ციხეში არსებული ჩანაცვლებითი თერაპია გასაუმჯობესებელია

ირმა კახურაშვილი

images

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია – ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ორ საპატიმრო დაწესებულებაში (თბილისის №8 და ქუთაისის №2) და შეთავაზებულია მხოლოდ მოკლევადიანი დეტოქსიკაციური კურსის სახით. ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში ოჩთ პროგრამა საერთოდ არ მუშაობს. ასევე, ხელისუფლება მზად არ არის იზრუნოს ნარკოტიკების მომხმარებელთა სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებების დანერგვაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პენიტენციურ სისტემაში სერვისები გასაუმჯობესებელია. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ადამიანს ციხეში ყოფნის დროსაც უნარჩუნდება უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურეობა, რაც მოიცავს შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის პრევენციულ და ზიანის შემცირების პროგრამებზე.

 

პრობლემების კასკადი

საქართველოში 2018 წელს ოპიოიდებით ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული 12 179 ბენეფიციარიდან, პენიტენციურ სისტემაში სერვისი 763 ადამიანმა მიიღო. თითოეულ მათგანი იძულებული იყო მეთადონის დოზის სწრაფი კლების რეჟიმში შეეწყვიტა მკურნალობა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ქართულ ციხეებში არსებული ასეთი მიდგომა ან  ნარკოტიკისგან იძულებითი თავშეკავება – არ წარმოადგენს მკურნალობას, არ კურნავს წამალდამოკიდებულებას. ცნობილია, რომ მკურნალობა, რომელიც არასაკმარისი ხარისხისა და ინტენსივობისაა ან ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე არასაკმარისად არის მორგებული, არ ამცირებს ნარკოტიკის მოხმარებასა და რეციდივს.

გაერო-ს მონაცემებით, ციხიდან გათავისუფლებულ პატიმართა 90%-მდე უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას, თუ მათ ციხის პირობებში არ მიუწვდება ხელი ეფექტიან მკურნალობაზე (UNODC, 2003). ასევე, პატიმრებში, რომლებიც ციხეში ვერ იღებენ ადეკვატურ მკურნალობას, გათავისუფლების შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება ზედოზირების შემთხვევები (Merrall et al., 2010). ციხიდან გათავისუფლების შემდგომ ორი კვირის განმავლობაში 12-ჯერ მეტი ალბათობაა იმის, რომ გარდაიცვალოს ყოფილი პატიმარი, ვიდრე ზოგადი პოპულაციის წარმომადგენელი (UNODC/WHO, 2013).

ამიტომ წამალდამოკიდებულების მკურნალობა, ციხის თუ სხვა ტერიტორიაზე, უნდა ხდებოდეს სხვა ქრონიკული დაავადებების მკურნალობის მსგავსად, დიაგნოსტირების და მკურნალობის დაგეგმარების ჩათვლით.

საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში ოპიოიდებით ჩანაცვლებით მკურნალობას არეგულირებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის ერთობლივი ბრძანება N92 N01-26ნ, რომლის თანახმად, 2018 წლის დასაწყისისთვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ხანმოკლე და გრძელვადიანი ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების დაწყებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება. თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს აღნიშნული ღონისძიებების გატარება 2020 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო და დღემდე არ შესრულებულა.

2019 წლის დეკემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტმა და ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიამ“ დაასრულა საინტერესო კვლევა „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს ციხეებში“. კვლევაში წარმოჩენილმა სიტუაციამ, რომელიც ციხეებში წლიდან წლამდე პოზიტივისკენ ნაკლებად იცვლება, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემმა უნდა გააძლიერონ სახელმწიფოს ზემოთ აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე მონიტორინგი და ადვოკაცია პროცესების დასაჩქარებლად.

კვლევაში მონაწილე ჩანაცვლებითი თერაპიის პერსონალის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო ოჩთ-ში ჩართული პაციენტებიდან წელიწადში საშუალოდ 2-დან 15-მდე პაციენტი ხვდება სასჯელაღსრულების სისტემაში. წინასწარი დაკავების საკანში მოხვედრილი ბრალდებული, რომელიც არის სამოქალაქო ოჩთ-ში ჩართული ოჩთ-ში კუთვნილი ულუფას იღებს, მაგრამ განსხვავებულია იმ ადამიანთა  გამოცდილება, რომლებიც დაკავების მომენტისთვის მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და არ იყვნენ ჩართული სამოქალაქო ოჩთ-ში. კვლევის ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ მას არ დაუჯერეს, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს და მისთვის არ იქნა მიწოდებული დეტოქსიკაციის სერვისი.

ძირითად პრობლემად კვლევაშიც დეტოქსიკაციის სწრაფი კურსი სახელდება – 2013 წლამდე საქართველოს ციხეებში დეტოქსიკაციაზე პაციენტები მხოლოდ 2 თვე იყვნენ და მედიკამენტის დოზის ძალიან სწრაფი კლებით ასრულებდნენ კურსს. თუმცა შემდგომ პერიოდში კურსის ხანგრძლივობა 5 თვემდე გაიზარდა, მაგრამ, კვლევის რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ არც ეს არის საკმარისი აღკვეთის სინდრომის მოსახსნელად.

ფაქტს, რომ დეტოქსიკაციის გავლა უწევთ სურვილის მიუხედავად („სავალდებულო დეტოქსიკაცია“), კვლევაში მონაწილე ბენეფიციარების უმრავლესობა უარყოფითად აფასებს, რადგან თვლიან, რომ ყველა პატიმარს უნდა შეეძლოს არჩევა, ჩაერთოს მეთადონით დეტოქსიკაციის თუ გრძელვადიან ჩანაცვლებით პროგრამაში. „შიში გვაქვს დოზის კლების, შიშით ველოდებით დეტოქსის დამთავრებას“ – აცხადებენ ისინი.

ls_medium

პრობლემატურია ქუთაისის ციხის პატიმარი მომხმარებლის გამოცდილება. მას ციხეში ყოფნის პერიოდში მოუწია მეთადონით დეტოქსიკაციის შეწყვეტა, რადგან ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და სავალდებულო გახდა მისი ქსნის დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულები იხდიან სასჯელს, მაგრამ იქ დეტოქსიკაციის სერვისი არ ხორცელდება. რესპონდენტი აღნიშნავს, რომ რთული პერიოდი გაიარა და ის პრეპარატები, რითაც ცდილობდა „ლომკის“ გადაგდებას, არ შველიდა.

კვლევეში ხაზგასმით არის მითითებული ქალი მომხმარებლების სავალალო მდგომარეობა – ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში არ არსებობს ოჩთ პროგრამა და ეს უქმნის დიდ პრობლემებს ქალ პატიმრებს, რომლებიც სამოქალაქო სექტორში იყვნენ პროგრამაში, მაგრამ ციხეში ნაკოტიკებზე უარის თქმა „მშრალად“ უწევთ. ზოგ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, ქალები ქალთა დაწესებულებიდან სპეციალურად მიჰყავთ გლდანის საპატიმროში, რომ მიიღონ მეთადონი.

არანაკლებ რთულია დეტოქსიკაციაში ჩართვა იმ ქალებისთვის, რომლებიც სამოქალაქო სექტორში ოჩთ-ში არ იმყოფებიან, რადგან ვერ ასაბუთებენ აქტიურ დამოკიდებულებას. ასეთ შემთხვევებში ზოგს ტანჯვით გადააქვს აღკვეთის მდგომარეობის პერიოდი.

კვლევაში პრობლემად მოიხსენიება სასჯელის ალტერნატიული ფორმები ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისთვის – მკაცრი არაპროპორციული სასჯელების შედეგად საპატიმროებში ბევრი ისეთი ადამიანი ხვდება, ვინც უფრო დაბალანსებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის პირობებში არ აღმოჩნდებოდა გისოსებს მიღმა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ქვეყანაში სასჯელის ალტერნატივების არარსებობა.

 

ადვოკაცია, როგორც იარაღი

2018 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობის დასანერგად  გლობალურმა ფონდმა გამოიყო თანხა ციხეებში ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობის დასაფინანსებლად. დაფინანსება მიმართული უნდა ყოფილიყო საპატიმროებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და საწყის ეტაპზე პერსონალის შრომის ასანაზღაურებლად. იგულისხმებოდა, რომ მომდევნო ეტაპზე მკურნალობის სრულ დაფინანსებას გადაიბარებდა სახელმწიფო.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს პენიტენციური ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა. ისინი ამბობდნენ, რომ სისტემა მზად არ იყო ყველა დაწესებულებაში ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობის დასაწყებად. მიზეზად სახელდებოდა ინფრასტრუქტურის არარსებობა და კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა. ასევე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შასაძლებელია 2020 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. მანამდე კი, 2019 წლის აპრილისთვის დაგეგმილი იყო გარდამავალი მენეჯმენტის კონცეფციის მომზადება, ხოლო 2019 წლის მაისისთვის – პენიტენციურ დაწესებულებებში წამალდამოკიდებული პირებისათვის გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროებების შეფასების ანგარიშის მომზადება.

2020 წლის 3 თებერვალს სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრმა „თანადგომამ“ იუსტიციის სამინისტროში შეიტანა წერილი.

„ამ წერილით სამინისტროს ვთხოვდით, რომ გაეზიარებინა „გარდამავალი მენეჯმენტის კონცეფციის“ და „პენიტენციურ დაწესებულებებში წამალდამოკიდებული პირებისათვის გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროებების შეფასების ანგარიშის“ დოკუმენტები, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენდით ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარეს. ცენტრი „თანადგომა“ თითქმის 20 წელია მუშაობს პენიტენციურ სისტემაში და ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებლების მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტერვენციების განვითარებას.

მართლაც, ამა წლის 9 მარტს მივიღეთ პასუხი სამინისტროდან, სადაც წერია, რომ „აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს გზამკვლევს თანამშრომლებისთვის და არ არის ხელმისაწვდომი სხვა დაინტერესებული პირებისთვის,“ – გვიყვება პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზების“ ხელმძაღვანელი ვაჟა კასრელიშვილი.

თუმცა, მანამდე 2020 წლის 18-19 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის ინიციატივით თბილისში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „წამალდამოკიდებული პატიმრების რეაბილიტაციის ხელშეწყობა – რატომ უნდა ვიზრუნოთ?“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ვაჟა კასრელიშვილმა მიმართა კითხვით, თუ არსებობდა ის ორი დოკუმენტი, რომელიც ჩვენს წერილში იყო მოყვანილი და თუ მოხდებოდა მათი გაზიარება? ამაზე სამინისტროს წარმომადგენელმა მიპასუხა, რომ ეს ორი დოკუმენტი მზად იყო და როგორც კი მიიღებდა ჩვენს წერილს, გვიპასუხებდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა წერია ანგარიშში ისეთი, რომ ის ხელმისაწვდომი არ არის ფართო საზოგადოებისთვის და შესაძლოა ამის პასუხი იყოს ამონარიდი „ალტერნატივა ჯორჯიას“ კვლევიდან, რომელსაც ვაჟა კასრელიშვილიც ეთანხმება.

„სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ დეტოქსი და შემდგომი (იძულებითი) თავშეკავება უნდა ყოფილიყო აღქმული, როგორც ადამიანის გამოჯანმრთელება. მსგავსი პოზიციის დაფიქსირება მეტყველებს იმაზე, რომ გარდა შესაძლო ინფრასტრუქტურული დაბრკოლებებისა, ხანგრძლივი ჩანაცვლებითი მკურნალობის დანერგვას წინ უდგას პენიტენციური ჯანდაცვის ხელმძღვანელთა არასაკმარისი ცოდნა წამალდამოკიდებულების ბუნებისა და მკურნალობის მიდგომებთან დაკავშირებით.“

„იმედს ვიტოვებთ, რომ ახლო მომავალში ციხეებში ოპიოიდებით გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახდება, ისევე, როგორც წამალდამოკიდებულების მკურნალობის სხვა სერვისები. მანამდე კი ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით, მოვიპოვოთ „პენიტენციურ დაწესებულებებში წამალდამოკიდებული პირებისათვის გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროებების შეფასების ანგარიში” და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელოთ პროცესის ადვოკატირება,“ – ამბობს ვაჟა კასრელიშვილი.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s