ჩანაცვლებითი თერაპიის ნისლიანი ხილვადობა

Posted: ოქტომბერი 18, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

dejstvie-metadona-696x463

სხვადასხვა, განსაკუთრებით კი საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრებზე, ჯანდაცვის მესვეურნი ხშირად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის არსებობა საქართველოში ნარკომომხმარებელთა მიმართ სახელმწიფოს ლიბერალურ განწყობაზე მიუთითებს და შესაძლოა, ნაწილობრივ ასეცაა. ბოლო წლების განმავლობაში პროგრამა მართლაც დაიხვეწა, მაგრამ უხარვეზოდ არ დარჩა. ხარვეზების გამოსწორებაზე ექსპერტები უკვე წლებია საუბრობენ, თუმცა ამ მიმართულებით თვალსაჩინო ცვლილებები არ ხორციელდება.

დღეს იმაზე ვილაპარაკებთ, რაზეც ვიწრო წრეებში ხშირად ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ხმა ყოველთვის ვერ აღწევს ადრესატამდე.

ამ ვრცელი ბლოგსტატიის მიზანიც ხმის კიდევ ერთხელ ამაღლებაა.      

 

**

რასაკვირველია, საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით კი დამოკიდებულების მქონე ადამიანთა ოჯახის წევრებისთვის, ყველაზე სასურველი იქნებოდა ისეთი მკურნალობის მეთოდების გამოყენება, რომლებიც ნარკოტიკების მიღების სრულ შეწყვეტაზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ მსგავსი მკურნალობის ეფექტიანობა არც ისე მაღალია.

ამიტომ არსებობს ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალურობას.  მაგალითად, მეთადონით ჩანაცვლება – ამ ნარკოტიკზე ნაკლებსაზიანო სხვა ნარკოტიკი არ მოიპოვება. ჯერჯერობით ის ოპიოიდებზე დამოკიდებულთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და „ქუჩის ნარკოტიკების“ მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევა.

„ქუჩის ნარკოტიკებზე“ დამოკიდებული ადამიანები მეთადონის მიღებისას უფრო ჯანმრთელები და დაცულები არიან, უფრო დიდხანსაც ცოცხლობენ, ნაკლებ დროს ატარებენ ციხეებსა და საავადმყოფოებში, შედარებით იშვიათად ინფიცირდებიან ვირუსული ინფექციებით და იშვიათად სჩადიან სამართალდარღვევებს.

ამჟამად საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება და 2 კაბინეტი მუშაობს. ჩანაცვლებით თერაპია კი ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის დროს.

დროდადრო ჩანაცვლებითი თერაპიის ავ-კარგიანობაზე სახელმწიფოსაც უწევს მსჯელობა, მაგრამ საკმაოდ უხალისოდ და უფრო იძულების წესით, განსხვავებით ოპიოიდების მომხმარებლებისგან, რომელთა რაოდენობამ ქვეყანაში უკვე 56 ათასს ადამიანს აღწევს.

პირადად მეც, ნარკოტიკების მომხმარებლებისგან არაერთხელ გამიგია, რომ კუსტარულ ნარკომანიასთან და აბსტინენციის სინდრომთან გამკლავების იარაღად აღიარებული ჩანაცვლებითი თერაპიის შესაძლებლობებს საქართველოში სათანადოდ არ აფასებენ. მაგალითად, ქვეყანას ნაკლებად ჰყავს ამ სფეროს მაღალი დონის სპეციალისტები და ეს პრობლემა, ყველაზე მარტივად, ბენეფიციარებისთვის საჭირო დოზების ზუსტ განსაზღვრაშიც კი ჩაანს. ხშირად ამის შედეგად მომხმარებლები ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებულ პრეპარატს „სხვა რამეს“ ამატებენ და ამ შემთხვევაში, მათი პროგრამიდან გარიცხვის საკითხიც დგება, მაგრამ ისინი  მაინც რისკავენ. თუმცა კი, სტიმულატორებისა და საძილეების დამატება მნიშვნელოვნად ამცირებს ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობის ეფექტიანობას.

ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში იყო მეთადონის პროგრამის წევრი, მიყვება, თუ როგორ ამატებდა მეთადონს სხვადასხვა ნივთიერებებს. მის ექიმთან ამ ამბის გადამოწმების შემდეგ, ისიც შევიტყვე, რომ ექიმისთვის ეს ცნობილი იყო, მაგრამ  „ჰუმანური დამოკიდებულების“ გამო ამაზე თვალს ხუჭავდა.

ცხადია, ამ შემთხვევაში არც ბენეფიციარს აქვს გამართლება, არც ექიმის „ჰუმანურობას“, მაგრამ ეს ცალკე თემაა, რომელიც ორივე მხარისგან განმარტებებს და ცალკე სტატიას იმსახურებს.

ფაქტი ისაა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს და მკურნალობის თვალსაზრისით, ასე უკეთესიცაა. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის პროცესი სწორად წარიმართა, პაციენტმა არ „იცუღლუტა“ და მოთმინებით იმკურნალა. ამისათვის კი, ექიმის პროფესიონალიზმის გარდა, პაციენტის გულწრფელი სურვილი და  საზოგადოების მხარდაჭერაც კი არის საჭირო.

ჩანაცვლებით თერაპიაში პროფესიონალ ექიმებს განსაკუთრებული მისია ეკისრებად. მათ შეუძლიათ „გააცოცხლონ“ კიდეც მომხმარებელი პაციენტი და წარუმატებლობის გრძელ გზაზეც დააყენონ. არაერთი დახურული შეხვედრის დროს მომისმენია, თუ როგორ ხდება ზოგიერთი ექიმის მხრიდან პროგრამაზე მწვავე მიჯაჭვულობის მავნე იდეის ტირაჟირება, ანდა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების უდიერად, შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოხსენიება, რაც სრულიად ლახავს ჩანაცვლებითი თერაპიის, როგორც ზიანის შემცირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის საზოგადო იმიჯს.

ჩანაცვლებით თერაპიაში მეთადონის გარდა, ბუპრენორფინი (სუბოქსონიც) გამოიყენება, რაც ბენეფიციარებს არჩევანის საშუალებას აძლევს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.

სურვილის და ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს კომერციული პროგრამით, რომელიც მეტადაა მორგებული კლიენტის საჭიროებებს. მაგალითად, სულ ახლახან განხორციელებული ცვლილებით, ერთ-ერთ კომერციულ პროგრამაში გაითვალისწინეს ბენეფიციართა თხოვნა და მათი მიღების საათები საღამომდე გაზარდეს, რასაც ვერ ვიტყოდით სახელმწიფო პროგრამის მიღების შეზღუდულ დროებზე.

სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ დადებით მხარედ კი შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ პროგრამაში თანაგადახდა გაუქმდა და ის უფასო გახდა. ამან საგრძნობლად გაზარდა სერვისის მიმღებთა რაოდენობა და ეს პირდაპირ აისახა ზიანის შემცირებაზე.

რადგან მეთადონი ვახსენეთ, დავამატებ, რომ ის არ არის პანაცეა და ყველას, ვინც კი ოპიოიდებს მოიხმარს, არ „ერგება“. თუმცა, იმ უმრავლესობისთვის, ვისაც გაზრდილი აქვს ტოლერანტობა ჰეროინის მიმართ, ვინც უშედეგოდ სცადა სხვა სახის მკურნალობა, სწორედაც რომ მისწრებაა – და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები.

 

**

ჩემ ვრცელ ბლოგსტატიაში დღეს ყბადაღებულ საკითხებს შეგახსენებთ. მათი მოგვარება, იდეაში, სახელმწიფოს აქამდეც შეეძლო. სახელმწიფოს მხრიდან წლებს განმავლობაში ბევრმა დაპირებამ გაიჟღერა, მაგრამ ჰაერში ასროლილ სიტყვებად დარჩა. ერთ-ერთაგანია ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი, რომელიც ასობით ნარკომომხმარებლისთვის სერიოზულ ცხოვრებისეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, არ აძლევს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას და კიდევ უფრო ამრავლებს ნარკომოხმარების სფეროში არსებულ გამოწვევებს.

სამიოდე წლის წინ ვწერდი სტატიას იმაზე, რომ ჩნდება ეჭვი, თითქოს ნარკოლოგიური სახელმწიფო სამსახური, რომლის ხელშიც არის ჩანაცვლებითი თერაპიის სადავეები, ხარჯთაღრიცხვით უფროა გატაცებული, ვიდრე წამალდამოკიდებულთა ჯანმრთელობის და მათი უფლებრივი მდგომარეობით.

იმ რეგიონებში, სადაც ნაკლები ბენეფიციარია, სახელმწიფოს არ უღირს პროგრამის გახსნა, რადგან ეს მისთვის ფინანსურად წამგებიანია. ამდენად, ყველა ხელისუფლების მიერ ნაყვარები გამოთქმა „ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე“, კარგა ხანია აცდენილია რეალობას.

მარტივად რომ ვთქვათ, ამბროლაურში, სადაც პროგრამას შეიძლება მხოლოდ ხუთი ბენეფიციარი ჰყავდეს, ნარკოლოგიური განყოფილების გახსნა სახელმწიფოსთვის წამგებიანია. განყოფილებას უნდა ჰყავდეს 100-მდე ბენეფიციარი მაინც, რომ მან იმოქმედოს – ასეთი პასუხი აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ასევე, ვწერდი ქალაქ რუსთავზეც, სადაც არც ფასიანი და არც უფასო პროგრამა მუშაობდა. რუსთავის ბენეფიციარებს ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მისაღებად ყოველდღიურად თბილისში სიარული უწევდათ. უმეტესობა ამის გამო დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებოდა. ზოგიც წყვეტდა თერაპიის კურსს და კვლავ კუსტარული ნარკოტიკების მოხმარებას იწყებდა.

აქვე, ცუდი ამბავიც – რუსთავში, სადაც ნარკოტიკების თემა ყოველთვის ზეცხელი იყო, მეთადონით ჩანაცვლების თერაპიის განყოფილება დღესაც არ გახსნილა.  ჯანდაცვის „მამების“ სამი წლისწინანდელი დაპირება არ აღსრულებულა. რუსთავის მომხმარებლები ამ სერვისს დღეს ფონიჭალაში იღებენ. ფონიჭალა კი დედაქალაქ თბილისის ტერიტორიაა. ამჟამად ჩაცვლებით თერაპიიისთვის რუსთავიდან ფონიჭალაში 200-ზე მეტი წამალდამოკიდებული დადის.

არადა, სახელმწიფო პროგრამის ახლანდელმა „მამებმა“ ზუსტად იციან, თუ როგორ შეუძლია პროგრამაში ჩართული ადამიანი იქცეს ფუნქციონირებად საზოგადოების წევრად – გაიღვიძოს დილით მშვიდი განწყობით, აარიდოს თავი ქუჩას, აღარ იდარდოს ნარკოტიკისთვის ფულის შოვნაზე, არ მოიხმაროს ზიარი შპრიცი და პრეპარატის კუთვნილი დოზა მიიღოს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიხედავენ, მოუხსნიან შფოთვას და ჩვეულ ცხოვრების რიტმში დააბრუნებენ.

მსოფლიოში ჩანაცვლებითი პროგრამაში ჩართული წარმატებული ადამიანის უამრავი ისტორია არსებობს. ჩანაცვლებითი თერაპიაგავლილი ბენეფიციარები მართლაც ხდებიან შრომისუნარიანები, საქმდებიან, ინარჩუნებენ ოჯახებს, სოციალური კავშირებს.

სამწუხაროდ, საქართველოში არც კი იწარმოება სტატისტიკა, რომელიც ასახავდა ასეთივე წარმატებული, გნებავთ – წარუმატებელი პაციენტების რაოდენობას ან მათ ისტორიებს. მეტიც, პირადი დაკვირვებით, ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციართა უმეტესობა, ახლაც და წლების წინაც, ამბობს, რომ მათთვის პროგრამაში სიარული განსაცდელია. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, დღესაც განიცდის სტიგმატიზაციას სამედიცინო  სერვისების მიმწოდებლებისგან. ექიმებს საკუთარი ბენეფიციარები მიაჩნიათ „გაუბედურებულ ნარკომანებად“. თუმცა, იმასაც აღვნიშნავდი, რომ ბოლო პერიოდში, სათემო ორგანიზაციების აქტივობებისა და საადვოკაციო კამპანიების  შედეგად, დიდ ქალაქებში ურთიერთობა პაციენტებსა და პერსონალს შორის დამთბარია.

მაგრამ რაზეც ახლა ვისაუბრეთ, დიდი პრობლემის მხოლოდ პატარა ფაზლია.

მაგალითად, ჩანაცვლებითი პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელმაც ერთი თვის წინ გაიარა დეტოქსიკაცია და ამჟამად ერთ-ერთი არასამთავრობოს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში აგრძელებს მკურნალობას, ამბობს, რომ არაადამიანური ძალისხმევა დახარჯა, ვიდრე დეტოქს პროგრამაში ჩართვა მოუწევდა.

საქმე ისაა, რომ პროგრამაში ჩართვას ის თვენახევარი ელოდა და დიდი შანსი ამ ხანგრძლივ პერიოდში იყო, გადაეფიქრა მკურნალობა, რაცა არაერთხელ დამმართნია კიდეც.

ასევე, ბენეფიციარმა ყურადღება გაამახვილა ზოგადად ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად არ ხორციელდება და მწირი სახითაა წარმოდგენილი. არადა, ეს ის კომპონენტია, რომელიც მომხმარებელს აცვლევინებს ქცევას და ჩვეულებრივი ცხოვრებისკენ აბრუნებს, რათა ის კვლავ ქუჩაში არ აღმოჩნდეს.

 

**

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სხვადასხვა ხარვეზზე სახელმწიფოს გამუდმებით და დაუზარელად მიუთითებენ არასამთავრობო და ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები, უზიარებენ მას პოზიტიურ საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, თუმცა კი ბეჯითად ესწრება სხვადასხვა შეხვედრებს და ტრენინგებს.

მაგალითად, GeNPUD-ის 2014 წლის წლის კვლევაში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის უმთავრეს გამოწვევად პაციენტების სწრაფი დეტოქსიკაცია სახელდებოდა. პრობლემების ჩამონათვალში მოხვდა ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიციარებისთვის მართვის მოწმობით სარგებლობის აკრძალვა. ასევე, პრეპარატის განსაზღვრული დოზის რამდენიმე დღით შინ გატანება, პროგრამაში შეზღუდული მიღების საათები და სხვ.

გეცნოთ ეს ჩამონათვალი? რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ?

ცოტა რამ, რადგან სახელმწიფო გამუდმებით იდგა თავდაცვით ან არასამთავრობოების ცრუ დაპირებებით მოგერიების პოზაში.

მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელ ლაშა კილაძის ღრმა რწმენით, ბენეფიციარისთვის მეთადონის შინ გატანება დიდი რისკია, რადგან მას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს სხვა მომხმარებწლებთან და მეტადონის მარაგის მქონეს შეუძლია ის ვინმეს უწილადოს. ნარკომოხმარების საკითხებში ჩახედული ადამიანი ამ არგუმენტს ვერ გაიზიარებდა. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუკი პირს თავისი სამყოფი დოზა სახლში მიაქვს, მას არავის „უყოფს“, მეტიც,  აბსტინენციის („ლომკის“) შიშით ხშირად გამოზოგვითაც კი მოიხმარს.

საერთაშორისო პრაქტიკაში მომხმარებლის ნდობის ფაქტორს თავისი რეგულაციები აქვს, რაც საქართველოში ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნევა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთანაც არიან ბენეფიციარები, რომლებიც წლობით დადიან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, არ არღვევენ წესებს და ნამდვილად იმსახურებენ ნდობას. მათი წახალისება კი არასდროს და არანაირი სახით არ ხდება.

რამდენიმე დღის წინ კახეთში მომიწია ყოფნა. აღმოჩნდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე მეთადონის ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარები სერვისებს მხოლოდ თელავში იღებენ.

ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ შარშან ითავა საპროტესტო განწყობის ორგანიზება და შექმნა ხელმოწერებიანი პეტიცია. პეტიციის შემქმნელები დამატებითი ერთი თერაპიული კაბინეტის გახსნას ყვარელში ითხოვდნენ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამისა და მეთადონით თერაპიული პროცესის ეფექტიანობას მთელი კახეთის მასშტაბით. დამატებითი კაბინეტი მოემსახურებოდა როგორც ყვარლის, ისე ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონების პაციენტებს.

პეტიცია კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს წევრებმა მოამზადეს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაუგზავნეს, რასაც არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

ამ წლის სექტემბერში კახეთის მცხოვრებლებმა კიდევ ერთი მიმართვა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სახელზე მოამზადეს.

იმართვაში ნათქვამია, რომ კახეთის მასშტაბით არსებული ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი რეგიონის რვა რაიონს ემსახურება (!). ყვარელელ პაციენტებს სერვისის მისაღებად ყოველდღიურად 80 კილომეტრის, ლაგადოხელებს – 180 კილომეტრის გავლა უწევთ (!). შორი მანძილი, მგზავრობაში დაკარგული დიდი დრო, ენერგია, ფინანსური ხარჯი, უარყოფითად აისახება პროგრამის ეფექტიანობაზე, რადგან ბევრი პაციენტი სერვისს წყვეტილად იღებს ან ტოვებს პროგრამას.

თელავში მეთადონის პროგრამაში 200 ბენეფიციარია ჩართული. ადგილობრივი მომხმარებლები მიყვებიან, რომ ხშირად დილის ექვს საათზე უწევთ ადგომა, ათ საათზე რომ კუთვნილი დოზა მიიღონ. პრეპარატი მხოლოდ ერთ ფანჯარაში გაიცემა. რიგში ხშირია  დავიდარაბა. „სანამ შენი რიგი მოვა, სანამ ხელს მოაწერ, პირადობას წარადგენ… ვიღაც ლაგოდეხიდანაა ჩამოსული, ვიღაცა – გურჯაანიდან, სხვადასხვა სოფლებიდან, რაიონებიდან, ყველა უკან დაბრუნებას ჩქარობს, ყველას თავისი საქმე და ოჯახი ჰყავს მისახედი. ყოველდღიურად ამ ამბების გადატანა ძალიან რთულია!“ – ამბობს პროგრამის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ბოლო პერიოდში თელავის განყოფილებაში მეთადონით ჩანაცვლებითი პროგრამა 50 პაციენტმა დატოვა და იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ ეს სურათი, დავსვათ მარტივი კითხვა: ორმოცდაათივემ მოხმარება შეწყვიტა? რასაკვირველია, არა. მათ უბრალოდ, იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება იქ გააგრძელეს, როგორც ხდება ხოლმე.

დღეს სათათბიროს წარმომადგენლები მოუწოდებენ სახელმწიფოს მაქსიმალურად დააჩქაროს მეთადონით ჩანაცვლების პუნქტების გახსნა კახეთში, მით უფრო, რომ ამ წლის დასაწყისში ერთ-ერთ შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლებს წამოსცდათ, იქნებ, პრობლემა მობილური ამბულატორიების დანიშვნის მოვაგვაროთო, მაგრამ არც ეს დაპირება აღსრულებულა.

კახეთის გარდა, თეთრ ლაქადაა დარჩენილი ბორჯომის მხარეც, სადაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა საერთოდ არ მუშაობს.

 

**

GeNPUD-ში მიიჩნევენ, რომ ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციართა პირობების გაუმჯობესებასა და სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა. სხვაგვარად წამალდამოკიდებულთა სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებში რეინტეგრაცია, ეს კი ჩანაცვლებითი მკურნალობის მთავარი მიზანია, ვერ მოხდება. ამ კუთხით სათემო ორგანიზაციები ყოველთვიდ მზად არიან მობილიზაციისთვის და დიალოგისთვის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ამ წლის ზაფხულში GeNPUD-ის და ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პრემიერ მინისტრის სახელზე მომზადდა პეტიცია. ცალკე წერილი გაიგზავნა შსს-ში, სადაც მომხმარებელი აქტივისტები ითხოვდნენ განმარტებას, ეხებოდა თუ არა ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებს 1 აპრილიდან შესული გამკაცრებული რეგულაციები  – ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტომიბილის მართვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება და თუ ეხებოდა, რა იყოს ამის საფუძველი.

67410652_10219176239826959_4683297193564569600_o

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამოცდილებით, ექიმის ნებართვით, პაციენტს, რომელსაც აქვს განსაღვრული სტაბილური დოზა, არ ეზღუდება მართვის უფლება გამონაკლისი შემთხვევების გარდა (პრეპარატის მიღების რეჟიმის ხშირი დარღვევა და დამატებითი ნივთიერებების მიღება).

მრავალგზის ჩატარებული გამოკვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს, რომლებსაც შემანარჩუნებელი თერაპია უტარდებათ მეთადონის სწორად შერჩეული დოზებით, შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რასაც დანარჩენი ადამიანები აკეთებენ, მათ შორის, მართონ ავტომანქანა.

პეტიციაში დეტალურად იყო ჩამოთვლილი ყველა გამოწვევა, რომელიც არსებობს ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების წინაში. პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ პარლამენტის ლაბირინთებში მიკარგული, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ და „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროეტზე მუშაობის განახლებას.

სექტემბრის შუა რიცხვებში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პეტიციას გამოეხმაურნენ, რაც მოქუფრულ ცაზე მზის გამონათებას ჰგავდა. აქტივისტებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის პრეპარატის გაცემისას პირადობის მოწმობის წარდგენის აუცილებლობაზე, რის გამოც ბევრი პაციენტი ვერ იღებს კუთვნილ დოზას (ახალი პირადობის აღებისთვის აუცილებელი 10-დღიანი შუალედის გამო).

საუბარი იყო იძულებით დეტოქსზეც, როდესაც პრეპარატის მიღების წესის დარღვევის გამო, ბენეფიციარები გადაჰყავთ ერთთვიან დეტოქსზე ისე, რომ არ ითვალისწინებენ მათი პროგრამაში დაყოვნების დროს, რა დოზას იღებდნენ ისინი, როგორი იყო მათი ჯანმთელობის მდგომარეობა.

აქტივისტებმა მოითხოვეს მართვის მოწმობასთან დაკავშირებით ექსპერტების ჩართულობა და გადაწყვეტილების ისე მიღება.

ასევე, განიხილეს სუბოქსინით ჩანაცვლების პროგრამების გაფართოების და საზოგადოდ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი.

შედეგად, ჯანდაცვის კომიტეტმა აიღო ვალდებულება პეტიციაში მოყვანილი ყველა საკითხი შეესწავლა და ერთი თვის ვადაში დასაბუთებული პასუხიც გამოეგზავნა.

ჯანდაცვის კომიტეტმა დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს შეესწავლა ყველა პრობლემა ჩანაცვლებით თერაპიებში, განეხილა სუბოქსინით ჩანაცვლების პროგრამის გაფართოვების გეოგრაფიული მოცვის საკითხი და პრეპარატის ხელზე გატანების პრაქტიკა.

GeNPUD-ის აქტივისტები იმედოვნებენ, რომ კომიტეტზე ერთხმად მიღებული ეს გადაწყვეტილება იქნება საწინადარი იმისა, რომ ქვეყანამ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკა მალევე მიიღოს.

 

**
„№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა“ – ეს ფრაზა საიდან ამოვაკოპირე, კარგად არ მახსოვს, მაგრამ საქართველოს ქალთა დაწესებულებებში ჩანაცვლებითი თერაპიის სიკეთის შესახებ ყოვლისმცოდნე Google რომ ვერაფერს გეტყვით, გადამოწმებულია.

ქალი მომხმარებელი პატიმრები ამ თერაპიის გარეშე არიან დარჩენილი და ეს პარლამენტშიც კი არ იცოდნენ. GeNPUD-ის აქტივისტთა განცხადებით, მათ მიერ ამ ინფორმაციის მიწოდებამ ბევრ დეპუტატს შორის გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. მათ და აკაკი ზოიძემ პირობაც კი დადეს, რომ პირად კონტროლზე აიყვანდნენ ამ საკითხის მოგვარებას.

content_22472704_1967175220224651_512805343_n.jpg

ამ კუთხით საქართველოში ნარკოდამოკიდებული ქალი მსჯავრდებულების ჯანმრთელობის უფლებები წლების განმავლობაში ირღვევა. საზოგადოების ზემკაცრი განწყობის და სტიგმის გარდა, რომელიც ქალ წამალდამოკიდებულებს დისკრიმინაციის ორმაგ ქარ-ცეცხლში ხვევს, მათთვის მიუწვდომელია ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისები. საქართველოში ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულება არადაპტირებულია ნარკოლოგიური პრობლემების მქონეთათვის.

მეთადონის მიღება ქალ პატიმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ დაკავებამდე იყვნენ პროგრამის წევრები. ასეთი ქალები კი ცოტანი არიან. მათ, ვისაც ამ მხრივ „გაუმართლა“, ყოველდღიურად ციხის „ვარონკაში“ ათავსებენ და მე-8 დაწესებულებაში გადაჰყავთ. იქ ასმევენ მეთადონს, უტარებენ სწრაფ დეტოქსს.

ქართველ ნარკოლოგთა განმარტებით, როდესაც ადამიანი ოპიოიდებზეა დამოკიდებული და დაკავების გამო იძულებით წყვეტს მიღებას, უვითარდება აბსტინენციის სინდრომი, „ლომკა“.  ამ მდგომარეობაში ჩნდება მძიმე ორგანული თუ ფსიქკური გართულებების საშიშროება, დამაინვალიდებელი ან ლეტალური შედეგით. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ოპიოდური აღკვეთის მდგომარეობის უმტკივნეულო გადატანას.

ქალ პატიმრებს მოუყოლიათ, რომ ციხეში ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა ყველას საკუთარი ფიზიკური და სულიერი რესურსის ხარჯზე გადააქვს – ტკივილებით, გულყრებით და კოშმარებით.

ნარკოლოგები ამბობენ, რომ იძულებით იზოლაციაში მედიკამენტების გარეშე აღკვეთის სინდრომის გადატანა ადამიანისთვის წამების ტოლფასია, მეტადონი კი ჩანაცვლებითი თერაპიისთვის უნივერსალური პრეპარატია. მას აქვს ფართო თერაპიული დერაფანი, „ლომკის“ შემაჩერებელ და მაეფორილიზებელ ეფექტს შორის, თანაც დიდი დიაპაზონით. ის სტაბილიზაციას უწევს  პაციენტის ფსიქოსომატურ მდგომარეობას, უქვეითებს ლტოლვას ნარკოტიკების მიმართ.

ჩანაცვლებით თერაპია ნამდვილად იმსახურებს საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას.

ერთ ადამიანსაც რომ ჰქონდეს წამალდამოკიდებულების პრობლემა, მისი ჯანრთელობის უფლება არ უნდა ილახებოდეს.

თერაპიული დახმარების მიღების უფლება აქვს ყველას, მათ შორის დამოკიდებულების მქონე ქალსაც და კაცსაც, თანაბრად.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s