აბორტთან დაკავშირებული ფაქტები, სტატისტიკა და კანონი

მომზადებულია ორგანიზაცია „რეალური ხალხი, რეალური ხედვის“ მიერ

gyn

აბორტი, მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი გინეკოლოგიური პროცედურაა. მისი ჩატარების მეთოდები ყოველწლიურად იხვეწება და უმჯობესდება. ხსენებული მიღწევები მაქსიმალურად არის დანერგილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაშიც. 2018 წელს, საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რიცხვმა 22 733 შეადგინა[1]. სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი წლების განმავლობაში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა, მართალია, კლების დინამიკით ხასიათდება, თუმცა, არაოფიციალურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მზარდია დაურეგისტრირებელი შემთხვევების ოდენობა. საინტერესოა იმ მიზეზების შესწავლა, რის გამოც ქალები, საჭიროების მიუხედავად, სერვისის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ.

ზოგადი სტატისტიკური მონაცემები აბორტთან დაკავშირებით შემაშფოთებელია. მიუხედავად არსებული სამედიცინო მიღწევებისა, ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი აბორტს ისეთ გარემოში იკეთებს, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტს არ შეესაბამება. მათგან 5 მილიონი გართულებებით ხვდება საავადმყოფოში, ხოლო 47 ათასი შემთხვევა სრულდება სიკვდილით[2].

აბორტის გართულების შემთხვევებს, შესაძლოა  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წავაწყდეთ, თუმცა გარდაცვალების შემთხვევების სრული უმრავლესობა, დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებზე მოდის. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მსხვერპლის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე შემცირება ადვილად შესაძლებელია არსებული მიღწევების გათვალიწინებით, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ვერ ხერხდება, სხვადასხვა ბარიერების არსებობის გამო. მათ შორისაა ის ფაქტორი, რომ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სექსუალურ განათლებასა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, რაც თავისმხრივ ხელს უწყობს სტიგმის წარმოების პროცესს. სექსუალური განათლების დეფიციტი მწვავედ დგას ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშიც. მისი ერთ-ერთი შემადგენელი საკითხია სტიგმაც, რომელიც უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის უმნიშვნელოვანესი ბარიერია. სექსუალური განათლების არარსებობა, ნეგატიურად აისახება არასასურველი ორსულობების რაოდენობაზეც.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ აბორტი დაშვებულია ქალის სურვილის საფუძველზე, ორსულობის 12 კვირის ჩათვლით. 13-დან 22 კვირის ჩათვლით, ორსულობის შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებით. ორსულობის შეწყვეტა 22 კვირის შემდეგ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის შესაძლებელი, როგორიცაა ორსულობის გაგრძელების დედის ჯანმრთელობასთან შეუთავსებლობა, ან რიგი თანდაყოლილი ანომალიები.

ქართული კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზად შესაძლოა მივიჩნიოთ ე.წ. 5-დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი, რომელიც დამატებით ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერს ქმნის ქალებისათვის. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ „მონიტორინგმა, სამედიცინო მომსახურების გამწევთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცხადჰყო, რომ აბორტისთვის მოსაფიქრებელი 5-დღიანი პერიოდი, რომელმაც ადრე მოქმედი 3-დღიანი პერიოდი შეცვალა, პრაქტიკაში არ მუშაობს და ვერ აღწევს აბორტების შემცირების ან რაიმე სხვა ლეგიტიმურ მიზანს. პირიქით, იგი ქალებს აბორტზე წვდომის დამატებით, არასაჭირო ბარიერს უქმნისაღინიშნა შემთხვევები, როდესაც 5-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში აღარ დაბრუნდააბორტი სხვა დაწესებულებაში გაიკეთა, ან ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას მიმართა და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით (სისხლდენით) დაბრუნდა იმავე სამედიცინო დაწესებულებაში[3].“

აქვე უნდა აღინიშნოს, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული, არასრულწლოვანი პაციენტების უფლება, რომელიც 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს აძლევს შესაძლებლობას, აბორტის საჭიროების შემთხვევაში, მშობლის ნებართვის გარეშე მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება[4]. ხსენებული კანონის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც ქალებს, არც გოგოებს და ხშირ შემთხვევაში არც უშუალოდ სერვისის მომწოდებლებს, რის გამოც არ ხერხდება მისი აღსრულება. ეს კონკრეტული კანონი კი თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია არასრულწლოვანთა შორის ჯანმრთელობის რისკების შემცირებისა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის. ამას ემატება მომსახურების ფასი, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა და სექსუალობასთან დაკავშირებული ნორმები, რომლებიც განსაკუთრებულად მკაცრია ქორწინებაში არმყოფი არასრულწლოვანი გოგოების მიმართ. ამრიგად, აბორტი, ჩვენს ქვეყანაში რჩება ზრდასრულ ადამიანებზე მორგებულ სამედიცინო მანიპულაციად.

აბორტის სტიგმა ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ადგილობრივად მისი შესწავლის აუცილებლობა და საჭიროება დღემდე დგას. ხშირად აბორტის სტიგმა წარმოადგენილია როგორც ბუნებრივი მოვლენა ან უნივერსალური სოციალური ფაქტი. სტიგმა სოციალური პროდუქტია და მისი წარმოება ადგილობრივ დონეზე ხდება. აბორტის სტიგმა არც ბუნებრივია და არც უნივერსალური, ის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ძალაუფლების გადანაწილებაზე და ასახავს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას. აბორტის სტიგმის წარმოქმნას, დამკვიდრებას და ნორმალიზებას ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები.

აბორტის სტიგმა ყველაზე მძლავრად ისეთ საზოგადოებებშია გავრცელებული, სადაც გოგოები და ქალები განიცდიან დისკრიმინაციას და ეზღუდებათ საბაზისო ადამიანის უფლებები. სტიგმა, დაკავშირებულია განათლების დეფიციტთან, სიღარიბესთან, რელიგიურ რადიკალიზმთან ან არადემოკრატიულ სოციალურ სტრუქტურებთან. ის სწორედ მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანებს არ აქვთ საკუთარ არჩევანზე თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა, მალავენ საკუთარ გამოცდილებას, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები კი გარეშე ადამიანების მიერ კონტროლირდება. აბორტთან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ ადამიანები სდუმან ან მხოლოდ ძალიან ახლო წრეში საუბრობენ, რაც უმეტეს შემთხვევებში ოჯახის წევრებს არ გულისხმობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტიგმის გაძლიერების ერთერთი საშუალებაა  აბორტზე დისკუსიიდან იმ ქალების გამორიცხვა, რომლებიც ამ პროცედურით სარგებლობენმათი ხმის, პოზიციის და საჭიროებების იგნორირება.

აბორტთან დაკავშირებული გამოცდილება, რომელიც უაღრესად ტაბუირებულია, საჭიროებს საჯაროობას, რადგან ქალების გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია აბორტის სტიგმასთან ბრძოლა და ხელმისაწვდომობის ბარიერების აღმოფხვრა. აბორტთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელება, რომელიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული, ხელს შეუწყობს არსებული სტიგმისა და მითების შემცირებას.

ნიშანდობლივია, რომ აბორტთან დაკავშირებულ დისკუსიაში, მისი მოწინააღმდეგეები, ხშირად უგულვებელყოფენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. მაგალითისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ ფიქსირდება აბორტის აკრძალვის პირდაპირი კავშირი დემოგრაფიულ პროცესებთან, მიუხედავად ამისა, ეს არგუმენტი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებულია.

აბორტზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით პატრიარქატულ კულტურასაც, რომლის თანახმადაც, აბორტი, თავისი არსით, ეწინააღმდეგება სამ მნიშვნელოვან ფემინურ იდეალს, როგორიცაა: ნაყოფიერება, დედობა და აღზრდის ინსტინქტი. ხსენებული პრინციპები მკაცრად კონტროლდება პატრიარქატული სისტემის მიერ. აბორტის სერვისით სარგებლობა კი, ერთგვარი გალაშქრებაა ამ იდეალების წინააღმდეგ, რაც  ავტომატურად ახდენს ინდივიდის, როგორც „ცუდი ქალის“ მონიშვნას.  აბორტის სტიგმის წარმოებაში მონაწილეობენ მთავრობები, პოლიტიკური სტრუქტურები, ინსტიტუციები, პოპულარული სამედიცინო დისკურსი და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები[5].

აბორტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ის ჯანდაცვის ერთერთი სერვისია. ჯანმრთელობასთ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ქონა და საჭირო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა კი ადამიანის საბაზისო უფლებაა. ადამიანებს აქვთ უფლება და საჭიროება ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.

 

[1] https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=a9ee8a02-ef7a-4d3a-b510-39aefd5872da

[2] https://www.who.int/reproductivehealth/publications/unsafe_abortion/9789241548434/en/

3] „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება – 2018

[4] https://matsne.gov.ge/ka/document/view/16978?publication=11 (თავი 8, მუხლი 40)

[5] How to educate about abortion: A guide for peer educators, teachers and trainers (IPPF, 2016)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s