ირმა კახურაშვილი
33 წლის თორნიკე, რომელსაც ალკოჰოლზე, ნარკოტიკებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებლების 13-წლიანი გამოცდილება აქვს, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, ცენტრ „თანადგომაში“ თვენახევრის წინ მოვიდა. გრემში არსებული ცენტრის შესახებ თორნიკემ მეგობრისგან გაიგო. მისმა მეგობარმაც აქ გაიარა რეაბილიტაცია, თანაც, კარგი შედეგით – ის უკვე დაუბრუნდა ფხიზელ ცხოვრებას და თავის ოჯახს.
თორნიკეს ცენტრის მეორე სართულზე ვხვდებით. ამავე სართულზეა მისი ოთახიც, რომლის ფაჯრიდან შემოდგომისფერი ეზო, ეზოში – ხეხილი და თიხის სახელოსნო ჩანს, შრომითი თერაპიისთვის.
ცენტრს ათი ბენეფიციარის მიღება შეუძლია. სიფხიზლის გამყარებაში მათ პროგრამა „12 ნაბიჯით“ ინსტრუქტორები ეხმარებიან. წლების წინ ისინიც მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ შეძლეს დამოკიდებულების დამარცხება.
ყოველდღიურად ცენტრს ფსიქოლოგიც აკითხავს. ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია და მედიტაცია, ცენტრის ბენეფიციართა თქმით, სამაშველო რგოლია.
თორნიკეს არ ურთულდება საკუთარი ისტორიის გაზიარება. ამბობს, რომ ცენტრში მოსახვედრად დამოკიდებულების მქონე ადამიანს სჭირდება მოტივაცია, რომელიც სიფხიზლის გზაზე მყარ ნაბიჯს გადაადგმევინებს და ასეთივე გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
გარკვეული სარეაბილიტაციო ეტაპების გავლის მერე, თორნიკეს ახლანდელი ამოცანაა მიენდოს საკუთარ თავს – რეაბილიტაციის შემდეგ, მან უნდა იცოდეს, რომ გულგრილად ჩაუვლის მის სახლთან მდებარე აფთიაქს, სადაც სეგატიურ პრეპარატებს ჰყიდულობდა.
თორნიკეს თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრ „თანადგომამ“ უკვე დაუბრუნა 13 წლის წინანდელი ბუნებრივი სიხალისე, ენერგია და ის შეგრძნებები, რომლებსაც ფსიქო-აქტიური ნივთიერებების „დახმარების“ გარეშე ვეღარ იღებდა.
**
-პირველად მოსაწევი მოვიხმარე. მერე მეგობარმა სედატიური პრეპარატი გამასინჯა, ამ ტიპის წამლებს ტრანკვილიზატორებს უწოდებენ. ჯერ სამ დღეში ერთხელ ვსვამდი, დროთა განმავლობაში კი დილის ყავასა და სიგარეტზე 5-6 ტაბლეტის მიყოლება დავიწყე.
მთელი დღე ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. თან ვმუშაობდი, კომპიუტერული ქსელების სპეციალისტი ვარ. შრომა არ მეზარებოდა, მაგრამ, შესაძლოა, მეჩვენებოდა, რომ საქმეს კარგად და ხარისხიანად ვაკეთებდი, არაფერზე ვღელავდი. წამლები სრულ სიმშვიდეს მანიჭებდნენ და კლავდნენ ყველაფერს, რამაც შეიძლება განერვიულოს. ამ ყველაფერს თან მიჰყვებოდა სირცხვილის და სინდისის გრძნობაც.
ასეთი პრეპარატების მიღების მერე, როგორც წესი, წინა დღის 60%-ი არ გახსოვს, გავიწყდება, მაგრამ თუ რამე ცუდი ჩაიდინე და ამას სიფხიზლეში გიამბობენ, საშინელი განცდები და სინანული გეწყება.
ამას ისიც ემატებოდა, რომ აზარტული მოთამაშე ვიყავი, ვიდეოთამაშებიდან დაწყებული პოკერის პროფესიონალურ დონეზე თამაშებამდე. დიდი ფულიც მომიგია.
თუ ალკოჰოლსაც მივამატებდი და ე.წ. „ზამასკაში“ დავრჩებოდი, დედამიწის ზურგზე ყველაზე საშიში ადამიანი ვხდებოდი. შემეძლო მექურდა და ისეთი რამ ჩამედინა, რასაც ფხიზელი არასოდეს გავაკეთებდი. საქმე ისაა, რომ თამაშის მომენტში გრჩება მხოლოდ ცარიელი სურვილი – ითამაშო. „ზამასკაში“ კი საერთოდ მუხრუჭი არ გიმუშავებს.
ახლა მიმაჩნია, რომ ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე მეტად, ადამიანი თავის თავს და საზოგადოებას უკონტროლო თამაშით აზიანებს.
-ოჯახის წევრები არ ცდილობდნენ რაიმე მოემოქმედებინათ?
-ჩემზე გაცილებით უფროს ძმასთან და მის მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი, რომლებმაც მშობლევით გამზარდეს. მშობლები ავარიაში დამეღუპნენ. ჩემი ცხოვრების წესის გამო, ძმასთან კონფლიქტი არაერთხელ მქონია, მაგრამ რამდენადაც შეეძლო, ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა და ის რომ არა, მოვკვდებოდი ან ციხეში წავიდოდი. ბევრ უსიამოვნებას გადამარჩინა. ჩემს დაშვებულ შეცდომებს სულ ასწორებდა, ხშირად ფინანსურადაც.
საერთოდ, დამოკიდებული ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს და იმ ადამიანებისგან, ვისაც არაფერი მოუხმარიათ, რჩევებს არ იღებს, თუნდაც, ისინი მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ამ დროს გულს ბევრს სტკენ, მათ შორის შეყვარებულსაც, რომელიც, პარადოქსულია, მაგრამ შეიძლება თან გიყვარდეს და თან ფული სძალავდე. თუმცა, ადრე თუ გვიან, დადგება მომენეტი, როდესაც ასეთი დამოკიდებულება ურთიერთობას დაანგრევს.
…ბოლოს ყველა ისე გადავიკიდე, თბილისში აღარ დამედგომებოდა, წასასვლელი არსად მქონდა. სტამბულის ავტობუს შევახტი და წავედი. ერთადერთი მგზავრი ვიყავი, ვისაც ჩანთა თან არ ჰქონდა… საზღვარზე რომ გადავედი, აზრზე მოვედი და ღმერთს შველა ვთხოვე. მართლაც მიშველა: ავტოსადგურზე შემთხვევით გავიცანი ქალი, რომელმაც ჭურჭლის მრეცხავად დამასაქმა და ექვსი თვე ასე ვიმუშავე.
მოკლედ, რთული „ბუკეტი“ ვიყავი – „ყველაფერშიკი“.
ნემსის მოხმარება (იგლისხმება ნარკოტიკების ინტრავენურად მოხმარება) 4-5 წლის წინ დავიწყე. მაშინ უკვე ალკოჰოლის დანებების მცდელობა მქონდა.
ეს ასე მოხდა: ერთხელ გავიღვიძე და პირდაპირ ნარკოლოგიურში, ამპულის გასაკეთებლად წავედი. ძალიან გალოთებული ვიყავი, იმ დონეზე, რომ სახლში, მაცივრის საყინულეში, ნახევარლიტრიანი არყის ბოთლი სულ მედო და ვსვამდი.
ამპულის ჩადგმიდან მეორე დღესვე შევნიშნე, რომ სასმელის მიმართ ზიზღი გამიჩნდა. ერთ წელიწადში კიდევ ერთი ამპულა გავიკეთე. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, რაც არ დამილევია.
რაც შეეხება თამაშს, ის სიმთვრალეში მინდებოდა. შუა ქეიფიდან ავდგებოდი და სათამაშოდ წავიდოდი, მაგრამ ამპულის მერე აღმოვაჩინე, რომ თამაშის სურვილი აღარ მაქვს. მთავარია, თავი ვაკონტროლო. მივხვდი, რომ არ უნდა შევიდე საიტზე, არ უნდა ჩავრიცხო ფული. ფხიზელი ამას არ გავაკეთებ, ანუ სიფხიზლე მჭირდება!
თამაშის პრობლემა ამპულამ 90%-ით გადაჭრა.
დალევას რომ შევეშვი, თითქოს ცხოვრება დალაგდა, მაგრამ მერე „ვინტის“ (კუსტარული ნარკოტიკი) ხარშვა დავიწყე.
ნელ-ნელა ნამდვილი ძმაკაცები, ვინც მაფრთხილებდა, რომ ეს კარგი იდეა არ იყო, შემომეცალნენ და მათ „წამლის მეგობრებით“ ჩაენაცვლნენ.
რამდენიმე წლის წინ სეგატიური წამალი, რომელსაც მოვიხმარდი, დეფიციტური გახდა, ბოლოს დახლებიდანაც გაქრა. თავიდან ამან გამიხარდა, მაგრამ როგორც კი ისევ შემოვიდა ბაზარზე, ვიყიდე, დავლიე და ეგრევე დამეძინა, არ იმოქმედა. ერთ კვირაში კი გაუთამამდი და ისევ ჯოჯოხეთი დაიწყო…
-რა არის მთავარი, რაც გჭირდებათ სიფხიზლის შესანარჩუნებლად?
-მოტივაცია, რამე რომ შეცვალო. რაღაც საქმიანი შემოთავაზება გამიჩნდა მეგობრებისგან, მაგრამ გამაფრთხილეს, რომ კატეგორიულად არ უნდა მომეხმარა არაფერი. კიდევ ერთი მოტივაცია ჩემი უმცროსი ძმიშვილია, რომელიც მოსაწევზეა დამოკიდებული. მინდა, რომ დაინახოს როგორ გამოვფხიზლდი, შევიცვალე.
ზოგადად, არეული ცხოვრებაც მომბეზრდა.
რეაბილიტაციის ცენტრში მოსვლამდე გასაუბრება გავიარე. გავიგე, რა სახის რეაბილიტაციას მთავაზობდნენ, რა პირობები მელოდა. თვენახევარია აქ ვარ. არადა, ვფიქრობდი, რომ ერთი თვეც საკმარისი იქნებოდა ჩემთვის. თურმე მეტი დრო უნდა.
პირველივე დღეიდან აქ ყოფნა ინსტრუქტორებთან საუბრებმა გამიადვილა, ასევე, სხვისი ისტორიების გაზიარებამ. ცენტრში ხვდები, რომ აქ შენი სწორად ესმით, რაც გიმარტივებს დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.
ცენტრს კარგი ფსიქოლოგი ჰყავს, პროფესიონალი. ზოგჯერ ჩვენს ემოციებს გვაწერინებს. ნამდვილად არ მეგონა, რომ ქაღალდზე გადატანილი ემოცია ასეთ შვებას მომგვრიდა. წერის დროს ბევრი რამის გააზრება ხდება. ის, რასაც ზოგჯერ საკუთარ თავს უმალავ, სააშკარაოზე გამოდის და თითქოს ისეთი საშიში აღარ არის.
გრემში ჩემთვის მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო. მე თბილისის ცენტრში ვცხოვრობ. ქალაქის ზუზუნსა და ხმაურს, ხალხის მისვლა-მოსვლას ჩვეული ვარ, მაგრამ ადამიანისთვის ეს მაინც სტრესია.
აქ ჩამოსვლისას მობილური ტელეფონი რომ ინსტრუქტორებს ჩავაბარე, აბსოლუტურ სიმშვიდეში აღმოვჩნდი. მოვწყდი იმ წრეს, რომელთანაც ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობდი და მოხმარებისკენაც მიბიძგებდა – გაღვიძებისთანვე მესენჯერში ე.წ. მეგობრების მოკითხვები მხვდებოდა და იწყებოდა „ჩალიჩი“. კი, ამ ადამიანებთან ბევრი ცუდი და კარგი რამ გავიარე, მაგრამ უმეტესობას რაღაცისთვის ვჭირდებოდი, მათთვის მხოლოდ უღალატო „პადდელნიკი“ ვიყავი.
-სიმშვიდის გარდა, ცენტრში რა მოგწონთ?
-რა თქმა უნდა, სიმშვიდე რეაბილიტაციისთვის არასაკმარისია. ჩემთვის მთავარი რეჟიმია: დილით ადრე ადგომა, მედიტაცია, მოწესრიგება, კვება, აქტივობები, შრომა, თავისუფალი დრო, ფსიქოლოგის საათი… მთელი დღე დაკავებული ვარ და ვიძენ ცოდნას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მეხმარება დამოკიდებულების დაძლევაში.
ცენტრში ყოფნის დროს პირველი ორი კვირა არეული ხარ და ლაგდები, შემდეგ ორ კვირას ფსიქოლოგები „თაფლობის კვირებს“ უწოდებენ – სამყარო შენთვის კვლავ ხდება ფერადი, ლამაზი, შენც აქტიურდები, ყველაფერი გიხარია. ამ პერიოდის მერე, განრიგში ვთხოვე ცენტრის ერთსაათიანი გასეირნება შეგვეტანა, ერთფეროვნების განცდის მოსაკლავად. პრაქტიკაში დავნერგეთ ნახევარსაათიანი სეირნობა და ყველას მოგვწონს, პოზიტიური ემოციებით გვავსებს.
-რას შეჰმატებდით გრემის რეაბილიტაციის ცენტრს?
-მაგალითად, კალათბურთის ფარი რომ გვქონოდა ან ჩოგბურთის მაგიდა, კარგი იქნებოდა. უფრო გავჯანსაღდებოდით და გავხალისდებოდით.
ისე კი, გადავწყვიტე გრემში მცირე ხნით კიდევ დავრჩე, მანამდე, ვიდრე საკუთარ თავის ნდობა გამიმყარდება.