აბორტის სტიგმა და მისი შედეგები

ნინო ბოლქვაძე

images

მას შემდეგ, რაც ფეისბუკ გვერდი გავაუქმე, ახალ ამბებს შედარებით გვიან ვიგებ. ამას თავისებური ბენეფიტი აქვს – ერთდროულად ახალ ამბებსაც ვეცნობი და მათთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციასაც. ამგვარად, 13 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარ“-ის არხზე გასული ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“, რომელიც აბორტის თემასაც ეხებოდა, ახლახან ვნახე. გადაცემის ვიდეოჩანაწერს ფეისბუკზე 800 000-ზე მეტი ნახვა აქვს, მის ქვეშ განთავსებული კომენტარები კი ქალებს, რომლებიც აბორტს იკეთებენ, მკვლელებად, დახვრეტისა და ჯოჯოხეთის ღირსებად მოიხსენიებენ. არავინ ახსენებს ორსულის პარტნიორს, არავინ მსჯელობს საზოგადოების სხვადასხვა ინსტიტუციების (განათლების, ჯანდაცვის სისტემების) სერიოზულ ჩავარდნებზე, რასაც აბორტის უკანონო პრაქტიკამდე მივყავართ. ყველა დარტყმის ობიექტი ისევ ქალია.

აბორტის თემასთან დაკავშირებული სიუჟეტი ეხებოდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დადგმულ ექსპერიმენტს, რომლის მიზანი იყო სავარაუდო დარღვევის გამოვლენა – კერძოდ, აკეთებდნენ თუ არა კლინიკაში უკანონო აბორტს. როგორც ექსპერიმენტის ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, კლინიკის ექიმი მართლაც მზად იყო 12 კვირის ზემოთ აბორტი გაეკეთებინა. ასეთ ვადაზე სამედიცინო ჩარევა კანონით აკრძალულია, თუკი არ არსებობს დადასტურებული სამედიცინო ან სოციალური ჩვენება  (13-22 კვირა).

დარწმუნებული ვარ, გადაცემის დაგეგმვისას ჟურნალისტები საზოგადოებრივი სიკეთის დაცვის მოტივებით ხელმძღვანელობდნენ. თუმცა, აბორტის თემა საქართველოში ძალიან სტიგმატიზებულია და მასზე საუბრისას, ჩემი აზრით, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რათა სტიგმის გაღრმავებას ხელი არ შევუწყოთ.

პრობლემა, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა ასახავდა, ასე ვთქვათ, აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი დაფარული და უხილავია. ბრძოლის დაწყება ამ წერტილიდან კიდევ უფრო დააზარალებს ქალებს და უბიძგებს მათ ექიმის ჩარევის გარეშე მოაგვარონ არასასურველი ორსულობის პრობლემა. ამ ბლოგის წერისას მე, ისევე როგორც ჟურნალისტებს გადაცემის მზადებისას, საზოგადოებრივი სიკეთის დაცვის მოტივი მამოძრავებს. ამიტომ შევეცდები პირველ რიგში ქალებს გავუზიარო უფლედაცვით სფეროში მუშაობისას დაგროვილი ინფორმაცია. რა თქმა უნდა,  პირველ რიგში ქალებს, რადგან სწორედ მათ, პირდაპირ ეხება აბორტის თემასთან დაკავშირებული საკითხები და აქედან გამომდინარე სტიგმაც და მისი შედეგებიც.

დავიწყოთ სულ თავიდან და ვაღიაროთ, რომ საქართველოში იმ ქალის მიმართ, რომელიც კანონით დასაშვებ ვადაზე აბორტს იკეთებს უმძიმესი სტიგმა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ქალის და კაცის ურთიერთობის შედეგია, აბორტთან მიმართებით საკუთარი შვილის მკვლელის სახელით მოიხსენიებენ მხოლოდ ქალს, მის სასტიკ დასჯას მოითხოვენ და ტანჯვას უწინასწარმეტყველებენ. ამ ნატარივზე გაზრდილი ქალები, თუ იძულებულები ვხდებით აბორტი გავიკეთოთ, გვჯერა, რომ აწი არაფრის კარგის ღირსები აღარ ვართ და მთელი ცხოვრება დანაშაულის მძიმე განცდით, ცუდის მოლოდინში ვცხოვრობთ. ამით ვაზიანებთ საკუთარ ჯანმრთელობას და გვიჭირს იმ ვალდებულებების შესრულებაც, რომლებიც ოჯახის წევრების, შვილების წინაშე უკვე აღებული გვაქვს.

რაც შეეხება რელიგიური ადამიანების პირად მოსაზრებებს აბორტის თაობაზე, გასაგებია და პატივი უნდა ვცეთ მათ, თუმცა, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორწმუნე ადამიანებსაც ესაჭიროებათ აბორტის სერვისი (მაგალითად, სამედიცინო ჩვენებით). პრობლემურია ფალავანდიშვილ-ვასაძისეული ფსევდო-რელიგიური ექსტრემიზმი, რომელიც სენსიტიურ თემას ფარად იყენებს და ცდილობს საკუთარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პოპულისტური განცხადებებით გაამართლოს, მათი დახმარებით მოიპოვოს მოსახლეობაში ნდობა, რადგან სხვა არაფერი ღირებული შესათავაზებელი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ კანონი, რომლის მიხედვით 12 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა ქალის სურვილით დასაშვებია, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი კანონები ამ ქვეყანაში, ძირითადად, კაცების მიღებულია, რადგან გენდერული უთანასწორობის და დისკრიმინაციის შედეგად საქართველოს პარლამენტი ძირითადად კაცებისგან შედგება. თუ კანონით 12 კვირამდე აბორტი დასაშვებია და ამაზე ჩვენი საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებულია, მაშინ რა მიზანს ემსახურება იმ ქალთა მიმართ სტიგმის შენარჩუნება/გაღვივება, ვინც იძულებულია ამ სამედიცინო ჩარევას მიმართოს? ერთადერთი ლოგიკურად შესაძლო პასუხია – აბორტების შემცირება ან სულაც გაქრობა. ჩვენი, ქალების ინტერესებშია, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ორსულობის დადგომა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს აკრძალვის გზით? სამწუხაროდ, მსოფლიო მასშტაბის გამოცდილება/ფაქტები ცხადყოფენ, რომ შეუძლებელია, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აბორტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზეა აკრძალულია, ადამიანები მაინც მიმართავენ თუნდაც მათი სიცოცხლისთვის საშიშ საშუალებებს. ამასთან, არსებობს აბორტი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, როდესაც ორსულობის შეწყვეტა ქალის სიცოცხლის გადასარჩენად არის საჭირო.

გამოდის, რომ აბორტის საჭიროებას ვერ გავაქრობთ, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ მისი შემთხვევები. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? პირველ რიგში დავარღვიოთ აბორთან დაკავშირებული ტაბუ და მასთან დაკავშირებულ ნარატივში გავაძლიეროთ იმ ქალების ხმა, რომლებსაც უშუალოდ დასჭირვებიათ ან ახლა ესაჭიროებათ ეს სამედიცინო მანიპულაცია. ოღონდ, არა ისეთი ფორმით, რომელიც სტიგმის გაღრმავება დამძიმებას შეუწყობს ხელს. მართალია, სტიგმის შემცველ საკითხზე საუბრისას არსებობს რისკი, რომ სტიგმა გადმოვიდეს იმ ადამიანზეც რომელიც იწყებს ამ საკითზე მსჯელობას, მაგრამ ვინ თუ არა ჩვენ და როდის თუ არა ახლა, როდესაც, თუნდაც, ზემოხსენებული გადაცემიდან ნათლად იკვეთება, რომ საქართველოში კანონით დასაშვებ ვადაში აბორტი ხელმისაწვდომი ყველასთვის არაა.

უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობაში იგულისხმება მისი ხელმისაწვდომობა დროში, ინფორმაციული, ეკონომიკური, გეოგრაფიული, სამედიცინო და სოციალური საკითხების გათვალისწინებით.

რა თქმა უნდა, ყველაფერს ჯობია ახალგაზრდა ადამიანებს, როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს, ჰქონდეთ ცოდნა საკუთარი სხეულების, რეპროდუქციის შესახებ, ჰქონდეთ ინფორმაცია კონტრაცეპციის შესაძლებლობებზე იმისთვის, რომ არასასურველი ორსულობა არ დადგეს.

ასევე, ქალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ორსულობის მცირე ვადაზე უსაფრთხო აბორტის, როგორც პროცედურების, ისე იმ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც შეიძლება მიმართონ.

აბორტი, მასთან დაკავშირებული პროცედურები,  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფასის გათვალისწინებით და ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგალითისთვის, ქუთაისში მცხოვრებ ქალს არ უნდა უწევდეს თბილისში ჩამოსვლა.

ექიმები უნდა იყვნენ ინფორმირებულები უსაფრთხო აბორტის პროცედურების შესახებ და არ უნდა წარმოადგენდნენ ბარიერს მიმართვის შემთხვევაში, არ უნდა ერეოდნენ პაციენტის პირად ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მათ საქიამინობაზე და მიწოდებული სერვისის ხარისხზე მკაცრი ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს.

დასასრულისკენ, ისევ გავამახვილებ ყურადღებას განათლების საკითხზე, რადგან ის არის აბორტების შემცირების ყველაზე ეფექტიანი საშუალება. რეალურად, ვინც სექსუალობასთან დაკავშირებული განათლების წინააღმდეგია და პარალელურად აბორტის აკრძალვის მომხრეა, სინამდვილეში,  ხელს უწყობს აბორტებს და მათ შორის, იატაკქვეშეთში გაკეთებული სახიფათო აბორტების პრაქტიკას.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s