ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფანტომები და ჩვენი უფლება

Posted: December 9, 2018 in Uncategorized

DSC_1904

მამაჩემი მაისში გარდაიცვალა. მანამდე დემენცია განუვითარდა. დიდხანს ვერ ვიჯერებდი. მთელი ცხოვრება ფიზიკასთან იყო კავშირში, უყვარდა ბალეტი და არა მხოლოდ კითხულობდა წიგნებს, წერდა კიდეც. ერთ მშვენიერ დღეს კი ისიც გადაავიწყდა, მის მეორე შვილს რა ერქვა.

მე არ გეტყვით რა არის დემენცია. ამას თქვენ ყოვლისმცოდნე გუგლშიც ნახავთ.

მე მხოლოდ დავაზუსტებ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მრავალფეროვანია, მათ განსხვავებული ფორმები აქვთ. ამ ფორმებზე ნაკლებად ვფიქრობთ, ხელაღებივით ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ნევროზი და დეპრესია გვაქვს. არ გვსურს ვიცოდეთ ჩვენი დიაგნოზი და საერთოდ, მიგვაჩნია, რომ, საბოლოოდ, ყველანაირ სტრესს გავუძლებთ და გავივაკებთ. ასე ეგონა მამაჩემსაც.

უბრალოდ, ფიქრის საბაბი მინდა მოგცეთ და თუ ახალგაზრდა ხართ, ვიცი, ბევრი ფიქრისთვის დრო არ გრჩებათ. მეც, ჩემი ასაკის მიუხედავად, მხოლოდ ძილის წინ ვფიქრობ. ძირითადად, ეს ფიქრები ერთი და იმავე პანიკური შიშით მთავრდება – ამას გავუძლებ? იმას გადავლახავ? თავს გავართმევ? მოვასწრებ? ჩემი მუდმივი, ჯერჯერობით ასატანი სტრესი გარეგნულად უჩინარია, მაგრამ როდესაც მანუალურ თერაპევტთან მივედი, მან მითხრა: მთელი ტანით დაძაბული ხართ და თუ არ მოეშვებით, თერაპიას ვერ ჩავატარებ. მხოლოდ მერვე პროცედურაზე შევძელი ოდნავ მოვდუნებულიყავი.

დარწმუნებული ვარ, თქვენი ცხოვრებაც სავსეა სტრესული გარემოებებით და იმათიც, ვისაც „დანარჩენ სამყაროს“ ვუწოდებთ, თუნდაც, ჩვენზე დალხენილად ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთ ჟურნალისტურ სემინარზე გვითხრეს და დამამახსოვრდა, მსოფლიოს მოსახლეობის 20% აქვს ფსიქიკური დაავადება წელიწადში, ყოველ მოცემულ მომენტში კი ზრდასრულების 10%-მდე განიცდის მიმდინარე ფსიქიკურ დაავადებას. დაფიქრდით, ხართ თუ არა ამ მონაცემთა რუქაზე? დაფიქრდით, რადგან მხოლოდ დეპრესია 2030 წლისთვის იქნება რიგით მეორე პრობლემა დაავადებების გლობალური დატვირთვის თვალსაზრისით! რასაკვირველია, პირველ ადგილს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დაიკავებენ. ასეთია პროგნოზი.

2030 წლამდე კი არც ისე შორია. გამოითვალეთ, რამდენი წლის იქნებით იმ მომენტისთვის? დაფიქრდით, შეიძლება თუ არა იმ დროისათვის უკვე გქონდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა? არ გამორიცხავთ და ეს სწორია.

მშვიდად რომ იყოთ, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს სერვისების გარკვეული სისტემა, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, თუკი რისკის ქვეშ აღმოჩნდით ან უკვე დაავადდით, დახმარების ხელს გამოგიწვდით და თქვენ არ აღმოჩნდებით არც „ტვირთი“ თქვენი ოჯახისთვის, არც დაბნეულობა და სასოწარკვეთა შეგიპყრობთ, როგორც მე დამემართა, როდესაც მამაჩემმა ჩემი ძმის სახელი ვერ გაიხსენა.

საქართველოში ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე არაერთი წელია საუბრობენ. ამ თემას თქვენსავით არ ვუღრმავდები და მგონია, რომ ეს სპეციალისტების საქმეა, რომ მხოლოდ მათი ჩართულობაა საკმარისი ძველი კანონმდებლობის შეცვლაში, ფსიქიატრიაში ინოვაციური მიდგომებისა და სტანდარტების  დამკვიდრებაში. რომ თუკი ახლა ვინმე გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გენიტალიებმოშიშვლებული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მიბმულია საწოლზე, რადგან „უმართავი გიჟია“, ესეც მათი საქმეა და არა ჩემი… ჩემი, რომელსაც შეიძლება თავადაც დაეწყოს დეპრესია, დემენცია, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი და ათასი რამ და მაშინ, იქნებ სხვამაც თქვას, რომ თქვენ მისი საქმე არ ხართ…

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მსოფლიოში მოზრდილთა პოპულაციის დაახლოებით 3,3%,-ს ხოლო 18-25 ასაკის თითქმის 6%-ს მძიმე ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება, ანუ საქართველოში მოსახლეობის 100 ათასზე მეტ პირს მძიმე ფსიქიკური აშლილობა უნდა ჰქონდეს. ეს ადამიანები მკურნალობას სპეციალიზებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში საჭიროებენ. დროის ნებისმიერ პერიოდში ამ ადამიანთა 4%-ს მწვავე ან რეზისტენტული მდგომარეობა უვითარდება. მათთვის მხოლოდ ამბულატორიული მკურნალობის შეთავაზება არასაკმარისია.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დეინსტიტუციონალიზაცია და სათემო სერვისების განვითარება დაწყებულია, მაგრამ ტემპი ნელია და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, რეფორმის პროცესი დაჩქარებას ითხოვს.

თუ თანაგრძნობა არ გამოვხატეთ რეფორმის მიმართ, ჩვენ ვიქნებით შვილებისთვის დემენციის და სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე ხანდაზმულები, რომლებიც ვერ შეძლებენ ჯერ კიდევ არსებული პოტენციალის რეალიზაციას, პროდუქტიულად შრომას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანას.

თუ ჩვენ დღესვე არ შევახსენეთ სახელმწიფოს რატომ არის საჭირო დიდი ფსიქიატრიული ინსტიტუციების ნაცვლად აქცენტის გადატანა საერთო პროფილის სამედიცინო დაწესებულებებზე, რატომ არის მნიშვნელოვანი სათემო სერვისების განვითარება, სადაც ზრუნვის ვექტორი მიმართული იქნება ინტეგრაციასა და ადაპტაციაზე ან რა საჭიროა ფსიქიკური დარღვევების პრევენცია მოზარდობაში, ვერ განვვითარდებით. სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე ადამიანებში ინვესტირება განაპირობებს ზოგადი განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობა არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სამკურნალო დაწესებულებებში, ხშირად სავალალო ინფრასტრუქტურულ მახეშია გაბმული, სადაც მომსახურების დაბალი ხარისხი არა მხოლოდ პაციენტთა უფლებებსა და ღირსებას, არამედ ქვეყნის იმიჯს ლახავს. ეს ყველას გვეხება, ჩვენს ირგვლივ მცირე რადიუსზე მცხოვრებლებს – ოჯახის წევრებს, ნაცნობებს, მეზობლებს, თანამშრომლებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ 21 მილიონლარიანი ბიუჯეტის მიუხედავად, რომელიც წლევანდელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამისთვის გამოიყო, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი გასაკეთებელი დარჩა. მაგალითად, 2018 წელს გაზრდილი თანხის 54%-ზე მეტი სათემო ამბულატორიულ მომსახურებაზე გადანაწილდა და ეს კარგია. ქვეყნის მასშტაბით დაფინანსდა თერთმეტი მობილური გუნდი, რამაც გაზარდა მოცულ ბენეფიციართა რაოდენობა. გაიზარდა გრძელვადიანი საწოლების დაფინანსება 19 ლარიდან 23 ლარამდე და სხვა სიკეთეები… მაგრამ ჩვენ ისევ გვყავს სისტემისთვის უხილავი ადამიანები, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო სერვისებით, მაშასადამე, სტატისტიკის მიღმა რჩებიან. ისინი არც სახლში იღებენ დახმარებას და არც სახლის გარეთ, მათ არ აქვთ ოჯახის წევრთა მხარდაჭერა, ისინი არ არიან უწყვეტი ზრუნვის ქვეშ.

ისინი ამ სისტემისთვის ფანტომები არიან. თუ ჩვენ დღეს არ ვიზრუნეთ მათზე, შესაძლოა ჩვენც ვიქცეთ ფანტომებად და იმის გარანტიას, რომ ეს ასე არ მოხდება, ვერავინ მოგვცემს.

ამ ადამიანებს, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს, უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება – სად იზრუნებენ მათზე. ეს ჩვენი უფლებაა. ჩვენი უფლებაა გვქონდეს არჩევანი და ხელმისაწვდომობა სერვისებზე. მე დავუკარგე მამაჩემს არჩევანი, ალბათ იმიტომ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა იფიქრა მამაჩემი მისი პრობლემა სულაც არ იყო.

ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ და გვაქვს ამბიცია ვიყოთ მისი ჯანმრთელი ნაწილი. ამისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა იყოს პრიორიტეტული მიმართულება, მით უფრო ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის, სადაც გამუდმებით ომები და ეროვნული ტრაგედიებია. თუ ჩვენ არ ვიქნებით ჯანმრთელები, არ ვიქნებით პროდუქტიულებიც, ვერ მივიღებთ განათლებას, ვერ განვვითარდებით პროფესიულად.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ ფიზიკასთან კავშირში, გვიყვარდეს ბალეტი და ვკითხულობდეთ წიგნებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეგვექმნას პრობლემა სახელად „დემენცია“ ან სხვა რამ, რაც არ დაგვიტოვებს საწყის წერტილთან დაბრუნების შანსს.

ჩვენ უნდა გვქონდეს ადეკვატური და ხელმისაწვდომი მკუნალობის უფლება.

 

ირმა კახურაშვილი 

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s