„დიახ, ხელმარჯვე და ინტერესიანი ვარ“

ირმა კახურაშვილი

51415455_1161860003976664_8988882962980274176_n

დალი ს. ნარკოტიკების მომხმარებელია. ჩვენ ხშირად არ გვჯერა ასეთი ქალების, ვამბობთ, რომ მათ ვერ ვენდობით, შვილებს კარგად ვერ გაზრდიან და ოჯახს „არ გამოადგებიან“, საზოგადოებისთვის მხოლოდ ბალასტი იქნებიან. ხშირ შემთხვევაში და, საბედნიეროდ კი, რეალობა სულ სხვაა. ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები ჩვეულებრივი ადამიანები არიან – მართალია თავიანთი სპეციფიკური პრობლემებით, მაგრამ ისეთივე ადამიანური ტკივილებითა და განცდებით, როგორც დანარჩენი. მათ სურთ იყვნენ ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, დამცირებისა და იმ ნეგატიური განცდების გარეშე, რასაც საზოგადოებისგან იზოლაციას მოაქვს. 

„მანაგუა და მარიახუანა არ მომწონს, არ ვეკარები. ჩემ ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ მხოლოდ ვენურ ნარკოტიკებს მოვიხმარ. მოხმარების გამო პატიმარიც ვიყავი. 2008-ში გამათავისუფლეს. მაშინ უკვე მოხმარების 15-წლიანი „სტაჟი“ მქონდა.

შეიძლება ნარკოტიკებს სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ შევეშვა, არ ვიცი. ამიტომ ჩემი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ როგორმე ნარკოტიკებით მიღებული ზიანი მაინც შევამცირო, სხვას არ ვავნო.

საერთოდ რომ არ გამეგო რა არის ნარკოტიკი, ცხოვრება სხვანაირი მექნებოდა, მაგრამ არის ის, რისი შეცვლაც არ მინდა – შვილები, რომლებიც ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ ჩემ პრობლემებს.

სადამდეც შევძელი, ამ ამბავს ვუმალავდი, მაგრამ, აბა, როდემდე? ისინიც გაიზარდნენ. ჩემი ბავშვები ჩემთვის იყვნენ არა მხოლოდ შვილები, დები და მამებიც… პატიმარი რომ ვიყავი, სულ ჩემ გვერდით იდგნენ, ოთხივე. ახლაც არ მინდა დავადარდიანო, მეცოდებიან. ახლა ერთ შვილიშვილს ვზრდი და ის ყველაფერია ჩემთვის!

არც მე მიმიტოვებია შვილები, არცერთი წუთი. ნარკოტიკებმა ჩემი ქონება, ცხოვრება წაიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის არაფერი მომიკლია, ჩემი ინტერესების სფერო ძალიან შეიზღუდა – იძულებული ვიყავი სულ „წამლის“ შოვნაზე და ხარშვაზე მეფიქრა. ნეტა სხვა ცხოვრებაც მენახა!

მე რომ მოხმარება დავიწყე, მაშინ „შავი“ იყო. კარგა ხანს ვერც ვხვდებოდი, რა იყო – სულ მეძინებოდა, ნელ-ნელა გემო გავუგე…

გველის ნაკბენივით მახსოვს დღე, როდესაც პოლიცია ქუჩაში ამედევნა და სახლთან დამაკავა.

აქტიურად რომ მოვიხმარდი, ფულსაც საიდანღაც ვშოულობდი. თუ ცუდად ვიყავი და ფული არ მქონდა, მეგობრები გაფრთხილებული მყავდა, ჩემთვის ერთი თეთრი არ მოეცათ. ერთადერთხელ შევაწუხე მეგობარი ამის გამო – ძალიან ცუდად ვიყავი, წელს ქვემოთ მოწყვეტილი და თავი უნდა „მომერჩინა“. მომცა თუ არა ფული, როგორც კი უკეთ გავხდი, თანხა დავუბრუნე.

მეკითხებით, ციხემ რა ქნა? რას გამოასწორებდა? უარესად დამინგრია ცხოვრება.

საპატიმროში ექვსი თვე საშინლად ვგრძნობდი თავს, ჩემნაირი „ლომკიანი“ პატიმარი სხვა არ ჰყავდათ. ვერ დავდიოდი, ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. ბოლოს ამ ყველაფერში ციხის უფროსი და ექთანი ჩაერია. გამონაკლისი გააკეთეს და რამდენჯერმე ჩემ შვილებს ფსიქოთროპული წამლის შემოტანის ნება დართეს, რომ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ ჯოჯოხეთური  ტკივილი. მერე ამაზეც უარი მეთქვა.

ერთხელ ციხეში მამაო მოვიდა, აღსარება რომ ჩავაბარე, ზიარება ვთხოვე და არ მაზიარა, იმის გამო, რომ მომხმარებელი ვიყავი. ისე გამაბრაზა ამ ამბავმა, ამოვუტრიალე იმ მამაოს ყველაფერი…

გამოვედი თუ არა ციხიდან, ეგრევე მოვიხმარე ნარკოტიკი. მერე კი პაუზა მქონდა.

შემდეგ საქართველოში „ნიანგის“ ეპოქა დაიწყო. ორი წელი ვიკეთებდი. სიკვდილს კი გადავურჩი, მაგრამ დამამახინჯა – ვენები რომ აღარ მქონდა, კუნთში ვიკეთებდი და კუნთები „ამომჭამა“. აი, აქ მხოლოდ ძვალი მიჩანს.

ეგეც ტანჯვით „გადავაგდე“, თვითონ.

ფსიქოლოგის დახმარება მიმიღია, მაგრამ ჩემზე მისი შეგონებები ნაკლებად მოქმედებს. თუ მინდა ვიკეთებ, თუ არა – არა. ჩემი თავის ფსიქოლოგიც მე ვარ. თვითონ უნდა მქონდეს „გადაგდების“ სურვილი.

იმის გამო, რომ მომხმარებელი ვიყავი, მეც შემშლია ხელი დასაქმებაში და ჩემ შვილებსაც. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთ შვილს „ნიკორაში“ დასაქმებაზე უარი უთხრეს, რადგან დედა პატიმარი და მომხმარებელი ჰყავდა.

თუმცა, სადღაც მაინც ვახერხებდი დასაქმებას. მაგალითად, ბათუმში „მაჭახელაში“ საცხობში მამუშავეს და მადლობა მათ ამისათვის.

„თანადგომაში“ მართლა სიხარულით მოვდივარ. მომწონს, რომ აქ მეგობრული გარემოა. ვარ „ქალთა კლუბის“ წევრი. სოციალურ საწარმოშიც ერთ წელზე მეტი ვიარე. თიხა-კერამიკაზე ვისწავლე მუშაობა. ისედაც, მშვენივრად მეხერხება ქარგვა, ქსოვა, ყველაფერი საუკეთესოდ გამომდის. დიახ, ხელმარჯვე და ინტერესიანი ვარ, არა მხოლოდ ფულის გამო. სახლში ჯდომა არ მიყვარს. სახლში ჯდომით შეიძლება ავად გავხდე.

„თანადგომაში“ ბევრი ახალი მეგობარი გავიჩინე და განა მაგაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო?..

ჩემი რთული ცხოვრების მიუხედავად, მაინც ძირითადად კარგ ხასიათზე ვარ! დილით კარგ ხასიათზე უნდა გამოვიდე სახლიდან, ენერგიაც მომყვება. მინდა, რომ ბევრი პროექტი არსებობდეს, სადაც მომხმარებელი ქალები იქნებიან ჩართული, მიიღებენ ახალ უნარ-ჩვევებს, „გაიხსნებიან“, იცხოვრონ ისევე, როგორც სხვა ადამიანები ცხოვრობენ, არ იგრძნობდნენ თავს იზოლირებულად, განსხვავებულად“.

 

 

 

 

დატოვე კომენტარი