ახალი პროექტი დაასაქმებს კიდეც და სტიგმასაც შეებრძოლება 

ირმა კახურაშვილი

 

116697163_583342232300227_282670179764503586_n

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისთან არსებული სათემო საინიციატივო ჯგუფი ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებელ პროექტს ამზადებს – მისი მიზანი მოსახლეობის მარგინალური ჯგუფის წევრთა დასაქმების წახალისებაა, სამუშაოს მაძიებლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დასწავლა.

პროექტის ფარგლებში 5 კანდიდატი შეირჩევა, რომელთა დასაქმებაში ფინანსურ წვლილს ადგილობრივი თვითმართველობაც შეიტანს.  

პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კახეთში, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისის, კავშირის „ნაბიჯი მომავლისკენ“ და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ წევრს შეხვდნენ და თავიანთი პრობლემები გააცნეს. ყველაზე მწვავე პრობლემად კი უმუშევრობა დასახელდა.

მანამდე კახეთის რეგიონის ნარკოტიკებისა მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს წევრებმა წერილობით მოუწოდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს, ქალაქის ბიუჯეტის შემუშავებისას გაეთვალისწინებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებში სპეციფიკური სერვისების მიმღებ ბენეფიციართა ინტერესები – საუბარი იყო ჩანაცვლებით თერაპიაში მყოფ პაციენტებზე, პრობაციონერებსა და იმ პირებზე, რომლებმაც წამალდამოკიდებულება დაძლიეს.

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისის დირექტორი, დავით ღონღაძე განგვიმარტავს, რომ პროექტი საპილოტეა და ბენეფიციარების ექვსთვიანი დასაქმების გარდა, სხვა პოზიტიური მხარეებიც აქვს.

 

-რამდენჯერმე თელავის საკრებულოს წარმომადგენელს გიგა მამუკელაშვილს, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსს გიორგი ენუქიძეს შევხვდით. ჩვენმა ბენეფიციარებმა და სათემო საინიციატივო ჯგუფმა (ის 2017 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის გავრცელების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერა და განხორცილება, ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და სხვ.) ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად დასაქმება დაასახელა. გადავწყვიტეთ ეს პრობლემა პროექტად გვექცია, რათა თელავის საკრებულოსთვის წარგვედგინა.

პროექტის შინაარი ასეთია: ჩვენ – საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სათემო საინიციატივო ჯგუფის წევრები ვეცდებით მოვიძიოთ დამსაქმებლები, რომლებიც გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებს დაასაქმებენ. ხელფასს კი მათ არა მხოლოდ დამსაქმებელი, არამედ ნაწილობრივ ქალაქის თვითმართველობაც გადაუხდის.

პროექტის სამიზნე ჯგუფი ვინ არის, ვის დასაქმებას გეგმავთ?

-ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც დაძლია წამალდამოკიდებულება, ან არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის წევრი, ან წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი, ან პრობაციონერია. ასევე, შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილ პირთა სქესობრივი პარტნიორი, რომელსაც სოციალურად დაუცველთა სტატუსი აქვს.

ასეთი ბენეფიციარების უმეტესობა უმუშევარია. საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და  კანონმდებლობით ჩამორთმეული უფლებების გამო, ისინი ვერ შოულობენ სამსახურს. მაგალითად, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს ჩამორთმეული აქვთ მართვის მოწმობა, რაც მნიშვნელოვნად უზღუდავს დასაქმების შესაძლებლობას, ეკრძალებათ არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, არამედ საჯარო დაწესებულებაში მუშაობა. საჯარო დაწესებულებებში იმის უფლებაც კი არ აქვთ დასაქმდნენ ჩვეულებრივ მუშებად ან დარაჯებად. ამ ადამიანთა მიმართ კანონმდებლობაში ასახული ნეგატიური განწყობა მთელ საზოგადოებაზე გადადის.

2018111020402649821_4ec04013c8e88dfb50119fde7eb54288

-ვინც ჩამოგვითვალეთ, მათ, როგორც წესი, ისედაც ღარიბი სამუშაო გამოცდილება აქვს და ეს კიდევ უფრო არ გაართულებს დასაქმების პროცესს?

-დიახ, ეს მეტ დარტყმას აყენებს მათ სოციალურ მდგომარეობას, ამცირებს ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რიყავს საზოგადოებიდან. უმუშევრობის გამო ბევრი უბრუნდება ნარკოტიკების მოხმარებას. ასე იქმნება მანკიერი წრე, რომლის გარღვევის შესაძლებლობა და რესურსი აქვს მხოლოდ საზოგადოებას და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მმართველობას.

ვფიქრობ, ამ პროექტით დასაქმებული ადამიანები მოიხსნიან სტიგმას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვებათ. იგრძნობენ თავიანთ საჭიროებას, რაც დაეხმარება  რეაბილიტაციაში. მათ ექნებათ შემოსავალი, რომელიც გაუზრდის მოტივაციას. ყველამ ვიცით, რომ ადამიანი, რომელსაც ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია, საკუთარ თვალშიც დისკრიდიტირებულია. დასაქმებით აუმაღლდებათ თვითშეფასება, მათი ცხოვრება უფრო ორგანიზებული გახდება, შეამცირებენ სარისკო ქცევას.

ამ ადამიანების სამუშაო გამოცდილების გრაფაში გაჩნდება ახალი ჩანაწერი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ სხვა დამსაქმებლისთვის ჩვენი პროგრამის კლიენტსუფრო მიმზიდველს გახდის.

ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას, სოციალურ სამსახურთან ერთად, ვთავაზობთ შექმნას მექანიზმი, რომელიც დასაქმების წამახალისებელი პლატფორმა გახდება. მესმის, რომ დასაქმების ბიურო მუნიციპალიტეტის შენობაში არ უნდა გაიხსნას, მაგრამ რაღაც ხელშემწყობი მექანიზმი უნდა არსებობდეს.

-პლატფორმაში რას გულისხმობთ?

-პლატფორმა გულისხმობს ე.წ. დაცული ადგილების შექმნას/მოძიებას ზემოთ ნახსენები კატეგორიის პირებისთვის. დაცულ სამუშაო ადგილად მივიჩნევთ ვაკანსიას ბენეფიციარისთვის, რომელსაც გამოჰყოფს კერძო მეწარმე ჩვენი სათემო საინიციატივო ჯგუფის და ადგილობრივი თვითმართველობის შემადგენლობით. ეს ვაკანსია დროებითია და განისაზღვრება კონკრეტული დასაქმების ვადით, ანუ თითოეული ადამიანის შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 თვეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი.

დაცულ სამუშაო ადგილზე ადამიანი დამსაქმებლისგან მიიღებს ანაზღაურებას, რასაც დაემატება თვეში 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თანხის ოდენობა მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თვითონ შემოგვთავაზა, რაც ჩვენს მიერ თავდაპირველად პროექტში ჩადებულ თანხას სამჯერ აღემატება. ასეთმა თანადგომამ  სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. გამოდის, ექვსი თვის მანძილზე 5 ადამიანისთვის გამოყოფილი თანხა 12 ათას ლარს შეადგენს.

პროექტის მიმდინარეობის მანძილზე კანდიდატებს საინიციატივო ჯგუფი ჩაუტარებს  ტრენინგებს ისეთი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომელიც დაეხმარებიან შემდგომში სამუშაოს მოძიებაში. ისინი ისწავლიან СV-ის, სამოტივაციო წერილის, განცხადების შედგენას, აითვისებენ გასაუბრებაზე გასვლის უნარ-ჩვევებს, სამუშაოს საძიებო რესურსების გამოყენებას, ვაკანსიაზე ელექტროული განაცხადის შევსებას.

-დასაქმებულ ბენეფიციარს მონიტორინგს თუ გაუწევთ?

-აუცილებლად, სათემო საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობაც. გასაუბრებები ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება როგორც დასაქმებულთან, ისე დამსაქმებელთან. ძალიან გვინდა, რომ პროექტში მონდომებული ადამიანები მოხვდნენ.

პროექტში გათვალისწინებული სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, დასაქმებული ადამიანი დამსაქმებლისგან და ჩვენი საინიციატივო ჯგუფისგან დახასიათებას და მომავალ დამსაქმებელთან რეკომენდაციას მიიღებს.

-დასაქმებულთა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდულია? სად წარმოგიდგენიათ ამ ადამიანთ თქვენს რეგიონში დასაქმება?

-დასაქმებული პირი სრულწლოვანი უნდა იყოს. თუ 16-დან 18 წლამდე იქნება, ნახევარ განაკვეთზე შეძლებს მუშაობას.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, კახეთი ღვინის და ხილის მხარეა. სეზონური დასაქმება ვენახში და ბაღებში შეიძლება, მაგრამ უფრო დიდი ხნით მათი დასაქმება კერძო კომპანიებში, საწარმოებში, მეურნეობებში ან მშენებლობაზე წარმომიდგენია.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s