„აქ არ ფიქრობენ, რომ მომავალი არ გაქვს“

გიგა ცქიმანაური ორგანიზაცია „თანადგომის“ ხშირი სტუმარია. ის აქტიურად არის ჩართული არტ თერაპიისა და ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფებში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის“ ფარგლებში შეიქმნა. გიგამ უკვე დაძლია დამოკიდებულება. ვიმედოვნებთ, რომ მის ისტორიას უკეთესი გაგრძელება ექნება.

 

41725378_2138594459747088_2226754618136723456_n
გიგა, 35 წლის

„ყველაფერი ბაკლოფენის ერთი ტაბლეტით დაიწყო. 90-იანი წლების მიწურული იყო.

ჯერ იმ ერთ აბს ლუდს ვაყოლებდი. ნელ-ნელა დოზაც გავზარდე იმიტომ, რომ „წყალდებოდა“. რაღაც პერიოდის მერე კი 5-6 ტაბლეტიც არანაირ „კაიფს“ არ მაძლევდა. მაშინ ვიდეო ოპერატორად ვმუშაობდი. ქორწილებს, ნათლობებს, სკოლის ბანკეტებს ვიღებდი და ვამონტაჟებდი. ტელევიზიაშიც მიმუშავია.

რა თქმა უნდა, ტაბლეტების მოხმარება ყველაფერში ხელს მიშლიდა. ერთი-ორჯერ ძალიან ცუდად გამხადა და ბაკლოფენზე უარი ვთქვი, მაგრამ სხვა ტაბლეტები ჩავანაცვლე, კუსტარულად დამზადებულ რაღაცეებსაც ვიღებდი, კანაფის სეზონი რომ მოდიოდა, მანაგუას ვხარშავდი და დღეში სამჯერ ვსვამდი.

ბოლოს, თავს შევატყვე, რომ უფსკრულისკენ მივდიოდი, აღარავის ვჭირდებოდი, გოგოები თავს მარიდებდნენ, მეც აღარ შემეძლო ვინმეზე მეზრუნა. საღად ვეღარ ვაზროვნებდი.

მერე იყო პერიოდი, როდესაც ამ ყველაფერს თავი დავანებე, მაგრამ სასმელს მივეძალე. ასე ქალებთან ურთიერთობის დროს ჩემი პრობლემა დიდ პრობლემად არ ჩანდა – ნარკომანი აღარ მერქვა და ისე აღიქმებოდა, რომ უბრალოდ ქეიფი მიყვარდა. ცოლიც მოვიყვანე, მაგრამ ვერ ავეწყეთ და გავშორდი. განშორებამ ისევ სასმელთან მიმაბრუნა. რვა თვის განმავლობაში ალკოჰოლის გარეშე ერთი დღეც არ ჩამიგდია, დილიდან საღამომდე ვსვამდი. მაშინ დედა ცოცხალი მყავდა, მას საკუთარი რესტორანი ჰქონდა და საჭმელ-სასმელი არ მაკლდა.

შემდეგ ჩემ ცხოვრებაში სხვა გოგო გამოჩნდა. დამეხმარა ამ ყველაფრისთვის თავის დანებებაში. ერთხელაც დავითვერი და დაცვის თანამშრომლებთან ძალიან მძიმე ჩხუბი მომივიდა. შვიდი წელი მომისაჯეს. ციხეში ბევრს ვფიქრობდი, ვგეგმავდი, როდესაც  გამოვიდოდი, როგორ ვიცხოვრებდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ციხიდან გამოსულს ცოლი დამცილდა…

2006 წლიდან დღემდე ერთი სავსე ჭიქა ალკოჰოლი აღარ დამილევია. თავი ხელში ავიყვანე – სასმელმა ცხოვრება დამინგრია და გადავწყვიტე აღარ მივკარებოდი.

2010 წელს ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. გამისკდა კუჭი. უმძიმეს მდგომარეობაში, უყურადღებოდ მიტოვებული, სამი დღე გეგუთის ციხის სანიტარულ ნაწილში, იატაკზე დავყავი. სრულიად შემთხევევით იქ მოსულმა სოციალური თანამშრომლებმა მნახეს, ქალაქის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ექიმებმა სიკვდილს ძლივს გადამარჩინეს.

2013 წელს ციხიდან გამოვედ. სამი წელი ეკლესიურად ვიცხოვრე, მაგრამ ოჯახი მეორედ რომ დამენგრა, ისევ დავიწყე სიგარეტის მოწევა, გინება, ეკლესიურ ცხოვრებას თავი დავანებე… იმ დროისთვის მარტო დავრჩი, მშობლები აღარ მყავდა, არც და-ძმა მყოლია. ხშირად ვშიმშილობდი კიდეც… მერე სოციალური დახმარება და პენსია დამინიშნეს. ახლა ყავარჯნებით დავდივარ, ფეხები მიბუჟდება. ახლა ვცდილობ გავიგო რა დიაგნოზი მაქვს და ამაში აქ მეხმარებიან.

ამჟამად მყავს ცოლი, ის ბევრ რამეში გვერდში დამიდგა, თუმცა ფინანსურ პრობლემებს მაინც ვერ დავაღწიეთ თავი.

არტ თერაპიის ჯგუფის შესახებ ჩემი მეზობლისგან გავიგე. თან ძალიან მინდოდა რაიმე ახალი მესწავლა. არ შემეძლო „ბირჟაზე“ დგომა და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც განუწყვეტლივ წამალზე ლაპარაკობდნენ.

„თანადგომაში“ დიდი სიამოვნებით დავდივარ. სულ მინდა, რომ რამე დამავალონ, მართლა სიამოვნებით გავაკეთებდი. აქ ახალი და საინტერესო ადამიანები გავიცანი, რომელთა მიმართ სიმპათია და პატივისცემა გამიჩნდა. ყოველდღიურად დავდივარ. ვსწავლობ კერამიკაზე მუშაობას. აი, უკვე რამდენიმე ჭიქა და ფიალა გავაკეთე. მომწონს ეს საქმე და მგონი, კარგადაც გამომდის. დიდი სურვილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე შევისწავლო.

ჩემთვის ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორი შვილი მყავს – 16 და 14 წლის გოგოები, რომლებსაც ბევრი რამე სჭირდებათ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ აქ, როგორც ოჯახის წევრს, ისე მექცევიან, მეგობრული გარემოა და თავს ჩვეულებრივ ადამიანად ვგრძნობ.

ეს ის ადგილია, სადაც ბევრი დამოკიდებული, გზააბნეული ადამიანი საზოგადოებისკენ მოაბრუნეს, მაგრამ ჯერ მიიღეს და თანადგომა გამოუცხადეს. აქ არ აქვს მნიშვნელობა ნასამართლევი ხარ თუ არა, რადგან პიროვნება ხარ. ყველა თანამშრომელი ცდილობს შენში კარგი დაინახოს და შენ თვითონაც გიჩნდება სიკეთის კეთების სურვილი. აქ გეხმარებიან იმის გაცნობიერებაში ვინ ხარ სინამდვილეში და რისი გაკეთება შეგიძლია.

ბევრგან ნასამართლევი, ყოფილი ლოთი და ნარკოდამოკიდებული ადამიანი მიუღებელია. ელემენტარულ სამსახურსაც ვერ შოულობს. მისი არ სწამთ. აქ კი არავინ ფიქრობს, რომ მომავალი არ გაქვს. კარი ღიაა და თავს ღირსეულ ადამიანად გრძნობ. გარდა იმისა, რომ გეხმარებიან ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევში, გიწევენ სოციალურ თანხლებას, მუდმივად ფსიქოლოგიურ და მორალურ მხარდაჭერას გრძნობ. მოუთმენლად ველი ხოლმე სამშაბათს, როდესაც ფსიქოლოგი გვხვდება და ხუთშაბათსაც, როდესაც კერამიკაზე  ვმუშაობის დღე დგება.

გულწრფელი მადლობა ყველას!“

 

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

 

დატოვე კომენტარი