეწყობა.

ცენტრის შენობა „თანადგომამ“ საკუთარი სახსრებით, კერძო პირისგან შეიძინა. ცენტრის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებას, არანაირი წილი არ მიუძღის.

„სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელი პირველად პოლონეთში ვნახე. ბევრი წლის მერე უკრაინაში ერთ-ერთი მივლინების დროს ორი კვირა ასეთივე ცენტრში ვიცხოვრე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რამდენად ეფექტიანი იყო და როგორ ცვლიდა ადამიანებს რეაბილიტაცია,“ – გვიყვება ბატონი ვაჟა.

გრემი ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც დამოკიდებულ ადამიანს გრძელვადიანი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გავლა შეუძლია, მაგრამ ამისთვის წესები უნდა დაიცვას. მაგალითად, ბენეფიციარები დილის ცხრა საათზე დგებიან, იშვიათად ეძლევათ მობილური ტელეფონები, არ აქვთ ტელევიზორი, ცენტრს მორიგეობით ალაგებენ, გადიან ჯგუფურ და არტ თერაპიას, არჩევენ  თემატურ ფილმებს და სხვ. ბევრ ბენეფიციარს მოსწონს თიხაზე მუშაობა.

გოჩა დ.-ც თელაველია. „პლანის“ მოხმარება სკოლაშივე დაიწყო,მერე კი ნელ-ნელა ინტრავენურ ნარკოტიკებზე გადავიდა. უკვე მერამდენე თვეა გრემის ცენტრის ბენეფიციარია.

IMG_5071

„ახალგაზრდობაში ჰეროინს უპრობლემოდ ვშოულობდი. თუ ვერ ვიშოვიდი, ალკოჰოლს მოვიხმარდი. სამსახურიც მქონდა, ავეჯის საამქროში ვმუშაობდი… ჩემი დამოკიდებულების შესახებ მშობლემა იცოდნენ, მაგრამ რას მიშველიდნენ, მეუბნებოდნენ, თავს დაიღუპავო… ასეც მოხდა. გრემის ცენტრში პირველად 2016 წელს, ჩემი ფეხით მოვედი. რომ არა აქაურება, არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი. ახლაც ყველანაირად ვცდილობ თავშეკავებას. ამაში თიხის სახელოსნო მეხმარება. მიყვარს კირკიტი, თიხაზე მუშაობის დროს კარგი იდეები მომდის, ჩანახატებსაც ვაკეთებ. ეს პროცესი ისე მსიამოვნებს, რომ არც დასალევი მინდება, არც – ნარკოტოკები,“ – ამბობს გოჩა, რომელსაც პატიმრობის 11-წლიანი ისტორიაც აქვს.

ბენეფიციარებს თიხაზე მუშაობას ადგილობრივი, გამოცდილი პედაგოგი ასწავლის. თუმცა აქაურები მიწასაც ამუშავებენ, ოცნებობენ, ფუტკრისა და სასათბურე მეურნეობის მოწყობაზე.

გოჩას უკვირს, რატომ არ არსებობს საქართველოში, სადაც 50 ათასზე მეტი ინტრავენური ნარკომომხმარებელია, სარეაბილიტაციო ცენტრები. „ყოველ დღე უამრავი ახალგაზრდა სააფთიაქო ნარკომანიას ეწირება ან ციხეში მიდის. ციხიდან გამოსულები ეგრევე ნარკოტიკებს უბრუნდებიან. არ მესმის, ამ პირობებში მთავრობა რატომ არის ასეთი უპასუხისმგებლო?“ – კითხულობს გოჩა.

29994453_1594099420637585_1565593740_o 

პატიმრობიდან ახალ გათავისუფლებულ ადამიანებს უპერსპექტივობის დაღი ადევს. განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ყოფილი პატიმრის ან პრობაციონერის დასაქმება, სახელმწიფო ამაში ნაკლებად ეხმარება, რაც ზრდის იმის რისკს, რომ ადამიანი კვლავ მიუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, არ განვითარდეს, გახდეს საზოგადოებისთვის უსარგებლო.

ციხეებში მოქმედი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები მცირეა. მაგალითად, 2017 წლის კვლევით ევროკავშირის პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები: პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში, კარგად ჩანს, რომ მსჯავრდებულთა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი გაუმართავია და შეუსაბამო ევროსტანდარტებთან. საპატიმროებში არსებული სერვისების უმეტესობა არასამთავრობო სექტორის მიერ ფინანსდება. გათავისუფლებისათვის მომზადების სახელმწიფო პროგრამებიც ციხეების დიდ ნაწილში ქაოსურად ხორციელდება და უსისტემოდ მოიცავს მსჯავრდებულებს. ეს აფერხებს მსჯავრდებულთა (და არა მარტო ნარკომომხმარებელ მსჯავრდებულთა) საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს. ამ პრობლემების ჩამონათვალიც კი ძალიან შორს წაგვიყვანდა…

**

გრემის ცენტრიდან საღამოს ვბრუნდებით. ერთადერთი კითხვა, რომელზეც პასუხი არავის გვაქვს, ასეთია: ნუთუ რთულია იმ ადამიანთა რეაბილიტაციას, ვინც მტკიცედ გადაწყვიტა ჩვენს გვერდით თანაარსებობა, სახელმწიფომ შანსი მისცეს? თუკი მათი საზოგადოებაში დაბრუნება არცთუ დიდბიუჯეტიანი პროექტებითაა შესაძლებელი, რატომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ?..    

 

 

 

დატოვე კომენტარი