ჩემი ნავი

Posted: დეკემბერი 22, 2019 in Uncategorized

ირმა კახურაშვილი

IMG_20170629_171328514

სკამი, რომელზეც ვიჯექი, ძალიან ჭრიალებდა და ცოტა ხანში მივხვდი, კი არ ჭრიალებდა, მე ვაჭრიალებდი.

ამასობაში, გაზეთის რედაქტორმა ლეპტოპი დახურა და საიმედოდ გამიღიმა.  ჩავთვალე, რომ ახალ სამსახურში მიღებული ვარ, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში შეიცვალა.   

-ეს ყოველდღიური გამოცემაა, შეძლებთ ბევრი წეროთ? – მკითხა რედაქტორმა.

-სულ ასეთ გამოცემებში ვმუშაობდი და შევძლებ… იშვიათი გამონაკლისის გარდა, – ვუპასუხე.

-გამონაკლისის? რა გამონაკლისის?

-შეიძლება ორ-სამ თვეში ერთხელ რამდენიმე დღით დეპრესიამ წამიღოს. მას ვერაფერს ვუხერხებ, მაგრამ, ეს იშვიათად ხდება.

რედაქტორმა ხელი ნიკაპზე ჩამოისვა და თქვა:

-ნდა.

ამ „ნდას“ მეც ხშირად ვამბობდი მაშინ, როცა სათქმელი აღარაფერი მქონდა.

***

ჩემ ცხოვრებაში შავად გაბოლდებული ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო – მოულოდნელად მოვიწყენდი ხოლმე და ეს მოწყენა სრული პასიურობისკენ მიმაქანებდა. ვიცი, თქვენც მოგიწყენიათ და ვის აღარ, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო, ჩემთვის უჩვეულო, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებთან დაკავშირებული, თითქოს კბილი გტკივა, გამუდმებით და გეჩვენება, რომ აი, ახლა, ახლა ჩამოიშლება.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს პატარა შფოთვითი შეტევები თავისით გადამივლიდა, მაგრამ – არა. უფრო გახანგრძლივდა და თავისი ფორმა მიიღო.

მოწყენილობის საბაბი ნებისმიერი რამ შეიძლებოდა გამხდარიყო – წერის დროს ჩაის ჭიქაში შემთხვევით ჩამლბარი ჰუდის ზონარი, ფილმის არცთუ სევდიანი ფინალი, ანდა ადრიანი დილით აჭიკჭიკებული ჩიტი, რომელსაც, წესით, ჩემი გული უნდა გაეხარებინა.

მაგრამ მე არ მიხაროდა, მე ვტიროდი.

უმეტესად ჩემი მოწყენილობა უმიზეზო იყო.

მერე პირით კედლისკენ დავწვებოდი და პირველი აზრი, რომელიც ჯერ გამიელვებდა და  მომდევნო დღეებშიც თავს ციკლურად მესხმოდა, ჩემი მოზარდული თვითმკვლელობები იყო. თავის მოკვლა ორჯერ ვცადე – ერთხელ სამზარეულოში, ჩამოხრჩობით, მეორედ კი თერმომეტრიდან ვერცხლისწყლის დალევით. სიცოცხლესთან დამშვიდობების აკვიატებულ იდეას 22 წლის ასაკში დავემშვიდობე, მას შემდეგ, რაც ძმა დამეღუპა და, ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერე, რომ სიკვდილი დროებითი თავშესაფარი როდია.

იმ პერიოდში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სტატიებს ვწერდი და სწორედ ამიტომაც ვიეჭვე, რომ ჩემ თავს უბრალო ამბავი არ იყო. თანაც, ამ უცნაური მოწყენილობის სიმპტომებმა  გამოკვეთილი კონტურები შეიძინეს. სულ უფრო და უფრო მიჭირდა მდგომარეობიდან გამოსვლა. ღამით სუნთქვა მეკვროდა და მარცხენა მხარი მიშეშდებოდა. ჩუმად ფანჯარას შევაღებდი ხოლმე და დიდხანს ვიდექი ასე, სიბნელეში, რაღაც უბედურების მოლოდინში.  დილით სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა. ათას რამეს მოვიგონებდი, ოღონდაც არ მეწერა. თავს დათრგუნულად ვგრძნობდი, ვიწყებდი საკუთარი თავის დადანაშაულებას ყველაფერში, რაც კი ცუდი მომაგონდებოდა და ყველა ინტერესი, რომელიც ამ სამყაროში რაღაცის ან ვიღაცის მიმართ გამაჩნდა, უბრალოდ, იმ დღეებში ფერმკრთალდებოდა. ისე მეშინოდა პირით კედლისკენ დაწოლა, რომ ვიწყებდი სრულიად მექანიკური სამუშაოს კეთებას, ვთქვათ, სახლის დალაგებას და რომ არა შვილების წინაშე პასუხისმგებლობა – ყველაზე დიდი კაუჭი ამ ქვეყნიურ სამყაროსთან – დემონებს ალბათ ბოლომდეც დავნებდებოდი.

ამის შესახებ გაკრულად რამდენიმე ადამიანს ვუთხარი, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ზედაპირულად მითანაგრძნეს: „ნუ გეშინია, დროდადრო ყველა ვიწყენთ“. რაკი წუწუნი, როგორც დასწავლილი ქცევა ჩემთვის მიუღებელი იყო, თანაც, დარდად მექცა ჩემი უუნარობა სხვა ადამიანებს არ შეემჩნიათ, ამ თემაზე გულწრფელ საუბრებს მოვუკელი.

ასე დავრჩით პირისპირ – მე და ჩემი დეპრესია.

დიახ, სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს – დეპრესია ერთგვარი სისუსტეა, სუსტთა ხვედრი. სწორედ ეს გიბიძგებს ამ დაავადების დამალვისკენ და მცდელობისაკენ თავად გაუმკლავდე მას, რაც ყოველთვის არ მთავრდება შედეგით. დეპრესია ღრმავდება, წლობით გრძელდება. მას სჭირდება მკურნალობა, დეპრესიის მქონე პაციენტებს კი საზოგადოების მხრიდან ისეთივე თანადგომა, როგორც სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონეებს.

თუკი დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოგაჩნდათ და ეს შეგაწუხებთ, ნუ დააყოვნებთ ფსიქოკონსულტირებას.

 

***

დეპრესია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა. ასაკის მიუხედავად, ის თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს ერჩის, ქალებში კი უფრო მეტადაა გავრცელებული. ასევე, არის ინვალიდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და საგრძნობი ადგილი უკავია ფსიქიკურ დაავადებათა გლობალური ტვირთში.

მაგრამ რატომ მე?.. ეს კითხვა სულ მაწუხებდა.

რატომ უნდა დავნებდე ამ დაავადებას სრულიად სოციალური, ჯერ ისევ ენერგიით სავსე ადამიანი, რომელიც აქამდე ვერაფერმა გატეხა – ვერც ბავშვობიდან მოყოლებულმა კონფლიქტურმა ოჯახურმა გარემომ, ვერც უნივერში ოთხწლიანი ჩაბარების მცდელობებმა, ვერც ომებმა და იმან, რომ ორივე შვილი ველურ 90-იანებში მეყოლა. ამას დაემატა რთული პროფესია, უქმეების გარეშე მუშაობა და არცთუ კარგი კვება.

და მაინც ხალისი არასოდეს მაკლდა. ჩემი რესურსების რომელიღაც ზარდახშიდან ჯინივით გამოვიხმობდი ხოლმე ამ ხალისს და ისიც, ერთგული მეგობარივით ბევრ რამეზე მახუჭინებდა თვალს. ისიც ვიცოდი, რომ ასე მარტო მე არ ვცხოვრობდი, ბევრთან შედარებით, გაცილებით მეტი ბედნიერებაც მქონდა.

თუმცა, ერთ მშვენიერ დილას, როდესაც მოწყენილობა ცქმუტვაში გადაიზარდა, ოთახის ფარდების ძაფისხელა ღრიჭოდან შემოსულმა შუქმაც კი თავიც ამატკია, ექიმთან წავედი.

უნდა ვიცოდეთ, რომ დეპრესიის მკურნალობა ფსიქიატრის პრეროგატივააა ან იმ სპეციალისტის, რომელსაც უკვე ჰქონია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. მაგრამ საქართველოში ფსიქიატრთან მისვლის კულტურა დაბალია და რადგან ყველაფერს „გაფუჭებულ ნერვებს“ ვაბრალებთ, ნევროლოგთან მივდივართ. ნევროლოგმა შესაძლოა არ გადაგვამისამართოს ფსიქიატრთან სხვადასხვა, მათ შორის თავისი ფინანსური ინტერესის გამო. მაგრამ მე გამიმართლა და ერთ ახალგაზრდა, თუმცა გამოუცდელ ფსიქიატრთან მოვხვდი. მან მსუბუქი, უფრო სწორედ მსუბუქიდან ზომიერში გარდამავალი დეპრესიის დიაგნოზი დამისვა და დამამშვიდა, რომ თანამედროვე სამყაროში დეპრესიას უმკლავდებიან – სტატისტიკის თანახმად, პაციენტთა 80% იკურნება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე გავრცელებული ფსიქოთერაპია და მედიკამენტების მიღებაა, რომელთა დანიშვნა ჩემ შემთხვევაში აუცილებელი არ იყო.

უნდა ვაღიარო – დეპრესიის დიაგნოზის მქონე ადამიანი მართლაც მოწყვლადი და დაუცველია. რასაკვირველია, შენს უფლებებს სისტემურად არავინ არღვევს, რადგან თავდაცვის ინსტინქტი ისევ გიმუშავებს და საღად აზროვნებ, მაგრამ იძულებული ხარ საკუთარი თავი თვითონვე შეზღუდო, ზოგჯერ კი თვითსტიგმის გავლენის ქვეშაც მოექცე. მაგალითად, გამუდმებით შიშობ, რომ შეიძლება ვერ იყო ისეთი პროდუქტიული, როგორიც იმ დროს შენს დამკვეთს სურს იყო. ანდა თავს არიდებ სიტუაციებს, სადაც შეიძლება „აგრიონ“, ვთქვათ, უცხო, მაგრამ მხიარულ კამპანიებში ვერ ერთობი. ზედმეტად გაშფოთებს შენი მისამართით დაწერილი კომენტარი სოციალურ ქსელში ან ქუჩის გამყიდველის შეძახილი იმაზე, თუ რატომ არ გიკლებს ერთ კილო ლობიოს.

ის, რაც სხვისთვის უმნიშვნელოა და მარტივი მოსანელებელი, შენთვის რთული და იმედგამაცრუებელია. შენი თმენის რესურსი ღატაკდება და ისეთი მგრძნობიარე ხდები, რომ ტვინში გადასაცემ სიგნალს: „არაფერია, დაიკიდე“, წინ უსწრებს სიგნალი: „ეს არის კატასტროფა. რასაც აკეთებ, ყველაფერი ამაოა“.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ დეპრესიის მქონე ადამიანი მედიის წარმომადგენელია, ლამის ყოველდღიურად ურთიერთობს სხვადასხვა ადამიანებთან, ზოგჯერ საკმაოდ მძიმე თემებზე წერს და ამავდროულად, მისი იმედი აქვთ ოჯახის ყველაზე პატარა და მოხუც წევრებს. აი, აქ კი უკვე ყველა შანსი ჩნდება, რომ შენმა მსუბუქმა დეპრესიამ უფრო ფართო კალაპოტი იპოვოს.

საქართველოში ბევრ ადამიანს ჩვეულებრივ რამედ მიაჩნია დეპრესია ან ეთაკილება მასზე საუბარი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს საჭიროა და კონსულტირება სპეციალისტთან კონფიდენციალურია. ასეთ დროს ფსიქოთერაპევტი არის ის, ვინც მოგისმენთ და ეცდება დაგეხმაროთ.

დეპრესიას შეიძლება ჰქონდეს მორეცედივე ან ქრონიკული ფორმა. ამიტომ ექიმი დაადგენს დეპრესიის სათავეს. ფსიქოთერაპიული სეანსების დროს, თქვენ უამრავ სენსიტიურ თემებს შეეხებით. თქვენ უნდა ენდოთ ექიმს, რომ მან სწორად დასახოს გამკლავების სტრატეგია და ჩაგსვას ნავში, რომელიც მშვიდობიანად გაგინაპირებთ მღვრიე აზრების დინებიდან.

მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ, სულ ცოტა, ექვსი სეანსი დაგჭირდებათ. ექიმი დაადგენს იმ კონკრეტულ რისკფაქტორს, რომელიც უშუალოდაა თქვენთან დაკავშირებული (გენეტიკა, სოციალური თუ ოჯახური მდგომარეობა, რაიმე ქრონიკული დაავადება და სხვ.). ის გახდება თქვენი პირადი მკვლევარი, მოგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ აზრებში, რაც, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს თქვენი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებას.

მაგალითად, ექიმმა დამარწმუნა, რომ ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზა  ძილის რეჟიმის მოწესრიგებაა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა დამეძინა ერთსა და იმავე დროს, უარი მეთქვა ალკოჰოლსა და საჭმელზე ძილის წინ – ჭამა დაძინებამდე ჩემი მრავალწლიანი ჩვევა იყო. რაც მთავარია, მან მირჩია დავკავებულიყავი სპორტით. მე ძალიან მომწონდა ფიზიკური აქტივობა, ცეკვა, ფეხით სიარული. ცხადია, ყოველდღიურად ვერ ვიცეკვებდი და ფეხითაც ბევრს ვერ ვივლიდი, ამიტომ ფურცელზე ჩამოწერილ ალტერნატიულ ვარიანტებს შორის, საჩვენებელი თითი აკვაერობიკას დავადე. აუზზე კვირაში სამჯერ სიარულს უფრო შევძლებდი. წყალი, თავისი ბუნებით, ისედაც თერაპიულია, მითხრა ექიმმა. ვარჯიში საგრძნობლად მარტივდება წყალში. მუსიკა გახალისებს და რელაქსაციის გარდა, აშკარად იგრძნობთ როგორ „ცოცხალდები“, აქტიურდებით, ასეთი იყო მისი შეგონება.

 

***

მაგრამ განა რანაირი ქართველი ვიქნებოდი, რომ ექიმის შეგონებები იმწამსვე დამეცვა?..

აკვაერობიკაზე სიარული მხოლოდ შარშან, აპრილში დავიწყე, მას მერე, რაც ჩემმა დეპრესიამ თავი კიდევ ერთხელ, მამაჩემის ავადმყოფობის – ალცჰეიმერთან უშედეგო ბრძოლის პერიოდში შემახსენა და ამას, როგორ სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი შუა ასაკის კრიზისიც დაერთო.

მანამდე კი, მცირედი კედლის აღმართვის შემდეგ ჩემსა და დეპრესიას შორის, იმ უჩინარი ადამიანების რიგებს შევემატე, ვინც ოფიციალური სტატისტიკის მიღმაა დარჩენილი. ფსიქიკური პრობლემების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ზუსტად ვერასოდეს ასახავს რეალურ სურათს. როგორც წესი, არსებული მონაცემები გაცილებით მეტია, ვიდრე რეგისტრირებულ შემთხვევთა რაოდენობა. თან, თუ საქმე დეპრესიას ეხება, არა მგონია საქართველოში მისი სტატისტიკა საერთოდ წარმოებდეს.

რამდენადაც ვიცი, დეპრესიის ნიშნების მქონე ადამიანები უფრო ხშირად თვითმკურნალობის მიმართავენ და არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვა პაციენტებიც, ვისაც  მეტად სჭირდება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა. ისინიც გაურბიან ექიმებს, სპეციალურ დაწესებულებებში მოხვედრას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამასაც წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა ჰქონდა – ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების არასკამარისი მოცულობა, პაციენტის საჭიროებებს ნაკლებად მორგებული სერვისები, უმძიმესი ამბულატორიული პირობები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, საბჭოთა მიდგომებით მომუშავე, მოტივაციადაკარგული სამედიცინო პერსონალი… ამ სფეროს ექსპერტები კარგა ხანი სცემდნენ განგაშს და ითხოვდნენ ხელისფლებისგან ყურადღების მიქცევას, დაფინანსების გაზრდას, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, სტანდარტების გადახედვას, სათემო სერვისების შექმნას და სხვა სიახლეებს.

მაგრამ საქართველო რთული ქვეყანაა. აქ კვლავ ბევრს აშინებს სტიგმა, მათ შორის მეც. მეშინოდა მელაპარაკა პრობლემაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევის მერე, რაც რედაქციაში შემემთხვა.

ჩვენ გვავიწყდება ისიც, რომ დეპრესიის დიაგნოზის მქონე ადამიანი განსხვავდება ნევროზის ან ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანისგან. საზოგადოება კი მათ ერთ „ქვაბში ხარშავს“, ერთ კონტექსტში განიხილავს და ამით ავიწროებს მათ საარსებო თუ შემოქმედებით სივრცეს, ლახავს უფლებებს, რადგან ცნება უფლებაც ხომ განმარტებულია როგორც ადამიანის შესაძლებლობა და თავისუფლება/თავისუფალი ქმედება, რომლის დაცვაზე სახელმწიფოც არის პასუხისმგებელი.

სკანდალებს გამოკიდებული ჩემი კოლეგების დახმარებით, საზოგადოება სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს დღემდე აიგივებს ანტისოციალური ქმედების ჩამდენ პირებთან. ამ და სხვა მიზეზის გამო, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ადამიანები აღარ მიმართავენ სერვისების მიმწოდებლებს, მათ ეშინიათ იარლიყების, რომლითაც საზოგადოება „დააჯილდოვებს“. უძნელდებათ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი და მხოლოდ მაშინ იწყებენ აქტიურობას, როდესაც მდგომარეობა სავალალო ხდება.

ამიტომ თუ თქვენ მსუბუქი დეპრესია გაწუხებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ის თავისით გაქრება. შესაძლოა, მას შებრძოლება სჭირდება. იყავით ყურადღებით. ჩვენი საყვარელი ინტერნეტი დეპრესიის დამოუკიდებლად დაძლევის ბევრ რჩევას შემოგვთავაზებთ. გადახედეთ ხოლმე, როცა მოიწყენთ და ნუ დანებდებით ცუდ ფიქრებს, გადაერთეთ რამე პოზიტიურ ქმედებაზე, დაელაპარაკეთ მეგობრებს, სთხოვეთ მოგისმინონ და დეგეხმარონ არ იყოთ მარტო.

 

***

ჯანმო-ს მონაცემებით, კარზე მომდგარ 2020 წელს დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, მეორე ადგილს დაიკავებს. ამჟამად დეპრესიით 264  მილიონი ადამიანია ავადობს, აქედან 40-50 წლის მოსახლეობის 10%,  საიდანაც ორი მესამედი ქალია. ამავე ორგანიზაციიის მონაცემებით (2017 წელი), ყველაზე დეპრესიული ქვეყნების ტოპ სამეულია: ინდონეზია, თავისი სწრაფად მზარდი სუიციდის მაჩვენებლით, იემენი, რომელიც ბევრი წელია სამოქალაქო ომის პირობებში იმყოფება და სუდანი, სადაც ცხოვრების დაბალი დონეა.

მართალია, მე არც ინდონეზიის მოქალაქე ვიყავი და არც სუდანის, მაგრამ 2019 წლის აპრილში გადავწყვიტე ჩემი ნავი მეპოვა და დეპრესიიდან საბოლოოდ გამომეცურა. ამისათვის ცხოვრების ჩვეულ წესში მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა შემეტანა, მათ შორის ფიზიკური კუთხითაც. მახსოვდა, რომ დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის საკმაოდ მჭიდრო ბმა იყო. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს დეპრესიამდე მივყავართ და პირიქითაც. ამიტომ რაღაც ასეთი უნდა მეღონა – ფიზიკური.

თავი რომ არ მოგაწყინოთ, ჩემმა სამაშველო ნავმა ჩვეულებრივ აუზში გაცურა.

უკვე რვა თვეა აკვააერობიკაზე კვირაში სამჯერ დავდივარ. ეს  არ არის სპორტული დისციპლინა. ეს არის ჩვეულებრივი ვარჯიშების ერთიანობა, საცურაო ელემენტების ჩათვლით. მისი უპირატესობები დამქანცველ ფიტნესთან შედარებით ძალიან შთამბეჭდავია – ოფლად არ იღვრები, ვარჯიშის დროს ხალისობ და ისვენებ, იღებ მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს და დარჩენილი დღის განმავლობაში თავს შესანიშნავად გრძნობ.

აკვააერობიკის სასწაულ შედეგებს დაახლოებით სამ თვეში ეზიარებით: თქვენი გულისცემა გათანაბრდება, კიბეზე ასვლისას აღარ იქოშინებთ, დაიწყებთ წელის ტკივილს, ცოტას წონაშიც დაიკლებთ, აღარ გაცივდებით და, რაც მთავარია, თქვენი შრომისუნარიანობა გაიზრდება სწორედ გაქარწყლებული სტრესების ხარჯზე.

თქვენ აღარ იდარდებთ უმიზეზოდ, ჩაიში შემთხვევით ჩამლბარი ჰუდის ზონარი და სევდიანი ფილმის ფინიში არ აგაქვითინებთ, დილით ჩიტების ჭიკჭიკი კი კვლავ სიამეს მოგგვრით. თქვენ ძალიან მალე დაიძინებთ და მშვიდად გაიღვიძებთ, რაც ნელ-ნელა ნივთიერებათა ცვლასაც მოგიწესრიგებთ. უნებურად, კვების რაციონისადმი სხვა დამოკიდებულება გაგიჩნდებათ, სულ რომ უარი ვერ თქვათ შოკოლადსა და ნიგოზზე. აკვააერობიკა იდეალურია დეპრესიისადმი და შფოთვისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

ხვალ ორშაბათია და დილის ცხრა საათზე უკვე აუზზე უნდა ვიყო. ჯერ მეტრომდე ფეხით ჩავდივარ, შემდეგ მეტროდან სამარშრუტოს მივყვები. გზაში ლამის საათი მჭირდება. მაგრამ ეს არის ის დრო, რომელიც არასოდეს მენანება – ეს არის დრო ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და უფლელებისათვის. ერთსაათიანი ვარჯიშის შემდეგ, ზოგჯერ პირდაპირ ინტერვიუზე გავრბივარ, უმეტესად კი სახლში. ფრილანსერი ვარ და ის პრობლემაც, რომ მაინცდამაინც ყოველდღიურ სამსახურში უნდა ვმუშაობდე, გადაჭრილია.

აუზი და აერობიკა არა მხოლოდ შინაგან წახნაგებს, არამედ გარეგნობასაც უკეთესობისკენ ცვლის. უფრო ხშირად გაიღიმებთ, თქვენი კანი კი ახალგაზრდულ იერს დაიბრუნებს.  წყალი, როგორც ბუნებრივი ჰიდრომასაჟორი, შეებრძოლება ცელულიტს (თუკი ასეთი არსებობს) და ეს ყველაფერი თქვენს განწყობაზე არაჩვეულებრივად იმოქმედებს. შეიძენთ ახალ მეგობრებს და თანამოაზრეებს აუზზე. თქვენ ყველგან იტრაბახებთ, რომ იპოვეთ თქვენი ნავი, რომელმაც დროულად გაგიყვანათ სამშვიდობოს.

დღეს საქართველოში არ არსებობს დეპრესიის ტვირთის შესამცირებელი პროფილაქტიკური პროგრამები, არც ბავშვებისთვის და არც მოზრდილებისთვის, მაგრამ არსებობთ თქვენ, ვისაც ყოველთვის შეუძლია ხმამაღლა შეუძახოს საკუთარ თავს: „მოდი, ეს პრობლემა გადავჭრათ. მოდი, შევცვალოთ ყველაფერი!“

 

კომენტარები
  1. ekofact ამბობს:

    ძალიან კარგი ბლოგია, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

    Liked by 1 person

    • Inga Shiolashvili ამბობს:

      ძალიან კარგი ბლოგია, გასათვალისწინებელი რჩევებით

      Like

    • kaxura ამბობს:

      დიდი მადლობა!

      Like

    • Saliman ამბობს:

      მადლობა ირმა გულწრფწლობისთვის და ამ ყველაფრის გაზიარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის ამის ცოდნა და ამაზე საუბრი არაა სასირცხვილო. ხშირად უხერხულობას ვგრძნობთ და გვიჭირს დეპრესიის აღიარება სხვებთან, მაგრამ დახმარების თხოვნა და ამ მდგომარეობისადმი შებრძოლების სურვილი უკვე უზარმაზარი ნაბიჭია ამოსაყვინთად.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s