გაიზრდება თუ არა ხელმისაწვდომობა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებზე

ირმა კახურაშვილი

69914CC4-DC09-4F7C-857A-5F8A3BEC2504_cx0_cy9_cw0_w1200_r1

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა წელს არ გაფართოვებულა. ქვეყნის მასშტაბით ამ სერვისს ბენეფიციარებს 19 განყოფილება და 2 კაბინეტი აწვდის. სახელმწიფო პროგრამის გარდა, ასევე ხელმისაწვდომია სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპია კომერციულ სერვისცენტრებში.

ჩანაცვლებითი თერაპია პირველად აშშ-ი, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ამუშავდა, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის ერთ-ერთი მიდგომა. ჯანმოს რეკომენდაციით, მას დღესაც აქტიურად იყენებენ მსოფლიო მასშტაბით. განსაკუთრებული ბიძგი პროგრამის ფართო გავრცელებას აივ/შიდსის ეპიდემიამ მისცა. ჩანაცვლებითი თერაპია ნარკოტიკების მომხმარებელთა ამ კონკრეტულ თემში აივ/შიდსისა და ჰეპატიტების გავრცელების შეზღუდვის ყველაზე ეფექტუანი გზაა.

ვინაიდან საქართველოში ინექციურად ნარკოტიკებს 52 ათასზე მეტი ადამიანი მოიხმარს, ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრების რაოდენობა არასაკმარისია – 2018 წელს სახელმწიფო და კერძო პროგრამებში ჩართული იყო 12 179 ბენეფიციარი.

არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ ხარისხიან მკურნალობისა და სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოვებისთვის ბრძოლას.

როგორ შეისმინეს პაციენეტთა ხმა   

საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა პირველად 2004 წელს,  გლობალური ფონდის დაფინანსებით ჩაეშვა. მას მერე მის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხარვეზად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სახელდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები წლებია იბრძვიან, მათ შორის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეგიონში – კახეთში, რომელიც რვა მუნიციპალიტეტისგან შედგება.

კახეთში ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრი მხოლოდ თელავშია. აღნიშნული სერვისის მისაღებად პაციენტებს ხშირად 170 კილომეტრის გავლაც კი უწევთ. დროისა და ენერგიის გარდა, მათ ბიუჯეტს მძიმე ფინანსურ ტვირთად ყოველდღიური სატრანსპორტო ხარჯიც აწევს. ბევრი ბენეფიციარი პროგრამაში დროგამოშვებით დადის ან იძულებულია, რომ პროგრამა დატოვოს (ასეთი წელიწადში 50 პაციენტია).

სულ კახეთის პროგრამაში 200 პაციენტია ჩართული. ამ რეგიონში სახელმწიფო პროგრამის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში საზოგადოებრივმა გაერთიანება „ბემონმა“ ჯერ კიდევ 2018 წელს დააყენა. პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზები – მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად“ ფარგლებში, ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილმა ორმა სტრუქტურამ – ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბირომ და მომხმარებელთა საკითხებზე მომუშავე საინიციატივო ჯგუფმა ჯანდაცვის ინსტანციებს რამდენჯერმე მიმართა.    

„კახეთში ოპიუმის ჯგუფის პრეპარატების მომხმარებლები სჭარბობენ. ამიტომ მეთადონით ჩანაცვლებით თერაპიაზე მოთხოვნა მაღალია. ჩანაცვლებითი პროგრამის გაფართოების თხოვნით ჯანდაცვის მესვეურებს ორჯერ მივმართეთ. 2019 წლის ოქტომბერში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან გვიპასუხეს, რომ სახელმწიფოს ახალი ცენტრების გასახსნელად ფინანსები არ აქვს, თუმცა, 2020 წლის დასაწყისისთვის გეგმავენ, რომ ცენტრები გურჯაანსა და ყვარელში გახსნან,“ – იხსენებს „ბემონის“ თელავის ოფისის დირექტორი, დავით ღონღაძე. 

სახელმწიფოს შეუსრულებელი დაპირების მიუხედავად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პარტნიორთა აქტიურობისა და ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობაზე ზრდის თემის ლობირების შედეგად, თელავის ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრში მაინც მოხერხდა კიდევ ერთი, პრეპარატის გამცემი სარკმელის გახსნა.  

„გვახარებს, რომ ჩვენმა მოთხოვნამ სახელმწიფოს მიმართ შედეგი გამოიღო და პაციენტების საჭიროებების გათვალისწინებით, თელავში მეთადონის გამცემი მეორე სარკმელიც გაიხსნა, რაც პაციენტების რიგს განტვირთავს. ეს კი კოვიდსაშიშ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – აზუსტებს დავით ღონღაძე. 

Covid-19 პანდემიის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელისუფლებამ მეთადონის 5-დღიანი დოზის ხელზე გაცემა გაზაფხულზე შემოიღო, რამაც შეამსუბუქა პაციენტთა ცხოვრება – მათ ყოველდღიურად აღარ უწევდათ პროგრამაში მოსვლა. 8 სექტემბერს კი სახელმწიფომ ეს დადგენილება კვლავ გააუქმა, რაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წერილობით, მათ შორის „ბემონთან“ არსებლმა ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბირომ და მეთადონით ჩანაცვლებითი პროგრამის პაციენტებმაც გააპროტესტეს. რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაჰყვა პაციენტების მოთხოვნას. ახლა ყველა იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს ამგვარი გადაწყვეტილება მყარ საკანონმდებლო დონესაც მიაღწევს.

ახალი მოდული წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის   

ოპიოიდებით მხარდამჭერი მკურნალობის გაფართოვების პრობლემა პენიტენციურ სისტემაშიც დგას.

საქართველო რჩება ქვეყნად, სადაც ხელისუფლება ნარკოტიკების მოხმარებისთვის ბრძოლაში აქტიურად იყენებს სისხლის სამართლებრივ დევნას, რაც ხშირად მთავრდება ხანგრძლივი პატიმრობით იმ ადამიანებისთვის, ვინც ნარკოტიკებს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იძენს. ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით („ნარკოვითარება საქართველოში“, 2018), მსჯავრდებულთა 34,1% სასჯელს სწორედ ასეთი „ნარკოდანაშაულისთვის“ იხდის.

2019 წლის კვლევაში „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს ციხეებში“ (ილიას უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯია“) ნათლად ჩანს, რომ პატიმრებისთვის მეთადონით დეტოქსიკაციის დროს დოზის სწრაფი კლება არასაკმარისია აღკვეთის სინდრომის მოსახსნელად. ასევე, პატიმრებს მწვავე პრობლემად მიაჩნიათ ის, რომ ჩანაცვლებითი თერაპია მხოლოდ ორ კაცთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობს, ქალთა საპატიმროში კი საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

წამალდამოკიდებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტი პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზები – მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უფლებები და ჯანმრთელობის“ ნაწილია.

პროექტის განმახორციელებლი საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომას“ თანამშრომელი, ვაჟა კასრელიშვილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია დიდი ხანია მუშაობს ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ხანგრძლივი მხარდამჭერი თერაპიის დანერგვაზე პენიტენციურ სისტემაში. მისი თქმით, ამ საკითხს ხშირად მხარს უჭერენ სისტემის თანამშრომლებიც, მაგრამ, ამავდროულად, იმასაც აღნიშნავენ, რომ სისტემა მზად არ არის ყველა დაწესებულებაში ჩნაცვლებითი პროგრამის დასაწყებად. მიზეზად კი ისინი ციხეების ინფრასტრუქტურისა და კვალიფიციური პერსონალის არარსებობას ასახელებენ. 

„ციხეებში ოპიოიდებით გრძელვადიანი ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის და წამალდამოკიდებულების მკურნალობის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვას მომავალში ალტერნატივა არ აქვს. ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს მაინც მოუწევს ამ მომსახურებების დანერგვა,“ – დარწმუნებულია ვაჟა კასრელიშვილი. 

მანამდე კი, პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზები – მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ ფარგლებში, „თანადგომა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ციხეში მყოფ წამალდამოკიდებულ პირებზე ორიენტირებულ „გათავისუფლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე  მუშაობს. პროგრამის მიზანია წამალდამოკიდებული პატიმრების გათავისუფლებისთვის მომზადება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წამალდამოკიდებული და ნარკოტიკების მომხმარებელ პატიმრებზე ორიენტირებული „გათავისუფლების მომზადების“ მოდულის შემუშავება, აღნიშნულ საკითხებზე პენიტენციური სისტემის პერსონალის (სოციალური მუშაკების) გადამზადება და საინფორმაციო ბროშურის გამოცემა. ეს აქტივობები ხელს შეუწყობენ როგორც რისკების თავიდან აცილებას, რაც გათავისუფლების შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებას თან ახლავს, ასევე სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

„თანადგომაში“ იმედოვნებენ, რომ მოდული პატიმართა გათავისუფლებისთვის მომზადების სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s