WASH = ჩვენი უფლება

Posted: March 17, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

CENN - Media Tour - 0034

უნებრივ სიმდიდრეებს შორის საქართველოში პირველ ადგილზე წყალს და წყალთან დაკავშირებული რესურსებს ასახელებენ. თუმცა რეალობა არც ისე საამაყოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასობით ობიექტს: საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლექტიურ საცხოვრებელსა და ამბულატორიას, არა მხოლოდ ხარისხიანი სასმელი წყლის, არამედ საზოგადოდ წყლის დეფიციტი აქვს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლებების დაცვა, წლების განმავლობაში საერთო სურათს უმნიშვნელოდ ცვლის.

ხელისუფლება ნაკლებ მგრძნობელობას იჩენს საკუთარი მოსახლეობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, რომელიც ხარისხიანი წყლის მიწოდებასა და ადეკვატური სანიტარიული პირობების უზრუნველყოფას აკისრებს. ამ მოსაზრებას ორგანიზაცია CENN-ის წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WaSH) მდგომარეობის ბოლო შეფასებაც ამყარებს. აქ დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული ობიექტების სავალალო ან თითქმის სავალალო მდგომარეობა. ქართველ სპეციალისტთა  განცხადებით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად არა მხოლოდ ფინანსური რესურსების გონივრული მობილიზება და ხელისუფლების ნება კმარა, არამედ უფლებებისა და ვალდებულებების ცოდნა  წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადვოკატირებისა და ლობირების პროცესში.

განგაშის ზარი კვლევებით

რამდენიმე თვის წინ CENN-ის ექსპერტთა მთავარი სამიზნედ წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური (WaSH) მდგომარეობის შეფასების მიმართულებით კახეთი (ახმეტა, ლაგოდეხი, საგარეჯო) და ქვემო ქართლი (დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა) იქცა. შეფასება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტ „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში განხორციელდა (CENN, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ქალი და სამყარო“). WaSH-ის საკითხებზე ფოკუსირებისთვის ამავე პროექტისა და „საქართველოს WaSH სათემო ინიციატივის (GC-WaSH)“ ფარგლებში ჩატარდა მედია ტური, რომელმაც დოკუმენტირებული პრობლემები უფრო ხილული გახადა.

„ადამიანის ძირითად უფლებად აღიარებული უფლებების უგულებელყოფა სუფთა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე განსაკუთრებული სიმძაფრით რეგიონებში იგრძნობა. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეუძლია მიმართოს საჯარო ინსტიტუციებს და მოითხოვოს წყალთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება, მით უფრო რომ ეს უფლება მჭიდროდ უკავშირდება მათი საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის უფლებებს. ბევრმა არც იცის, რომ ამ უფლების ხელყოფა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნევა. მაგალითად, თუ თქვენ შეზღუდული დროით, დღეში მხოლოდ ორჯერ მიგვიწვდებათ ხელი სასმელ წყალზე, ირღვევა კონვენციის მესამე მუხლი. ეს კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, არაადამიანურ მდგომარეობაში გვაყენებს და ღირსების შელახვად ითვლება,“ – განმარტავს ექსპერტი და იურისტი მაკა ნუცუბიძე.

52427889_2090919490987229_6158470283368857600_o

გაერომ ადამიანის უფლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე, როგორც ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველი, 2010 წელს აღიარა. მაკა ნუცუბიძე აზუსტებს, რომ ეს არის საყოველთაო უფლება ნებისმიერი ადამიანისთვის. ამიტომ სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკა თუ კანონმდებლობა ამ სულისკვეთებით უნდა იყოს განმსჭვალული.

CENN-ის შფასების მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვების, შშმ ადამიანებისა და ხანდაზმულების უფლებები შელახლია. რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებს, საბავშვო ბაღებს, თავშესაფრებს, სამედიცინო ამბულატორიებს სასმელი წყლის გარეშე ყოველდღიურად ექმნებათ ჰიგიენის და სანიტარიის პრობლემები. განსაკუთრებით კრიტიკულ მდსგომარეობაშია სკოლების ს ტუალეტები. მძიმე სიტუაციაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.  კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა ამბულატორიებში, სადაც სამედიცინო მომსახურების მიღება მოსახლეობის სხვადასხვა თაობას ამორტიზირებულ შენობებში, ატროფირებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმების პირობებში უწევთ.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქმე არცთუ ცუდადაა. მაგალითად, ოფიციალური განცხადებებით, კახეთის ყველა რაიონში 82 სოფლის სრულად აღჭურვილი ამბულატორია მოეწყო. თუმცა, ეს ხელისუფლების ჩვეულებრივი ვალდებულებაა, მეტიც, ანგარიშვალდებულების პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფო ამბულატორიების თუ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების მოწყობის მერეც ვალდებულია განმარტოს თუ როგორ ახორციელებს წყალსა და სანიტარიაზე ადამიანის უფლებას.

51781090_388147068687221_194448880480288768_n.jpg

WaSH–ის სტანდარტების დაცულობის კუთხით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში. თუმცა, CENN-ის შეფასებით, აქაც ფიქსირდება სანიტარიული კვანძების მოწყობის პრობლემები. ზოგ საბავშვო ბაღში ტუალეტი საერთოდ არ არის ადაპტირებული მცირე ასაკის პატარებისთვის, პრობლემაა ეზოში მდებარე ხელსაბანებიც.

აქვე დავამატებთ, რომ ბავშვთა დაწესებულებებში ჰიგიენურ-სანიტარიული მდგომარეობა, ვიდრე ამას CENN-ის სპეციალისტები საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუდასტურებდნენ.

2013 წელს, „იუნისეფის“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა კვლევა საქართველოს 600 სკოლაში. მაშინ დადგინდა, რომ ქალაქის სკოლების 4%-ს და სოფლის სკოლების 12%-ს არ მიეწოდებოდა უსაფრთხო წყალი, 70%-ს კი წყლის მოწყობილობა საერთოდ არ აქვს შენობის შიგნით. ყოველი მეათე სკოლაში გაუმართავი ხელსაბანები იყო. მძიმედ შეფასდა სკოლის გარე ტერიტორიაზე აშენებული საპირფარეშოებიც.

CENN - Media Tour - 0103

ცხადია, ეს გავლენას ახდენს სკოლების ფიზიკურ გარემოზე და საფრხეს უქმნის მოსწავლეების ჯანმრთელობას, მათ აკადემიურ მოსწრებას. მაშინდელი კვლევის შემდეგ, მომზადდა საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ ეროვნული სტანდარტები, რომელიც მთავრობას დაჩქარებული წესით უნდა მიეღო.

CENN-ის შეფასებაში მითითებულია, რომ „გართულდა იმის დადგენა, თუ რამდენად პირდაპირია კავშირი სკოლაში ბავშვების დასწრება/მოსწრება და WaSH–ის პრობლემებს შორის“. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან არასოდეს დაინტერესებულა ამ საკითხით. თუმცა მოსწავლეებთან პირადი გასაუბრებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ წყალსა და სანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვებისა ჯანმრთელობასა და, შედეგად, დასწრებასა თუ სწავლის ხარისხზე, რაც უკავშირდება მათ ჯანმრთელობის და განათლების მიღების უფლებრივ შეზღუდვებს.

ასევე, სკოლებში რომ WASH-ის პრობლემაა, ანალოგიური დასკვნები სახალხო დამცველის შარშანდელმა მონიტორინგმაც დაადასტურა. საქართველოში წყალი საერთოდ არ მიეწოდება 94 საჯარო სკოლას. შემოწმებული სკოლების 71.3%-ში წყლის უვნებლობის მონიტორინგი არასდროს განხორციელებულა. დაბალი იყო სკოლის თანამშრომელების და მოსწავლეების ინფორმირებულობაე სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის უსაფრთხოების შესახებ.

საქართველოში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც არის საუბარი. სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს სურსათის უვნებლობის სააგენტოში არსებული 2015-2016 წლების მონაცემებიც.

ხაშმის ამბულატორიის ვნებანი

პროექტების „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ და „საქართველო WaSH სათემო ინიციატივას“ ფარგლებში მედიატურის მიმართულებათ გარე კახეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი შევარჩიეთ. იმ პერიოდისთვის  WaSH სპეციალისტებს აქ  89 ობიექტი ჰქონდათ შესწავლილი.

საგარეჯოს რაიონში, საფერავითა და უგემრიელესი ხილით განთქმულ ისტორიულ ხაშმში სოფლის ამბულატორია მოვინახულეთ.

ამბულატორიის კუთვნილი რამდენიმე ოთახი ყოფილი კლუბისა და გამგეობის შენობაშია განთავსებული. აქ მოსახვედრად გაპარატახებული სართულების ავლა მაღალსაფეხურებიანი კიბით გიწევს. საბჭოთადროინდელი შენობის მონოტონური შტრიხების მიუხედავად, აქაურობა ნასახლარს ჰგავს. მიტოვებული კლუბის დარბაზი, ზოგან საგულდაგულოდ დალუქული, ზოგან – ნარჩენებით დანაგვიანებული, ანტისანიტარიის ბუდედ ქცეული ოთახები…

51830194_580156662447894_3304339978305142784_n

პირველ სართულზე ორი მაღაზიაა, ამბულატორია მესამეზეა, შენობის დაჩრდილულ ეზოში კი ხშირად იკრიბებიან პენსიონრები, როგორც დღეს – პენსიის აღების დღეს.

„ტყე წყაროთი სოფლიდან 7 კილომეტრშია. წყალიც მოსახლეობას ეზოებში მოგვეწოდება, მაგრამ ცუდი წყალია… კარგა ხანია უკვე ასე. ამბულატორიაში თუ ექიმი დაგვჭირდა, ფეხის თრევით მოვდივართ. ჯერ ერთი, ზოგი პენსიონერი ამ სიმაღლე კიბეზე ვერც ადის და ექიმებს თვითონ უწევთ ეზოში ჩამოსვლა, მეორეც – შეიძლება, რომ ამბულატორიაში წყალი არ მოდიოდეს?..“ – სიბრაზით ხელებს შლის 68 წლის მიხეილი.

შენობას არც პანდუსი აქვს. ამიტომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ოჯახის ექიმის მომსახურებას ამბულატორიის პირობებში ვერც იღებენ.

კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება, მათ შორის ხაშმის ამბულატორიის ორი ოჯახის ექიმი და ორი ექთანიც. ოთხივე სამსახურში ერთი საათით იგვიანებს, მერე კი, მედიის მოულოდნელი სტუმრობით დამფრთხალი, უხალისოდ პასუხობენ კითხვებს.

მათი თქმით ხაშმის ამბულატორია 1200 მოსახლეს ემსახურება, თვის განმავლობაში კი შეიძლება სხვადასხვა პრობლემით 80-მდე ადამიანმა მიაკითხოს.

ამბულატორიაში რთულია იმის თქმა, ლაგდება თუ არა აქაურობა სველი წესით. ფაქტია, რომ წყალი აქ შეყვანილი არ არის, რასაც ოთახის კუთხეში წყლით სავსე ბოცები მოწმობს. გარე აივანზე შელახული მექანიკური ხელსაბანი და გამომშრალი საპონია. ერთ-ერთ ოთახში, ჩვილის სასწორს თუ არ ჩავთვლით, ძნელია შეშის ღუმელიანი ოთახის სამედიცინო ობიექტად აღქმა. ძნელი წარმოსადგენია ისიც კი, როგორ იღებენ აქ სისხლის საერთო ანალიზს…

51814871_320206491953363_4452444492405932032_n „მაღალი წნევა მქონდა და ექიმთან მოვედი. ერთი საათია ეზოში ვდგავარ, ერთი ოცი წუთიც ამ კიბეზე ასასავლელად დამჭირდება… ექიმებს რაც  ვერჩი, მაგრამ ასეთი პირობები უნდა იყოს? წყალს ბოთლებით ეზიდებიან. სად გაგონილა, ექიმს ხელის დაბანა უჭირდეს?.. ტუალეტი თუ ნახეთ? თავმოყვარე ადამიანი იქ როგორ შევა, მაგრამ სხვა გზა როცა არ გაქვს…“ – შფოთავს 80 წელს გადაცილებული დარეჯანი, რომელიც ამბულატორიამდე მეზობელს ავტომანქანით დაემგზავრა. ის სოფლის სხვა ბოლოში ცხოვრობს და სიშორის გამო, მხოლოდ იმ შემთხვევაში აკითხავს ექიმს, როდესაც მისი მდგომარეობა კრიტიკულად უარესდება.

შენობის მეორე სართულზე საერთო სარგებლობის ტუალეტში მძიმე სანიტარიული მდგომარეობაა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხშირად გაჭედილია, წყალი არ მიეწოდება და თუ მიეწოდება, სულ იღვრება.

CENN - Media Tour - 0045

ამბულატორიას თავისი ტუალეტი არ აქვს. კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ამბულატორიაში წყალსა და ჰიგიენა-სანიტარიის ასეთ პირობებზე, ექიმ-ექთნები გამგეობას ასახელებენ.

ოჯახის ექიმი თინათინ ციქურიშვილი ამბობს, რომ უკვე შეგროვილია მოსახლეობის ხელმოწერები ამბულატორიის პირველ სართულზე გადატანასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ იქ წყალიც ექნებათ. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის მერის დაპირებით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, ამისათვის წელს 20 ათასი ლარი გამოიყო. თუმცა რამდენად საკმარისია ეს თანხა ამბულატორიის გადასატანად და მოსაწყობად, თინათინ ციქურიშვილმა არ იცის.  ექიმებს არც პროექტი უნახავთ.

„ორი წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ. შენობაში წყალი პერიოდულად მოდის, მაგრამ სასმელად უვარგისია. მაინც ვცდილობთ პაციენტებს სერვისები არ შევუმციროთ. აცრას ცალკე, იმუნიზაციისთვის განკუთვნილ ოთახში ვაკეთებთ, ბავშვებსაც ცალკე ვიღებთ. 15 წლამდე მოზარდის სახით აღრიცხვაზე 200 პაციენტი გვყავს. ვირუსული ინფექციების პერიოდში დღეში 19-მდე პაციენტს ვიღებდით. ბინაზე გამოძახებაც ბევრი გვქონდა, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. საშუალოდ დღეში 7-10 პაციენტი გვყავს,“ – ამბობს ოჯახის ექიმი და აღნიშნავს, რომ ზაფხულის დადგომისთანავე ხშირდება ბავშვთა მომართვიანობა ნაწლავთა ინფექციების გამო. იქნებ ინფექციების მიზეზი უხარისხო წყალია? ამ კითხვაზე ექიმი დაზუსტებით პასუხს ვერ გვცემს…

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის 10 ძირითად მიზეზს შორის დიარეას მეხუთე ადგილი უკავია, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მეორე წამყვანი მიზეზია, შემთხვევათა 88%-ი განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლით და არაადეკვატური სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით.

„ადამიანის უფლებების შესახებ როგორ არა მსმენია, მაგრამ პირველად მესმის, რომ წყალზეც უფლება გვაქვს. ეგ იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა სასწრაფო ზომები თუ არ მიიღო, სასამართლოში შეგვიძლია ვუჩივლოთ?“ – ინტერესდება მაღაზიის წინ მდგომი ხაშმელი 49 წლის ნინო.

ცნობისთვის, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით, სოფლების ცენტრალიზებული წყალმომარაგების სიტემების სათანადო ხარისხის წყლით 24-საათიანი მომარაგება 2010 წლისთვის იგეგმებოდა.

WaSH მდგომარეობის შეფასებაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხაშმის გარდა სხვა ოთხი ამბულატორიაც შევიდა. იქ არსებული მდგომარეობა ნაკლებად განსხვავდება ხაშმის სიტუაციისგან. წყლის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობა, უწყლობა, გაუწმენდავი წყლის ავზები, მძიმე ანტისანიტარიული მდგომარეობა ტუალეტებში, დეზინფექციის პრობლემები, სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის მოუგვარებელი საკითხები, ჰიგიენაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო არქონა, ამორტიზებული შენობები ერთიანობაში ქმნის პირობებს, სადაც შეუძლებელია სანიტარიული ნორმების დაცვა და ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, ნინოწმინდაში) დაუშვებელიც არის ამბულატორიის ფუნქციონირება, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაწევა, რაც სრულად არღვევს ადამიანის  WaSH უფლებებს.

51848128_324352421538484_7784652232867184640_n

WaSH საბჭო – ქმედითი რგოლი

პროექტ „წყალი სიღარიბის აღმოასაფხვრელად“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, თამარ მოდებაძე განმარტავს – გარდა იმისა, რომ სოფლებში მწვავედ დგას წყლის საკითხი და არ არსებობს ცალკე ნორმატიული აქტი წყლისა და სანიტარია-ჰიგიენის მინიმალური სტანდარტების შესახებ, პრობლემაა ამბულატორიის ფლობის საკითხი. ის არავის ბალანსზეა. მისი მოვლა-პატრონობა არც რომელიმე სამინისტროს, არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ევალება. ამბულატორიების ექიმები არიან ფიზიკური პირები ქონების გარეშე.

ამის საპასუხოდ WaSH მდგომარეობის შეფასების რეკომენდაციებში საყურადღებო რჩევასაც ნახავთ: „მიზანშეწონილი იქნებოდა, ექიმს საკუთარ სახლში გამოეყო ამბულატორიისათვის ფართობი. ამ შემთხვევაში შენობის მოვლა და სათანადო სანიტარიული პირობების დაცვა გაცილებით გაადვილდებოდა და ადგილობრივ თვითმმართველობასაც აღარ მოუწევდა სტანდარტების შესაბამისი ფართობის მოძიება“.

„დონორმა თანხა რომ გამოყოს, ამბულატორიაზე, სკოლასა თუ ბაღზე, ფლობის საკითხი უნდა იყოს გარკვეული. ამბულატორიები პრობლემატურია და შესაძლოა ადვოკატირებამ ადგილობრივ დონეზე ეს ვერც გადაწყვეტოს. საჭიროა მთავრობასთან, სამინისტროსთან ადვოკატირება. სხვაგვარად ბევრი პრობლემა 2019 წელსაც ვერ მოგვარდება,“ – ფიქრობს თამარ მოდებაძე.

კახეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევა, რომელშიც პროექტის ძირითად გუნდთან ერთად აქტიურად იყნენ ჩართულები ადამიანის უფლებათა სპეციალისტები, თავის გაგრძელებას მომავალშიც ჰპოვებს. პრობლემური ობიექტების გამოვლენაში მათ და მუნიციპალიტეტებს პროექტის ფარგლებში დაარსებული WaSH საბჭოები დაეხმარებიან. მაგალითად, WaSH მდგომარეობის შეფასებაში იმავე საგარეჯოს რაიონში საბჭომ 7 პრობლემური სკოლა და 2 საბავშვო ბაღი გამოკვეთა (თუმცა კაკაბეთისა და პატარძეულის საბავშვო ბაღებში პროცესი დაიძრა და მდგომარეობა უმჯობესდება).

ელენე სამთუაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის WaSH საბჭოს თავჯდომარე და საკრებულოს წევრია. ამბობს, რომ საბჭოს წევრები თავიანთი რეგიონის განვითარების გულშემატკივრები არიან, მათ სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში პროექტებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

CENN - Media Tour - 0115.jpg

სწორედ საბჭოს დახმარებით გამოიყოფა ის პრიორიტეტული ობიექტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, რათა მოსახლეობამ შეძლოს წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების განხორციელების ძირითადი პრინციპების, მათ შორის მდგრადობის დაცვა.

„ახლა ვარკვევთ, რისი გამოყოფა შეიძლება ადგილობრივი და არასამთავრობო ბიუჯეტიდან. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რა ღირებულების პროექტი უნდა გაკეთდეს, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. თუ სოფელს ზოგადად აქვს წყლის პრობლემა, იქ დასალევი წყალი შეგვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონული განვითარების პროგრამით და ადგილობრივი თანადაფინანსებით წელს ბევრ სოფელს ექნება წყალი. ამჟამად ჩვენი საბჭო უფრო ამბულატორიების პრობლემებზე შეჩერდა. თუ გამოვიყენებთ ამბულატორიის მუნიციპალიტეტისთვის იჯარით გადაცემის ფორმატს, მაშინ დონორი შეძლებს და მუნიციპალიტეტთან ერთად აიღებს ვალდებულება მათი პრობლემების მოგვარებაზე,“ – აცხადებს ელენე სამთუაშვილი. მისი თქმით, საკმარისი დაფანანსების პირობებში მოხერხდება ნინოწმინდის, ბადიაურის, დიდი ჩაილურისა და ყანდაურის ამბულატორიების რეაბილიტაცია.

პროექტის მენეჯერი ვახო ქოჩორაძე ამბობს, რომ მოსახლეობას ხშირად უწევს ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირებების მოსმენა. იმისათვის, რომ დაპირება  რეალობად იქცეს, აუცილებელია WaSH საბჭოებმა ორი მიმართულებით იმუშაონ: პროექტების დადგენა და ლობირება-ადვოკატირების პროცესი მუნიციპალიტეტებისა და სხვა ინსტიტუციების ჩასართავად. პროექტი არ უნდა განხორციელდეს მხოლოდ არასამთავრობოს რესურსით, არამედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბიზნესმაც კარგად უნდა გაიაზროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

„კახეთსა და ქვემო ქართლში 7 საბჭო გვყავს. მალე სხვა რეგიონებშიც ჩამოვაყალიბებთ. საბჭოები თამაშობენ მდგრადობის მექანიზმის როლს. პროექტი რომ დასრულდება, მათ უნდა მოახერხონ და დამოუკიდებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ზოგი საბჭო მართლაც ეფექტიანად მუშაობს: არჩევს სად, რა პილოტი განხორციელდება, ამუშავებს სამოქმედო გეგმას, წერს პროექტს,“ – გვიყვება ვახო ქოჩორაძე.

ამ პროცესში რესურსის მოსაძიებლად და თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან როლი ეკისრება კერძო სექტორს. ვახო ქოჩორაძის თქმით კი, ჯერჯერობით ამ WaSH მხრივ სურათი ერთნაირად მძიმეა მთელი საქართველოს მასშტაბით. ბევრ მნიშვნელოვან ობიექტებს არ მიეწოდება სუფთა წყალი და წყალი ზოგადად, არ მუშაობს WaSH სტანდარტები, რაც ჯანმრთელობის მხრივ რეალურ სახიფათო სიტუაციებს ქმნის. დაბინძურებული წყლის მოხმარებით ირღვევა მოსახლეობის და მისი მოწყვლადი ნაწილის უფლება უსაფრთხო სასმელ წყალზე, ასევე სისცოცხლის, ჯანმრთელობისა და განათლების უფლებები.

წყლის უფლების დაცვა სწორად დაგეგმილი პოლიტიკით  

ის, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მძიმე მდგომარეობაა ხარისხიან სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ადგილობრივი „სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ ინფორმაციაც მოწმობს. რაიონში სასმელი წყლის თითქმის 45-მდე სათავე ნაგებობა მარაგდება ზედაპირული წყლებით. ამდენად მოსახლეობა,  სკოლები, ბაღები და ამბულატორიები,  მარაგდებიან არასასურველი ხარისხის მქონე წყლით.

სათავე ნაგებობიც რეაბილიტაციას საჭიროებენ. შეფასებაში წერია, რომ „უმეტესობას არ აქვს სანიტარიული დაცვის ზონები, თავსახურავებს არა აქვთ საკეტები, რაც კიდევ უფრო ზრდის წყლის დაბინძურების რისკს. 2016-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღებული 1200 ნიმუშიდან, ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, დარღვევა გამოვლინდა 250-ში. ღებული ყოველი 3 ნიმუშიდან 2 ბაქტერიოლოგიურად დაბინძურებული იყო“.

უსაფრთხო სასმელი წყლის განმარტებაში კი მითითებულია, რომ წყალი უნდა იყოს მიკრობების, პარაზიტების, ქიმიური და რადიოლოგიური ნივთიერებებისგან დაცული. ჯანმო გვაფრთხილებს, რომ თითოეულ ადამიანზე დღე-ღამეში 25-დან 50 ლიტრამდე წყალი მინიმალურ რაოდენობად მიიჩნევა, რომლის მოწოდების შემთხვევაში შეუძლებელია არსებითი ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რადგან სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების რისკი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი WaSH საბჭოებთან თანამშრომლობს. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც WaSH-ის პრობლემებზე ხუჭავენ თვალს. ყოფილი მერის მოადგილე, საბჭოს წევრი პაატა ასრათაშვილის ამბობს, რომ ამბულატორიების ქონების საკითხი თუ მალევე არ გაირკვა, მუნიციპალიტეტი მასზე თეთრსაც ვერ დახარჯავს.

მისივე თქმით, სამაგიეროდ, გარე კახეთში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ბაღებსა და სკოლებში – განათლების სამინისტროდან მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო 720 ათასი ლარი, რომელიც, პირველ რიგში, საჯარო სკოლების პირსაბანებისა და საკანალიზაციო სისტემის გამართვას მოხმარდება.

როგორც აღვნიშნეთ, სკოლებში WaSH–ის შეფასების ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ტუალეტების პრობლემას უკავშირდება.

52090437_2090922730986905_3637392534373662720_o

თუმცა არა მხოლოდ. მაგალითად, საგარეჯოს სოფელ ქვემო ყანდაურის ტუალეტებამდე წყალი საერთოდ არ არის მიყვანილი, არც სოფელ იორმუღანლოში, ასევე, არ ხდება ნარჩენების გატანა, ისინი სკოლების სიახლოვეს იწვება და სხვ.

ეკოაქტივისტი და პროექტის ოფიცერი გიორგი ორკოდაშვილი ამბობს, რომ „სკოლის მოსწავლეებს არ უნდათ ასეთ გარემოში სწავლა და ასეთი ტუალეტებით სარგებლობა. ბევრს სახლიდან დააქვს სასმელი წყალი და არ ეკარება ეზოს ონკანს. არადა, ყველა მოსწავლეს აქვს სუფთა წყლის ფუნდამენტური უფლება და ხელი უნდა მიუწვდებოდეს სუფთა წყალზე როგორც სკოლაში, ისე სახლში“.

საკმაოდ მკაცრია მსოფლიო სტატისტიკაც: წყლისმიერი დაავადებების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოველწლიურად იკარგება 443 მლნ. სასწავლო დღე, ანუ სახეზეა განათლების უფლების ხელყოფის პრევენციის შესაძლებლობა. საქართველოს ასეთი ტიპის სტატისტიკა არ გააჩნია, თუმცა წყლის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, „დიაგნოზის“ დასმა საქართველოშიც შესაძლებელია.

პაატა ასრათაშვილის თქმით, სოფლის ყველაზე მტკივნეულ პრობლემათა შორის (გზა, გარეგანათება, დასუფთავება) წყალიცააა. მაგალითად, სოფელ კაკაბეთში, რომლის მოსახლეობა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით უწყლობით ბევრი წელი იტანჯება, მიმდინარეობს წყლის ახალი სისტემის მოწყობა რამდენიმე კილომეტრზე. ამაზე 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება.  წელს დეკემბერში უნდა დასრულდეს ქალაქ საგარეჯოს გამრიცხველიანება. დაცლის პირას მყოფ სოფელ უდაბნოში კი უკვე ორი წელია საუკეთესო წყალმომარაგებაა. კაპიტალური რემონტი უკეთდება საგარესოს 4 სათაო ნაგებობას და ეს ცოტა როდია.

CENN - Media Tour - 0149

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 10 მილიონ 500 ათასი ლარია. ნებისმიერი მხარდაჭერა არასამთავრობო თუ ბიზნესისი სექტორიდან მნიშვნელოვანია.  მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკის გატარებაც. „დათვლილია, რომ 2017 წლამდე 10 წელიწადში წყალზე 15 მილიონი ლარი დავხარჯეთ. სწორედ რომ დაგეგმილიყო, ეს პრობლემას 10 სოფელში უკვე  მოვაგვარებული გვექნებოდა,“ – ამბობს პაატა ასრათაშვილი.

ყლის უფლების დაცვა მისი დეფიციტის ან ნაკლებობის დროს უნდა ხდებოდეს: სწორად დაგეგმილი პოლიტიკით, შესაბამისი ბიუჯეტით, გამართული კანონმდებლობითა და წინასწარ გათვლილი საჭირო რესურსით, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

ბოლოს:

მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტების მეორე ჯგუფმა ქვემო ქართლის სოფლები მოინახულა. ჩემი კოლეგების თქმით, იქაც მწვავედ დგას WaSH საკითხები,  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კი WaSH საბჭოებთან თანამშრომლობით ბევრ კარგ პროექტს გეგმავენ.

პარალელურად, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას ცენტრალურ დონეზე შექმნას მონიტორინგის ორგანო, რომლის პირდაპირი ვალდებულება იქნება აღმზრდელობით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო, რეგულარული კონტროლი. მით უფრო მაშინ, როდესაც არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ქალაქებშიც უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის  უფლებებათა, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ კონვენციების ძირითად პრინციპებს.

წყალი

 

 

სტატიაში გამოყენებულია გიო ბეჟანიშვილის და ავტორის ფოტომასალა.   

 

 

  

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s