ტელეაბორტი – გონივრული ალტერნატივა

მკვლევართა დაკვირვებით, ლოქდაუნის შედეგად შესაჩნევად გაიზარდა „ტელეაბორტების“ პოპულარობა – პროცედურა, რომელიც არ საჭიროებს ქალის კლინიკაში მისვლას. ტელემედიცინის წყალობით, ქალი კონსულტაციას და სამედიცინო დახმარებას დისტანციურად, ტელეფონით ან ინტერნეტით იღებს.

აბორტის უფლებისთვის მებრძოლთა განცხადებით, მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში ტელემედიცინის სიკეთით სარგებლობა აუცილებელია, რადგან ამ მეთოდით აბორტი თანაბრად ხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობის ყველა ფენისთვის, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

როგორ მუშაობს „აბორტი ტელეფონით“, რამდენად უსაფრთხოა ის, შესაძლებელია თუ არა მისი დამკვიდრება ქვეყნებში, სადაც ამის გამოცდილება არ არსებობს? ამ კითხვაზე  დღევანდელი ბლოგით გიპასუხებთ.  

ვისთვისაა გამოსადეგი ტელეაბორტის სერვისი

პანდემიამ მსოფლიოში ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მოდელები შეცვალა, მათ შორის აბორტის მიმართულებით.

„ბი-ბი-სის“ ერთ-ერთი სტატია (https://bbc.in/34LegEz) მოგვითხრობს პორტუგალიელ ბორტგამცილებელ ქალ ისაზე, რომელმაც ორსულობის შესახებ გასულ წელს, გაგანია პანდემიაში შეიტყო. სწორედ მაშინ ბევრმა ქვეყანამ მკაცრი საკარანტინო ზომები მიიღო და საზღვრები ჩაკეტა. ამის გამო ისა გერმანიაში ჩარჩა, მისი პარტნიორი მამაკაცი კი საფრანგეთში.

ისამ იცოდა, რომ შვილს ვერ გააჩენდა. დაუგეგმავმა ორსულობამ, თანაც, უცხო ქვეყანაში, სადაც დროებითი ბინაც კი გაჭირვებით მონახა, ძალიან შეაშინა. ისას თქმით, აბორტი რომ არ გაეკეთებინა, დიდი ალბათობით, საკუთარი ბავშვის გაშვილება მოუწევდა.

პანდემიაში ისას მდგომარეობაში მილიონობით ქალი აღმოჩნდა. ორგანიზაცია Marie Stopes International-ის შეფასებით, საკარანტინო პერიოდში უსაფრთხო აბორტის პროცედურებზე წვდომა 9.5 მილიონ გოგონას და ქალს შეეზღუდა.   

გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, იმის გამო, რომ სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად გადაერთო პანდემიასთან საბრძოლველად, შეიზღუდა მოქალაქეების გადაადგილება ქვეყნების შიგნით, ხოლო ინფიცირების შიშით უამრავმა ქალმა უარი თქვა სამედიცინო ვიზიტებზე კლინიკებში, დაირღვა წვდომა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე.  

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში აბორტები არავის აუკრძალავს და საავადმყოფოებიც ჩვეული რითმით მუშაობდნენ, ისა თავს არიდებდა ექიმთან ვიზიტს – ჯერ ერთი, ენობრივი ბარიერი აფერხებდა, მეორე – შიშობდა, რომ შეიძლებოდა ვინმეს გაეკიცხა. ფინანსური პრობლემების გამო, ქალმა ვერც კერძო კლინიკას მიმართა.

ინტერნეტში ისამ ორგანიზაცია Women On Web იპოვა, რომელიც ქალებს უსაფრთხო მედიკამენტური აბორტის ჩატარებაში დისტანციურად, სახლის პირობებში ეხმარებოდა.  

ბევრ ქვეყანაში (მაგალითად, ბრიტანეთში, ირლანდიაში, მოლდოვაში) მსგავსი ორგანიზაციებთან ჯანდაცვის სამინისტროებთან თანამშრომლობენ, რის შედეგადაც აღმასრულებლი ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობისა და აბორტთან დაკავშირებული შეზღუდვების თუნდაც დროებით გამარტივებას.  

Women On Web-დან ისამ პასუხად წერილი მიიღო, სადაც აბორტის ყველა სხვა უსაფრთხო ვარიანტი იყო აღწერილი, რაც კი გერმანიაში მისთვის შეიძლებოდა ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მას განუმარტავდნენ, რომ ტელემედიცინა ის საშუალება იყო, რომლითაც მაშინ უნდა ესარგებლა, თუ ორსულობის შესაწყვეტად სხვა მეთოდებს ვერ იყენებდა. ისამ 25-კითხვიანი კითხვარიც შეავსო, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგინდა და სადაც, ასევე, მიეთითებინად, რომ მედიკამენტური აბორტი ყველასათვის უსაფრთხო როდია.  

Women On Web ტელეაბორტების სერვისს კანადაში 2005 წლიდან ახორციელებს. ორგანიზაცია ათობით ქვეყანაში მუშაობს და თავის მომსახურებას 22 ენაზე უზრუნველყოფს. პანდემიის პერიოდში მასზე მოთხოვნილება განსაკუთრებითაა გაზრდილი.  

ისას და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის მიმოწერა სამი დღე გაგრძელდა, ორი კვირის შემდეგ კი ქალმა მედიკამენტური აბორტისთვის საჭირო აბები ფოსტით გამოგზავნილი კონვერტით მიიღო.  

Women On Web-სთვის ე.წ. „ტელეაბორტი“ საქმიანობის არა ერთადერთი სფეროა. ეს ორგანიზაცია ქალებს კონტრაცეპტივების მიღებაში ეხმარება, უწევს კონსულტაციას აბორტის შესახებ, აორგანიზებს სხვადასხვა საზოგადოებრივ კამპანიას. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობა დიდწილად ქალის სოციალურ სტატუსზეა დამოკიდებული და პრობლემურია მოწყვლადი ჯგუფებისათვის.   

იმ ქვეყნებში, სადაც აბორტი ლეგალურია, ხშირად ის მიუწვდომელია ქალებისთვის, ვისაც ამის საშუალება არ გააჩნია. მაგალითად, შეიძლება სოფელში მცხოვრებ ქალს არ ჰქონდეს ფული უახლოესი ქალაქის კლინიკამდე მისასვლელად, სადაც ექიმი საჭირო მედიკამენტებს დაუნიშნავს, შეიძლება არ ჰყავდეს შვილების დამტოვებელი, ვერ აცდენდეს სამსახურს, ვერ წყდებოდეს საოჯახო მეურნეობას.

და პირიქით – ქვეყნებში, სადაც აბორტი იკრძალება, ქალები მაინც პოულობენ არასასურველი ორსულობისგან თავის დაღწევის გზებს. მაგალითად, პოლონეთში აბორტის მსურველი ქალები, ქვეყანაში არსებული აკრძალვების გამო, გერმანიაში გადადიოდნენ და აბორტს იქ იტარებდნენ.

აბორტი ბევრ ქვეყანაში იკრძალება, მათ შორის ეგვიპტეში, ვენესუელაში, ბრაზილიასა და არგენტინაში. თუ ორსულის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე არ ემუქრება და ის  აბორტს იკეთებს, მას პატიმრობა ელის. სალვადორში კი კანონი კონტრაცეფციაცაც კი კრძალავს.

კიდევ ერთხელ მედიკამენტური აბორტის შესახებ

ისა იხსენებს, რომ მედიკამენტური აბორტის გამოცდილება ფიზკურად არცთუ უმტკივნეულო იყო. პირველ აბს, მიფეპრისტონს, მან სამი საათის შემდეგ მეორე აბი – მიზოპროსტოლი მიაყოლა. მიუხედავად იმისა, რომ წამლის მიღების შემდეგ რამდენიმე საათიანი მტკივნეული სპაზმი დაეწყო, ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა. ერთ კვირაში, შემდეგ კი სამი კვირის მერე, მას Women On Web-დან დაუკავშირდნენ და მისი ჯანმრთელობა მოიკითხეს. გართულებების შემთხვევაში, ორგანიზაცია ისას რეალურ კლინიკაში გადაამისამართებდა. საქმე ისაა, რომ რიგ ქვეყნებში აბორტის შემდეგ უფრო ადვილია სამედიცინო დახმარების მიღება, ვიდრე თავად აბორტის გაკეთება.

სპეციალისტთა რჩევით, აბორტის მერე ქალისთვის არასასურველია ფიზიკური დატვირთვა, ჰიპოთერმია, ცხელი აბაზანის მიღება და სხვ. მან დროულად უნდა დაცალოს შარდის ბუშტი და ნაწლავები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პირად ჰიგიენას და ზოგად ჯანმრთელობას.  

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტური აბორტი გამორიცხავს საშვილოსნოს ღრუს დაზიანების რისკს, არ საჭიროებს ანესთეზიას (კვერცხუჯრედი „თავისით გვტოვებს“, უხეში ქირურგიული ჩარევის გარეშე), არ არსებობს ჰეპატიტებით, აივით დაინფიცირების ალბათობა. მედიკამენტური აბორტი პრაქტიკულად არ განსხვავდება ძლიერი მენსტრუაციისგან და ქალისთვის ფსიქოლოგიურად აღიქმება, როგორც ბუნებრივი პროცესი; ის საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ რეზუს პრობლემა – კონფლიქტი დედასა და ნაყოფს შორის და, რაც მთავარია, უარყოფით გავლენას არ ახდენს შემდგომში შვილის გაჩენის შესაძლებლობაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ჩატარებული 56 მილიონი აბორტიდან 22 მილიონი სახიფათოა, რადგან მას არაკვალიფიციური ექიმები ატარებენ ან ის არაადეკვატურ პირობებში ტარდება. ასეთ აბორტებს გართულებები ახლავს და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ჯანმო იმუშავებს განათლების პოლიტიკას, პირველ რიგში, მედიკამენტური აბორტის  ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ეს სქემები განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს არის მიფეპრისტონის მიღება (პირის ღრუთი), შემდეგ კი მიზოპროსტოლი განთავსება საშოში ან ენის ქვეშ.

ორსულობის მედიკამენტური გზით შეწყვეტის ეფექტიანობა დადასტურებულია და შეადგენს 99%-მდე და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალის ჯანმრთელობისთვის ის უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს, ვიდრე ორსულობის ქირურგიული გზით შეწყვეტა. გარდა ამისა, მედიკამენტური მეთოდი ბევრად უფრო კომფორტულია: ის მართლაც შესაძლებელია განხორციელდეს ტელემედიცინის დახმარებით, დისტანციურად. ქალი აბებს მისთვის ჩვეულ გარემოში, შინ იღებს და აკონტროლებს განვითარებულ სისხლდენას, გარკვეული დროის შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესში ექიმსაც რთავს.

თუმცა, ცხადია, ნებისმიერ აბორტს, მედიკამენტურის ჩათვლით, თან ახლავს გარკვეული რისკები. მაგალითად, აღნიშნული წამლები არ უნდა მიიღონ ქალებმა, რომლებსაც აქვთ სისხლის შედედების პრობლემები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ საშვილოსნოსგარე ორსულობა ან სპირალს იყენებდნენ. ეს ყველაფერი ექიმთან კონსულტაციის ეტაპზე ინტერნეტით ან ტელეფონით დეტალურად განიხილება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედიკამენტური აბორტის ღირებულება გაცილებით დაბალი და მომგებიანია როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე პაციენტისთვის – მედიკამენტების ნაკრები და ერთი სპეციალისტის მომსახურება, მათ შორის ონლაინ, უფრო იაფია, ვიდრე ქირურგის და ექთნების „ცოცხლად“ მუშაობა, ქირურგიული მასალებისა და კლინიკის ტერიტორიის გამოყენება.

თუმცა, მედიკამენტურ აბორტებსაც ჰყავთ მოწინააღმდეგეები. მაგალითად, წელს აპრილში აშშ-ის ზოგიერთ შტატში მის აკრძალვასაც კი გეგმავდნენ. საქმე ისაა, რომ აშშ-ში აბორტების 40%-ი მედიკამენტების მეშვეობით ხდება და პანდემიის პირობებში ამ მეთოდის გამოყენება კიდევ უფრო გახშირდა.

აბორტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ პანდემიამ მეტად თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დისტანციურად მიწოდებული ჯანდაცვის სერვისები. მით უფრო, როდესაც ეს პირადი ინფორმაციის დაცულობასა და კონფიდენციალურობას უკავშირდება.

აბორტის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ მედიკამენტური აბორტის მსურველებმა წამლები სამედიცინო პერსონალის უშუალო დაკვირვების ქვეშ უნდა მიიღონ და ეს აუცილებელია.  

ჯერჯერობით უცნობია როდის დასრულდება პანდემია და თვითიზოლაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება აბორტის ხელმისაწვდომობაზე.

2020 წლის დასაწყისში გაერომ გაფრთხილებაც კი გაავრცელა, რომ თუ საკარანტინო პერიოდი ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდებოდა, მსოფლიოში არასასურველი ორსულობის 7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდება.

ჯანმოს წინასწარი გათვლით, თუ აბორტის სერვისების ხელმისაწვდომობა 10%-ით შემცირდა, ერთი წლის განმავლობაში ეს 15 მილიონ დაუგეგმავ ორსულობას გამოიწვევს, 3,3 მილიონ არაუსაფრთხო აბორტსა და 29 ათასი დედის დამატებით გარდაცვალებას.

მოლდავაში ტელეაბორტებს სახელმწიფო მიესალმება

მიუხედავად ჯანმოს რეკომენდაციებისა, ლოქდაუნის პერიოდში ზოგიერთ ქვეყანაში აბორტი გადაუდებელ სამედიცინო პროცედურად არ გამოცხადდა, რამაც უამრავ ქალს გზა მოუჭრა აბორტის ლეგალურ და უსაფრთხო მეთოდებზე. ზოგან კი პირიქით მოხდა – იქ, სადაც ადრე მთავრობები აბორტის შეზღუდვის მომხრენი იყვნენ, ხელისუფლება გაგებით მოეკიდა ქალებს და დროებით მაინც გაუიოლა აბორტზე წვდომა.

რა ხდება ამ მხრივ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოს მსგავსად, პოსტსაბჭოთა წარსული აქვთ?

მაგალითად, მოლდოვაში საკანონმდებლო დონეზე აბორტის მიმართ დამოკიდებულება ლიბერალურია: ის ლეგალურია და ქალისათვის ხელმისაწვდომი ორსულობის 12 კვირამდე ვადით. გარდა ამისა, მოლდოვაში უკვე მომზადდა საკანონმდებლო ბაზა აბორტის პროცედურის დასაწყებად ტელემედიცინის საშუალებით, იგულისხმება „ტელეაბორტების“ პროგრამა.

ამ პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი როდიკა კომენდანტია (კომენდანტი გვარია), რეპროდუქციული ჯანმრთელობის საგანმანათლებლო ცენტრის (CIDSR) დირექტორი მოლდოვაში, რომელიც მედიკამენტური აბორტის პრაქტიკას 2004 წლიდან ახორციელებს.

მისი თქმით, პროგრამა განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებიც ამ პროცედურისთვის კლინიკაში მოსვლას ვერ ახერხებენ. პროგრამის იდეამ კარგა ხანი იარსება, თუმცა მისი ხორცშესხმა ბედნიერად დაემთხვა კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინის პერიოდს, როდესაც მოლდოვაში ბევრი კლინიკა დაიხურა, შეიზღუდა მოქალაქეების გადაადგილება.

2020 წლის მარტის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე, როდესაც მოლდოვაში ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღეს, CIDSR-ის 60-მდე ქალმა მიმართა. აბორტის სერვისს მიწოდება მაშინ უკიდურესად გართულებული იყო.

მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრომ საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ პროგრამას.

დღეს პროგრამის ფარგლებში აბორტის პროცედურა შემდეგს მოიცავს: ქალი ფოსტით ორ აბს და მათი მიღების წესის დეტალურ ინსტრუქციას იღებს, ასევე, ტკივილგამაყუჩებლებს, გულისრევის საწინააღმდეგო წამლებსა და ზემგრძნობიარე ორსულობის ტესტებს.

მანამდე ქალმა უნდა უპასუხოს სპეციალურ კითხვარს, რომელიც საშუალებას აძლევს ცენტრის სპეციალისტებს დაადგინონ ორსულობის ასაკი და პაციენტის შესაძლო პათოლოგიები, არის თუ არა ქალი რაიმე რისკის ქვეშ. ქალებს მედიკამენტური აბორტის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მას მერე, რაც ექსპერტები დარწმუნდებიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორსულობა 9 კვირაზე მეტი არ არის და ქალმა ყველაფერი სწორად გაიაზრა და შეუძლია დაიცვას ექიმების რეკომენდაციები.

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში ბევრმა გააკრიტიკა რეპროდუქციული ჯანმრთელობის განათლების ცენტრის ინიციატივა დისტანციური მედიკამენტური აბორტის უზრუნველყოფის შესახებ, სპეციალისტებმა მაინც შეძლეს მისი საჭიროების დამტკიცება.

ცენტრში ამბობენ, რომ დისტანციურად აბორტის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ბედის ანაბარა რჩება, ყველანაირი მეთვალყურეობის გარეშე. ასევე, ცენტრი მიმართულია ხელი შეუწყოს ქალთა ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტის უფლების რეალიზაციას.

პანდემიამდე ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგები:   

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს რა ქალთა გამოცდილება ორსულობის მედიკამენტური შეწყვეტის შესახებ ტელემედიცინის გამოყენებით, დაადგინეს, რომ ის უსაფრთხოა. კვლევის შედეგები 2017 წელს, ჟურნალ The BMJ- ში გამოქვეყნდა. დოქტორ აბიგეილ აიკენმა და მისმა კოლეგებმა ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტში გააანალიზეს 1000-ზე მეტი იმ ქალის მონაცემები, რომლებმაც მედიკამენტური აბორტისთვის ტელემედიცინა გამოიყენეს.

კვლევის მონაწილეები ირლანდიის რესპუბლიკაში და ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრობდნენ, სადაც აბორტი კანონით აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. აბორტის საწინააღმდეგო აბები ქალებმა ორგანიზაციის Women on Web საშუალებით შეიძინეს.

ქალთა თითქმის 95%-მა განაცხადა ორსულობის წარმატებით შეწყვეტის შესახებ ქირურგიული ჩარევის გარეშე, ფოსტით მიღებული აბების გამოყენებით, საჭირო სამედიცინო ინფორმაციისა და ექსპერტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ.

მთლიანობაში, ქალთა 9.3%-ში გამოვლინდა სიმპტომები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას, 0,7%-ს დასჭირდა სისხლის გადასხმა, 2.6%-ს კი ანტიბიოტიკების მიღება. ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა.

ირმა კახურაშვილი

  • (მასალაში გამოყენებულია BBC-ის ერთ-ერთი ილუსტრაცია)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s