თავისუფლებისთვის მზადების პარადიგმები

Posted: May 15, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი 

26803822_1519448324769362_362010701_n                           

36 წლის გიგა ცქიმანაური საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრ  „თანადგომის“ სოციალური საწარმოს ერთ-ერთი ბენეფიციარია. გიგამ შვიდწლიანი სასჯელი მოიხადა. ჰქონდა ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემები. ბოლო ექვსი თვეა ის არტ თერაპიისა და ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფებშიც აქტიურად არის ჩართული. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

გიგას მსგავსად, ამავე პროექტის ფარგლებში, ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის სერვისი: სამედიცინო, იურიდიული თუ ფსიქოლოგიური დახმარება. „ნასამართლევი ადამიანი საქართველოში ელემენტარულ სამსახურსაც ვერ შოულობს. მას დამსაქმებელი კი არა, უახლოესი წრეც კი ნაკლებად ენდობა. მე გამიმართლა, რომ ამ პროექტში მოვხვდი და დღეს თავს ჩვეულებრივ, ღირსეულ ადამიანად ვგრძნობ, შევიძინე ახალი უნარები  – ვისწავლე თიხასა და კერამიკაზე მუშაობა, შევიძინე ახალი სამეგობრო წრე, გამომიცხადა მორალური მხარდაჭერა. თუმცა, ბევრი ჩემნაირი ადამიანი, ყოფილი პატიმარი თუ პრობაციონერი, მითუმეტეს მომხმარებელი, ალბათ ვერასოდეს მოხვდება ან ვერ გაიგებს ამ პროექტის შესახებ. ყველა პროექტს ხომ თავისი ვადა აქვს. ამიტომ მათ საზოგადებაში დაბრუნებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს,“ – ასეთია გიგას პოზიცია.   

სოციალური საწარმო + არტ თერაპია – საზოგადოებაში დაბრუნების გზა

სოციალურ საწარმო, სადაც გიგა ცქიმანაური დასაქმდა, პროექტ „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ნაწილია. ორი წლის განმავლობაში აქ 16 ნსამართლევმა ადამიანმა იმუშავა. მათი დასაქმების დროს მთავარი მოთხოვნა სწორედ არცთუ „სატრაბახო წარსული“ იყო.

ყოველ ექვს თვეში ერთხელ, გასაუბრების შედეგად, საწარმოში დასაქმებულ ბენეფიციარებს ახლები ენაცვლებიან. სოციალური საწარმოს „TGpromo“ ჰქვია და ის ორგანიზაცია „თანადგომის“ ბაზაზე, თბილისში მდებარეობს.  საწარმოში ყოფილ პატიმრებს და დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ტექსტილზე, ჭურჭელზე და საკანცელარიო ნივთებზე ნახატებისა და ლოგოების ბეჭდვას ასწავლიან.

IMG_6938.JPG

                                           ვაჟა კასრელიშვილი და ოთარ მურაჩაშვილი 

საწარმოში მეგობრული ატმოსფეროა. ხშირად შეკვეთებსაც იღებენ.

საწამოს ქვედა სართულზე კი კერამიკის სახელოსნოა გახსნილი. აქ გიგას გარდა, დღეს  ბენეფიციარები – მანჩო, მარიამი და გიორგიც მუშაობენ. ამ საინტერესო პროექტის ფარგლებში, მსგავსი კერამიკისა და თიხის სახელოსნოები ქსნის და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიცაა გახსნილი, ასევე, კახეთში, სოფელ გრემში, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ქალაქგარეთა ცენტრში.

ბენეფიციარები ხალისით მუშაობენ. მათ ხელფასიც ეძლევათ და ზოგჯერ, სხვადასხვა საქველმოქმედო გამოფენების დროს, საკუთარი ნამუშევრებიც ეყიდებათ. ახალი პრაქტიკული უნარების დახვეწის მერე კი სპეციალურ სერტიფიკატებს იღებენ, რაც, შესაძლოა, შემდგომ პროფესიულ წინსვლაში წაადგეთ.

სოციალურ საწარმოში სამუშაო პროცესს მხატვარ-გრაფიკოსი, ოთარ მურაჩაშვილი უძღვება. მას სოციალური პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი დაკვირვებით, პროექტის დაწყებიდან ( 2017 წლიდან) დღემდე, იმ ადამიანებს, ვისაც საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა ჰქონდა, სოციალური საწარმო და აქაური კეთილგანწყობილი გარემო ოჯახისკენ, მეგობრებისკენ, მშვიდი ცხოვრებისკენ აბრუნებს.

საწამოში ბენეფიციარები კომპიუტერთან და პრინტერებთან მუშაობასაც სწავლობენ. ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში კი მათ კვირაში რამდენჯერმე ფსიქოლოგები და არტ თერაპევტები ეხმარებიან.

„ამ ადამიანებისთვის სოციალური საწარმო ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჩვეულებრივი ცხოვრების დასაწყებად. როგორ გამოიყენებენ ამ შანსს, მათი საქმეა. დამოკიდებულების მქონე, პატიმრობაგავლილი ადამიანები საკმაოდ სპეციფიკური საჭიროებების მქონენი არიან, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით როგორ უნდა მივუდგეთ, რომ დავაინტერესოთ,“ – გვიყვება ოთარ მურაჩაშვილი.

ბენეფიციარ გიგა ცქიმანურის თქმით, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის თავს განადგურებულად გრძნობდა. გეგუთის საპატიმროში მკაცრი რეჟიმით მიღებული სტრესი, იქვე გადატანილი რთული ოპერაცია, მეუღლესთან განშორება,  გათავისუფლების შემდეგ კი – უმუშევრობა, ზოგჯერ შიმშილის ზღვარზე ყოფნა, გიგას თქმით, „მრუდ გზაზე“ გადახვევის წინაპირობა შეიძლებოდა ყოფილიყო.

50620485_539412343229304_2023829499438694400_n

გიგა ცქიმანაური 

„ციხეში ავადმყოფობის დროს ამნისტია შემეხო, მაგრამ რომ გავთავისუფლდი, სახელმწიფოს ჩემთვის არაფერი შეუთავაზებია. ცარიელ სახლში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ განუწყვეტლივ ვცდილობდი სხვადასხვა სამშენებლო, ტაქსების გამოძახებისა თუ საკონდიტრო კომპანიებში დასაქმებას, ჩემ აყვანაზე თავს იკავებდნენ. როგორც კი იგებდნენ, რომ ყოფილი პატიმარი ვარ, სახე ეცვლებოდათ და ირიბად მიმანიშნებდნენ კარისკენ. „თანადგომაში“ კი ნასამართლეობაზე მითხრეს, პრობლემა არ არისო და მას შემდეგ აქ ერთი დღეც არ გამიცდენია… ძალიან ჰუმანური პროექტია. მისი დახმარებით მართლა ვიგრძენი, რომ მეც ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ,“ – ამბობს გიგა.

მისი თქმით, პროექტში ცართულობით არა მხოლოდ თიხაზე მუშაობა ისწავლა და აქ ჯანმრთელობის  პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმარნენ, არამედ გააცნობიერა, რისი გაკეთება შეეძლო. თითქოს ცხოვრება ახალი ათვლის წერტილიდან და, რაც მთვარია, იმედიანად დაიწყო.

პროექტი ამ წლის ივნისში მთავრდება, მაგრამ გიგას თქმით, ის უკვე თავს მხნედ გრძნობს, ვიდრე ერთი წლის წინ, როდესაც „თანადგომაში“ ნაცნობის რჩევით მოვიდა. გიგა ძველ სამუშაოს – ვიდეოპერატორობას დაუბრუნდება, ანდა რომელიმე საწარმოში დასაქმდება, რათა ორი მოზარდი შვილის მხარდაჭერა შეძლოს.

50580521_393623304777766_5181281029284954112_n

არტ თერაპია „თანადგომაში“

რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის წარმატებული ისტორიების მიღმა

რა ელის ახლა პატიმრობიდან გათავისუფლებულ ადამიანს? უნდა ჰქონდეს თუ არა საკუთარი თავის და ოჯახის შენახვის შესაძლებლობა? როგორ უნდა მოეხმაროს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, რომ სოციუმში დაბრუნდეს? ამ ყველაფერში გადამწყვეტად მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებებიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესი, როგორც „გარდამავალი მენეჯმენტის“ შემადგენელი ნაწილი.

თუ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ, თვალსაჩინო გახადა კვლევამ, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში, „თანადგომასთან“ ერთად, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და ჰოლანდიური ორგანიზაცია „მეინლაინ ფაუნდეიშენის“ ძალისხმევით ჩატარდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მისი ერთ-ერთი მიმართულება კი პენიტენციურ და პრობაციის დონეზე მიმდინარე ე.წ. „გარდამავალი მენეჯმენტის“ პროცესის შეფასებაა. კვლევა მრავალმხრივია, თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი იუსტიციის სამინისტრომ თავის სამოქმედო გეგმაში უკვე გაიზიარა.

43289059_647411262344720_7531436113739644928_n

2015 წელს, რესოციალიზაციის კუთხით, ევროკავშირმა საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუშაობა სხვადასხვა ფრონტზე გამართა. ამ პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების დანერგვამ გაიჟღერა. აქცენტი გაკეთდა მსჯავრდებულთა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის და მის ფარგლებში მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის მაღალ სტანდარტებზე.

ექსპერტთა განცხადებით, დაწყებული რეფორმის ფარგლებში სასიკეთო ცვლილებიც განხორციელდა, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა. კვლევაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების შეხსენებას და სარეაბილიტაციო პროცესის ისე რეორგანიზებას, რომ სასჯელის მოხდა აგებული იყოს ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაზე. ასეთი სახის გეგმები უნდა მოიცავდეს მსჯავრდებულთა დასაქმებას, განათლებასა და გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესს.

„საზოგადოების პასუხისმგებლობა არ მთავრდება პატიმრის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ გათავისუფლების მერე იწყება. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მსჯავრდებულების გათავისუფლებისათვის მომზადება. მსჯავრდებულებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის პროგრამებში, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი გაიარონ უმტკივნეულოდ. ამ მიზნით უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა – რელიგია, ტრენინგი, სოციალური დაცვა, დასაქმება, ფიზიკური განვითარება,“ – წერია კვლევის რეკომენდაციებში.

ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანის თქმით, რეფორმას პოზიტიური ცვლილებები მოჰყვა, მაგრამ ხარვეზების გამოსწორების ტემპი ნელია და აუცილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემუშავებული ჰქონდეს გათავისუფლებისათვის მომზადების სისტემის ჩამოყალიბების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა.

15590667_1372444826112506_5581072389891904620_n„ამ პროცესში უმთავრესი პირობა ადამიანის ინდივიდუალურად შეფასებაა. პრობლემებზე მუშაობა ციხის შიგნიდან უნდა დაიწყოს და მის გარეთ გაგრძელდეს. ცხადია, გარკვეული სერვისები ახლაც არსებობს, მაგრამ არასაკმარისია და ძალიან ცოტა ადამიანს მოიცავს. მიწოდებული სერვისები უმეტესად დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული. სახელმწიფო ამ მიმართულებით ბევრ რესურს არ ხარჯავს. გარდა ამისა, ციხეშიც არ არის იმ პროფესიონალ თანამშრომელთა რესურსი, რომელიც ინდივიდუალურ შეფასებას გააკეთებს. ერთი ფსიქოლოგი 2 ათასს პატიმარს ნადვილად არ ჰყოფნის,“ – აღნიშნავს ტატო ქელბაქიანი.

პრობლემების ჩამონათვალი არ მოიცავს მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზებს. მაგალითად, კვლევიდან ჩანს, რომ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესი მხოლოდ რამდენიმე და არა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხორციელდება.

ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის მხრივ შედარებით კარგი მდგომარეობაა N5 ქალთა, N11 არასრულწლოვანთა და N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში. ამის მიზეზი პატიმართა მცირე რაოდენობაა, რომელიც უფრო აადვილებს ინდივიდუალური დაგეგმვის ორგანიზებას (2017 წლის სექტემბრის ბოლოს N5 დაწესებულებაში განთავსებულიიყო – 258 მსჯავრდებული, N11 დაწესებულებაში 20 მსჯავრდებული, ხოლო N16 დაწესებულებაში – 135 მსჯავრდებული).

პენიტენციური სისტემიდან მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესის ეფექტიანად ორგანიზებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური პროგრამების არსებობა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალური მუშაკების მიერ ასეთი პროგრამის ერთიანი მოდული შემუშავებულია და მისი გამოყენების შესაძლებლობაც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს, მაგრამ არ გამოიყენება. სახელმწიფო სტრუქტურებს კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, ამ ეტაპზე რომელ პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობს ეს პროგრამა.

გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამები სხვადასხვა წლებში სხვადასხვა დაწესებულებებში ხორციელდება და მსჯავრდებულთა უმცირესობას მოიცავს. მაგალითად, 2015 წელს ვადაზე ადრე და კალენდარულად პენიტენციური დაწესებულებები დანგათავისუფლდა 3624, ხოლო გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 65 მსჯავრდებული.

„ერთ-ერთი პრობლემა სოციალური მუშაკების ნაკლებობაცაა. შესამჩნევია ამ სისტემიდან კადრების გადინება. მათი სამუშაო მართლაც სტრესულია, მაგრამ ბევრი არც არის პროფესიონალი სოციალური მუშაკი. საჭიროა ეს სამსახური უფრო მიმზიდველი გახდეს. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ეს პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ სხვა ციხეებში არსებობს,“ – აზუსტებს ტატო ქელბაქიანი.

მისივე თქმით, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოში არის სერვისების სიმცირე, რაც მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაგალითად, 2017 წლის იანვარში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზრუნვისა და კონტროლის ქვეშ მყოფ 21741 მსჯავრდებულიდან მხოლოდ 436 ჰქონდა წვდომა სხვადასხვა სახის სერვისებზე. სერვისების ნაკლებობას აღნიშნავს გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა.

რესპონდენტების უმრავლესობის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებებიდან იკვეთება, რომ სერვისების დეფიციტი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დონეზეც არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. თუმცა ბენეფიციარების უმრავლესობა დადებითად აფასებს ყოფილი პატიმრების მიერ ბიზნესაქტივობის დაწყების მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ მცირე გრანტების გაცემის პრაქტიკას. რესპონდენტების უმრავლესობამ ერთ-ერთ გამოწვევად ასევე მიუთითა სერვისების უწყვეტობა და არამდგრადობა.

ქართველ ექსპერტთა განცხადებით, პირველი პრობლემა სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურაა, რადგან სერვისები საკმარისი რომც გქონდეთ, დაწესებულებების ტერიტორიაზე არ არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც ისინი განახორციელდება (ტრენინგი, ფსიქოლოგთან პროვატული გასაუბრება).

კვლევის გრძელვადიან რეკომენდაციებში მითითებულია, რომ სამომავლოდ ქვეყანა უნდა გადავიდეს მცირე ზომის სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე. დღევანდელი სახით არსებული დაწესებულებები კი საბჭოთა გადმონაშთია.

კრიმინალური სუბკულტურა, უწყებათა შორის დარღვეული კომუნიკაცია და სხვა პრობლემები   

პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და სერვისებში ჩართვის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება კრიმინალური სუბკულტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხანია მიდის, ეწყობა საჯარო დისკუსიებიც, თუმცა სიტუაცია ნაკლებად იცვლება.

„ე.წ. ქურდული აზროვნების გამო, ადამიანების სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვაც კი ვერ ხდება. მსურველი ბვერია, მაგრამ სხვების გავლენით ამაზე უარს ამბობენ.

კრიმინალური სუბკულტურაში არსებული წესების თანახმად, მსჯავრდებულების ჩართვა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ციხეში ცუდ ტონად ითვლება. ამიტომ აუცილებელია ხედვა და მეტი სითამამე გადაწყვეტილებების მისაღებად. ერთადერთი საერთაშორისო გამოცდილება ამ მხრივ არის პატიმრების რისკ ჯგუფებად სეპარირება. მათი ცალკე მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება, შიდა უსაფრთხოება კი მოიმატებს,“ – განმარტავს ტატო ქელბაქიანი.

urki

კვლევაში საუბარია უწყებათაშორისი კომუნიკაციასა და ხარისხის კონტროლის სისტემაზე. გამოიკვეთა, რომ ეს სისტემა ჩამოუყალიბებელია, შესაბამისად, ვერ ხორციელდება  გათავისუფლებისათვის მომზადების ერთიანი პროცესის ანალიზი.

ასევე, პრობლემაა უწყებათა შორის კომუნიკაცია. ხშირად პატიმრებამდე ის ინფორმაციაც კი ვერ მიდის, თუ რა სერვისები დახვდებათ დაწესებულების გარეთ, რით შუძლიათ ისარგებლონ, ვის მიმართონ.

კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში პენიტენციურ დეპარტამენტსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობა იწყება მსჯავრდებულის მხოლოდ შესაძლო ვადაზე ადრე გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე. რაიმე სახის თანამშრომლობა ან ინფორმაციის გაცვლა ამ ორ უწყებას შორის, რომლებიც ერთი სამინისტროს ქოლგის ქვეშ არიან, როცა მსჯავრდებული თავისუფლდება სხვა მიზეზით, გარდა ვადაზე ადრე გათავისუფლებისა, ამჟამად არ არსებობს. ამ დროს კი, ადამიანი შესაძლოა სხვადასხვა გზით – შეწყალება, ამნისტია, სასჯელის გადავადება – გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა, ამავდროულად, ჰქონდეს პირობითი მსჯავრი.

„მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედი გვაქვს. კვლევა გავაცანით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მაშინდელ სამინისტროს. ახლა ვცდილობთ ამ საკითხების ადვოკატირებას, გავუწიოთ, მით უფრო, რომ დონორთა პროექტების რაოდენობა მცირდება და სახელმწიფოს მაინც მოუწევს გარკვეული სერვისების განხორციელება. ვფიქრობ, რომ სერვისის მომწოდებელ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საჭიროა შეიქმნას ალიანსი, რომელიც განსაზღვრავს მომავალ ნაბიჯებს, დიალოგში შევა სახელმწიფო უწყებებთან. ჯერჯერობით სისტემა ინსტიტუცურად არ ვითარდება და არსებობს იმის განცდა, რომ ინერციით მივდივართ,“ – ასკვნის ტატო ქელბაქიანი.

სარეაბილიტაციო პროგრამები მეორედი დანაშაულის პრევენციის სასარგებლოდ

ვაჟა კასრელიშვილი სასჯელაღასრულების დაწესებულებებისა თუ მათ გარეთ განხორციელებული არაერთი საინტერესო წამოწყებების ინიციატორია, ასევე, პროექტ „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ხელმძღვანელი.

„2001 წლიდან ვმუშაობთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ადგილებზე  ვახორციელებთ სხვადასახვა პროექტებს. ჯერ ინფექციურ დაავადებათა გადაცემის, უსაფრთხო ქცევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დავიწყეთ, ახალი დაწესებულებები რომ აშენდა და გარკვეული პირობები შეიქმნა, გადავედით სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროექტებზე. ჩატარებული გვაქვს ზიანის შემცირების სერვისების საჭიროებების კვლევა, აინ ინფექციაზე ზედამხედველობის კვლევები და სხვ.“ – გვიყვება ვაჟა კასრელიშვილი, რომელსაც ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება ეხმარება ზუსტად განსაზღვროს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის დამოკიდებულების მქონე ადამიანთა საჭიროებები.

ვაჟა კასრელიშვილი ამბობს, რომ პროექტს რამდენიმე სპეციფიკური მიზანი აქვს, რომელიც სოციალური ბიუროების დახმარებით თბილისის გარდა, იმერეთში, აჭარასა და  სამეგრელოში, ასევე კახეთში – გრემის ფსიქო-სოციალურ ცენტრში ხორციელდება. ჯამში, პროექტმა უკვე მოიცვა 1000 მეტი ბენეფიციარი.

29995315_1594098220637705_463010055_o

თიხა-კერამიკის აამქრო გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

შემთხვევების მართვის მენეჯერი თაკო თევდორაშვილი თბილისის ბიუროში მუშაობს. თვეში რამდენჯერმე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ზოგჯერ პრობაციის ბიუროებსა და დანაშაულის პრევენციის ადგილობრივ ოფისებში ბენეფიციარების მოსაზიდად დადის.

„დაწესებულებებში ვიზიტი თვეში ორჯერ გვაქვს: ქალთაში, რუსთავში, ქსანში… ვხვდებით იმ პატიმრებს, ვისაც გათავისუფლებამდე სამ თვეზე ნაკლები დარჩა. ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების დროს ვთავაზობთ სხვადასხვა უფასო სერვისებს – ჯანდაცვის, გადამისამართებას, სოციალურ თანხლებას, ვუყვებით გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის შესახებ. თუ დაწესებულებიდან გამოსულებმა არ მოგვმართეს, გარკვეული პერიოდის მერე, თავს ტელეფონით ვახსენებთ. ეს მიდგომა კარგად მუშაობს,“ – ამბობს თაკო თევდორაშვილი.

მისი თქმით ამ პროექტის მიმზიდველი მხარეა პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების, მათ შორის ნარკოტიკები მომხმარებლების გარდა, ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის სერვისების შეთავაზება ჯახის წევრებისთვის.

ამ ხნის განმავლობაში რეფერირება ან სოციალური თანხლება 800 ადამიანს გაეწია სამედიცინო, ზიანის შემცირების, იურიდიული და სოციალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებში.

რაც შეეხება სტატისტიკას, პროექტის ფარლებში სარეაბილიტაციო პროგრამამ „12 ნაბიჯი“ (ნარკომომხმარებლებისათვის) ყველა რეგიონი მოიცვა. კოგნიტურ-ბეჰევიორული თერაპიის კურსი 144-მა ბენეფიციარმა გაიარა. ასევე, 240-მა ბენეფიციარმა გაიარა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია „ყოფილი პატიმრების დახმარების“ ჯგუფებში.

პროექტის განმავლობაში თითოეულ ბიუროში შეიქმნა 20-ზე მეტი ჯგუფი, სადაც ადამიანები უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ ისტორიებს, სოციალურ უნარებს, მონაწილეობდნენ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, ცდილობდნენ  საკუთარი თავის წარმოჩენას, ურთიერთობების „დალაგებას“ ოჯახში და მეგობრებთან, სამუშაოს მოძიებას.

პროექტის ფარგლებში, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიაში ჩაერთო 108 პატიმარი (შეგახსენებთ, რომ ამ სახის თერაპიის დროს თერაპევტი და პაციენტი ერთად მუშაობენ პაციენტის პრობლემის გაგებასა და აზროვნების შაბლონების გამოსავლენად, რომლებიც სირთულეებს იწვევენ), შემუშავდა არტ თერაპიის მოდულები ნარკოტიკის მომხმარებლებისათვის, როგორც ციხის პირობებში, ისე მის გარეთ.

50565316_2529411537074458_1161136484258938880_n.jpg

არტ თერაპიები დაინერგვა გეგუთის და ქსნის ციხეებში, სოციალურ საწარმოში და გრემის ცენტრში, სადაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია 50-მდე ბენეფიციარმა გაიარა. გრემის ცენტრში პოპულარულია შრომითი თერაპიაც, სასოფლო-სამეურნეო გარემოს გამოყენებით.

პროექტში ჩართულ სპეციალისტთა შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობამ კარგი შედეგი ამოიღო. დახურულ სივრცეში პატიმარს ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ამიტომ ის ხალისით ერთვება არტ თერაპიაში. დაწესებულებებში და მის გარეთ შექმნილი ნამუშევრები გამოფენებზეც კი იფინება და საზოგადოების მოწონებას იმსახურებს.

„უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადამიანმა გააცნობიეროს დანაშაული, ციხიდან  გამოსული საზოგადოებისთვის საშიში არ იყოს, თუმცა ამისათვის კი არ უნდა ვაწამოთ, მეორადი დანაშაულის ჩადენის რისკი უნდა შევამციროთ. ციხეში უნდა არსებობდეს ადამიანების დასაქმების, სპორტული აქტივობების ჩატარების საშუალება. მაგალითად, პროექტის ფარგლებში ახლახან ჩავატარეთ ტურნირი მინიფეხბურთში, რომლის მიზანი იყო ერთად აგვეღო პასუხისმგებლობა და ხელი შეგვეწყო ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციის გაუმჯობესებისთვის, გამომდინარე – მეორადი დანაშაულის პრევენციისთვის. ტურნირში სამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები მონაწილეობდნენ,“ – ყვება ვაჟა კასრელიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, რა მოხდება პროექტის დასრულების შემდეგ, გვპასუხობენ, რომ ის საქმე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანერგეს, პროექტის დამთავრების მერეც გაგრძელდება. ის უკვე „აწყობილია“ – კერამიკისა და თიხის სახელოსნოები აღჭურვილია, არსებობს მასალის მარაგი, სპეციალისტებიც გადამზადებულები არიან, მუშაობის მსურველიც ბევრია. სამივე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამალდამოკიდებული პირებისთვის კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპიაც გაგრძელდება, შემდეგ კი მისი გავრცობა (უკვე შემუსავებულ მოდულზე დაყრდნობით) სხვა დაწესებულებებში მოხდება.

„ჯერჯერობით რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში სახელმწიფო მწირ რესურსს დებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ცვენს რეკომენდაციებს უყურადღებოდ არ დატოვებს. ჩვენ კი ვეცდებით კიდევ მოვიპოვოთ დონორების დაფინანსება. ამ ეტაპზე ვგეგმავთ გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებას, თბილისის ბიუროში – სოციალური საწარმოს და არტ თერაპიის შენარჩუნებას,“ – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი.

51518488_1210560385786199_6206034117004361728_n

ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა  

განვითარებულ ქვეყნებში პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას განსაკუთრებული როლი აკისრია დანაშაულებრივი ქცევის შეცვლისა და მეორადი დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები არ მუშაობს. საჭიროა დაბალანსებული, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებული მიმართულებების შემუშავება, რომ ადამიანმა  მოახერხოს დანაშაულებრივი ქცევის შეცვლა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტიგმის დაძლევაც, რომელიც საზოგადოებაში ნასამართლევ პირთა მიმართ არსებობს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ რესოციალიზაციას.

არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასჯელის უმთავრესი მიზანი  მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია უნდა იყოს, რომლის საჭიროებაც ყველაზე მეტად დგას იმ პირებთან მიმართებაში, ვინც დროებით არის განტავსებული პენიტენციურ სისტემაში. ჯერჯერობით კი, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ორგანიზება, დიდ ძალისმხევასა და გამოწვევებს უკავშირდება – სერვისების ნაკლებობას, მოსაწყობ ინფრასტრუქტურას, პერსონალის კვალიფიკაციას და ორგანიზაციულ კულტურას.

(ფოტომასალა – ავტორის)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s