ზიანის შემცირების ქსელი აპროტესტებს პანდემიის პირობებში ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი პრეპარატის ხელზე გაცემის შეწყვეტას.
18 სექტემბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა ოფიციალური წერილით ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართა.
მიმართვაში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აფიქსირებს თავის პოზიციას ჩანაცვლებით თერაპიაში მყოფი პაციენტებისთვის 5 დღის ულუფის ხელზე გაცემის გაუქმებასთან დაკავშირებით. ქსელში მიაჩნიათ, რომ პანდემიის მომძლავრების პირობებში ამგვარი გადაწყვეტილება არაგონივრულია.
„ნარკოტიკების მომხმარებლები, მათი ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მიეკუთვნებიან ინფექციური დაავადებებისადმი, მათ შორის COVID 19-ით ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფს. პანდემიის პირობებში არსებობს მათი ინფიცირების კიდევ უფრო დიდი რისკი – შესაძლოა, ისინი თავადაც გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. ბენეფიციარებს ჩანაცვლებითი პროგარამის სერვის ცენტრებში მისასვლელად უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა და მათთვის განკუთვნილი ულუფების მისაღებად გრძელ რიგებში დგომა,“ – განმარტებულია მიმართვაში.
ზიანის შემცირების ქსელში მიაჩნიათ, რომ პრეპარატის სახლში გატანების შეწყვეტის ბრძანების გამოცემას, სავარაუდოდ, აქვს რაღაც დასაბუთება, მაგრამ სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნებს.
ზიანის შემცირების ქსელი სთავაზობს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შეიქმნას ჩამნაცვლებითი პრეპარატის გაცემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი, მულტისექტორული გუნდის შემადგენლობით, რომელიც შეიმუშავებს ალტერნატიულ შესაძლებლობებს, რაც შეამცირებს საჯარო ინტერესისთვის ზიანის მიყენების რისკებსა და უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის მედიკამენტის ხანგრძლივი ვადით გაცემას.
ზიანის შემცირების ქსელი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ჩაერთოს სამუშაო პროცესში.