ირმა კახურაშვილი
პირველად აბორტის შესახებ საკმაოდ გვიან, 18 წლის ასაკში გავიგე. მე „სხვა“ თაობა ვიყავი. ჩვენ – „სხვებს“, არც ინტერნეტი გვქონდა, არც ლიტერატურა რეპროდუქციული საკითხების შესახებ, ამაზე არც ოჯახში საუბრობდნენ და თუ მსგავსი თემებით ბიბლიოთეკართან დაინტერესდებოდი, ის მრისხანედ ჩაგეძიებოდა: „რაშია საქმე? რამე ხომ არ მოხდა?“, შემდეგ კი მწველი სირცხვილისაგან მხოლოდ ისღა დაგრჩებოდა, მიწა გაგსკდომოდა და უკვალოდ ჩაეტანე.

აქტიურ ჟურნალისტიკაში რომ მოვხვდი, აბორტებზე ცოტას წერდნენ – ცოტას წერდნენ და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, უმეტესად ქალები. კაცებისთვის აბორტის თემა არაპოპულარული იყო, მათ ის „სუფთა ქალურ პრობლემად“ მიაჩნდათ, პრობლემად, რომელიც უშუალოდ ქალს უნდა მოეგვარებინა.
საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლი ქალს გამუდმებით ამწყვდევდა ვიწრო ჩარჩოში. დღესაც, განსაკუთრებით რეგიონებში, ქალის ხატი, უპირველეს ყოვლისა, სამაგალითო დედობაა. მხოლოდ ამ შემთხვევაშია მიიჩნევა ის „შემდგარ ქალად“ და არავითარ შემთხვევაში მაშინ, როდესაც „შვილის მოცილებას“ ახერხებს.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აბორტი ყველაზე ცუდთან ასოცირდებოდა – სიღარიბესთან, წარუმატებელ სასიყვარულო ამბებთან, მეძავობასთან, უპატიებელ ცოდვასთან, გაუპატიურებასთან და, რა თქმა უნდა, არდაბადებული ბავშვის მკვლელობასთან. ბავშვის, სინამდვილეში კი ნაყოფის, მკვლელობაშიც უმეტესად ქალს ჰკიცხავდნენ, რადგან სწორედ ასეთი პოზიცია ჰქონდა საზოგადოების ყველაზე გავლენიან ნაწილს – ეკლესიას და კანონმდებლებს, რომლებიც აბორტების წინააღმდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან ილაშქრებდნენ. ასეთი მიდგომა, პირდაპირ თუ ირიბად, ქმნიდა იმ ქალის სახებას, რომელსაც, მათი აზრით, არც ღმერთის ეშინოდა, არც დედობრივი ინსტინქტი გააჩნდა და საერთოდ, ცხოვრებისადმი ქარაფშუტული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
აბორტის პრობლემის სხვაგვარად გააზრება და კონსტრუირება, მაგალითად, ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების ჭრილში, საჯარო დისკუსიის გზით, საქართველოში ახლაც გამბედაობას საჭიროებს. ასეთ დისკუსიებში, ობიექტურობის შესანარჩუნებლად, ჟურნალისტები ყოველთვის ნეიტრალურ ველზე ცდილობენ დარჩენას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხშირად ექცევიან რომელიმე ჯგუფის გავლენის ქვეშ.
სწორედ ეს გავლენა განაპირობებს, თუ რა განწყობა-დამოკიდებულება შეუქმნის მედია საზოგადოებას, მსმენელ-მკითხველთა აუდიტორიას, გახდება თუ არა ის სტიგმის გამაძლიერებელი. დავაკონკრეტებ, თუ მედია დომინანტების – სახელმწიფოს ან ეკლესიის რუპორი გახდა, მაშინ სტატიებსა და სიუჟეტებში მეტად გაიჟღერებს ცნება „სულის ხსნა“ და ნაკლებად ქალის რეალური ინტერესი.
მედიას შეუძლია ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ნებიმისმიერი საკითხის მიმართ და რაც უფრო სენსიტიურია თემა, მაგალითად, აბორტის, მით უფრო მარტივია ამით მანიპულირება. ნეგატიური თუ პოზიტიური ტონი, რომელსაც მედია რაიმე კონტექსტის გადმოცემისას არჩევს, გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოებისთვის. მაგალითად, თუ ჩვენ ქალებს წარმოვაჩენთ დამნაშავეებად, ისინი შემდგომშიც იქნებიან ასოცირებულები სხვადასხვა ნეგატიურ სტერეოტიპებთან, საფრთხესთან, რაც სამომავლოდ ავნებს ქალზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მხარდაჭერას.
საეკლესიო პირთა უმეტესობას დღესაც მიაჩნია, რომ ქალზე უკეთ იცის რა სჭირდება მას, იმ ქალს, რომელიც ხშირად ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, სადაც აბორტი, შესაძლოა, ქალის ჯანმრთელობისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის ერთადერთი ხსნა იყოს, ზოგჯერ კი ღირებულებების თავიდან გადაფასების, კონტრაცეფციაზე დაფიქრების შასაძლებლობა, ბოლოს და ბოლოს, მისი ფუნდამენტური უფლებაც.
აბორტისადმი დამოკიდებულების შემსწავლელმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჟურნალისტებს და რედაქტორებს აბორტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. ასეთ კვლევებში მონაწილე ჟურნალისტების უმეტესობა დომინანტურ საზოგადოებრივ აზრს გამოხატავს. საზოგადოებრივი აზრი კი აბორტის მიმართ ნეგატიურია, თუ არ ჩავთვლით გაუპატიურების ისტორიებს.
ქართველ ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება, რომ აბორტებთან დაკავშირებულ მოსაზრებები, რომლებოც ხშირადაა აცდენილი ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებების ვექტორს, სექსუალური განათლების დეფიციტს უკავშირდება. გაუნათლებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სტიგმაც, რომელიც უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ბარიერს წარმოადგენს.
რამ უნდა გაზარდოს მედიას მგრძნობელობა აბორტის თემის მიმართ? გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას:
ამ თემით მას მერე დავინტერესდი, რაც ორი ათასი წლის დასაწყისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში, კრიმინალური აბორტის მოწმე გავხდი. პაციენტი ჩემი ნაცნობი იყო და თავად იპოვა გინეკოლოგი, რომელიც სამუშაო საათების მერე არარეგისტრირებულ აბორტებს შეღავათიან ფასად და აროფიციალურად აკეთებდა.
მან პოლიკლინიკის ჩამოტყავებულ ოთახში, რომელიც საკუჭნაოს უფრო ჰგავდა, ჯერ თანხის გადახდა მოგვთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პროცედურა. მახსოვს, გაცრეცილ გინეკოლოგიურ სავარძელზე ჩემი ჟაკეტი გადავაფარეთ, რომ პაციენტს არ შესცივნოდა. „არ ამიწიკვინდეო“, გააფრთხილა ექიმმა, კარები შიგნიდან გადარაზა და „კიპიწილნიკით“ გამთბარ სათლში ხელები უსაპნოდ ჩაიბანა.
ასეთი კადრი ფილმებშიც გექნებათ ნანახი, მაგრამ ეს კინო არ იყო.
ვიდრე ექთანი პაციენტს მანიპულაციას უტარებდა და თან „ითმინე, ლოგინში ხო კარგად კოტრიალობდის“ დასძახოდა, ძარღვებში სისხლი გამეყინა ჩემი ნაცნობის სიკვდილის შიშით, რადგან მეგონა, რომ ასეთი ამაყი და წესიერი გოგო, ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ვერ აიტანდა. ის კი არც ოხრავდა, დროდადრო მხოლოდ საკუთარ მუშტს კბენდა, რომ არ „ეწიკვინა“, არ ეტირა მოჭარბებული სირცხვილისაგან და ალბათ, შიშისგან.
არასოდეს დამავიწყდება ეს სცენა და დამთრგუნველი ოთახი, სადაც ქუჩაში გამავალი ფანჯრის რიკულზე ვიღაცას მინდვრის ყვავილები მიემაგრებინა, იმედად, სიცოცხლის ჩვეული რიტმით გაგრძელების იმედად.
მაშინ ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა შემეცალა, მეტი მცოდნოდა აბორტის შესახებ.
ახლა კი ორიოდე სიტყვას სირცხვილზეც ვიტყვი – საქართველოში ჟურნალისტებს რცხვენიათ ასეთ თემებზე წერა, უმძიმთ, ეშინიათ და თუ შეუძლიათ, გვერდს უქცევენ, სხვა თემას ანაცვალებენ. ერთხელ ჩემმა კოლეგამ მითხრა, აბორტის გაშუქების მერე, საკუთარ თავთან ბევრი კითხვა გამიჩნდა და თვითჩაღრმავება არ მესიამოვნაო.
თუმცა, რასაკვირველია, ფლაგმანი მედიასაშუალებები აბორტის თემაზე წარმატებით მუშაობენ. პროფესიონალმა რეპორტიორებმა ზუსტად იციან, რომ კარგი მასალის გასაშლელად არასაკმარისია აბორტის სტატისტიკით დაკმაყოფილება, რომ ოფიციალურ პირთა და სააღდგომო ეპისტოლების მიღმა ბევრი პრობლემაა ჩამარხული.
აბორტის თემაზე მუშაობა ნიშნავს გაეცნო კვლევებს, მოაგროვო სპეციალისტების პოლუსური კომენტარები, მოიპოვო ქალის გულწრფელი ისტორია, რომელიც გვიამბობს, თუ რამ გადააწყვეტინა ორსულობის შეწყვეტა, რატომ ვერ დაიცვა თავი არასსურველი ორსულობისგან და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.
აბორტის თემაზე მუშაობის დროს განსაკუთრებით ღირებულია სწორად შერჩეული წყაროები და აქცენტები. ისინი დაგვაზღვევენ სადავო საკითხების ზედაპირული გაშუქებისგან და მასალას დამაჯერებლობას შესძენენ. ჩემი გამოცდილებით, მნიშვნელოვანია კვალიფიციურ ჯანდაცვის სპეციალისტთა, ფსიქოლოგთა და უფლედამცველთა კომენტარების წინ წამოწევა და მხოლოდ ამის შემდეგ, ვთქვათ, რელიგიის წარმომადგენელთა აზრის ფიქსირება (თუ ამის საჭიროება არსებობს). აბორტის თემა იმდენად ემოციური არის, რომ ნამდვილად იმსახურებს მასალაში თავმოყრილი მრავალფეროვანი მოსაზრებების ბალანსს.
ორიათასი წლის დასაწყისში რეპროდუქციული უფლებებითა და ქალთა ჯანმრთელობის თემით ბევრი ჟურნალისტი დაინტერესდა. ხშირად ვესწრებოდით თემატურ სემინარებს. იმ პერიოდში აბორტებიც ხშირი იყო, მათ შორის სახლის პირობებში, ზოგჯერ ლეტალური შედეგით.
ექსპერტები გვასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა გაგვეშუქებინა სენსიტიური საკითხები. გვიხსნიდნენ, რას ნიშნავს ოჯახის დაგეგმვა და სტიგმა, მაგრამ თვითონაც არ იცოდნენ, როგორ გავმკლავებოდით რელიგიურ რადიკალიზმს, მამაოებსა და მრევლს, რომელიც დროდადრო რედაქცია-ტელევიზიებში გვიცვივდება და „ეშმასთვის სულმიყიდულებად“ გვნათლავდა, ამბობდა, რომ ღმერთი დაგვსჯის შვილის მკვლელი დედების მხარდაჭერისთვის. რასაკვირველია, მათ ავიწყდებოდათ ან არ იმჩნევდნენ, რომ თავად მათი მრევლიც, არცთუ იშვიათად საჭიროებს აბორტის სერვისს და ის სწორედ ის სერვისია, რომელსაც მორწმუნეებიც საჭიროებენ.
ასეთ, სენსაციურთან მოსაზღვრე ჟურნალისტურ მასალებს მედია კარგად ჰყიდდა და ჰყიდის. თუმცა, აბორტის თემა, მაშინაც და დღესაც, უფრო „ახალი ამბების“ ფორმატში შუქდება, სადაც აბორტი იშვიათად წარმოჩინდება, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მომსახურება.
აბორტის თემა იშვიათად განიხილება სიღრმისეულად, მაგალითად, მედია არ აშუქებს, თუ რატომ არ მიუწვდება ადამიანს ხელი სექსუალურ განათლებასა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, რატომ არის აბორტების რიცხვი გაცილებით მაღალი, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს, რატომ იდანაშაულებენ ქალები თავს აბორტის შემდგომ.
ჩვენ არ ვწერთ აბორტთან დაკავშირებულ პოზიტიურ გამოცდილებაზე, იმაზეც, რომ მოსახლეობას არ აქვს სათანადო ცოდნა, ოგორ უნდა აირიდოს არასასურველი ორსულობა, იმაზე, რა დამატებითი ძალისხმევა სჭირდება დიდი ქალაქებისგან მოშორებით მცხოვრებ ქალებს ამ სერვისის მისაღებად, არც იმას, თუ რა წვლილი მიუძღის სამედიცინო პერსონალს აბორტთან დაკავშირებული თვითსტიგმის გამყარებაში.
ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ყველაზე უსაფრთხო – მედიკამენტოზური აბორტის შესახებ, მხოლოდ ყურმოკვრით.
და ამის მერე ჩვენ, უბრალოდ, აღარ გვესმის ქალების.
„აბორტი ერთგვარი განაჩენია, რომელსაც ჯერ კიდევ დაუბადებელ ნაყოფს გამოუტანენ ხოლმე მშობლები,“ – სიძულვილის ენით იწყება ჩემ მიერ ინტერნეტით ნაპოვნი პირველივე სტატიის პირველივე წინადადება შეწყვეტილი ორსულობის შესახებ. სტატია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაკომპანიის საიტზეა განთავსებული.
2018 წელს საქართველოში ჩატარებული რეტროსპექტული მედიაანალიზი ადასტურებს, რომ ჟურნალისტები ხშირად იყენებენ მასტიგმატიზირებელ/ექსტრემალურ ენას („აბორტი მკვლელობაა“, „ეს ხომ სიველურეა“) როგორც სტატიებში, ისე სათაურებად. „ყოველივე ეს ჟურნალისტების მცდელობაა, რომ აბორტი წარმოდგენილი ყოფილიყო როგორც ქვეყნის აღსასრულის მაჩვენებელი, ერის გენოციდის მიზეზი და სხვ.“, – ვკითხულობთ კვლევაში.
მარტივი ექსპერიმენტისთვის შეგიძლიათ გუგლის საძიებოში „მედიკამენტოზური აბორტი“ ქართულად ჩაწეროთ და თავად დარწმუნდეთ, რაოდენ ღარიბები ვართ ახალი ინფორმციით და სტატიებით.
ახლა კი, წარმოიდგინეთ, სოფლად მცხოვრები ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადებაც აქვს (არის ნარკოტიკების მომხმარებელი ან აივ ინფიცირებული), რომელსაც აბორტის სერვისი სასწრაფოდ სჭირდება, ასევე, წარმოვიდგინოთ დაბნეული მოზარდი, რომელიც თავის პრობლემას უახლოეს მეგობარსაც ვერ უმხელს და მხოლოდ გუგლის იმედად რჩება. ინტერნეტიდან პასუხად ისინი სტიგმით გაჯერებეულ ძველ სტატიებს ან არაპრაქტიკულ ინფორმაციას იღებენ. ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ექიმის ზედამხედველობის გარეშე შეწყვეტილი ორსულობა საქართველოში კვლავ მოქმედი პრაქტიკაა.
დღეს ჩვენი უმეტესობა ინფორმაციის წყაროდ მედიის ნაცვლად სამეგობრო წრეს, ნაცნობებს და ინტერნეტს იყენებს.
ჩვენ, მედიას, არ გვაქვს ამომწურავი ცოდნა რეპროდუქციულ საკითხებზე, მაგრამ გვაქვს მისი ათვისების სურვილი და, ალბათ, ამის საჯარო აღიარება, განათლებისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.