ირმა კახურაშვილი
28 სექტემბერს მსოფლიო უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჯანმო-ს მითითებით, მედიკამენტური აბორტი, მისი განხორციელების წესების დაცვის შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია. რა სიახლეებს გვთავაზობენ ამ მხრივ საქართველოში და რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენთან მედიკამენტური აბორტი?
მედიკამენტური აბორტი ორსულობის ადრეულ ვადაზე ხელოვნური შეწყვეტის მეთოდია, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ის პერორალურად, მედიკამენტების დახმარებით ხორციელდება. საქართველოში, ამჟამად მოქმედი სამედიცინო სქემის მიხედვით, მედიკამენტური აბორტი არაერთი ექიმისა და სამედიცინო მუშაკის მობილიზებით ტარდება და უპირატეს მეთოდად განიხილება. თუმცა, არსებობენ ქალები და სამედიცინო პერსონალიც, რომელიც კვლავ ქირურგიულ მეთოდებს ირჩევს, რაც, ასევე, ამტკიცებს აბორტის სერვისზე განათლების, სოციალური, კულტურალური, ეკონომიკური ფაქტორების უფრო მძაფრ გავლენას, ვიდრე სხვა სერვისებზე.
საქართველოში, მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში, ორსულობის დასადგენად ქალს ჯერ კლინიკაში უტარდება პირველადი კონსულტაცია, რასაც 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა მოჰყვება – ამ დროის განმავლობაში ქალმა საბოლოო გადაწყვიტილება უნდა მიიღოს. მეორე ვიზიტის დროს ის კვლავ აკითხავს ექიმს აბებისთვის, რომლებსაც სახლის პირობებში იღებს. აბების მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ, მესამე ვიზიტისას, ქალს ზოგადი გამოკითხვითა და ექოსკოპიით უდასტურდება, რომ აბორტი წარმატებული იყო.
მსოფლიოში დიდი ხანია არსებობს ალტერნატიული მოდელი, რომლის თანახმად, მედიკამენტური აბორტის პროცედურა შედარებით გამარტივებული და ბევრად კომფორტულია, უპირველსად, პაციენტისთვის. ასევე, ის ზოგავს ექიმის დროს და, საბოლოოდ კი, აუმჯობესებს აბორტზე ხელმისაწვდომობას. ამ მოდელის დამკვიდრებით, განსაკუთრებით პანდემიების პირობებში, შესაძლებელი ხდება სერვისის კომფორტულად მიღება.
ახალი მოდელი სამი ვიზიტის ერთ ვიზიტამდე დაყვანას გულისხმობს. საქართველოსთვის ამ ინოვაციური მოდელის დამკვიდრების პირველი მცდელობა „დიადი გამოწვევები კანადას“ მიერ დაფინანსებული პროექტის – „აბორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში“ (საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქლოგიური ცენტრი „თანადგომა“) ფარგლებში ხორციელდება.
მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ალტერნატიული მოდელის გამოყენებით, მედიკამენტური აბორტი პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმულია, მით უფრო ემოციური თვალსაზრისით. ასევე, დასაშვებია, რომ ის ზოგავს მის ფინანსებს და დროს.
განსაკუთრებით ეს მეთოდი მისაღებია ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად აქვთ ამ სერვისის ადგილზე მიღების შესაძლებლობა. ისინი იძულებულნი არიან მოსწყდნენ საკუთარ ოჯახს, მეურნეობას, სამსახურს, გადალახონ ასობით კილომეტრი, რათა მიაღწიონ ქალაქებამდე, სადაც ამ მომსახურებას მიიღებენ. ამგვარი სერვისი, არანაკლებ მოსახერხებელია იმ ქალებისა და ტრანს კაცებისათვის, ვინ ინტერსექციული სტიგმის მსხვერპლია და საზოგადოდ, აქვს სურვილი მაქსიმალურად შეამციროს დამატებითი კომუნიკაცია მომსახურების მიმწოდებელთან.
საქართველოსთვის ინოვაციური ერთვიზიტიანი მოდელი ასეთია: ქალი აკითხავს სამედიცინო დაწესებულებას ექოსკოპიის ჩასატარებლად და ორსულობის დასადგენად. შემდეგ ექიმი მას ხუთდღიან მოსაფიქრებელ ვადას აძლევს. ამ ვადის ფარგლებში პაციენტი ურეკავს ექიმს და უდასტურებს თავის გადაწყვეტილებას. მანამდე, ექიმთან შეხვედრის დროს და ასევე, სამომავლო სატელეფონო კომუნიკაციისას, ექიმი პაციენტს საქმის კურსში აყენებს და მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდის მედიკამენტური აბორტის თვითმართვის პროცესთან მიმართებაში, მერე კი ფოსტის საშუალებით უგზავნის მედიკამენტებს, საინფორმაციო მასალასა და ორსულობის ტესტს, მათ შორის, საქართველოსათვის სრლიად ახალ მრავალდონიან ორსულობის ტესტს – ტესტი მაღალი სენსიტიურობით ადასტურებს აბორტის დასრულებას/არდასრულებას.
მედიკამენტური აბორტის პროცესში და მას შემდეგ ექიმი სრულად, დისტანციურად არის ჩართული. ის აკეთებს პროცესის სუპერვიზიას, რათა დააკვალიანოს პაციენტი ნებისმიერი ტიპის გართულების დროს. ცნობისათვის, სხვა სამედიცინო მანიპულაციასთან შედარებით, მედიკამენტური აბორტის შემდგომი გართულებები ძალზე იშვიათია და აღწერილი შემთხვევების დაახლოებით 3%-ს შეადგენს, რომლებშიც არაა ნაკვლევი სხვა ფაქტორების როლი.
ახალი მოდელის ტესტირება სამი ქალაქის – თბილისის, ბათუმისა და ზესტაფონის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე მიმდინარეობს. უკვე მოცულია 60 ქალი. კმაყოფილების ხარისხი მაღალია, თუმცა პილოტირების პრ ფარგლებში მუშაობა მიდის სერვისის ტექნიკური ხარვეზების მაქსიმალურად აღმოფხვრაზე.
კვლევამ დამატებით 60 ქალიც უნდა მოიცვას, მათ შორის, სოფლად მცხოვრები და აგრეთვე, იძულებით გადაადგილებული ქალები, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და „აგდებენ“ მესამე ვიზიტს სამედიცინო დაწესებულებაში.
ასევე, დაწყებულია ხარჯეფექტურობის კვლევა – მან უნდა აჩვენოს, დამატებით რა ხარჯის გაწევა ხდება ამ სერვისის ძველი მოდელით მიღებისას და რა რესურსი დაეზოგებათ როგორც პაციენტებს, ასევე, სავარაუდოდ, ექიმებსაც.
აღნიშნულ ბენეფიტებთან ერთად, აბორტის თვითადმინისტრირება პაციენტს ნაწილობრივ დაიცავს სტიგმისგან, რომელსაც ქალები სამედიცინო დაწესებულელებში განიცდიან და ამის უამრავი ფაქტი არსებობს.
ორგანიზაციის „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“ აბორტთან ასოცირებული სტიგმის კვლევაში (2019 წელი, SAAF-ის მხარდაჭერით), საქართველოს 6 რეგიონიდან 200-მდე რეპროდუქციული ასაკის და აბორტის გამოცდილების მქონე ადამიანი მონაწილეობდა. საკვლევ ჯგუფში შედიოდნენ აივ დადებითი, ტრანსი, შშმ, იძულებით გადაადგილებული, სექსსამუშაოში ჩართული ადამიანები, ნიმ/ნიმ-ის პარტნიორები.
„თუმცა, ცხადია, რომ გარკვეული ხარვეზები, რაც აბორტის სერვისის, განსაკუთრებით მედიკამენტური აბორტის შესახებ ცოდნას და სერვისზე ხელმისაწვდომობის ბარიერებს ეხება, მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებში არ არის გენერალიზებული და ზოგადი მოსახლეობის პრობლემასაც წარმოადგენს,“ – განმარტავს ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
კვლევის განხორციელებისას მედიკამენტურ აბორტის დროს განმეორებითი ვიზიტების საკითხი არაერთხელ გაჟღერებულა როგორც ფინანსური ბარიერი, შინამეურნეობის მართვისას პირობებში დიდი დამატებითი ტვირთი, ასევე, სტიგმის გაძლიერების პირდაპირი მიზეზი, კეძოდ, დამატებითი კომუნიკაცია სხვადასხვა მედ/ადმინისტრაციულ პერსონალთან, რაც შეიძლება გაცდეს საჭიროებას.
„განმეორებითი ვიზიტების, ზოგადად, ექიმთან ვიზიტის საკითხი, განსაკუთრებულად მწვავედ დადგა COVID-19-ის კონტექსტში, იმ პირობებში, როდესაც პაციენტისთვის მხოლოდ ფეხით გადაადგილება იყო შესაძლებელი და ყველა სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობა აღარ იყო. აბორტი არ არის ის მომსახურება, რომელიც მოიცდის. ამიტომ ჩვენი პარტიორი ორგანიზაციის „თანადგომას“ მიერ წამოწყებული პროცესი – მედიკამენტური აბორტის ახალი მოდელის პილოტირება, რომელის ერთ-ერთი ჩვენთვის საინტერესო კომპონენტი სწორედაც ვიზიტების რაოდენობის შემცირებაა – ახლა გაცილებით მეტ აქტუალობას იძენს“, – აცხადებს ორგანიზაციის „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“ წარმომადგენელი.
პარტნიორი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში საერთო ტრენინგებს გეგმავენ ე.წ. „ მეგობრული ექიმების“ წრის გაფართოებისთვის. მათ გააცნობენ მედიკამენტური აბორტის სერვისის მიწოდების გამარტივებულ მოდელს, მის სარგებელს – ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე ეპიდემიოლოგიური კოვიდსიტუაციის პირობებში, ასევე, მარგინალური და მოწყვლადი ქალებისა და ტრანს მამაკაცების მედიკამენტური აბორტის ხელმისაწვდომობის ბარიერებს და სტიგმას.
მნიშვნელოვანია, რომ კლინიკური კვლევის ფარგლებში, უკვე შემუშავდა სერვისის მიწოდების პაკეტი-სტანდარტი, ხოლო SAAF-ის მიერ დაფინანსებული პარტიორი პროექტის ფარგლებში კი მუშავდება სერვისის მიწოდების საკომუნიკაციო გაიდლაინი, რომელიც ტელემედიცინის საკითხს მოიცავს და სინქრონიზებულია პილოტირებულ კვლევასთან.
თუ საპილოტო პროექტებმა წარმატებით იმუშავეს, მიღებული მონაცემები და მტკიცებულებები ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნება და, იმედია, სასიკეთო ცვლილებების სახით არა მხოლოდ გაიდლაინშიც აისახება, არამედ პრაქტიკაში დაინერგება, რაც, მათ შორის, პანდემიების პირობებშიც, გაზრდის საქართველოში უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობას.