აბორტის სტიგმის მარწუხებში

ირმა კახურაშვილი

dg

ირინეს ცალ მხარეს გადავარცხნილი გრძელი თმა აქვს. როდესაც განცდიანად საუბრობს,  ხელს ჩამოუსმევს ხოლმე, ზემოდან – ქვევით. ის 38 წლისაა. სამი თვის წინ, არასასურველი ორსულობის გამო, დიღომში, ერთ-ერთ მრავალპროფილურ კლინიკას მეგობრის რჩევით მიაკითხა. ექოსკოპიის ექიმის კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა ფეხზე აბსცესები, განუმარტა: მე ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ. „აბა, მოსაკლავი შენი ბავშვი კი არა, შენ ყოფილხარ!“ – გესლიანად უპასუხია ექოსკოპისტს.

*

ირინეს ურთულდება აბორტზე საუბარი. ყველა შეკითხვას არ პასუხობს. ცქმუტავს. ტელეფონის ეკრანს ანთებს და აქრობს. ეკრანზე მისი 12 წლის ვაჟიშვილის ფოტო ტივტივებს.

„შვილი მთელ ქვეყანას მირჩევნია,მაგრამ მეორეს ვერ გავაჩენდი… მე და ჩემი კაცი კუსტარულ  ნარკოტიკებს მოვიხმართ. „გადაგდებაც“ საკუთარი ძალებით ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა… ფინანსურად გვიჭირს. ძველ ბინას ვაქირავებთ და ეგაა ჩვენი შემოსავალი. ჩემი კაცი უმუშევარია, – წყვეტილად ყვება ირინე. – იმ კლინიკაში რომ მივედი, ხუთი კვირის ორსული, სამი ღამის უძინარი და მორალურად განადგურებული ვიყავი… ეს ამბავი ჩემებს დავუმალე, არ მინდოდა გადავერწმუნებინე… ჩემმა კაცმა დამაშინა – დეფექტიანი ბავშვი გეყოლება, ბოლო დროს ხომ სულ „გაკეთებულში“ ვიყავითო…“

ირინემ მედიკამენტოზური აბორტი ჩაიტარა. ეს მისი საბაზისო უფლება იყო.

საქართველოს კანონმდებლობით, აბორტი ქალის სურვილით ნებადართულია ორსულობის 12 კვირამდე. ასევე, დაშვებულია 13-დან 22 კვირის ჩათვლით სამედიცინო და სოციალური ჩვენებით. რაც შეეხება 22 კვირის შემდგომ პერიოდს, ისიც დაშვებულია, თუ ორსულობის გაგრძელება დედის ჯანმრთელობასთან შეუთავსებელია ან საქმე გვაქვს თანდაყოლილ ანომალიებთან.

ირინემ მედიკამნტოზური აბორტი პირველად გაიკეთა.

„ექოსკოპისტმა მითხრა, უამრავი ქალი შვილზე ოცნებობს, შენ კი ღმერთმა ა ს ე თ ს მოგცა და ჰკლავო? მეძავი ხარო? ქმარმა დაგაორსულა თუ ვინო? ნარკოტიკების ფულს თუ შოულობ, ბავშვის გასაზრდელ ფულს ვითომ რატომ ვერ იშოვიო?.. არ ვიცი, ეს დამცირება რანაირად ავიტანე. ჩემივე კბილების ღრჭიალი მესმოდა, მაგრამ კონფლიქტს მოვერიდე და მეორე სართულზე, ექიმის კაბინეტთან ავედი. რიგში დიდმუცლიანი ორსულებიც იდგნენ. ვუყურებდი და გული მისკდებოდა“.

აბორტი ის თემაა, რომლის მანტიაა სტიგმა, მითები, მათ შორის ისიც, რომ ნარკოტიკების მომხმარებელ ქალს აუცილებლად არაჯანსაღი ბავშვი ეყოლება. მითები თაობიდან თაობას, ლამის ზეპირსიტყვიერად გადაეცემა. ექიმებს ძალზე მწირი ინფორმაცია აქვთ ნივთიერებათა ზემოქმედების დროს ორსულობის მართვის პრაქტიკების შესახებ.

სტიგმასთან გამკლავების ერთადერთ გზად ექსპერტები ხმის ამაღლებას და მითების მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით ჩანაცვლებას ასახელებენ.

 

**

ირინემ აბორტის გაკეთება მაშინვე გადაწყვიტა, როგორც კი ტესტმა წითელი ხაზები ჩავენა.ექსპერტთა დაკვირვებით, უნდა თუ არა ქალს ორსულობის გაგრძელება, ამას პირველივე საათებში ხვდება და იშვიათად ცვლის თავის გადაწყვეტილებას.

„ვერ გავაჩენდი. ბევრი მიზეზი მქონდა. გარდა იმისა, რომ ორსულობისთვის საკმაოდ დასუსტებული ვიყავი, სოციალურადაც არ მილხინს. როგორც კი გავაცნობიერე ორსულობა, აბორტამდე დღეების თვლა დავიწყე, აღარც მეძინა, აღარც ვჭამდი“.

2014 წლის აპრილიდან „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებების თანახმად, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის განხოციელებამდე ქალს 5-დღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი ვადა ეძლევა, რასაც უფლებადამცველები საკანონმდებლო ხარვეზად თვლიან. ეს გრძელვადიანი პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც ამ სერვისის მისაღებად დამატებითი დრო და ფინანსური რესურსის მობილიზება სჭირდებათ.

ხუთდღიან ვადას ასევე ბარიერად მოიხსენიებენ სახალხო დამცველის კვლევაში „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვული შეფასება -2019“, სადაც აღნიშინება, რომ მოსაფიქრებელი პერიოდი პრაქტიკაში არ მუშაობს და ვერ აღწევს აბორტების შემცირების ან რაიმე სხვა ლეგიტიმურ მიზანს.

ირინე კვლევაში ჩართული არ ყოფილა: „გამიგია, რომ არასამთავრობოები ზრუნავენ ჩემნაირი ქალების ჯანმრთელობასა და უფლებებზე, მაგრამ მაინც ჩემთვის ყოფნა მირჩევნია. ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს ჩემი კაცისგან, რომელსაც ქალის აქტიურობა არ მოეწონებოდა. მისი აზრით, ასე შეიძლება პოლიციის სამიზნე გავხდეთ“.

ირინემ მედიკამენტოზური აბორტის არსში ინტერენეტით გაერკვა, თუმცა კონკრეტული კლინიკისთვის, სადაც მისთვის საჭირო სერვის მიიღებდა, გუგლვითაც ვერ მიაგნო.

სხვათა შორის, გუგლვით დიდი შედეგი ვერც ჩვენ მივიღეთ. საძიებო სისტემებში საკვანძო სიტყვების მინიშნების მიუხედავად, ამ მხრივ სრული საინფორმაციო ვაკუუმი აღმოვაჩინეთ.

ქალთა რეპროდიქციულ პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტ და მკვლევარ მედეა ხმელიძის თქმით, მედიმაკანტოზური აბორტი იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოში უკვე ათ წელზე მეტია დაინერგა, ჯერ კიდევ ფართოდ არ არის ხელმისაწვდომი და ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს. მას შთაბეჭდილება რჩება რომ, საქართველოში გინეკოლოგების ნაწილი არასათანადოდ აღიარებს ამ უნიკალურ მეთოდს, უფრთხის მის დისტაციურად მართვას, პროცესის მართვის სადავეების ქალისთვის გადაცემას. რაც მისი შეხედულებით, ამ მეთოდის გარშემო ინფორმაციის არასათანადოდ გავრცელების შედეგია, მათ შორის სერვის პროვაიდერებშიც. მისი აზრით, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, კლინიკები და გინეკოლოგები, ვინც ამ მეთოდს წლებია ეფექტიანადა ახორციელებენ, უფრო აქტიურად უნდა ცდნილობდნენ სერვისის ფართოდ ხელმისაწვდომობის გაზრდას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების შესაბამისად, რისი კარგი მაგალითები და პრაქტიკები გვაქვს ჩვენივე რეგიონში  და არა მხოლოდ.

მათთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ორსულობის მართვის შესახებ, შეუძლია ნახოს ეს: რესურსი:

მთავარი

საჭირო ამონარიდი ამავე რესურსიდან:

ხანდახან გადაწყვეტილების მიღება მარტივია, სხვა დროს – რთული, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, აბორტის გადაწყვეტილება პირადია და შენ ერთადერთი ხარ, ვინც ეს უნდა გადაწყვიტოს.

 

***

„თავიდან მინდოდა აფთიაქში წამალი მეყიდა და მუცელი მომეშალა, მაგრამ მეგობარმა 300 ლარი მასესხა და დამარწმუნა, რომ ასე ნაკლებად დავისტრესებოდი,“ – ყვება ირინე.

2019 წლის სახალხო დამცველის ეროვნულ შეფასებაში „სექსუალური დ არეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები“ მითითებულია, რომ აბორტის ღირებულება ქალს რიგ შემთხვევებში უბიძგებს მიმართოს ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას, რაც იწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას.

საკუთარ გამოცდილებას ორსულობის შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდებზე სახლის პირობებში ქალები ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელში, დახურულ ჯგუფებსა და ფორუმებზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ სფეროში ხელმისაწვდომი, სანდო, არადისკრიმინაციული ინფორმაციისა და შემდგომი კონსულტაციის დეფიციტზე.

86699034_561504671101614_3623717457287446528_n

„ექიმებთან სიარულს სიკვდილს ვარჩევ. როგორც კი იგებენ, რომ მომხმარებელი ვარ, ჭკუის დარიგებას და ჩემს დანამუსებას იწყებენ. „ჩამპალი ნარკომანი რომ არის, ვენა მაგიტომაც ვერ ვუპოვე“ – ერთხელ ასე თქვეს ჩემს ზურგსუკან ექთნებმა, რომლებმაც ანალიზისთვის სისხლი ვერ ამიღეს. ამის მერე თეთრხალათიანების მიმართ პატივისცემა გამიქრა,“ – ამბობს ირინე გაბრაზებით.

კლინიკაში მისული რიგში დიდხანს არ მდგარა, მაგრამ ექიმის კაბინეტში… კაბინეტის კარი მუდმივად იღებოდა და სხვადასხვა ადამიანი, პაციენტები და სამედიცინო პერსონალი, ექიმს კითხვებით მიმართავდა. „ბოლოს ორი ექთანი შემოვიდა. დიდხანს და მხიარულად ელაპარაკებოდნენ არასამედიცინო თემებზე. მე ვიდექი, დაჯდომაც არ შემომთავაზეს. ნერვიულობისგან ფეხები მეკეცებოდა. ერთი სული მქონდა ის აბი დამელია და იქედან გავქცეულიყავი. როგორც იქნა, ექიმმა ჩემთვისაც მოიცალა“.

თუკი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აბორტის მართვის 2019 წლის გაიდლაინის პირველივე გვერდებს გადავხედავთ, ვნახავთ, რა სახის კომუნიკაცია უნდა არსებობდეს ექიმსა და ორსულობის შემწყვეტ კლიენტს შორის, რა სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ექიმმა და რა არის არასავალდებულო, რეკომენდებული – მაგალითად, ჯანმოს გაიდლაინში საჭიროების შემთხვევაში, აბორტის შემდეგ, ექიმმა, შესაძლოა, შესთავაზოს რკინის შემცველი ტაბლეტები ანემიისთვის, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები და სხვ.

„ექიმმა კი მითხრა, რაც უნდა გამეკეთებინა, დამიწერა კიდეც, მაგრამ ისეთი დაბნეული  ვიყავი, რომ ზოგი რამ ვერ დავიმახსოვრე. მაგალითად, რა რიცხვში შემეძლო აბორტის მერე  გასასანჯად მოსვლა. რომ ვკითხე, უხეშად მიპასუხა, რა იყო, წეღან ამ ქოთნის ყვავილებს ველაპარაკებოდი თუ შენო?.. ეს შენიშვნა მტკივეულად მივიღე და ხმა საერთოდ ჩამივარდა,   – იხსენებს ირინე. – სახლში მოსულმა საბანი თავზე გადავიფარე და ავტირდი“.

 

****

-ირინე, ყველაფერი რომ მორჩა, კლინიკაში თუ მიხვედი?

-იგივე ექიმთან მივედი. მითხრა, რომ სექსისგან თავი უნდა შემეკავებინა. მე ვუთხარი, რომ ფსიქოლოგიურად თავს ცუდად ვგრძნობდი. ცუდად მეძინა, კოშმარებში, ყველაფერი ნერვებს მიშლიდა. მიპასუხა დამამშვიდებელი დალიე, შოვნა არ გაგიჭირდებაო… მერე მითხრა, ვალერიანიც შეიძლებაო. კიდევ რაღაც ვიტამინები ფასდაკლებით გამომიწერა, მაგრამ ვერ ვიყიდე, ძვირი იყო. ფულიც ვერ ვისესხე… დედაჩემს საერთოდ ვერ გავუმხილე ეს ამბები. მორწმუნეა და ბავშვის გაჩენას დამაძალებდა, იმ ექოსკოპისტივით მეტყოდა – მკვლელობას ნუ ჩაიდენ, ცოდვილი გახდები. მერე ნათესავებიც ატეხდნენ ამბავს. ჩემი ორსულობა სამეზობლოს გასარჩევი გახდებოდა. პირველი ბავშვი ეგრე გავაჩინე, დედაჩემის შეგონებებით და ლოცვებით. არადა, მაშინ ქმართან ისეთი ნაჩხუბარი ვიყავი, რა მებავშვებოდა. მცემდა და გავეყარე…“

-მომავალში თავს არასასურველი ორსულობისგან რით დაიცავ?

-რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ – მალევე დავიბან. ჩემს კაცს პრეზერვატივი არ მოსწონს, სხვა რაღცეებზე კი ხელი არ მიმიწვდება, ფული უნდა. კარგად მესმის, რომ შეიძლება კიდევ დავორსულდე, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს ან ვალს ავიკიდებ, ანდა აფთიაქში ვიყიდი რამე წამალს მუცლის მოსაშლელს…

კვლევიდან „აბორტის სტიგმა საქართველოში“: „ერთის მხრივ არსებობს უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულება აბორტის მიმართ, თუმცა ამის პარალელურად, ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სათანადო ცოდნაზე, თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან არასასურველი ორსულობა. ამავდროულად, ხელმისაწვდომი არაა თავდაცვის საშუალებებიც. შედეგად ვიღებთ არასასურველი ორსულობის შემთხვევებს, რომელთან გამკლავების სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ორსულს. ბარიერების გადალახვის, ზოგ შემთხვევაში, რისკზე წასვლის და პრობლემის მოგვარების შემდეგ, ის ხდება გაკიცხვის ობიექტი და ხშირ შემთხვევაში ახდენს თვითსტიგმატიზაციას, საზოგადოებაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე“.

*****

საქართველოში სქესისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო ქალები სტიგმის ორმაგ წნეხს განიცდიან. ბევრი ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ნარკოტიკებისმოხმარებისგამო,ქალები სათანადოდ ვერ ასრულებენ ტრადიციულგენდერულროლს. კაცებთან შედარებით, ისინი მეტ გაკიცხვას იმსახურებენდაორმაგსტანდარტსაწყდებიან.

„სტიგმა და დისკრიმინაცია ქალს განსაკუთრებით დაუცველს ხდის. მისთვის სხვადასხვა სერვისების მიღება და საზოგადოებაში სააშკარაოზე გამოჩენა დიდიპრობლემაა.
„თანადგომას“ აქვს ქალებისთვის სპეციფიკური სერვისები, რომელიც უკავშირდება მათ ჯანმრთელობას. ასეთია გინეკოლოგისა და მამოლოგის უფასო კონსულტაცია. გვაქვს „ქალთა კლუბიც“, სადაც ქალები არაფორმალურ გარემოში იკრიბებიან და მშვიდად საუბრებენ საერთო პრობლემებზე“, – ამბობს ორგანიზაცია „თანადგომის“ წარმომადგენელი ვაჟა კასრელიშვილი, მაგრამ აზუსტებს, რომ აბორტის სერვისს მათი პროექტი არ ითვალისწინებს.

ქალთა პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტი და მკვლევარი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ არასასურველი ორსულობა შეიძლება ნებისმიერ ქალს დაუდგეს და ეს არ უკავშირდება ქალის დაბალ პასუხისმგებლობას.

„საქართველოში ძლიერია გაკიცხვის და თვითდადანაშაულების სტიგმა, თითქოს მე ვარ უპასუხისმგებლო ადამიანი: თავი რომ დამეცვა და ისე მოვქცეულიყავი, როგორც „კარგი ქალები“ აკეთებენ, ასე არ მოხდებოდა.

ქალს მუდმივად ჩააგონებენ, რომ „ბავშვს კლავს“, რომ ეს „დიდი ცოდვაა“. ამ აზრის კვლავწარმოება, ნაყოფის პერსონიფიკაცია, მუდმივად ხდება.ჩვენთან თითქოს სავალდებლოა გქონდეს დანაშაულის გრძნობა, რომლისგანაც არასოდეს უნდა გათავისუფლდე,“ – ამბობს გვანცა კვინიკაძე.

 

******

-როგორ ფიქრობთ, იმ შვების განცდის მერე, რაც აბორტის შემდეგ განვიცადე, მართლა ჯოჯოხეთში მოვხვდები?.. – თმას იწვალებს ირინე, ზემოდან – ქვემოთ.

და მეც, ჩემი პროფესიული არსებობის განმავლობაში პირველად თავს უფლებას ვაძლევ ამ პრივატულ კითხვაზე მტკიცედ ვუპასუხო, როგორც ქალმა ქალს:

-არა. 

 

ფოტოს ავ. ირმა გაჩეჩილაძე  

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s