აქტივისტის ჩანაწერებიდან

ირმა კახურაშვილი

DSC00638

2016 წლის სუსხიანი დილაა.

ჩვეულებრივი სამარშრუტოთი სოფელ გრემისკენ მივემგზავრებით, ჩვენ – ორი ჟურნალისტი და რეაბილიტაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, რასაკვირველია, ჩვენთან ერთად მასპინძელიც მოდის – ვაჟა კასრელიშვილი, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომიდან“. „თანადგომა“ საქართველოში ერთ-ერთი ძველი არასამთავრობო ორგანიზაციაა – 2020 წელს მას 20 წელი შეუსრულდა.

სოფელი გრემი ყვარლის მუნიციპალიტეტშია, ალაზნის ვაკეზე გაშლილი. სწრაფცვალებადი კახური პეიზაჟი წვიმის გამო სულ უფრო სევდიანდება და ჯერ არც კი ვეჭვობ, რომ ეს დღე ჩემი მასმედიური ყოველდღიურობის ვექტორს რამდენიმე გრადუსით შეცვლის – მომავალი წლიდან მეც გავხდები პროექტ „აღმოვფხვრათ ხარვეზების“ თანამონაწილე და აქტივისტი, რომელიც ნარკოტიკებსა და სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანთა რეაბილიტაციას უგულშემატკივრებს.    

ამ პროექტზე ბევრს არ ვისაუბრებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან 2011 წლიდან დღემდე საქართველოში ათობით დამოკიდებულების მქონე ადამიანი იხსნა საზოგადოებიდან გარიყვისგან, სტიგმისგან და თუ ხმამამაღალ ნათქვამად არ ჩამეთვლება, ზოგჯერ – ლეტალური დასასრულისგან.   

2016 წელს შემთხვევევით გადავეკვეთე ორგანიზაცია „თანადგომას“ საქმიანობას. გავიგე, რომ მისი სერვისები ორიენტირებული იყო ნაკლებად „ხილვადი“ ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე – კომერციული სექსმუშაკების, პატიმრების, ლგბტ თემის წარმომადგენლების, ტრეფინკის მსხვერპლების, იძულებით ადგილნაცვალი პირების, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების, მათი საჭიროებების გამოვლენასა და საპასუხო ღონისძიებების ადვოკაციის განხორციელებაზე.

ეს ადამიანები ჩემი რესპონდენტებიც იყვნენ. ოღონდ, მათ უმეტესობას ქუჩაში, რეპორტიორული ხრიკებით ვპოულობდი. როგორც წესი, ბევრი უიმედობის ზღვრამდე იყო მისული, პრობლემებში გახლართული და ოჯახის წევრებთან გაუცხოებული. სწორედ ამ თემებზე მუშაობის სპეციფიკამ განაპირობა ის, რომ გრემისაკენ მიმავალ სამარშრუტოში „თანადგომელებთან“ ერთად აღმოვჩნდი.         

…იმ დღეს გრემში საქართველოში პირველი და ახლახან გახსნილი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი მოვინახულეთ. ცენტრში ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს სამ თვემდე რეაბილიტაციას სთავაზობდნენ. ამ ხნის განმავლობაში მათ უანგაროდ ემსახურებოდნენ ფსიქოლოგები, არტ და შრომითი თერავტები, ინსტრუქტორები. სხვადასხვა სარეაბილიტაციო „ალგორითმების“ გამოყენებით ეხმარებოდნენ სიფხიზლის შენარჩუნებაში.  

გრემის ცენტრი რეაბილიტაციის სფეროში პირველი მერცხალია.

ასე შენდებოდა გრემის ცენტრი.Photo0202

გრემის მსგავსი ცენტრის გახსნაზე საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი ამაო დაპირება მოგვცა. ორიათასი წლიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ ასეთ ცენტრს სახელმწიფოც გახსნის, თუმცა, საბოლოოდ, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერაფერი მიიღო. მიუხედავად არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების აქტიურობისა, რეაბილიტაციის თემამ ვერ მიაღწია საპარლამენტო განხილვებამდე.  

წლების განმავლობაში ვერც მომხმარებელთა თემმა მიიღო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება ქვეყანაში, სადაც ათასობით დამოკიდებული პირია, თუნდაც, სატესტო რეჟიმში მომუშავე მცირე სახელმწიფო ცენტრის დაარსებაა. 

საქართველოში 52 ათასზე მეტი ინტრავენური ნარკომომხმარებელია (საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბემონი“ და ფონდი „კურაციო“, 2017 წლის „ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა რაოდენობრივი კვლევა“). რამდენია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, არავინ იცის. ექსპერტთა ვარაუდით, ეს რიცხვი შთამბეჭდავი უნდა იყოს, რადგან სახელმწიფო მათ არასრულყოფილ სამკურნალო სქემებს სთავაზობს. ისედაც, ქვეყნის მკაცრი ნარკოკანონმდებლობის პირობებში ათასობით ადამიანი სახელმწიფო სერვისებს და ცხადია, სტატისტიკის მიღმა რჩება. .     

რაც შეეხება რეაბილიტაციის ცენტრში სიფხიზლის შენარჩუნების მნიშვნელოვნებას – სიფხიზლე დამოკიდებულების მქონე ადამიანისთვის სიცოცხლის თავიდან დაწყებასავითაა. სარეაბილიტაციო ცენტრში ეს ებრძვის ყველაზე რთულს, ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, შემდეგ კვლავ პოულობს ისეთ საკუთარ თავს, როგორიც ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარებამდე იყო. თანდათანობით ადამიანი მოხმარებასთან ასოცირებულ გარემოს წყდება, უბრუნდება ოჯახს, იკრებს მიმოფანტულ მეგობრებს, საუკეთესო შემთხვევაში საქმდება და ხდება თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო და პროდუქტიული.

რეაბილიტაცია მრავალმხრივი ცნებაა და არ შემოიფარგლება რკალად მსხდომი ანონიმური „ნარკომან-ალკოჰოლიკებით“, რომლებიც ერთამანეთს საკუთარ გასაჭირს უზიარებენ, ერთჯერადი ჭიქებიდან ყავას წრუპავენ და ნუშის ორცხობილას აყოლებენ.    

ფსიქოლოგის საათი გრემის ცენტრშიDSC_1816

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მთავარი იდეა სიფხიზლის ხანგრძლივად შენარჩუნებაა, სხვადასხვა მეთოდებით, პროგრამებითა და თერაპიული ჩარევებით და რა სიმბოლურია, რომ ამ იდეის რეალიზება თბილისადან კარგად მოშორებულ გრემში არა სახელმწიფოს დაფინანსებით, არამედ ევროკავშირის გრანტითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „შიდსის ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მეშვეობით, ანუ უკრაინისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.  

ამ ქვეყნებს რეაბილიტაციის სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნიათ. იქაურმა ექსპერტებმა ზუსტად იციან, რომ რეაბილიტაციის წარმატებულ შედეგად ისიც კი მიიჩნევა, როდესაც ოჯახსა და საზოგადოებას თუნდაც ერთი განკურნებული ადამიანი უბრუნდება, ადამიანი, რომელსაც, შესაძლოა არასაამაყო წარსული ჰქონდა. სწორედ ეს ადამიანია იმის სახე, თუ რა ღირებულებებით ხელმძღავანელობს დღეს სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო.    

გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სულისჩამდგმელი ვაჟა კასრელიშვილი ყვება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელი პირველად პოლონეთში ნახა. შემდეგ, უკრაინაში ერთ-ერთი მივლინების დროს, ორი კვირა ასეთივე ცენტრში იცხოვრა და დარწმუნდა, რამდენად ცვლიდა ადამიანებს სწორი რეაბილიტაცია. საქართველოში დაბრუნებულმა კარგახნიანი ძიების შემდეგ კახეთში, გრემში კერძო სახლი იპოვა, დაარწმუნა ორგანიზაცია „თანადგომა“ შეეძინა ის და მოიპოვა გრანტი მის მოსაწესრიგებლად. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანის მიზანდასახულებამ, მონდომებამ და უსაზღვრო შრომისმოყვარეობამ 2016 წლის მერე მეც შთამაგონა რეაბილიტაციის თემებზე საწერად და კიდევ ბევრჯერ დამაბრუნა გრემის ბენეფიციარებთან.  

DSC00363ვაჟა კასრელიშვილი „თანადგომიდან“  

ასე დავიწყე გრემის ისტორიების შეგროვება. ვცდილობდი, პრესტურების ორგანიზებით, გრემში სხვა ჟურნალისტებიც ჩამეყვანა, რათა მათ თავად ენახათ ის პოზიტიური ცვლილებები, რომელსაც აქაური ბენეფიციარები განიცდიდნენ. მათ წარმატებულ ისტორიებს ჩემს ბლოგზე, ხანაც სოციალურ ქსელში ვტვირთავდი. ზოგს შესანიშნავი გამოხმაურება ჰქონდა – სარეაბილიტაციო ცენტრით უმეტესად ინტერესდებოდნენ სხვადასხვა ასაკის წამალდამოკიდებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრებიც. ბევრს უკვირდა, რომ რეაბილიტაციის პროცესსა და კომფორტულ საცხოვრისში თანხა არ უნდა გადაეხადათ. 2020 წლამდე ცენტრის ყველა ხარჯს პროექტი ფარავდა და ეს სრულიად ჯადოსნური ამბავი იყო!

გრემის ცენტრი ჩემთვისაც იმედის, ამავდროულად, სტერეოტიპების მსხვრევის კუნძულად იქცა, მათ შორის იმის, რომ „ნარკომანს ვერაფერი გამოასწორებს“.

ცენტრში მოსული ადამიანები პროგრესულად ტრანსფორმირებოდნენ, სოფლის ძალიან მშვიდ, უსაფრთხო გარემოში, ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ და საათობრივად გაწერილი რეჟიმის დაცვით.

აი, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გრემის ცენტრში ინსტრუქტორებად ყოფილი მომხმარებლები მუშაობენ. ამიტომ მათთვის წამალდამოკიდებული თუ სხვა დამოკიდებულების მქონეთა პრობლემები თეორიული ამბავი როდია. ამ ვიდეოთი გრემის ცენტრის ორ ინსტრუქტორს – მანანას და ლევანს გაგაცნობთ:   

გრემს თავისი თიხის სახელოსნოც აქვს. ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, ცენტრში ფსიქოლოგი დადის. ტარდება სხვადასხვა სახის თერაპიები, მედიტაციები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს ბენეფიციარების ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

თუმცა ზოგჯერ ყველაფერი არც ისე იდეალურადაა. სულ ახლახან ჩემი პირველი რესპონდენტი გრემიდან დაიღუპა. მას სამჯერ ჰქონდა ალკოჰოლიზმისგან თავდახსნის სამწუხაროდ უშედეგო მცდელობა…

მაგრამ ცენტრში გაცილებით მეტია იმედიანი შრომა და დროულად გაწვდილი დახმარების ხელი.  

წამალდამოკიდებულება (ხშირად სხვა ტიპის დამოკიდებულებაც) ქრონიკული დაავადებაა. ამიტომ ადამიანი საჭიროებს ხანგრძლივ, დაკვირვებით მკურნალობას და რეაბილიტაციას, რისთვისაც ხმაურიანი ქალაქებიდან განრიდებულ გრემში საუკეთესო პირობებია შექმნილი.

„გრემში ჩამოსვლისას მობილური ტელეფონი ინსტრუქტორებს ჩავაბარე, ასეთი წესია და აბსოლუტურ სიმშვიდეში აღმოვჩნდი. მოვწყდი წრეს, რომელთანაც ყოველდღიურად ვურთიერთობდი და რომელიც მოხმარებისკენაც მიბიძგებდა. თუმცა, მხოლოდ მშვიდი გარემო რეაბილიტაციისთვის არ კმარა. ჩემთვის მთავარი აქაური რეჟიმია: ადრე გაღვიძება, მედიტაცია, მოწესრიგება, კვება, აქტივობები, შრომა, თავისუფალი დრო, ფსიქოლოგის საათი. მთელი დღე დაკავებული ვარ და ვიძენ ცოდნას, რომელიც მეხმარება დამოკიდებულების დაძლევაში. პირველი ორი კვირა არეული ვიყავი, მომდევნო ორ კვირას ფსიქოლოგები „თაფლობის კვირებს“ უწოდებენ – სამყარო კვლავ ხდება ფერადი, ლამაზი, ყველაფერი გახარებს,“ – ყვება თორნიკე, რომელიც ცენტრში რეაბილიტაციას დღესაც აგრძელებს (სრულად ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ ბლოგზე  https://bit.ly/3frVGWL).

გრემის ცენტრის თიხის სახელოსნოIMG_1175

ამჟამად გრემის ადმინისტრაცია ცდილობს ცენტრის მესამე სართულის გარემონტებას. აქ გამაჯანსაღებელი სივრცე და ბიბლიოთეკა მოეწყობა (თუ თქვენ გაქვთ წიგნები, რომელსაც ცენტრისთვის გაიმეტებთ, შემეხმიანეთ. გრემელები მათ აუცილებლად წაიკითხავენ! მიპოვეთ ფეისბუქზე Irma Kakhurashvili).     

ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნოს რეაბილიატაციის სერვისების განვითარებაზე. დღეს სახელმწიფოს დაფინანსებით თბილისში მხოლოდ სამი დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობს, ისიც ნარკოლოგიის ცენტების ბაზებზე და არასადღეღამისო რეჟიმით. რეაბილიტაციის გავლა ამ ცენტრებში მხოლოდ ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართულ პაციენტებს შეუძლიათ. ასევე, თბილისშივე მოქმედებს კიდევ ორი არასადღეღამისო კერძო ცენტრი.

საქართველოში რეაბილიტაციის მიმართულებით არსებული გამოცდილება მწირია. არადა, დამოკიდებულების მქონე ადამიანის სრულყოფილი განკურნება რეაბილიტაციის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. კვლევებით დადასტურებულია, რომ დამოკიდებულების მკურნალობის პროცესი მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც მედიკამენტურ თერაპიას ფსიქო-სოციალური თერაპიაც მისდევს.

სარეაბილიტაციო ცენტრებში ადამიანები არა მხოლოდ ფხიზლად ცხოვრებას სწავლობენ, არამედ იცვლიან ხედვას სამყაროს მიმართ, უკეთ იწყებენ საკუთარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გაცნობიერებას ოჯახის, საზოგადოების წინაშე.

რეაბილიტირებული მომხმარებლები ხშირად ხდებიან სხვა მომხმარებელთა გამოჯანმრთელების მოტივატორები, ქომაგები, ერთვებიან მათი უფლებების ადვოკატირების პროცესებში.    

გრემის ცენტრი, რომელსაც ზრუნვა სულ ათ ბენეფიციაზე შეუძლია, სახელმწიფოსთვის შეიძლება გახდეს ერთგვარი მინიმოდელი, ასევე, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის მაგალითი, არსებული რესურსისა და პროფესიონალი კადრების გამოცდილების გაზიარებით. ორგანიზაცია „თანადგომამ“ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა, ახლა კი ყველაფერი სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისები მოწყვლადი ჯგუფებისთვის საქართველოსთვის მტკივნეული თემაა და მათ გაუმჯობესებაში გრემის პირველ სადღეღამისო ცენტრს თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ძალუძს.

DSC00502გრემის ფსიქო-სოციალური ცენტრი „თანადგომა“ ამჟამად. 

2019 წელს გრემის ცენტრის მესვეურთა ინიციატივით, ნარკოპოლიტიკის თემებზე მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები გაერთიანდნენ ნარკოლოგიური ცენტრისა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის რამდენიმე წევრთან ერთად და შეიმუშავეს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კონცეფცია, რომელსაც სახელმწიფოს შესთავაზებენ.

კონცეფციაში საუბარია ფსიქო-სოციალური დახმარების კონკრეტულ მიდგომებზე, კერძოდ, ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის მიერ (EMCDDA) შემოთავაზებულ ძირითად მიდგომებზე – კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, საოჯახო თერაპია, თვითდახმარების ჯგუფები და სხვ.

რეაბილიტაციის კონცეფციაზე მუშაობა. 66377921_671378119991676_3809149723944681472_n

მნიშვნელოვანია, რომ კონცეფციაში დათვლილია, თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს ასეთი ცენტრების გახსნა. საუბარია ორი სახის სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებაზე – რეზიდენტულსა და ამბულატორიულზე. ამ მოდელით ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხანგრძლივობა 6 თვეა. აქედან, პირველი 3 თვე შესაძლოა პაციენტმა მიიღოს სერვისი რეზიდენტულ ან ამბულატორიულ ცენტრში. მეორე 3-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი მიმდინარეობს ამბულატორიულ ცენტრში. რეზიდენტული ცენტრი წლის მანძილზე მოემსახურება 60 პაციენტს.

ერთი პაციენტის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 700ლარს. ერთი რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრის სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში წლის განმავლობაში სერვისის ღირებულება შეადგენს 300 000 ლარს.

კონცეფციის ავტორთა გათვლებით, ამბულატორიული ცენტრი წლის განმავლობაში მოემსახურება 120 პაციენტს; ერთი პაციენტის მომსახურების ღირებულება შეადგენს 500 ლარს. ერთი ამბულატორიული სარეაბილიტაციო ცენტრის სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში წლის განმავლობაში სერვისის ღირებულება შეადგენს 180 000 ლარს (რეაბილიტაციის ახალი მოდელის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბლოგზე https://bit.ly/3kWT1Wd)

ფსიქო-სოციალური ცენტრის გახსნა არცთუ დიდი ფუფუნებაა სახელმწიფოსთვის, მით უფრო, რომ არსებობს გრემის „ცოცხალი“ ცენტრი და, მაშასადამე, მისი მართვისა და „შენახვის“ გამოცდილება.

სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის ეფექტურობა მაღალია მხოლოდ მაშინ, როდესაც დამოკიდებულების დიაგნოზის დასმისა და დეტოქსიკაციის კურსის შემდეგ, პოზიტიური შედეგი რეაბილიტაციით გამყარდება. სხვა შემთხვევაში დაავადების რეციდივები გარდაუვალია და ქვეყანას მუდმივად ეყოლება „წრეზე მოსიარულე“ მომხმარებელი ადამიანები.

გრემის ცენტრი, სადაც რეაბილიტაცია 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, ორგანიზაცია „თანადგომას“ არა რიგითი „პროექტული პროდუქტია“, არამედ გაცილებით მეტი ღირებულის მქონე ადგილი. ეს არის ტერიტორია, სადაც გეძლევა რეალური შანსი დაუბრუნდეს საზოგადოებას და ნორმალურ ცხოვრებას, ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის გარეშე.

ეს არის ადგილი, სადაც თვითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასი ნამდვილად იციან.

დატოვე კომენტარი