კახეთი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გაფართოვების მოლოდინშია 

ირმა კახურაშვილი

5906

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო) 2018 წელს 12179 ადამიანი სარგებლობდა. ერთ-ერთი მათგანი კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები მიხეილია. იმისათვის, რომ თავისი კუთვნილი ყოველდღიური დოზა – 30 მილიგრამი მეთადონი მიიღოს, ის სოფლიდან თელავში ჩასასვლელად ორ ტრანსპორტს ივლის, მერე კი რამდენიმე საათიან რიგში დგომაც უწევს. თუმცა, მიხეილის თქმით, რომ ეს დისკომფორტი ასატანია იმ ადამიანთა დისკომფორტთან შედარებით, ვინც სერვისის მისაღებად სხვადასხვა სოფლიდან თელავამდე ყოველდღიურად 180 კილომეტრს გადის.

საქართველოში უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ჩანაცვლებითი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციის და „ქუჩის ნარკოტიკების“ მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზაა. ქვეყნის მასშტაბით სულ ჩანაცვლებითი თერაპიის 19 განყოფილება და 2 კაბინეტი მუშაობს. სახელმწიფო პროგრამით მიწოდებული სერვისი უფასოა.

თუმცა, ამ ერთი შეხედვით წარმატებულ პროგრამას, თავისი ხარვეზებიც აქვს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩანაცვლებითი თერაპიის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაა, რომელიც ასობით ნარკოტიკის მომხმარებელს არ აძლევს პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას და პროგრამის ეფექტიანობასაც ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს – შორ მანძილზე მოსიარულე პაციენტები ხშირად წყვეტილად იღებენ სერვისს ან იძულებულები არიან დატოვონ პროგრამა. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვლევით (საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა, 2017), ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 56 ათასამდეა.

რუისპირში მცხოვრები 33 წლის მიხეილი მშენებელი და სამი შვილის მამაა. სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით ის ორი წელია სარგებლობს. ყოველ დილით სახლიდან ადრიანად გამოდის, თელავში ცხრა საათზე ჩადის, თორმეტ საათამდე, ხშირად კი პირველის ნახევრამდეც, რიგში დგომა უწევს. ამის გამო არაერთხელ დაუგვიანია სამსახურში. მიხეილივით ამ სერვისს თელავში 200 პაციენტი იღებს.

„დილის ცხრის ნახევრიდან პრეპარატის გამცემ პუნქტთან უამრავი ადამიანი თავს იყრის. ყველა ჩქარობს, ყველას თავისი საქმე და ოჯახი ჰყავს მისახედი. მეთადონს კი მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გასცემენ, რის გამოც სიტუაცია დაძაბულია. ეს არც კლიენტებს სიამოვნებთ და არც ექიმებს. მსმენია, რომ პროგრამის გაფართოვებაზე კახეთში კარგა ხანია საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი იცვლება,“ – გვიყვება მიხეილი.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ამ კონკრეტულ ხარვეზზე და არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს გამუდმებით მიუთითებენ არასამთავრობო და ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები. სახელმწიფო პრობლემას აღიარებს, მაგრამ მის გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

მაგალითად, პროგრამის გეოგრაფიული არეალის გაფართოვების თემამ ჯერ კიდევ GeNPUD-ის 2014 წლის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის უმთავრესი გამოწვევების შესახებ კვლევაში გაიჟღერა. იქვე იყო დასმული პრეპარატის განსაზღვრული დოზის რამდენიმე დღით სახლში გატანების საკითხიც, თუმცა, წლების განმავლობაში არც ამ მიმართულებით შეცვლილა რამე. მხოლოდ დღევანდელ საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის გათვალისწინებით, ჩამანაცვლებელი პრეპარატის კუთვნილი ულუფის გატანება პაციენტებისთვის 5 დღით ხდება, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცვლილება კანონის დონეზე არ განიხილება.

„ჩანაცვლებითი თერაპიში მყოფი ადამიანების უმეტესობა შრომისუნარიანია, ინარჩუნებს ოჯახებს და სოციალური კავშირებს, მაგრამ ასეთ პირობებში ამ პრეპარატის მიღება რთულია. არადა, პროცესისი გამარტივება ელემენტარულად, მეორე ფანჯრის გახსნით შეიძლებოდა,“ – ამბობს მიხეილი.

კახეთის მასშტაბით ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი მხოლოდ თელავშია და რეგიონის რვა რაიონს ემსახურება. მაგალითად, ყვარელში მცხოვრებ პაციენტებს სერვისის მისაღებად ყოველდღიურად თელავამდე 80 კილომეტრის გავლა უწევთ, ლაგადოხელებს – 180 კილომეტრის. მგზავრობისა და გადაადგლებაში დაკარგული დრო, ენერგია, ფინანსური ხარჯი უარყოფითად აისახება პაციენტებზე – 2018 წელს კახეთში პროგრამა 50-მა პაციენტმა დატოვა და ამ პაციენტების ნარკოტიკების მოხმარება-არმოხმარების ისტორია დღესაც უცნობია, სავარაუდოდ, როგორც ხდება ხოლმე, ისინი კვლავ სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებბის მიღებას დაუბრუნდნენ. საქართველოში არ იწარმოება სტატისტიკა, რომელიც ასახავდა ე.წ. წარმატებული ან წარუმატებლად ნამკურნალები ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტების სამედიცინო ისტორიებს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კახეთის ოფისის საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონმა“ 2018 წლის აპრილში პეტიციით მიმართა. პეტიცია კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროსა და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადდა (სათათბიროს წევრები თემის წარმომადგენელები არიან). „ბემონის“ თელავის ოფისის დირექტორ დათო ღონღაძის თქმით, პეტიციით ისინი ითხოვდნენ არა მხოლოდ ერთი დამატებითი თერაპიული ფანჯრის გახსნას თელავში, არამედ პრეპარატის გამცემი ახალი კაბინეტის გახსნას ყვარელში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამისა და მეთადონით თერაპიული პროცესის ეფექტიანობას. ყვარელში არსებული პუნქტი მოემსახურებოდა ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონების პაციენტებს.

პეტიცია ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა და მის ლაბირინთებში ჩაიკარგა. 2019 წლის სექტემბერში მომზადდა კიდევ ერთი მსგავსი მიმართვა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სახელზე. მიმართვაში ისევ გაიჟღერა თხოვნამ სახელმწიფოსადმი, რომ მას მაქსიმალურად დაეჩქარებინა ახალი ჩანაცვლების პუნქტების გახსნა კახეთში.

2019 წლის სექტემბრის ბოლოს სახელმწიფო უწყებიდან ოფიციალური პასუხში მოვიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცნობიერებს კახეთის რეგიონის პრობლემა, მაგრამ რადგან ამ რეგიონში ბევრი სოფელია, სადაც ოპიოიდებზე დამოკიდებული პირები აქა-იქ არიან მიმოფანტულები, სახელმწიფოსთვის ზედმეტად ხარჯიანი იქნებოდა მეთადონით ჩანაცვლების ცენტრების გახსნა. საამისოდ არც საკმარისი ადამიანური რესურსი ჰყავთ ექიმი-ნარკოლოგების, ფსოქოლოგებისა თუ სოციალური მუშაკების სახით.

ამიტომ ცენტრმა ინოვაციური პროექტის სახით შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმს შესთავაზა ჩანაცვლებითი თერაპიის მობილური სერვისი, რომლის პილოტირებაც „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს“ უნდა დაეფინანსებინა.

პილოტური პროექტის მიხედვით, მობილური ლაბორტორიის გამშვები პუნქტი თელავში იქნებოდა. თელავიდან კი მობილური ლაბორატორია ამ მარშრუტით იმოძრავებდა: გურჯაანი – ლაგოდეხი – ყვარელი – თელავი. ლაბორატორის „გაჩერებები“ ჯანდაცვის დაწესებულებების მახლობლად მოეწყობოდა. ეს კომფორტული იქნებოდა როგორც ბენეფიციართა დიდი ჯგუფებისთვის, ისე სახელმწიფოს ნაკლებად დასჭირდებოდა პროფესიული რესურსის გამოყენება.

აღნიშნულმა პროექტმა მიაღწია გლობალურ ფონდამდე და მან დაფინანსების სურვილიც გამოთქვა, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის შეთანხმების პროცესი იმდენად გახანგრძლივდა, რომ „საბოლოოდ გლობალური ფონდის მიერ გამოყოფილი ვადა დასრულდა და პროგრამა ვერ განხორციელდა,“ – ნათქვამია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წერილობით დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აგრძელებს მუშაობას მჩთ-ს გეოგრაფიული გაფართოვების საკითხზე და გეგმავს ცენტრის გახსნას გურჯაანსა და ყვარელში. ამ მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივ სტრუქტურებთან ცენტრისათვის ფართის გამოყოფის თაობაზე. ასევე, ისინი ითვალისწინებენ თელავის ცენტრში დამატებითი ფანჯრის გამართვას.

ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, ის იმედოვნებს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის ისინი  შეძლებენ კახეთის რეგიონში მჩთ სერვისის გეოგრაფიულ გაფართოვებას და ბენეფიციარებისთვის მოსახერხებელი მომსახურების მიწოდებას.

დაპირების მიუხედავად, საქმე ადგილიდან ჯერჯერობით არ დაძრულა. კახეთის გარდა, მსგავსი პრობლემები საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის. მაგალითად, ოზურგეთში (გურიის რაიონი) 300 პაცინტს პრეპარატი ასევე ერთი ფანჯრიდან მიეწოდება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s