პანკისის ხეობის ქალები

ფოტო და ტექსტი: ნათელა გრიგალაშვილი

ჩემი ფოტოპროექტის თემაა ქალები პანკისის ხეობიდან. ვინ არიან ეს ქალები? რითი ცხოვრობენ? რა უხარიათ და რა სწყინთ? ჩვენს საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპი არსებობს ქალების შესახებ, მათ უფლებებსა და მოვალეობებზე. განსაკუთრებით რთულია ამ სტერეოტიპებთან გამკლავება, როცა საქმე ეხება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს.

პანკისის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია – მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი, საინტერესო ისტორიით, ადათ-წესებითა და განსაკუთრებული თანამედროვეობით.

პანკისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკურად ქისტი მუსლიმია. მათი წინაპრების პანკისის ხეობაში ჩამოსახლება ჩეჩნური თემებიდან ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან დაიწყო. XIX საუკუნეში უკვე ინტენსიურად ხდება ჩეჩენი და ინგუში ოჯახების შემოსვლა. ჩეჩენი ლტოლვილები საქართველომ ჯერ კიდევ პირველი დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში მიიღო. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ლტოლვილი 1990-2000-იან წლებში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს შემოვიდნენ.

პანკისის ხეობაზე, ისე როგორც მთელ საქართველოზე, მძიმედ აისახა ბოლო ათწლეულებში საქართველოში არსებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისები… და უფრო მეტადაც კი. ხეობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ გახდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის „მთავარი თემა“. რამდენჯერმე დაბომბა რუსეთმა, განხორციელდა გახმაურებული სპეცოპერაციები, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი გახდა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) ცალკეული პირების კავშირი. დღემდე სირიაში ათზე მეტი პანკისელი დაიღუპა. თუ რამდენი ხეობელი იბრძვის ექსტრემისტულ სამხედრო დაჯგუფებებში საზღვარგარეთ, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.

პანკისის სოფლებში მცხოვრები ქალები, თითქოს იზოლირებული არიან დანარჩენი სამყაროსგან, ეს ჩაკეტილობა ხელს უშლის მათ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. ხეობაში არსებული კულტურულ-რელიგიური თავისებურებების გამო, განქორწინების შემთხვევაში შვილები მამასთან რჩება, ამიტომაც აქ თითქმის არასდროს მიმართავენ განქორწინებას. მათი უმრავლესობა უსიტყვოდ ემორჩილება ადათ-წესებსა და ტრადიციებს. ისინი აჩენენ და ზრდიან შვილებს, შემდეგ კი ზოგი მათგანი ისე მიდის ომში, დედას არც არაფერს ეკითხება. ყველაფერი იცვლება, რადგან, როგორც აქ ამბობენ, სულ ცოტა ხნის წინ შვილი დედის დალოცვის გარეშე ომში ვერ წავიდოდა.

ყველაფერი იცვლება და მშვენიერი, მებრძოლი, სტუმართმოყვარე, ტრადიციების დამცველი პანკისელი ქალები თანდათან ეხვევიან ჩადრის ჩრდილში და იდუმალებასთან ერთად უცხოვდებიან.

მეორე მხრივ კი, 2015 წელს, პანკისის ხეობაში პირველად დაინიშნა ქალი სოფლის გამგებლად. უხუცესთა საბჭოს ზოგიერთი წევრის, სასულიერო პირებისა და ზოგი ადგილობრივი საჯარო მოხელის წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს პანკისის ხეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს ქალი განაგებს.

1

4

2

3

5

6

7

8

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s