თმენის ფრონტზე

001295ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანთან ერთ სივრცეში თანაარსებობა საკმაოდ რთულია. ეს ამონარიდი პოპულარული წიგნიდან „როგორ დავეხმაროთ ნარკომანს?“ (ავტ. ევა ივანოვა) შესაძლოა მათთვის იყოს საინტერესო, ვისი შვილი/ახლობელი წამალდამოკიდებულია. ნარკომანიის მკურნალობაში აუცილებელია ოჯახის წევრების ჩართვა. მათი ცხოვრება ხშირად მთლიანად ხდება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ინტენსივობით მოიხმარს ნარკოტიკს მათ გვერდით მყოფი ადამიანი და როგორი ცხოვრების წესს ირჩევს. 

„ნარკომომხმარებელთა ოჯახის წევრები მუდმივ შიშსა და სტრესს განიცდიან, ავადდებიან ნევროზებით და ფსიქოსომატური დაავადებებით – ჰიპერტონიით, კუჭის და თორმეტგოჯას წყლულით და სხვ. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხრივ, ნარკომომხმარებლის ოჯახის წევრთა არასწორი ქცევის გამო ხშირია, როდესაც ნარკომომხმარებლის მდგომარეობა უარესდება და ის ნარკოტიკზე მეტად დამოკიდებული ხდება. სწორედ ამიტომ ყველა რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობს პროგრამა წამალდამოკიდებულთა ოჯახის წევრებისთვის.

ნარკომანიის პრობლემასთან მშობლების უმრავლესობას შეხება არასოდეს ჰქონია. ბევრი ფიქრობს, რომ „მათ შვილს ე ს არასოდეს დაემართება, ის არასოდეს გახდება ნარკომანი“. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი ყირაზე დგება. მშობლები გვიან ხვდებიან, რომ შვილმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო. როგორც წესი, მათ ჯერ პანიკა იპყრობს – „რატომ დავისაჯე,  როდის დავუშვი შეცდომა?“  შემდეგ კი ნარკოლოგებთან, ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან გარბიან. მზად არიან დაავადებულის განსაკურნებლად ნებისმიერი თანხა გაიღონ. შეწუხებულები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ, უმართავენ სკანდალებს და ისტერიკებს, ზოგჯერ ცდილობენ მშვიდად ესაუბრონ, ზოგჯერ კი ჯიბეებს და უჯრებს უტრიალებენ… მკურნალობის მორიგი მცდელობის მერე, როგორც კი დეტოქსიკაცია გავლილი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოდის, ის კვლავ იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას. მშობლებს ჯოჯოხეთის რამდენიმე წრის გავლა უწევთ. იმედი და ფინანსები იწურებათ, მათ და შვილებს შორის სულიერი კავშირი წყდება,  წლების განმავლობაში ეს უფსკრული სულ უფრო და უფრო ღრმავდება.

ასეთ შემთხვევაში მშობლებთან საუბარი ძალიან რთულია. მათ მხოლოდ ის ესმით, რისი გაგონებაც სურთ. ისინი ეთანხმებიან ექიმებს, რომ ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარებას წამალადამოკიდებულთა ნახევარიც ვერ წყვეტს, მაგრამ მაინც ისე იქცევიან, როგორც ადრე იქცეოდნენ და უწყვეტ იმედგაცრუებას განიცდიან.

უპირველეს ყოვლისა, წამალდამოკიდებულთა მშობლებმა და ახლობლებმა საკუთარი თავი არ უნდა მოატყუონ. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, აღიარონ, რომ შვილი მათი საკუთრება არ არის და აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც სურს.  მშობლებს ავიწყდებათ, რომ მათ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებაც აქვთ. როგორც კი აღმოაჩენენ, რომ შვილი ნარკოდამოკიდებულია, მთელ ძალისხმევას მის მკურნალობაზე ხარჯავენ. შვილს კი, შესაძლოა, ამის სურვილი საერთოდ არ ჰქონდეს, მზად არის იყოს ამისათვის.

აი, რას წერენ წამალდამოკიდებულ პირებზე წიგნში „ანონიმური ნარკომანები“: „სურვილი – ეს საკვანძო სიტყვაა. სურვილი გამოჯანმრთელების საფუძველია. მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელსაც არ უნდა დაანებოს თავი ნარკოტიკს, არ შეწყვეტს მოხმარებას. შეიძლება ვურჩიოთ, დავემუქროთ, დავსაჯოთ, მოველაპარაკოთ, შევიპიროთ, ვემუდაროთ, გამოვკეტოთ ოთახში, მაგრამ ის მაინც იქნება მომხმარებელი მანამდე, ვიდრე მოხმარების სურვილს თვითონ არ დაკარგავს“.

ნარკოტიკები კოლასულური სიამოვნებაა. დროთა განმავლობაში კი სიამოვნების მიღების პროცესი დამოკიდებულებაში, დაავადებაში გადადის. იმისათვის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელს მკურნალობის სურვილი გაუჩნდეს, დიდი მოტივაცია ჭირდება. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა თქვას უარი სიამოვნებაზე, მით უფრო თუ მოსიყვარულე მშობლების და მზრუნველი ახლობლების იმედი აქვს?.. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პოლიციიდან დაიხსნან, აარიდონ ციხეს. ისინი დაიდებენ ვალს, შეაწუხებენ გამოცდილ ადვოკატებს, აიტანეს სირცხვილს…

თუ ნარკოტიკების მომხმარებელს ოჯახში სიტყვა „მკურნალობა“ წამოცდა, მშობლების სიხარულს საზღვარი არ აქვს. თუმცა სიხარული ფერმკრთალდება მაშინ, როდესაც დეტოქსიკაცია გავლილი შვილი ერთ-ორ კვირაში კვლავ ცდუნებას ყვება.

მახსენდება ერთ-ერთი ახალგაზრდა პაციენტის დედა, მან უარი განაცხადა წამალდამოკიდებული შვილის მოვლაზე, მასთან ერთად ნარკოლოგიურ კლინიკებში სიარულზე. „თუ უნდა მკურნალობა, იმკურნალო,“ – გადაწყვიტა და საავადმყოფოს ეზოდან გამობრუნდა. დედის რეაქციით გაოგნებული ბიჭი თვითონ მისულა ექიმთან და მკურნალობა უთხოვია. ასეთი მაგალითი მრავლად არსებობს.

საქმე ისაა, რომ თქვენი შვილი მაინც ისე მოიქცევა, როგორც თვითონ სურს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ის ბავშვი აღარ არის და თვითონ აგებს პასუხს თავის ცხოვრებაზე, დიახ, თუნდაც ასეთ ცხოვრებაზე, როგორიც დღეს აქვს. ამის გამო მშობლების ცხოვრება არ უნდა დაინგრეს. მშობლების ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თვითონ არიან. ნარკომანია კი მათი შვილის პირადი არჩევანია.

ერთხელ ჩვენს ქალაქს აშშ-დან ყოფილი ნაკოტიკების მომხმარებლები ესტუმრნენ და ადგილობრივ თეატრში გამოჯანსაღების თემაზე სპექტაკლი გამართეს. სპექტაკლის შემდეგ მსახიობები მაყურებლების შეკითხვებს პასუხობდნენ. ერთ-ერთმა ქალმა საკითხავად ხელი აწია, მაგრამ მოულოდნელად აქვითინდა. აღმოჩნდა, რომ მას 16 წლის ნარკომომხმარებელი ბიჭი ჰყავდა. სპექტაკლზე ერთად უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ შვილი სახლიდან გაექცა… ამის პასუხად ერთ-ერთმა მსახიობმა ატირებულ მაყურებელს თავისი ისტორია უამბო: ის მანამდე მოიხმარდა ნარკოტიკებს, სანამ მშობლების იმედად იყო. ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ. ერთხელაც მშობლებსაც ამოეწურათ მოთმინება და გოგონა სახლიდან გააგდეს. მან კარგა ხანს იცხოვრა ქუჩაში, მაგრამ ბოლოს თავისი ფეხით მივიდა სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს ის მადლიერია მშობლების, რომლებმაც რვა წლის წინ ქუჩაში გააძევეს და უნებურად ამით საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს.

რასაკვირველია, ბევრი მშობელი შვილს ქუჩაში არ გააგდებს. ასეთი მიდგომა პროტესტსაც კი იწვევს, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი ამბები ხშირია და ეფექტიანი. ჩემი ნაცნობი ნარკომომხმარებლების უმეტესობამ წამალს თავი მხოლოდ მას მერე დაანება, რაც მარტო აღმოჩნდა მონსტრი დაავადების – ნარკომანიის წინაშე.

ახლა გთავაზობთ ერთ-ერთი ბენეფიციარის წერილს. ნარკომომხმარებელი თავის ახლობლებს და ნათესავებს წერს:

„მე ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ვარ და დახმარება მჭირდება.

ნუ მომცემთ იმის საშუალებას, რომ მოგატყუოთ. არ დახუჭოთ თვალი ჩემს ტყუილზე, რადგან კიდევ მოვიტყუები. უმჯობესია მითხრათ, რომ იცით სიმართლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს.

არ მომცეთ იმის საშუალება, რომ გაგაცუროთ. ეს პასუხისმგებლობის გრძნობას მომისპობს. თქვენს პატივისცემასაც დავკარგავ.

არ წამიკითხოთ ნატაციები, არც მორალზე მელაპარაკოთ, არ მეჩხუბოთ, არ მაქოთ, არ დამადანაშაულოთ და მედაოთ, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფები.

არ გადამიყაროთ ნარკოტიკები. ამით მხოლოდ გამიურესებთ მდგომარეობას.

არ დაუჯეროთ ჩემს დაპირებებს – ამით ვეცდები ჩემი ტკივილი დავფარო.

რამეზე თუ შევთანხმდით, მომთხოვეთ პასუხი.

როდესაც ჩემთან გაქვთ ურთიერთობა, მაქსიმალურად მომითმინეთ, ამიტანეთ, არ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. ეს მხოლოდ დაგვღუპავს და ვერაფრით დამეხმარებით.

ხელი არ დამაფაროთ და არ ეცადოთ ჩემი დაავადების შედეგის შეცვლა მალევე მომთხოვოთ. 

და ყველაზე მთავარი – არ გაექცეთ რეალობას ისე, როგორც მე გავექეცი. დამოკიდებულება, ჩემი დაავადება, უფრო გართულდება თუ ნარკოტიკების მოხმარებას გავაგრძელებ. მე მჭირდება ექიმის, კონსულტანტის, გამოჯანმრთელებული პაციენტების და ღმერთის დახმარება. მე არ შემიძლია საკუთარ თავს დავეხმარო.

მე მძულს ჩემი თავი, მაგრამ თქვენ მიყვარხართ“.

ის, რაც აქ ითქვა, ალბათ გასაგებია ნარკომომხმარებლის მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მათთვის, ვინც უწყვეტ სტრესს განიცდის. სწორედ ამიტომ არსებობს ჯგუფები, სადაც ნარკომომხმარებელთა მშობლები, ნათესავები, მეგობრები იკრიბებიან და ერთმანეთს პირად გამოცდილებას უზიარებენ. დროთა განმავლობაში ისინი აცნობიერებენ, რომ ვერ შეცვლიან ნარკომომხმარებლებს. მათ თვითონ უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარების მიმართ.

ერთ-ერთი ნარკომომხმარებლის დედა ყვება: „ისე ვცხოვრობდი, როგორც ყველა ქალი. გავთხოვდი მამაკაცზე, რომელიც სვამდა, მაგრამ მეგონა, რომ ჩემი სიყვარული ალკოჰოლიზმისგან გადაარჩენდა. ბევრი ვითმინე და ბოლოს, მაინც დავშორდით. პატარა ვაჟიშვილი ჩემთან დარჩა. ძალიან მიყვარდა, მაგრამ ერთად ცოტა დროს ვატარებდით. დილიდან გვიანობამდე ვმუშაობდი. საკუთარ თავს ვკიცხავდი იმის გამო, რომ არ შემეძლო ბავშვისთვის კარგი ტანსაცმელი და სათამაშოები მეყიდა…

ვაჟიშვილი იზრდებოდა, სკოლაში და სპორტზე დადიოდა, მაგრამ 16 წლის ასაკში სახლში მოსულს შევატყვე, რომ უჩვეულოდ გამოიყურებოდა. თავიდან მეგონა ნასვამი იყო, თუმცა ალკოჰოლის სუნი არ ჰქონია. მეშინოდა, მამის კვალს არ გაჰყოლოდა. სასმელს და საქეიფო სუფრებს ყოველთვის ვარიდებდი.

მას მერე ჩემმა ბიჭმა სახლში დაგვიანებას მოუხშირა. ხან მეგობრებთან რჩებოდა, ხან სხვა რამეს იმიზეზებდა. მისი გადამოწმება მერიდებოდა. მაშინ ნარკომანების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი… ვატყობდი, რომ შეიცვალა. სპორტი აღარ აინტერესებდა, მოდუნდა. ერთხელაც სახლამდე ძლივს მოაღწია, ფეხზე ვერ იდგა და ვერ  ლაპარაკობდა. რაღაც ტაბლეტები ჰქონდა მიღებული. მეორე დღესვე ფსიქოლოგთან გავიქეცი, მან კი დამამშვიდა  – მოზარდულ ასაკში ექსპერიმენტები უყვართ, გაივლისო. მოსვენება დავკარგე, თუმცა სიტუაციის ტრაგიკულობა ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი.

შევამჩნიე, რომ ჩემს შვილს ხშირად ეცვა გრძელმკლავიანი მაისურია. სულ ამბობდა მცივაო. ერთხელ სახლში მეგობრებმა ამოიყვანეს, გონებადაკარგული იყო. „სასწრაფოს“ გამოძახება მინდოდა, მაგრამ ლოგინში რომ დავაწვინე, მაისური გავხადე და დავინახე – ხელები ჩალურჯებული ჰქონდა. მუხლები მომეკვეთა და ასე ვიჯექი მთელი ღამე გაუნძრევლად. მეჩვენებოდა, რომ ცხოვრება დასრულდა. დილით კი ჩემმა საყვარელმა შვილმა გამომიცხადა – ნარკომანი ვარ, არ მინდა ტკივილი მოგაყენო და სახლიდან უნდა წავიდე. პირველად წამალი ცნობისმოყვარეობის გამო მოვიხმარეო და როდესაც გამაფრთხილეს, შეიძლება თავი ვეღარ დაანებოო, ვუპასუხე – „სისულელეა, მე თქვენნაირი არ გავხდები“.

ბევრი ველაპარაკე შვილს, ვეხვეწე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. სამ დღეში სახლიდან წავიდა. ქუჩა-ქუჩა ვეძებდი, ბოლოს ვიპოვე და სახლში დავაბრუნე.

მას შემდეგ ჩემს თავში ერთადერთი აზრი ტრიალებდა – რა ვიღონო? რით დავეხმარო? ნარკომანიაზე ლიტერატურა შევიძინე, ვკითხულობდი, შვილს ვაკითხებდი, ის კი მიგერიებდა. თუკი ადრე სამსახური, მეგობრები მაინტერესებდა, ახლა მხოლოდ შვილის პრობლემებით დავკავდი. უამრავი ექიმი მოვინახულე, „ნდობის ტელეფონები“ ავიკელი, კონსულტაციები გავიარე, საავადმყოფოებს ვაკითხავდი და საუკეთესო პირობებს ვარჩევდი. ყველგან მეუბნებოდნენ, ქალბატონო, მთავარია თქვენს შვილს ჰქონდეს მკურნალობის სურვილი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი დახმარებით ის აუცილებლად განიკურნებოდა.

ერთხელაც შვილმა თავად გამოთქვა სამკურნალო დაწესებულებაში დაწოლის სურვილი. იმედი გამიჩნდა. კარგ კლინიკაში დავაწვინე, თავზე დავადექი. სახლში რომ დავბრუნდით, ჩემთან ერთად მხოლოდ ორი დღე იყო, მერე ისევ ნარკოტიკი მოიხმარა. სასოწარკვეთაში ჩავვარდი. ისტერიკული წივილ-კივილი ავუტეხე. მან კი  მითხრა, რომ თავს ვერ ანებებს ნარკოტიკებს. მე არ დავუჯერე. უნებისყოფო და თავაშვებული კაცი ვუწოდე…

tmenistvis - fotoჩემი ცხოვრება კოშმარად იქცა. შვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა. ვიცოდი, რომ ფულსაც უკანონო გზით შოულობდა. რამდენჯერმე მოვახერხე პოლიციიდან წამომეყვანა, რამდენჯერმე ლამის ხელთ ჩამაკვდა. როდესაც წამალი ჰქონდა გაკეთებული, ბედნიერად მიღიმოდა, მე კი ყველაზე უბედურად ვგრძნობდი თავს… ნარკოლოგები მირჩევდნენ საავადმყოფოში დამეწვინა. ხშირად ძალიან დაბალი პულსი ჰქონდა. ღმერთს ვეხვეწებოდი მის გადარჩენას. მერე ისევ მოინდომა საავადმყოფოში დაწოლა. ისევ იმედი გამიჩნდა. მაგრამ რამდენიმე დღეში კვლავ იგივე განმეორდა. თავს ვეღარ ვიკავებდი, ვტიროდი, ვეწინააღმდეგებოდი… ყველაფერი ამაო იყო. ჩემთვის გარე სამყარომ არსებობა შეწყვიტა, ზოგჯერ იმასაც კი ვერ ვხვდებოდი გარეთ ზაფხულია თუ ზამთარი…

ახალგაზრდობაში ვოცნებობდი შვილი ისეთ კაცად აღმეზრდა, რომელსაც ნებისმიერ დროს დავეყრდნობოდი, მაგრამ ყველა იმედი დამემსხვრა. ფიზიკური და სულიერი ძალა წამერთვა. მეტის ატანა აღარ შემეძლო. გადავწყვიტე თავი მომეკლა…

შვებულებაში გავედი. ჩემს მშობლებს ჩავაკითხე და დავემშვიდობე, რაღაც საქმეები ბოლომდე მივიყვანე, მაგრამ ამ დროს ღმერთმა გადმომხედა და შემთხვევით ანონიმურ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა შეხვედრაზე მოვხვდი. აქ ხმამაღლა საუბრობდნენ და იცინოდნენ. სიცოცხლისუნარიანი ადამიანები ჩანდნენ და მათი შემშურდა. სიცილიც კი დავიწყებული მქონდა. როდესაც მათი ისტორიები მოვისმინე, მივხვდი, რომ ჩემზე არანაკლებ უჭირდათ. ჩემნაირი პრობლემა ბევრს ჰქონდა. შეხვედრის მერე, გზაში პირველად მივაქციე ყურადღება რა ლამაზდ ჩადიოდა მზე…

შვილი სახლში იშვიათად მოდიოდა. სკანდელებს ერიდებოდა. შეხვედრიდან დაბრუნებული ბროშურების კითხვას შევუდექი. ამ დროს ვაჟიშვილიც გამოჩნდა. როგორც წესი, პროკურორივით შევათვალიერებდი ხოლმე, მაგრამ ახლა ოთახიდან არ გამოვსულვარ. მან თვითონ შემოიხედა ჩემთან და მკითხა, მეძინა თუ არა. ვუპასუხე, რომ ვკითხულობდი. ის თავის ოთახში დაბრუნდა და ტელევიზორი ჩართო. ღამით კი სახლიდან არ წასულა. მივხვდი, რომ ჩემი ისტერიკები მხოლოდ ართულებდა სიტუაციას.

მე აღარ ვეძებდი ჩემს შვილს ღამ-ღამობით, არ ვურეკავდი მის მეგობრებს, არ ვეკითხებოდი როდის დაბრუნდება. თუმცა ჯიბეებს ძველებურად ვუჩხრეკდი და თუ შპრიცს ვუპოვიდი, უხმოდ ვახვედრებდი ლოგინზე. როგორც იქნა, გავაცნობიერე, რომ შვილი ავად მყავს და სანამ თვითონ არ მოინდომებს განკურნებას, საქმეს არაფერი უშველის.

უცნაურია, მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ჩემს შვილს ვერ შევცვლიდი, შვება ვიგრძენი. საკუთარ თავს აღარ ვადანაშაულებდი. უბრალოდ, ღმერთს ვთხოვდი, რომ ჩემი ერთადერთი ბავშვი სიკვდილისგან დაეცვა. ვიცოდი, ქურდბაცაცობდა. ერთხელ წიგნები მომპარა. „რასაც აქ ხედავ, ჩემი შრომით შევიძინე. თუ ნარკოტიკისთვის ფული გჭირდება, სადაც გინდა იქ იშოვე“, – ვუთხარი, მაგრამ მერე შიშმა შემიპყრო, ვინმეს რამეს ხომ არ დაუშავებდა?..

ძალიან რთული გზა გავიარე, გზა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება იმედი და უიმედობა. თავს თუ გაუსაძლისად ვგრძნობდი, ანონიმურ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა შეხვედრაზე მივდიოდი. იქედან შედარებით დამშვიდებული ვბრუნდებოდი. ამ შეხვედრაზე მისვლის სურვილი შვილმაც გამოთქვა. მოუთმენლად ველოდი, მაგრამ სახლში გვიან დაბრუნდა, წამალი ჰქონდა გაკეთებული…

შეხვედრებზე ხშირად მეუბნებოდნენ, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი შვილი მოინდომებდა განკურნებას. უბრალოდ, ეს მომენტი ჯერ არ იყო დამდგარი და თმენა მმართებდა.

ჩემს შვილს უკვე გაცილებით მშვიდ რეჟიმში ვეკონტაქტებოდი. ისიც ცდილობდა დასწრებოდა შეხვედრებს, მაგრამ შედეგი არ ჩანდა.

ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, თუმცა თავის მოკვლაზე ფიქრი შევწყვიტე. ნერვული სისტემა ისეთი მორყეული მქონდა, იძულებული გავხდი კლინიკაში მემკურნალა. ჩემი შვილი ისევ ნარკომანი იყო. კლინიკიდან დილაობით ვურეკავდი, როდესაც ფხიზელი იყო. მხოლოდ იმის გაგება მინდოდა – ცოცხალია თუ არა. კლინიკაში მასწავლიდნენ, როგორ უნდა გამემიჯნა ჩემი და შვილის პრობლემები. ეს ძალიან დამეხმარა. კლინიკის მერე ნათესავებთან სტუმრად სიარული დავიწყე, ნელ-ნელა საკუთარი თავიც გამახსენდა. თან  შეკრებებსაც ვესწრებოდი. ამ ადამიანთა მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც შვილმა კიდევ ერთხელ მთხოვა დავხმარებოდი, რათა ის საავადმყოფოში დაწოლილიყო, უარი ვუთხარი. „შენს გამო თავი სამედიცინო პერსონალთან ათასჯერ დავიმცირე. ახლა თვითონ იმოქმედე“ – განვუცხადე. მან დეტოქსიკაცია ჩაიტარა და შემდეგ შეკრებებზეც დაიწყო სიარული.

ადრე მეგონა, რომ როგორც კი შვილი თავს დაანებებდა ნარკოტიკებს, ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ, აი, შვილი გამოფხიზლდა, თუმცა ბედნიერი ვერ გავხდი. სიფხიზლეში ის ყველაფერზე ღიზიანდებოდა, უხეშობდა, არაფერი მოსწონდა, ზოგჯერ კი მეჩვენებოდა, რომ ვძულვარ. მიუხედავად ამისა, მზად ვიყავი ესეც  ამეტანა. ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდებოდა. უცხო ადამიანებივით ვცხოვრობდით, კვირების განმავლობაში ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. მე ვლოცულობდი. სულ უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მას თავისი ცხოვრება და იმის უფლება აქვს განაგოს ის… ალბათ ათასჯერ უფრო გაუჭირდებოდა ნარკოტიკებისთვის თავის დანებება, მე რომ არ შევცვლილიყავი.

ახლა ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემზე იზრუნოს, თუმცა როდესაც ჩემზე ზრუნავს, თავს ბედნიერად ვგრძნობ. მახარებს მისი წარმატება და გულს მწყვეტს წარუმატებლობა. თუ დახმარებას მთხოვს, ვეხმარები და თუ არა, ვცდილობ, მის ცხოვრებაში არ ჩავერიო.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მე გავიგე – ჩემი შვილის შეცვლას ვერ შვძლებდი, როგორც არ უნდა მომენდომებინა. ყველა მშობლისთვის რთულია ბავშვისგან განცალკევება, იმის გაცნობიერება, რომ თუ აღზარდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება შენს ჭკუაზე უნდა იყოს და არცერთი იმედი არ უნდა გაგიცრუოს.

მთავარია თმენა და ალბათ ეს არის სიყვარული“.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

„სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“. პროექტის თანადამფინანსებელია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.“

888_01

?????????

1304782525_osgf_logo

დატოვე კომენტარი