ბოლო წლებში კახეთში პროექტი 11 ნარკოტიკების მომხმარებელს С ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებაში დაეხმარა   

Posted: სექტემბერი 21, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

IMG_8834

49 წლის პაატა თელავთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა სოფელში, ხანდაზმულ მშობელთან  ერთად ცხოვრობს. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. პროფესიით ხელოსანია და ზოგჯერ სამუშაოდ საქართველოს ფარგლებს გარეთაც უწევს გასვლა. პაატა ნარკოტიკებს 1989 წლიდან მოიხმარს. არც ისე დიდი ხნის წინ მან С ჰეპატიტის ვირუსი დაამარცხა.

„ყოველთვის მაქვს ფიქრი იმაზე, რომ ერთ დღესაც მოხმარება უნდა შევწყვიტო. ჩემ ცხოვრებაში ხანგრძლივი რემისიაც მქონია – სამი წელი და ოთხი თვე გავძელი. მაშინ გადავიწყვიტე აღარ მომეხმარა ნარკოტიკები, მაგრამ ამ პრობლემას ფსიქოლოგიურად ვერ ვუმკლავდები, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში დეტოქსიკაციაც ბევრჯერ ჩავიტარე,“ – გვიყვება პაატა.   

ის C ჰეპატიტით ნარკომოხმარების დროს დავირუსდა.

„რომ მახსენდება, სად და როგორ პირობებში „ვიკეთებდი“, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას, გული მიღონდება, – ყვება პაატა, – კარგა ხანი არც ვიცოდი ვირუსის არსებობის შესახებ და როცა გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით უფასო მკურნალობა მეც მეკუთვნოდა, მაინც ვერ ვახერხებდი მკურნალობაში ჩართვას. ორი წელი ხელ-ფეხშეკრული ვიყავი.

საამისოდ ორი მიზეზი მქონდა: ჯერ ერთი, პროგრამაში ჩასართავად ელემენტარულად თანხა არ გამაჩნდა, საუბარია ანალიზებზე. მეორეც – ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდი. მეშინოდა მკურნალობის დაწყება. პროგრამასთან დაკავშირებით კახეთში ათასი მითი დადიოდა, თითქოს, მოსახლეობაზე უცხოელი ფარმაკომპანიები ექსპერიმენტს ატარებდნენ. აბა, უფასოდ ვინ და რატომ გიმკურნალებდა?..

სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ორგანიზაცია „ბემონის“ თანამშრომელი დავით ღონღაძე, მან დამარწმუნა, რომ მკურნალობა აუცილებელია და არ უკავშირდება რისკებს, არც ანალიზებზე მომიწევდა ფულის ხარჯვა, რადგან ამ ხარჯს ორგანიზაცია თვითონ დამიფარავდა,“ – იხსენებს პაატა.

სამთვიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო. პაატას ძალიან გაუხარდა, როდესაც ვირუსი გაუნულდა. მკურნალობის პროცესი იოლად გადაიტანა. შემდგომი, საკონტროლო ანალიზიც დადებითი აღმოჩნდა.

„უზომოდ მადლიერი ვარ დავით ღონღაძის და თუ მას ჩემი, როგორც მომხმარებელთა თემის თანადგომა დასჭირდა, მის გვერდით ვიქნები,“ – ამბობს პაატა, რომელიც კახეთში, ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს სხდომაზე გავიცანით.

ორგანიზაცია „ბემონის“ ადგილობრივი კოორდინატორი დავით ღონღაძეს თქმით, პროექტ „აღმოვფხრათ ხარვეზები მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ ფარგლებში მათ შეძლეს 11 ადამიანის დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება, რათა შემდგომში მათ უფასო მკურნალობის სერვისი მიეღოთ და უხარვეზოდ ჩართულიყვნენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში. 49 წლის პაატა, რომელიც საკმაოდ მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოირჩეოდა,  ერთ-ერთი მათგანია.

„ვიცოდით, რომ ის მშრომელი ადამიანი იყო, მოხმარების გამო ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა და საკმაოდ ცუდ ფინანსურ სიტუაციში იმყოფებოდა. ნელ-ნელა პიროვნული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩვენი დროული დახმარებით, პაატამ შეძლო ვირუსის დამარცხება. ასეთ დროს ბენეფიციარებისგან ბევრ პოზიტიურ ემოციას ვიღებთ.  კონკრეტული შედეგი ჩვენც არანაკლებ გვახარებს,“ – ამბობს დავით ღონღაძე.

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დიაგნოსტიკური გამოკვლევა უფასო ამ წლის აგვისტოდან გახდა. მანამდე მოქალაქეებს მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s